ლექსიკოლოგიის შესავალი

58517_154607567899276_100000501025127_418286_6105319_s

წინამდენარე მასალა არის კომპილაციური ხასიათის და

წარმოადგენს სხვადასხვა ავტორთა ნაშრომების შეჯერებულ ვერსიას და

არ წარმოადგენს და არ შეიცავს ჩემს დამოუკიდებელ კვლევასა და დასკვნებს

ტექსტის შემდგენელი, ამკრეფი და რედაქტორი:

ნათია კენჭიაშვილი

საგნის ხელმძღვანელი ელენე კოშორიძე

სალექციო მასალა განკუთვნილია ბაკალავრიატის საფეხურის ფილოლოგიის პროგრამის სტუდენტთათვის და აღნიშნული საკითხით დაინტერესებული გარეშე პირთათვის

ლექსიკოლოგიის შესავალი

ლექსიკოლოგიის საგანი და დამხმარე დისციპლინები

ენათმეცნიერების იმ დარგს, რომელიც ლექსიკას შეისწავლის, ეწოდება ლექსიკოლოგია.

ლექსიკოლოგია იძლევა ამა თუ იმ ენის სიტყვათა მარაგის დახასიათებას (მდიდარია თუ ღარიბი ენის ლექსიკა), ანალიზს უკეთებს ლექსიკის შემადგენლობას, გამოყოფს სიტყვათა სხვადასხვა შინაარსობრივ ჯგუფს, არკვევს, თუ რა ადგილი უკავია მათ ენის ლექსიკაში, შეისწავლის იმას, თუ როგორ ვითარდება ლექსიკა და სხვ.

ენათმეცნიერებაში არსებობს რამდენიმე დარგი იმ მეცნიერებების აღსანიშნავად, რომელნიც ენაში არსებულ ლექსიკას შეისწავლიან. ესენია: სემასიოლოგია, სემანტიკა, ონომასიოლოგია, ეტიმოლოგია, ლექსიკოგრაფია.

სემასიოლოგიას დაევალა შეესწავლა ლექსიკურ მნიშვნელობათა ისტორია. სემასიოლოგია ლექსიკოლოგიის მსგავსად სიტყვის მნიშვნელობას შეისწავლის. განსხვავება ისაა, რომ ლექსიკოლოგია უფრო მეტ მასალას მოიცავს: ლექსიკოლოგია სწავლობს სიტყვაში არამარტო მის საგნობრივ მიმართებას, არამედ კიდევ სხვა მახასიათებლებსაც:

ა) ლექსიკოლოგია შეისწავლის სიტყვის ემოციურ იერსაც.

დაჯდა და დაბრძანდა ერთმანეთისაგან საგნობრივი მიმართებით, ე.ი. სემასიოლოგიურად არ განსხვავდება, მაგრამ თანმხლები გრძნობითი იერის მიხედვით კი მათ შორის საგრძნობი განსხვავებაა.

ბ) ლექსიკოლოგიას აინტერესებს შეფასების მომენტი, რომელიც საგნობრივ მიმართებასთან ერთად შეიძლება ახლდეს სიტყვას.

გ) ლექსიკოლოგია იკვლევს სიტყვათა ხმარების სფეროს, ე.ი. იმ ფაქტს, რომ ამა თუ იმ სიტყვას, თუ მნიშვნელობას თითქმის იმ დარგის ბეჭედი აზის, სადაც ეს სიტყვა იხმარება.

დ) ლექსიკოლოგიის შესწავლის საგანია სიტყვათა როგორც მნიშვნელობის მატარებელ ოდენობათა ურთიერთდამოკიდებულება(უპირველეს ყოვლისა შესიტყვებაში).

ლექსიკოლოგიას აინტერესებს ის ფაქტი, რომ პირი სიტყვასთან უპირატესად იხმარება გააღო, ტუჩები კი გახსნა ზმნას იგუებს…

ე) ლექსიკოლოგიის კვლევის სფეროში შემოდის ლექსიკური ფონდის გამდიდრების გზები_ახალი სიტყვების შემოსვლა და წარმოქმნა ენაში.

ასევე ლექსიკოლოგია იკვლევს კალკის სხვადასხვა შემთხვევებს.

ფრ. დე სოსიურის (1857-1913) დროიდან მოყოლებული განარჩევენ აღსანიშნსა და აღმნიშვნელს.

აღმნიშვნელი არის სამეტყველო ბგერები, ბგერადობა, აღსანიშნია, როგორც საგანი, ან როგორც ცნება ამ საგნისა, ან როგორც წარმოდგენა ამ საგნის შესახებ: ერთი სიტყვით აღსანიშნია ის, რის შესახებაც ლაპარაკობენ.

ენის აღსანიშნ მხარეს ენათმეცნიერების რამდენიმე დარგი შეისწავლის _ მორფოლოგია, სინტაქსი, სტილისტიკა და ლექსიკოლოგია.

სიტყვის ფორმას, მორფემულ აგებულება, ბრუნება-უღლებას, აგრეთვე სიტყვათა კლასიფიკაციას ფორმის თვალსაზრისით შეისწავლის მორფოლოგია.

შესიტყვების ფორმას, სიტყვათა შეერთებას, სიტყვათა ურთიერთობას შეიტყვებაში შეისწავლის სინტაქსი.

სიტყვის მნიშვნელობას, მის შინაარსისეულ მხარეს, აგრეთვე სიტყვათა კლასიფიკაციას მნიშვნელობათა მიხედვით, შეისწავლის ლექსიკოლოგია.

სემანტიკა სწავლობს სიტყვების, ფრაზების, წინადადებების მნიშვნელობას (შინაარსს).

ენობრივი სისტემების იერარქიულ დონეებს შორის გამოიყოფა სემანტიკის დონე, რომელსაც ენის შინაარსის პლანი შეეფარდება. ზოგად სემანტიკურ თეორიაში განიხილება შემდეგი საკითხები: რეფერენციის პრობლემა, მნიშვნელობათა ტიპოლოგია, პარადიგმატულ და სინტაგმატურ მიმართებათა ზოგადი ტიპები.

სემანტიკურ მიმართებებს სქემატურად ასახავს ე.წ. ფრეგეს სამკუთხედი, ანუ სემანტიკური სამკუთხედი.

                                                                                 ცნება

                                                                            (აღსანიშნი)

                                                22-BUFFET - MIRROR TRAINGLE

                                        სიტყვა                                                                    საგანი

                                  (აღმნიშვნელი)                                                         (დენოტატი)

ცნება დამოუკიდებლად უკავშირდება როგორც სიტყვას, ისე საგანს, ხოლო მიმართება სიტყვასა და საგანს შორის გაშუალებულია ცნებით. ამ მიმართების დამყარებას რეფერენცია ეწოდება. მაშასადამე, რეფერენცია არის გამონათქვამის დაკავშირება იმასთან, რასაც ის გამოხატავს. თუ ერთ აღსანიშნს რამდენიმე აღმნიშვნელი აქვს ეწოდება კორეფერენტული სიტყვები.

სემანტიკის, როგორც ენათმეცნიერების დარგის საგანია აღსანიშნისა და აღმნიშვნელის მნიშვნელობა და მათი ურთიერთმიმართება, რაც კონვერსიულია, ე.ი. ერთი აუცილებლად გულისხმობს მეორეს და პირიქით.

სემასიოლოგია ცალკე დარგად XIX საუკუნის ბოლოს გამოიყო, როგორც მნიშვნელობათა შემსწავლელი დისციპლინა; მას დაევალა გამოეკვლია ლექსიკურ მნიშვნელობათა ისტორია. სემანტიკაც მისი ერთ-ერთი მნიშვნელობით სემასიოლოგიას ემთხვევა.

სემასიოლოგიის როგორც ენათმეცნიერების დარგის გარდა არსებობს ე.წ. ონომასიოლოგია.

სემასიოლოგიისა და ონომასიოლოგიის ურთიერთობას ასე ახასიათებენ: ენათმეცნიერებაში გვაქვს ორი შტო, რომლებიც ერთმანეთს ავსებენ:

ერთი მათგანი იწყებს გარეგანით, სიტყვით და კითხულობს, თუ რა ცნებაა დაკავშირებული, რა მნიშვნელობაა ჩადებული ამ სიტყვაში; აქედან_სემასიოლოგია: სემასია_მნიშვნელობა.

მეორე მათგანი ამოდის ცნებიდან და ადგენს, თუ რა სახელი აქვს მისთვის ენას. ონომასია – სახელწოდება, აქედან ონომასიოლოგია.

სემასიოლოგია ამრიგად სიტყვის მნიშვნელობას იკვლევს, ონომასიოლოგია – საგნის სახელწოდებას.

ლექსიკონის შედგენის პრინციპთა შესახებ სხვა, ლექსიკოლოგიისაგან განსხვავებული დარგი არსებობს და მას ლექსიკოგრაფია ეწოდება.

ამა თუ იმ ენის ლექსიკას მეტ-ნაკლები სისრულით თავს უყრიან ლექსიკონები. ლექსიკონებში სიტყვებს ალაგებენ ორი პრინციპით: ან ანბანთრიგზე ანდა ბუდეებად. ბუდეში თავს იყრის ერთი ფუძის (ან ძირის) ყველა ნაწარმოები სიტყვა.

ფართო მოხმარების ლექსიკონებში ჩვეულებრივ, ანბანთრიგზე აწყობენ სიტყვებს, ხოლო საენათმეცნიერო სპეციალური ლექსიკონები უპირატესად ფუძე-ძირებზე იწყობა.

ლექსიკონებში არა მარტო აღრიცხავენ სიტყვებს, არამედ უჩვენებენ მათ მნიშვნელობასაც, რომელიც შეიძლება იმავე ენაზე გადმოიცეს, რა ენაზეც იწერება აღნიშნული ლექსიკონი. ასეთი ლექსიკონი იქნება განმარტებითი. სიტყვის მნიშვნელობას განმარტებით ლექსიკონებში ასე უჩვენებენ: მოცემული სიტყვის სხვადასხვა კონტექსტში გამოყენებულ განმარტებას. სიტყვის მნიშვნელობა შეიძლება უჩვენონ სხვა ენიდან სათანადო სიტყვის შერჩევით; ეს იქნება თარგმნითი ანუ პარალელური ლექსიკონი. თარგმნითი ლექსიკონი ჩვეულებრივ ორენოვანია: ქართულ-რუსული (შეიძლება იყოს სამენოვანიც ან ოთხიც…). არის სპეციალური ლექსიკონები: სოფლის მეურნეობის ლექსიკონი, ტექნიკური ლექსიკონი, სამედიცინო ლექსიკონი; ტერმინოლოგიური ლექსიკონი (ამგვარ ლექსიკონებში მხოლოდ სპეციალური ტერმინები და ამ ტერმინებისაგან შემდგარი გამოთქმები შედის), ორთოგრაფიული ლექსიკონი (შეტანილია ის სიტყვები, რომელთა მართლწერა სადავოა), სინონიმების ლექსიკონი, იდიომატურ თქმათა ლექსიკონი, ქართული ჟარგონის ლექსიკონი და სხვ. სპეციალურ ლექსიკონებში შედის საენათმეცნიერო ლექსიკონებიც: დიალექტოლოგიური (ამა თუ იმ დიალექტის ლექსიკურ თავისებურებათა აღნუსხვა), ისტორიული (სადაც ლექსიკის შემადგენლობისა და სიტყვათა მნიშვნელობების ცვლაა აღნუსხული), შედარებითი, რომელშიც, ორი ან მეტი მონათესავე ენის სიტყვებია შედარებული (შედარებულია და არა იდენტური თარგმნილი, როგორც პარალელურ ლექსიკონებშია). შედარებითი ლექსიკონები მხოლოდ მონათესავე ენებისაა, რომლებსაც საერთო წარმოშობა აქვთ, პარალელური – ერთი მნიშვნელობის სიტყვებს მოიცავს.

1935 წ. არნ. ჩიქობავა წერდა: „გარკვეულ პერიოდში ხმარებულ სიტყვათა მნიშვნელობის სრულად აღრიცხვა მოგვცემს ენის ლექსიკას… აღწერითი ანუ სტატიკური სემასიოლოგია სხვა არაფერია, თუ არა იგივე ლექსიკოლოგია. სტატიკური ლექსიკონი ამა თუ იმ პერიოდის აღწერით, სტატიკური სემასიოლოგიაა“.

კასარესმა განარჩია ერთმანეთისაგან ლექსიკოგრაფია და ლექსიკოლოგია. ლექსიკოგრაფიას აქვს გამოყენებითი ხასიათი, რაც ლექსიკონის შედგენის ხელოვნებაში მდგომარეობს.

ქართული ლექსიკოლოგიის როგორც ქართული ენის შემსწავლელი ერთ-ერთი სამეცნიერო დარგის შექმნის საიმედო საფუძველს წარმოადგენს საკმაო სისრულით თავმოყრილი სანდო ლექსიკური მასალა_ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის სიტყვები.

ეტიმოლოგია ისტორიული ლექსიკოლოგიის ნაწილია. მას საქმე აქვს ცალკეულ სიტყვათა მნიშვნელობის განვითარების უძველეს საფეხურთან – მნიშვნელობის წარმოქმნასთან.

თავად ამ დარგის სახელწოდება შემუშავებულია სტოიკოსების მიერ. მაგრამ ცხადია, მანამდეც, ბერძნული ფილოსოფიური თუ ფილოლოგიური ტრადიციისაგან დამოუკიდებლად, არსებობდა ინტერესი იმ საკითხისადმი, თუ რატომ ჰქვია ამა თუ იმ საგანს ესა თუ ის სახელი. ამგვარი კითხვა ადამიანს ყოველთვის უჩნდებოდა და პასუხის გაცემას იმთავითვე ცდილობდა.

ეტიმოლოგია არის სწორედ ის დარგი, რომელიც იკვლევს სიტყვასა და აზრს შორის გარკვეულ მიმართებას: სიტყვის საშუალებით შესაძლებელია მასში ჩადებული აზრის წვდომა. არის შეხედულება, რომლის თანახმად, ენების გარკვეული კატეგორია ახლოსაა საგნისა თუ მოვლენის არსის ჭეშმრიტებასთან. დაისვა კითხვა: არსებობს თუ არა შინაგანი კავშირი აღმნიშვნელსა და აღსანიშნს შორის? შეიძლება თუ არა სამყაროს (აღსანიშნის) შეცნობა სიტყვის (აღმნიშვნელის) საშუალებით? „ეტიმონი“ არის ის ჭეშმარიტება, რომელიც მოცემულია სიტყვაში. ისაა ძირითადი ნაწილი, რაც ქმნის სიტყვას. თუ ამოიკითხავ ეტიმონს, შეიცნობ სიტყვას, მაშასადამე სამყაროსაც. სიტყვა არის გარკვეული ჭეშმარიტების შემცველი ლექსიკური ერთეული. ენა რაიმეს შესასწავლადაც გამოიყენება და ასევე ის თავად არის დაკვირვების ობიექტი.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. თეორიული ენათმეცნიერების კურსი, თბილისი, 2008.
  2. ბ. ფოჩხუა, ქართული ენის ლექსიკოლოგია, თბილისი,
  3. არნ. ჩიქობავა, ენათმეცნიერების შესავალი, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი, 2008.

 

პარადიგმატიკის რაობა და მისი ჯგუფები

სიტყვა, როგორც მნიშვნელობის მატარებელი ერთეული, ორ მხარეს გულისხმობს: აღსანიშნსა და აღმნიშვნელს. ყველაზე მარტივი იქნებოდა ის ვითარება, სადაც აღსანიშნსა და აღმნიშვნელს შორის იარსებებდა „ცალსახა ვითარება“: ერთი აღსანიშნი ყოველთვის ერთი აღმნიშვნელით რომ გამოხატულიყო და პირიქით, ერთი აღმნიშვნელი ყოველთვის მხოლოდ ერთი აღსანიშნისათვის გამოეყენებინათ.

ენებში ამგვარი „იდეალური“ სიტყვების გვერდით გვაქვს განსხვავებული შემთხვევებიც.

საინტერესო შემთხვევა გვაქვს მაშინ, როდესაც სიტყვა შეეხება ადამიანის რომელიმე ორგანოს, მაგალითად, ყური, თვალი, მუცელი და ა.შ. ეს სიტყვები მიემართებიან არა მარტო ადამიანს, არამედ ყოფა-ცხოვრებაში გამოყენებად საგნებს.

პირიქითაც ხდება, ერთ აღსანიშნს, ხშირად რამდენიმე ბგერათკომპლექსი შეესატყვისება.

ამგვარი ერთმნიშვნელობიანი სიტყვების წყვილები (ან ჯგუფები) ენებში ცოტა არაა, მაგრამ, ცხადია, იგი არც მთელს ლექსიკურ ფონდს მოიცავს, ე.ი. ყველა სიტყვას არ მოეპოვება სინონიმი.

ერთი შეხედვით, თითქოს ნათელია საერთო სურათი და სინონიმთა გამოყოფა უპრობლემოდ იყოს შესაძლებელი. მაგრამ სინამდვილეში მდგომარეობა გაცილებით რთულია, ვიდრე ჩვენ გვგონია და სინონიმის ცნების განსაზღვრა, სინონიმის საზღვრის დადგენა, სინონიმთა დაჯგუფება და მათი ურთიერთობის გარკვევა აზრთა სხვადასხვაობას იწვევს ენათმეცნიერებაში.

ყოველი ენის ლექსიკურ შემადგენლობაში მოიპოვება სინონიმები, ანტონიმები, ომონიმები, იდიომები, ევფემიზმები, პარონიმები…

სინონიმები

სინონიმები არის ისეთი სიტყვები, რომელთა ბგერითი შემადგენლობა განსხვავებულია, მაგრამ მნიშვნელობა კი ერთნაირი.

სინონიმებში განარჩევენ აბსოლუტურ და რელატიურ სინონიმებს. აბსოლუტური სინონიმები იდენტური შინაარსისაა. ისინი, ჩვეულებრივ, ერთ საგანს მიემართებიან. მაგალითად: ბებია – დიდედა, პაპა – ბაბუა… რელატიური სინონიმები შინაარსით მსგავსია, მაგარმ არა – იდენტური. მაგალითად: ლამაზი, მომხიბლავი, მშვენიერი, კეკლუცი, ტურფა…

სინონიმები ერთი მნიშვნელობის სიტყვებს ჰქვია, მაგრამ ვერ ვიტყვით, თითქოს სინონიმებს სავსებით ერთნაირი მნიშვნელობა ჰქონდეთ: ან სხვადასხვა მომენტია, ანდა შეხედულება, რომელიც მოლაპარაკის დამოკიდებულებას ახასიათებს აღსანიშნისადმი, სინონიმთა სხვაობა იგრძნობა მათი ხმარებისას სხვადასხვა წინადაადებაში (თუ შესიტყვებაში): სინონიმები ყველა კონტექსტში ვერ შეენაცვლებიან ერთმანეთს.

ბ. ფოჩხუას აზრით, სინონიმიის შექმნის საფუძველი, როგორც ცნობილია, ჩვეულებრივ, გარეენობრივი მოვლენებია:

ა) დიალექტურ დუბლეტთა თავმოყრა (თოკი – ბაწარი, ბუქი – ჩირგვი, დეკეული – უშობელი, კნუტი – ცინდალი, კომში – ბია);

ბ) უცხოენობრივის (ინტერნაციონალურის) და ქართული სიტყვების შეხვედრა (ბიუჯეტი – ხარჯთაღრიცხვა, მალარია – ციება, პროგრესი – წინსვლა, სატელიტი – თანამგზავრი);

გ) მნიშვნელობის გაბუნდოვანება სათანადო რეალიების გაქრობის გამო (ჭენება – ჯირითი, ქვაკუთხედი – დედაბოძი, თაკარა – პაპანაქება…)

სავსებით ერთნაირი მნიშვნელობის ორი სიტყვა ფაქტობრივად არ არსებობს: ან ობიექტური ან სუბიექტური მომენტი იძლევა სხვაობას, რომელიც ზოგჯერ ნაკლებ შესამჩნევია, ასეთ შემთხვევაში სინონიმები ერთმანეთს ენაცვლებიან; ზოგჯერ კი მეტად შესამჩნევი, ასეთ დროს სინონიმები ერთმანეთს ხან ენაცვლებიან დაუბრკოლებლად, ხან კიდევ ასეთი შენაცვლება სტილისტურად მიუღებელია.

ნამდვილი სინონიმები ფიქციაა: რაიმენაირი განსხვავება არ შეიძლება იყოს თუნდაც იმის გამო, რომ ან ერთი და იმავე საგნის დასახელებისას ამოსავალია სხვადასხვა მომენტი, ან იმის გამო, რომ განსხვავებულია სუბიექტის დამოკიდებულება სიტყვაში აღნიშნული ობიექტური მონაცემისადმი, ან კიდე გრძნობითი იერი, რომელსაც სინონიმური სიტყვა იწვევს, ან ასევე დიალექტური სხვაობა სინონიმურ სიტყვებში.

ანტონიმები

ანტონიმები ეწოდება ისეთ სიტყვებს, რომლებსაც ერთიმეორის საპირისპირო მნიშვნელობა აქვთ.

სინონიმების გვერდით ხშირად ახსენებენ ანტონიმებს. თვითონ სახელწოდება მიგვანიშნებს, აქ ერთი სიბრტყის მოვლენასთან გვაქვს საქმე: პირველ შემთხვევაში – თანა სახელებთან, მეორეში – საპირისპირო სახელებთან.

ანტონიმები, უპირველეს ყოვლისა, თვისების აღმნიშვნელ სიტყვებში გამოიყენება და როგორც წესი, არის მეტყვეების ერთი და იგივე ნაწილები. ანტონიმები წყვილ-წყვილად ჯგუფდება. მაგალითად: კარგი – ცუდი, მაღალი – დაბალი, ცივი – ცხელი, თეთრი – შავი, დღე – ღამე.

ბევრ სიტყვას ანტონიმი საერთოდ არ გააჩნია. მაგალითად: სახლი, ხე, თბილისი, კავკასია… ზოგიერთ სიტყვას კი შეიძლება რამდენიმე ანტონიმიც კი ჰქონდეს. მაგალითად, მხიარულის ანტონიმებია: სევდიანი, ნაღვლიანი, მოწყენილი…

სინონიმიის შემთხვევაში ჩვენს წინაშე იყო ერთი მოვლენის ან ერთი საგნის რამდენიმე (ორი ან მეტი) სახელი.

როგორია ვითარება ანტონიმების შემთხვევაში – რას ნიშნავს “საპირისპირო სახელები”? – ცხადია, არა შესაბამისი საგნებისა და მოვლენების ურთიერთშეუთავსებელ ხასიათს. რადგან საგნები თავისთავად არ უპირისპირდებიან ერთმანეთს. საგნების დაპირისპირებას ადამიანები ვახდენთ და ვახასიათებთ ამა თუ იმ მათგანს, როგორც სხვა რომელიმე საგნის საპირისპირო თვისების მქონეს.

მაგრამ ეს უკვე ადამიანის ცნობიერების მიერ განხორციელებული აზროვნების პროცესია. ამიტომ რეალური საგნების დაპირისპირება კი არ ხდება, არამედ ამ საგნებისა და მოვლენების შესახებ ადამიანთა აზრების, ანუ ცნებების.

ცნებათა დაპირისპირება ეფუძნება ლოგიკას. იგი შეუთავსებელ ცნებათა შორის გამოყოფს ე.წ. კონტრარულსა და კონტრადიქტორულ ცნებებს.

ცნებათა დაპირისპირება კონტრალურია (საწინააღმდეგო), როდესაც დაპირისპირებულ ცნებებში წარმოდგენილია კიდურა წევრები ხარისხობრივად განსხვავებული ნიშან-თვისებეის მწკერივის სახით: შავი (მუქი ნაცრისფერი – … – ღია ნაცრისფერი) თეთრი.

ცნებათა შეუთავსებლობა კონტრადიქტორულია (საწინააღმდეგო), როდესაც ერთი ცნების ნიშან-თვისება, მეორე ცნებაში უარიყოფა. მაგალითად, „კაციბი – არაკაცი“.

ანტონიმები შეიძლება წარმოდგენილი იყოს სხვადასხვა ფუძეში; ან ერთი ფუძისაგან იწარმოოს უარყოფის აღმნიშვნელი თავსართ-ბოლოსართებით.

უარყოფის აღნიშვნისას ორივე ვარიანტი შეიძლება მივიღოთ ერთი და იმავე სიტყვის (დადებითის) საპირისპიროდ: საკმარისი – 1. უკმარი; 2. უკმარისი… ასეთ შემთხვევაში “არა”-თინაწარმოები ვარიანტი მეორეულია. უარყოფითი წარმოების ეს ვარიანტები მნიშვნელობით განსხვავდებიან.

თუ ანტონიმებად მიჩნეულ სიტყვებს და ცნებათა ამ ორ რიგს შევადარებთ ერთმანეთს, დავინახავთ, რომ ლექსიკაში არსებული დაპირისპირება აუცილებლობით არ ემთხვევა ლოგიკურს. ასეთი დამთხვევა მხოლოდ შესაძლებელია და ასეთ შემთხვევაშიც ცნებების აუცილებელ შინაგან კავშირს არ წარმოადგენს.

ანტონიმიაზე შეიძლება მხოლოდ მაშინ ვისაუბროთ, როდესაც გარკვეულ სიტყვათა დაპირისპირება ამა თუ იმ კონკრეტულ ენაში რეგულარულად ხდება. მაგალითად, თერგისა და მყინვარის დაპირისპირება, რომელიც წარმოდეგენილია ილიას „მგზავრის წერილებში“, ინდივიდუალური მხატვრული სახეა და შესაბამისად საერთო ქართულ ანტონიმტა ფონდში არ შედის, ხოლო ახლისა და ძველის დაპირისპირება, რომელიც „ვეფხისტყაოსანში“ რამდენჯერმე გვხვდება, საერთოქართული მოვლენაა: ამგვარი დაპირისპირება ფართოდ არის გავრცელებული ხალხურ ლექსებში, ანდაზებში.

ამრიგად, შეიძლება დავასკვნათ, რომ სინონიმიისაგან განხვავებით, ანტონიმიას უშუალოდ არ განსაზღვრავს საგანთა ობიექტური თვისებები. ანტონიმია არის ლოგიკური შესაძლებლობის რეგულარული გამოყენება გარკვეულ ენობრივ კოლექტივში.

პარონიმები

პარონიმია სპეციალურ ლიტერატურაში განმარტებულია როგორც აღრევა პარონიმი სიტყვების გამოყენებისას.

სახელწოდება პარონიმი მომდინარეობს ბერძნული „პარა“ (ახლოს) და „ონომა“, „ონყმა“ (სახელი) სიტყვებიდან. ამ სახელწოდებით აღინიშნება შინაარსით სხვადასხვა, მაგრამ ბგერობრივად მსგავსი სიტყვები, რომელთა გამოყენებისას, აღნიშნული მსგავსების გამო არსებობს მათი აღრევის საშიშროება და შემთხვევები.

ყველა ენაში, მათ შორის ქართულშიც, არსებობს სიტყვათა ასეთი წყვილები, რომლებიც მხოლოდ თითო ან ორი ბგერით განსხვავდება ერთმანეთისაგან, მაგრამ მაინც ხდება მათი აღრევა.

პარონიმიის მაგალითები ქართულ ენაში შემდეგი სახისაა: ცნება – მცნება, აღქმა – აღთქმა, კამპანია – კომპანია, სწორად – სწორედ, პირი – პიროვნება, მოთხოვნა – მოთხოვნილება, სწავლა – სწავლება, თარგმნა – თარგმანი, დიპლომატი – დიპლომანტი, აფექტი – ეფექტი, ვეტერანი – ვეტერინარი, პლაგიატი – პლაგიატორი, ავსტრია – ავსტარლია, შვეცია – შვეიცარია ამგვარი ტიპის სიტყვები.

ამ თვალსაზრისით რუსული ენის ლექსიკური მასალიდან პარონიმებად ჩაითვლება продать – предать.

შუქია აფრიდონიძე მიუთითებს და გამოყოფს პარონიმულ სახელთა შემდეგ წყვილებს:

საწყისური წარმოშობის პარონიმებს (აღქმა და აღთქმა);

ზმნისართული წარმოშობის პარონიმებს (სწორად და სწორედ);

მარტივ და ნაწარმოებ პარონიმებს (პირი და პიროვნება);

წარმოშობითა და მნიშვნელობით მსგავს პარონიმებს (მოთხოვნა და მოთხოვნილება).

ზოგჯერ პარონიმებად მიიჩნევენ მხოლოდ ერთი ძირიდან მომდინარე, მორფოლოგიურად ერთნაირ სიტყვებს და ასეთები შეაქვს სიძნელეთა ან პარონიმების ლექსიკონებში. რაც მთავარია, პარონიმიის წყვილებში შემავალი სიტყვები, მორფოლოგიური თვალსაზრისით და დამოუკიდებლად აღებული, წარმოადგენს სწორ ფორმებს, მხოლოდ მათი აღრევა არის დაუშვებელი.

. შმელიოვი თავის სტატიაში პარონიმებად მიიჩნევდა ბგერობრივად შემთხვევით მსგავსი სიტყვები, ე.ი. ისეთები, როცა მსგავსება არც სემანტიკით და არც სიტყვაწარმოებითი პროცესებით არ არის გამოწვეული. ის გვაცნობს პარონიმების შესახებ მეორე მოსაზრებასაც, მაგრამ მას არ იზიარებს. ნათქვამია, რომ პარონიმები შეიძლება შეცდომით იხმარებოდეს ერთიმეორის მაგივრად ან პოეტურ მეტყველებაში გამოყენებული იყოს კალამბურულად.

ფართოდაა წარმოდგენილი პარონიმი წყვილები, ზოგჯერ სამეულები და ოთხეულებიც, . კოლესნიკოვის მიერ შედგენილ ლექსიკონში. ავტორი მიუთითებს, რომ პარონიმებად არ არის მიჩნეული ბგერობრივად ასე თუ ისე მსგავსი სიტყვები, სიტყვის ფონეტიკური და ფონეტიკუ-მორფოლოგიური ვარიანტები, სადაც არ არის აღრევის საფუძველი. მაგრამ არა ჩანს, თუ როგორ განისაზღვრება აღრევის შესაძლებლობა, ვინაიდან დარღვევათა შემთხვევები ლექსიკონში არაა წარმოდგენილი. მხოლოდ თეორიულ მოსაზრებაზე დამყარებული განსაზღვრება კი სარწმუნოდ არ შეიძლება მივიჩნიოთ.

სპეციალურ ლიტერატურაში მიუთითებენ პარონიმების მორფოლოგიურ დახასიათებასაც. განასხვავებენ პრეფიქსებით, სუფიქსებით და ძირებით განსხვავებულ პარონიმებზე.

პარონიმიის შემთხვევები ენაში სულ სხვადასხვა შეიძლება იყოს. უცხო სიტყვათა პარონიმიის საფუძველი ჩვეულებრივ ამ სიტყვათა მნიშვნელობის სუსტი ცოდნა იყოს (კამპანია – კომპანია, ექსპერტი – ექსპორტი). სხვა შემთხვევაში პარონიმიის საფუძველი შეიძლება იყოს ნაწარმოები სიტყვების შინაარსობრივი ნიუანსებისათვის ანგარიშის გაუწევლობა ან ისევ უცოდინრობა (ჭაბუკობა – სიჭაბუკე, ადრეული – ადრინდელი, გონივრული – გონებრივი, სწავლა – სწავლება, თარგმა – თარგმანი).

ამათგან უნდა განვასხვავოთ პარონიმიის ისეთი შემთხვევები, რომლებიც დაკანონდა ენაში. მაგალითად, საცოლო – საცოლე, განაჩენი – განჩინება, დააჩენს – დაამჩნევს და ა.შ.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. შუქია აფრიდონიძე, ჩვენი ენა ქართული, არჩილ სულაკაურის გამომცემლობა, თბილისი, 2002.
  2. თეორიული ენათმეცნიერების კურსი, თბილისი, 2008.
  3. ბ. ფოჩხუა, ქართული ენის ლექსიკოლოგია, თბილისი, 1974.
  4. არნ. ჩიქობავა, ენათმეცნიერების შესავალი, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი, 2008.

სინტაგმატური კვლევის სფერო

ლექსიკური სინტაგმატიკის კვლევის სფეროა სიტყვათა კავშირი მათი ფუნქციონირებისას.

ისინი, ვინც ენას სტატიკურ სისტემად წარმოიდგენენ, ხოლო ენის გამოყენებას – ლაპარაკს, მეტყველებას – განსხვავებულ ობიექტად მიიჩნევენ, ლექსიკურ სინტაგმატიკას (პარადიგმატიკისაგან განსხვავებით) მიაკუთვნებენ მეტყველების სფეროს (ენისაგან განსხვავებით).

მეტყველებისა და ენის ამგვარი გათიშვა მიზანშეწონილი არაა _ ენა არსებობს იმდენად, რამდენადაც ის ფუნქციონირებს ენის მატარებელთა შორის. ბიძინა ფოჩხუას აზრით, ყოვლად გამორიცხულია სინტაგმატიკისა და პარადიგმატიკის დაპირისპირება როგორც მეტყველებისა და ენის სფეროებისა.

საზოგადოდ, სინტაგმატური კავშირი ლექსიკურ ერთეულთა (სიტყვათა) შორის არ არის დამოკიდებული ამ კავშირის ფორმალურ გამოხატვაზე. წინადადებაში “გუშინ აქ ძლიერ ციოდა” არავითარი გრამატიკულ-სინტაქსური კავშირი არ არსებობს – ყველა შემთხვევაში მირთვა გვაქვს, – ე.ი. სინტაქსური ურთიერთობის „ნული“  – ფორმა. მაგრამ შესიტყვება, მიუხედავად ამისა, ქართული წესების მიხედვით სრულფასოვანია – ანუ ქართული გრამატიკული წესების მიხედვით გამართულია და სრულ ინფორმაციას იძლევა სათანადო მოვლენის შესახებ.

სიტყვათა ლექსიკურ-სინტაგმატური კავშირი შეიძლება არ ემთხვეოდეს გრამატიკულ კავშირს – სინტაქსურ ურთიერთობას სიტყვებს შორის.

ენაში ლექსიკურ-სინტაგმატური კავშირის ბუნება შეიძლება არ შეიცვალოს სინტაქსური თვალსაზრისით სხვადასხვაგვარი ურთიერთობის შემთხვევაში. სინტაქსური კავშირები სინტაგმებს შორის სხვადასხვაგვარია, ლექსიკური პარადიგმატიკის თვალსაზრისით კი ისინი ერთ ჯგუფში ერთიანდებიან.

სინტაქსური იგივეობის პირობებში ლექსიკურ-სინტაქსური კავშირი შეიძლება განსხვავებული იყოს: შესიტყვებები „ირმის მოკვლა“, „ირმის რქა“, „ირმის მწვადები“სინტაქსურად ერტმანებისგან არ განსხვავდება, ხოლო ლექსიკური სინტაგმატიკის თვალსაზრისით ისინი ერთმანეთისაგან დამოუკიდებელ ოდენობებს წარმოადგენენ.

სიტყვათა შორის ლექსიკურ-სემანტიკური ურთიერთობა რომ სინტაქსური ურთიერთობისაგან დამოუკიდებლად არსებობს, ამის საფუძველია ქართულ ენაში დამკვიდრებული სიტყვახმარების ტრადიცია, უზუსი.

ფრაზაში სიტყვებს შორის ურთიერთობა მეტ-ნაკლებად მჭიდრო შეიძლება იყოს. ამ ურთიერთობას, რა თქმა უნდა აპირობებს სიტყვებს შორის აზრობრივი კავშირი, თუ მას ხელს არ უშლის ქართულში არსებული სინტაქსური ყალიბები.

მაგრამ ისიც შეიძლება, რომ სიტყვათა ურთიერთკავშირის უშუალო აზრობრივი საფუძველი არც არსებობდეს. მაგალითად, თვალყურის დევნება (თვალთვალი)… ამგვარი შესიტყვების საფუზველი არის ტრადიცია და მისი ხმარების აზრობრივ პირობათა (სემანტიკური და პრაგმატული საფუძვლების) გასარკვევად ენის ისტორიის მოშველიებაა აუცილებელი.

სინტაქსური კავშირი ყოველ ზმნასა და ყოველ სახელს, ყოველ მსაზღვრელსა და ყოველ საზღვრულს შორის შეიძლება არსებობდეს საკუთრივ სინტაქსური თვალსაზრისით.

სხვა ვითარებაა, როდესაც საკითხი აზრობრივ კავშირს ეხება.

ძალიან ბევრი შეიძლება იყოს  წითელი – სიტყვის მონაწილეობით იმგვარი შესიტყვებები, როგორიცაა „წითელი კაბა“.

მნიშვნელოვნად შეზღუდული რაოდენობითაა წარმოდგენილი “წითელი ღვინის” მსგავსი შესიტყვებები.

ერთადერთია შესიტყვება „წითელი ქარი“.

სემანტიკურად, პირველი ტიპის შესიტყვება არსებითად განსხვავდება მესამე ტიპის შესიტყვებისაგან. წითელი კაბა – შესიტყვების მნისვნელობა უდრის მასში სემავალი სიტყვების (წითელი, კაბა) მნიშვნელობატა ჯამს; შესიტყვებაში შემავალი სიტყვები სემანტიკურად მაქსიმალურად დამოუკიდებელნი არიან ერთმანეთისაგან.

რაც შეეხება გამოთქმას „წითელი ქარი“ – აქ ამ სიტყვების – წითელი და ქარი – სხვა სიტყვებით ჩანაცვლება არ ხდება.

სინტაგმატიკა შეისწავლის ენაში სიტყვათა იდიომატურ კავშირებსაც. ამგვარ გამოთქმებში ჩანს სიტყვათა მნიშნელობების გადატანითობა.

მაგალითად, „თავლაფის დასხმა“. ამგვარი მეორეული იდიომატური გამოთქმებიც შეიძლება ერთ სიტყვად შეირწყას – ამ შემთხვევაში მეორეულ კომპოზიტებს მივიღებთ: „თავლაფდასხმული“.

ამრიგად, სიტყვათა სინტაგმატურ კავშირს ტენდენცია აქვს შეირწყას ერთი, სემანტიკურად გაუთიშავ მთელად, რომელიც ასევე წარმოადგენს იდიომატურ გამოთქმას.

იდიომატური გამოთქმა ენაში არსებული თავისუფალი გამოთქმების თანდათანობით გაქვავების შედეგია; სიტყვათა ერთმანეთის მეზობლად ხმარება ჩვეულებად, უზუსად იქცევა, სიტყვა გამოეთიშება მისთვის დამახასიათებელ წესებს დამ ის მეზობლად ნახმარ სიტყვას დაუკავშირდება.

მაგრამ ლექსიკური სინტაგმატიკის შესწავლის საგანი მხოლოდ იდიომატური გამოთქმები არაა. ლექსიკურმა სინტაგმატიკამ უნდა იკვლიოს ქართულ ენაში გავრცელებული და ტრადიციით დამკვიდრებული შესიტყვებანი, რომლებიც შეიცავენ სიტყვათა ისეთ კომპლექსებს, რომელთა მნიშვნელობანი აუცილებლობით არ მოითხოვენ სიტყვათა ერთად განთავსებას.

თითოეული სიტყვის შეხამებადობის აღრიცხვა-აღნუსხვა და სისტემაში მოყვანა ქართული ლექსიკოლოგიის ერთ-ერთი რთული ამოცანაა.

სიტყვაშეხამებათა (შესიტყვებათა) ლექსიკოლოგიური (და არა გრამაკიკული ან სინტაქსური) კლასიფუიკაციის რამდენიმე ცდა არსებობს. მათი საერთო ნაკლი ისაა, რომ არ არის მოძიებული იმგვარი ნიშან-თვისებები, რომლებიც საშუალებას მოგვცემდა ენაში არსებულ შესიტყვებათა ერთობლიობა წარმოგვედგინა ერთმანეთისაგან მკაფიოდ გამიჯნული ჯგუფების სახით. ამას ობიექტური მიზეზიც აქვს: ლექსიკა იმდენად სწრაფად იცვლება, რომ ყოველ მომენტში, მის ყოველ რგოლში გარდამავალი საფეხურები არსებობს.

შესიტყვებათა კლასიფიკაციის ერთ-ერთი უკანასკნელი ცდა ექვს ძირითად ჯგუფს გამოყოფს, რომელთაგანაც ზოგიერთი ქვეჯგუფებედაც იყოფა.

  1. თავისუფალი შესიტყვებები;

ა)         საერთო მნიშვნელობა წარმოადგენს შესიტყვებაში შემავალი ცალკეული სიტყვების მნიშვნელობათა ჯამს. ამ სიტყვების ერთად ხმარების საფუძველია გამოსახატავი სიტუაცია: იშვიათი, საყურადღებო, ჩვეულებრივი… მოვლენა და სხვ.

ბ)         შესიტყვების ერთ-ერთ წევრს შემოსაზღვრული მოხმარების სფერო აქვს, რის გამოც მეორე წევრის არჩევა შეზღუდულია: ღვინო ფერის მიხედვით სულ სამ-ოთხ სიტყვას იგუებს: წითელი, თეთრი, შავი ღვინო…

  1. განცალკევებული შესიტყვებები;

ა)         შესიტყვებები ტერმინოლოგიური ხასიათისაა, მაგრამ შემადგენელი სიტყვების მნიშვნელობათა შერწყმა არ ხდება: მჟავე ლიმონი, თეთრი ბაირაღი…

ბ)         ტიტულის აღმნიშვნელი შესიტყვება: უმცროსი ლეიტენანტი, სახალხო არტისტი და შესიტყვებით გადმოცემული საკუთარი სახელები: შავი ზღვა, წყნარი ოკეანე, დიდი კანიონი…

გ)         მკვიდრი შედარებები: ქვასავით მაგარი, ნახშირივით შავი, თაფლივით ტკბილი…

დ)   ერთ-ერთი წევრის მნიშვნელობა დიდად შორდება მის მთავარ მნიშვნელობას, მაგრამ მაინც შესიტყვების მნიშვნელობა შემადგენელი ელემენტების მიხედვით დაისკვნება: ბუნდოვანი აზრი, მტკიცე უარი, სასტიკი ბრძოლა…

  1. მყარი შესიტყვებები;

    ესაა მარტივი ფრაზეოლოგიური კავშირები. აქ გამოთქმის ერთი წევრი (მეტწილად ზმნა), გახუნებულია ან მნიშვნელობისაგან დაცლილი, მაგრამ შესიტყვება მაინც შეიცნობა, როგორც შემადგენელი სიტყვების მნიშვნელობათა ჯამი: აქვს შანსი…

  1. ფრაზეოლოგიური ერთიანობანი;

    სიტყვები აქ შედარებით მყარად არის ერთმანეთთან დაკავშირებული, საერთო მნიშვნელობა არის არა შემადგენელი ელემენტების ჯამი, არამედ ამ ჯამის განზოგადება ან მეტაფორა: კბილებს აკრაჭუნებს, კისერს მოიტეხს…

  1. ტყუპი ფორმულები შინაარსობრივად წინა ჯგუფს წააგავს, გარეგნულად კი მიმართებითი სიტყვით (ან კავშირით) დაკავშირებული ორი (ან სამი) სიტყვისგან შედგენილი შესიტყვებაა.

ა)         გაორმაგება გაძლიერების ან ხანგრძლივობის გადმოსაცემად: ისევ და ისევ, დრო და დრო, ხანდახან, წლიდან წლამდე…

ბ)         მნიშვნელობით ახლოს მდგომი სიტყვების წყვილი: თავი და ბოლო, სულითა და გულით…

გ)         მნიშვნელობის შემავსებელი ან დამაპირისპირებელი წყვილი: დღე და ღამე, მთა და ბარი, ზღვა და ხმელეთი…

  1. იდიომები;

ა)         ერთ-ერთის მნიშვნელობა გაბუნდოვანებულია ან დაბნელებული: სიქა გააცალა…

ბ)         მტკიცედ ჩამოსხმული ფრაზები: ტყემალზე ზის…

შესიტყვებათა ლექსიკოლოგიური დაჯგუფების სხვა ცდებიც არსებობს, მაგრამ სავსებით დამაკმაყოფილებელი სქემა ჯერ არ შექმნილა.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. თეორიული ენათმეცნიერების კურსი, თბილისი, 2008.
  2. ბ. ფოჩხუა, ქართული ენის ლექსიკოლოგია, თბილისი,
  3. არნ. ჩიქობავა, ენათმეცნიერების შესავალი, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი, 2008.

სიტყვათა ფუნქციონირების პირობები

სიტყვის ფუნქციონირების ოთხი ნიშანი არსებობს:

  1. ბგერადობა;
  2. საგნობრივი მიმართება;
  3. ენობრივი კოლექტივი;
  4. სიტყვებს შორის ურთიერთობა.

სიტყვის ფუნქციონირებისათვის საჭიროა, რომ მას ჰქონდეს გარკვეული ბგერადობა. ზოგადად, ენა, რომელსაც ადამიანები ვიყენებთ, ბგერადობის გარეშე ბუნებაში არ არბებობს. ისტორიულად, ენა არ იწყებს არსებობას მანამ, სანამ მას ვერბალური ფორმა არ მიუღია.

ამიტომ, როდესაც ახსენებენ მაგალითად, „ფუტკრის ენას“ (რომელიც ცეკვის მსგავსი მოძრაობებით გამოიხატება) და სხვ., – ლინგვისტური თვალსაზრისით, მას ენად ვერ მივიჩნევთ, რადგან ენა – სიტყვის მხოლოდ მეტაფორულ ხმარებასთან გვაქვს საქმე.

ყოველი „დაწერილი ენა“ შესაბამისად არის წარმოთქმული ენაც. ეს იმას ნიშნავს, რომ შეიძლება არსებობდეს ერთი ენის რამდენიმე ანბანი, როგორც მაგალითად იაპონურ ენაში არის სამი ფონეტიკურად განსხვავენული ანბანი, მაგრამ ენა კი საერთოა ყველა იაპონელისათვის. დამწერლობა მეორეული ნიშანია – ბგერადობის ნიშანი, როგორც ენობრივი ბგერადობა არის ობიექტური სამყაროს საგნებისა და მოვლენების გამომხატველი ნიშანი.

აღნიშნულ დებულებას ვერ აბათილებს საგნობრივი სიმბოლიკის ფაქტი. მაგალითად, ჯვარი ქრისტიანობის სიმბოლოა, ხელთათმნის გადაგდება – დუელში გამოწვევის ნიშანი, თვალის ჩაკვრა – რაღაცისთვის გადატანითი მნიშვნელობის მინიჭება…

კიდევ ერთი გარეოება ისიცაა, რომ ზოგი ძველი დამწერლობა, მაგალითად, შუმერული, ხეთური და ეგვიპტურიც ნაწილობრივ, შინაარსის მიხედვით გაშიფრულია და პირობითად „ამოკითხული“, თუმცა მათი ბგერადობა ჯერაც არ არის დამაკმაყოფილებლად დადგენილი: ამგვარ ენას მხოლოდ იმდენად მივიცნევთ ენად, რამდენადაც ვგულისხმობთ, რომ მას თავის დროზე, მისი ფუნქციონირების პირობებში, ჰქონდა შესაბამისი ბგერადობა.

სამეტყველო ბგერითი მნიშვნელობის ქონა არის ერთ-ერთი უპირველესი ნიშანთაგანი, რითაც ადამიანური ენა განსხვავდება თუნდაც ადამიანის მიერ გამოგონილი ხელოვნური ნიშნებისაგან, ამ პრინციპით, მაგალითად, საზღვაო კოდისაგან, ან საგზაო შუქნიშნებისაგან…

ბოლოს კი სწორედ ბგერადობით განსხვავდება სიტყვები ერთმანეთისაგან (თუ არ ჩავთვლით ომონიმებს).

აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ სიტყვა არა მხოლოდ ბგერადობით ხასიათდება, არამედ გარკვეულ ენებში – აგებულებითაც: სიტყვა შედგენილია ფონემებისაგან და ასევე მის შემადგენლობაში შედის ნიშნადი ელემენტები; სიტყვა ნაწევრდება ძირად (ძირებად) და ფორმანტებად (შეიძლება გვქონდეს ფუძის ფლექსია, ან მახვილი, ანდა ინტონაცია.

ჩინური ენა მანდარინი მიიჩნევა სწორედ ისეთ ენად, რომლისთვისაც ამგვარი დანაწევრება (მორფემული) დამახასიათებელი არ არის.

ბგერადობა საგნობრივი მიმართების გარშე ჯერ კიდევ ენობრივ ფაქტს არ წარმოადგენს.

მაგალითად, სლოკინი, ცხვირის დაცემინება, დახველება, ტაში, სიცილი (ხარხარი, კისკისი), ტირილი (ზლუქუნი, ქვითინი) – ბგერითი გამოვლინების ფაქტებია, მაგრამ, რა თქმა უნდა, ისინი მეტყველების თავისებური ფორმები კი არ არის, არამედ იმპულსური ხასიათის ბგერებია.

ასევე, სიმღერა (ჰანგი) ბგერათა ერთობლიობაა, ორგანიზებული სიმაღლისა და სიძლიერის რიტმული მონაცვლეობა. ესა თუ ის ფოლკლორული სიმღერა ამა თუ იმ კოლექტივში არსებობს და არ წარმოადგენს რომელიმე ინდივიდის შემოქმედებას. ის არის ადამიანის ემოციური გამოვლენა და არ ემსახირება რაიმეს აღნიშვნას, ანუ არ არის საგნობრივი მიმართების გამომხატველი. მიუხედავად იმისა, რომ მუსიკას სიმბოლური დატვირთვაც აქვს. მაგალითად, “დატირებას”… როგორც წესი, მელოდია ტექსტთან ერთადაა მოცემული და ენობრივ ფაქტთან გვაქვს საქმე. მაგრამ ის მაინც არის ემოციური მოვლენა.

ამგვარი ბგერადობის საპირისპიროდ, სიტყვის ფუნქციონირებისათვის საგნობრივი მიმართებაა საჭირო. ბგერადობა უნდა მიემართებოდეს გარკვეულ საგანს ან მოვლენას და გრძნობასაც, როგორც ობიექტურად მოცემულს. როცა ადამიანს რაიმე სტკივა, უხარია, აწუხებს – ყველაფერს ვერბალურად გამოხატავს და ამას თავისთავად შეიძლება ერთვოდეს ემოციური მხარეც.

ბგერადობა და საგნობრივი მხარე ქმნის სიტყვის ფუნქციონირების აუცილებელ პირობებს. გარდა ამისა, საჭიროა კიდევ ორი პირობა: ენიბრივი კოლექტივი და სხვა სიტყვებთან ურთიერთობა.

ენობრივი კოლექტივი არა მარტო ენით დაკავშირებული ჯგუფია ადამიანებისა, არამედ მათ ასევე აერთიანებთ საერთო საქმიანობა, საზოგადოებრივი ცხოვრება. შესაბამისად, სხვადასხვა კოლექტივი ერთმანეთისაგან ამ ნიშნებით განსხვავდებიან და ქმნიან თავისებურ ლექსიკურ ფონდს.

რაც შეეხება სიტყვათა ურთიერთობას, არ არსებობს ენა, რომელიც მხოლოდ ერთი სიტყვისაგან შედგებოდეს ისევე, როგორც რომელიმე ნიშანთა “სისტემა”. ენა შედგება ათასობით ნიშნისაგან და შეუძლებელია მისი მოხმარება, თუ ნიშანთა ეს სიმრავლე არ არის მოწესრიგებული.

იმისათვის, რომ სიტყვა ფუნქციონირებდეს, აუცილებელია იგი სხვა სიტყვებთან უშუალო მეზობლობაში ვლინდებოდეს, ანუ შესიტყვებაში და იყოს წინადადების წევრი.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. თეორიული ენათმეცნიერების კურსი, თბილისი, 2008.
  2. ბ. ფოჩხუა, ქართული ენის ლექსიკოლოგია, თბილისი, 1974.
  3. არნ. ჩიქობავა, ენათმეცნიერების შესავალი, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი, 2008.

პოლისემია

თუ სიტყვებს სემანტიკური (საგნობრივი მიმართების) თვალსაზრისით განვიხილავთ, აღმოჩნდება, რომ ყველა სიტყვა არ ავლენს ერთნაირ დამოკიდებულებას აღსანიშნთან – საგანთან ან მოვლენასთან.

ზოგიერთი სიტყვა სემანტიკურად მარტივია – გარკვეული ბგერადობის ცალსახა შეერთებას წარმოადგენს სრულიად გარკვეულ შინაარსთან.

ამგვარი ბუნებისაა ტერმინები.

ტერმინი არის საგანგებოდ შემუშავებული, ან ნასესხები, ან კიდევ საგანგებოდ გამოყენებული სპეციალური სიტყვა, რომელიც იხმარება ცნების ზუსტად გამოსახატად.

ტერინებია, მაგ.; სამკუთხედი, ჟარგონი, ოზონი, წრე, მნიშვნელი, უღლება, მოქმედება, პარადიგმა, ზმნისწინი, გვარი და ა.შ.

აღსანიშნსა და აღმნიშვნელს შორის არაცალსახა დამოკიდებულების შემთხვევას წარმოადგენს პოლისემია.

პოლისემიაში იგულისხმება შესაძლებლობა – ერთი სიტყვის მეშვეობით მიუთითოს რამდენიმე განსხვავებულ ობიექტზე. პოლისემიურია მაგალითად, სიტყვები:

  • ბეჭი, რომელიც აღნიშნავს სხეულის ნაწილსა და „საქსოვ იარაღს“.
  • თვალი აღნიშნავს ბორბალსა და „ძვირფას ქვას“.

საკითხი თითქოს ნათელი და გარკვეულია. მაგრამ შესამჩნევია ის, რომ თითოეულ ცალკეულ შემთხვევაში სიტყვის მნიშვნელობათა დადგენა გარკვეულ სიძნელეებს აწყდება: არ არსებობს მნიშვნელობათა გამოყოფის საყოველთაო აღიარებული მეთოდები, ამიტომ, თუ ამა თუ იმ სიტყვის მორფემულ ან ფონემური შემადგენლობის დადგენა, ჩვეულებრივ, დავას არ იწვევს, სამაგიეროდ, “სიტყვის სემანტიკური სტრუქტურის, ამა თუ იმ სიტყვაში მნიშვნელობათა რაოდენობის და მათი ურთიერთობის გარკვევისას მეტად ჭრელ სურათს ვიღებთ: მეტ-ნაკლებად რთული სემანტიკის მქონე სიტყვის დახასიათება სულ სხვადასხვაგვარად არის წარმოდგენილი სხვადასხვა ლექსიკონში. თითოეულ მათგანთან სხვადასხვა რაოდენობის ნიუანსები არის გამოყოფილი; დიდი სიჭრელეა მნიშვნელობათა ჩამოთვლის თანამიმდევრობაში (საყოველტაოდ აღიარებული არის მხოლოდ I მნიშვნელობა. მიუხედავად დიდი ლექიკოგრაფიული ტრადიციისა, ორი, თითქმის ერთდროულად გამოსული ლექსიკონი, სხვადასხვაგვარად აჯგუფებს შინაარსებს და სხვადასხვანაირად წარმოგვიდგენს ამ შინაარსთა ურთიერთობას, ამასთანავე არ ჩანს ამ განსხვავებათა რაიმე ცნობიერი და ობიექტური საფუძველი.

თუმცა მნიშვნელობათა დიფერენციაციის წვდომის სიძნელე საყოველთაოდ აღიარებული – მაინც გამოყოფენ ხოლმე ისეთ შემთხვევებს, სადაც მნიშვნელობათა დანაწილება თვალსაჩინოა. ცხადია, პოლისემიის პრობლემების კვლევა სწორედ ასეთი თვალსაჩინო შემთხვევების ანალიზით უნდა იქნას დაწყებული.

რაკი მნიშვნელობა არის მიმართება საგანთან, ანუ აღსანიშნთან, – თითქოს მარტივად უნდა გადაწყდეს: სიტყვაში იმდენი მნივნელობა უნდა ვივარაუდოდ, რამდენ აღსანიშნთანაც ავლენს იგი მიმართებას, მაგრამ ასეთი დასკვნა მხოლოდ იმ შემთხვევაში აღმონდება მართებული, თუ წინასწარ დაზუსტებული გვაქვს „აღსანიშნის“ რაობა, რა თქმა უნდა, არავინ იტყვის ვარსკვლავი – სიტყვას იმდენი მნიშვნელობა აქვს, რამდენი ვარსკვლავიცაა ცაშიო, მხოლოდ იმიტომ, რომ ეს სიტყვა მიემართება თითოეულ ვარსკვლავს.

პოლისემიასთან მაშინ გვექნება საქმე, თუ ერთი ფონეტიკური გარსი „მიმართებაში“ აღმოჩნდება საგანთა რამდენიმე კლასთან.

პოლისემიის კვლევისას ენათეცნიერების წინაშე დგებაა წმინდა ისტორიულ-ენათმეცნიერული საკითხი – როგორ და რა კონკრეტულ პირობებში დაემატა სიტყვას ახალი მნიშვნელობა, ან როგორ შემორჩა ძველი მნიშვნელობა ახალთან ერთად.

პოლისემია შედეგია საერთო ენაში იმ მნიშვნელობათა თავმოყრის, რომელიც გააჩნია თავდაპირველი მნიშვნელობის განშტოებას კილოებსა და სპეციალურ ენებში.

განშტოებულ მნიშვნელობათა თავმოყრა შეპირობებულია გარეენობრივი მოვლენებით. იმ როლით, რომელსაც ენობრივი კოლექტივის ცხოვრებაში ასრულებენ მასში შემავალი ჯგუფები.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. თეორიული ენათმეცნიერების კურსი, თბილისი, 2008.
  2. ბ. ფოჩხუა, ქართული ენის ლექსიკოლოგია, თბილისი,

თანამედროვე ქართული ენის პოლივალენტობა

ლექსიკონებში ხშირად არის მითითებული იმ დარგზე, საიდანაც საერთო ენაში შესულა ესა თუ ის სიტყვა. ასე მაგ., ბარბაცა _ სიტყვას განმარტებით ლექსიკონში ახლავს კვალიფიკაცია “ტექ.”, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს სიტყვა ტექნიკური ტერმინოლოგიის კუთვნილებაა. მაგრამ დარგზე საგანგებო მითითების გარეშეც ჩანს, რომ ლექსიკონში შეტანილი ბევრი სიტყვა წარმოშობით დარგობრივი ლექსიკის კუთვნილებაა: ვაგონეტი “პატარა თავღია ვაგონი ტვირთის მიმოსაზიდად მაღაროებში, საწარმოებში და სხვ.

თუ თანამედროვე ქართული ენის ლექსიკას ამ თვალსაზირისით გულდასმით შევისწავლით, ამგვარ სპეციალურ ლექსიკას თავს მოვუყრით და დარგობრივად დავალაგებთ, თვალწინ გადაგვეშლება საინტერესო სურათი სპეციალური ლექსიკის მონაწილეობისა ქართული ენის ლექსიკურ ფონდში და ხელშესახები გახდება დებულება ქართული ენის პოლივალენტოვნების შესახებ ე.ი. იმის შესახებ, რომ თანამედროვე ქართულ ენას მოხმარების ძალზე ფართო წრე აქვს: ქართული გამოიყენება არა მარტო საყოველთაო საუბრისთვის და ელემენტარული კომუნიკაციისთვის, არამედ იგი თანამედროვე მეცნიერების ენაც არის: ქართულ ენაზე იქმნება ნაწარმოებები ცოდნის ყველა დარგისთვის, ქართულ ენაზე წარმოებს სწავლება დაწყებით, საშუალო და უმარლეს სასწავლებლებში, სახელმწიფო სტრუქტურებში. ქართული ენა პოლივალენტოვანია, ე.ი. მრავალმხრივი ღირებულების მქონეა მოხმარების თვალსაზრისით.

Innovations in Scholarly Communication

Changing Research Workflows

gypsyrepresent

Thinking critically about Romani representation in pop culture

ფილოლოგი

ქართული ფილოლოგია

Global Hinduism

Way of living Life

Magical Methods

World Leader in Vedic Mathematics

Defenders of Ma'at

Teach, Coach, Live, Learn, Train, Help, Inspire

Asheville Vedic Astrology

Vedic Astrology brought to you by Ryan Kurczak

Hamro dharma

Just another WordPress.com weblog

janeadamsart

An illustrated Journal of eastern and western wisdom

Sathya Sai Baba - Life, Love & Spirituality

Guru Bhagavan Sri Sathya Sai Baba Of Puttaparthi India

Soolaba's Blog

Ultimate Questions, Ultimate Answers

პიროვნული ზრდის სამყარო

მიმღებლობა, მადლიერება, სიყვარული აგავსებს ნათელი ენერგიით და შენ სამყაროში დაამკვიდრებს ჰარმონიას

მკითხველის ბლოგი

შთაბეჭდილებები კითხვის შემდეგ

ნათია კენჭიაშვილი

natiakentchiashvili.WordPress.com site

კეჟერაძის ბლოგი

სამშობლოს, ადამიანებისა და ლიტერატურის მოყვარული რიგითი კლიმი

აჭარა დღეს!

ჩვენ გვიყვარს ჩვენი კუთხე, საქართველოს ერთ–ერთი ულამაზესი მხარე, ჩვენი აჭარა.

Molly Bloom's Day™

ასტრიდ ლინდგრენი – 111

მარო მაყაშვილის დღიური

გაფითრებული თებერვლის ლანდი

ბურუსი - BURUSI

თენგიზ ვერულავა - TENGIZ VERULAVA

Free Yourself

Just say "I am free!"

LILLIEVE

About Art & Culture & Myself

konspace

კოტეს ბლოგი ყველაფერზე

Barcelonisimo's Blog

ბლოგი მეგობრებისთვის და მათი მეგობრებისთვის...

ბაბუაწვერა

ოცნებებში გაფანტული ბლოგი ☮

kalatozishvili

КРИТИК - Мы страшные, потому что работаем над этим.

აღმოაჩინე შენთვის საინტერესო / Discover Things That Interest You

აღმოაჩინე შენთვის საინტერესო – ამოუცნობი,არქიტექტურა, აღმოჩენა ,ახალი ამბები, ბუნება, გასართობი, დიზაინი ,დოკუმენტური, ვიდეო ,თამაშები ,ივენთები, კინო / თეატრი ,კოსმოსი, კრეატივი ,მედიცინა ,მეცნიერება ,მისტიკა, მოგზაურობა, მოდა ,მუსიკა ,ნოვაცია ,პიროვნებები ,რელიგია ,სასარგებლო, საჭმელ / სასმელი ,სპორტი, სურათები, ტექნოლოგია ,ფოტოები, ფუფუნების საგნები ,შპალერები, წიგნები, ხელოვნება

Savidge Reads

The Chronicles of a Book Addict

geoRobot

საიტი რობოტების შესახებ დამწყებთათვის

კიჩი

ბლოგი ბევრ რამეზე

სხვამეფო

ყოველი წიგნი კარია პარალელურ სამყაროში

ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

Art-იდეა

პირველი ქართული შემოქმედებითი ბლოგი