თეორიული და გამოყენებითი ენათმეცნიერება

tsu-logo

წინამდენარე მასალა არის კომპილაციური ხასიათის და

წარმოადგენს სხვადასხვა ავტორთა ნაშრომების შეჯერებულ ვერსიას და

არ წარმოადგენს და არ შეიცავს ჩემს დამოუკიდებელ კვლევასა და დასკვნებს

ტექსტის შემდგენელი, ამკრეფი და რედაქტორი:

ნათია კენჭიაშვილი

სალექციო მასალა განკუთვნილია მაგისტრატურის საფეხურის ფილოლოგიის პროგრამის სტუდენტთათვის და აღნიშნული საკითხით დაინტერესებული გარეშე პირთათვის

თეორიული და გამოყენებითი ენათმეცნიერება

საკითხები:

  1. ენისა და მეტყველებისა და სინქრონიადიაქრონიის დიქოტომიები ფრ. დე სოსიურის მიხედვით
  2. ენობრივი ნიშნის ორმაგი ბუნება. ბუნებითია თუ პირობითი აღსანიშნისა და აღმნიშვნელის ურთიერთმიმართება ენობრივ ნიშანში (პლატონიდან დღემდე)
  3. ენობრივი ნიშანი. ნიშანთა კლასიფიკაცია აღსანიშნისა და აღმნიშვნელის ურთიერთმიმართების საფუძველზე (. . პირსი)
  4. რა არის სემიოტიკა (სემიოლოგია). სემიოტიკური სისტემის შესწავლის სამი ასპექტი
  5. ენობრივი ნიშანი. ენობრივი ნიშნის ღირებულება სისტემაში
  6. ფონემის განსაზღვრა. ფონემა და ალოფონი
  7. ფონემური ანალიზის წესები. კონტრასტული და დამატებითი დისტრიბუცია
  8. მარკირების მიმართებაფონოლოგიურ სისტემაში; ხშული ფონემების კლასები და ცარიელი უჯრედები
  9. მორფემა. თავისუფალი და ბმული მორფემები. ფლექსიური და დერივაციული მორფემები
  10. მორფოლოგიური ანალიზის პრინციპები
  11. მორფემა და ალომორფი.ფონოლოგიურად და მორფოლოგიურად შეპირობებული ალომორფები
  12. ძირი, აფიქსი, ფუძე, აფიქსთა სახეები. შინაგანი ფლექსია (აბლაუტი). ფლექსიური და დერივაციული მორფემები
  13. დამწერლობა როგორც სემიოტიკური სისტემა. დამწერლობის ტიპები შინაარსის პლანისა და გამოხატულების პლანის მიხედვით
  14. ანბანური დამწერლობის ტიპოლოგია და ქართული დამწერლობა

 

  1. ენისა და მეტყველებისა და სინქრონიადიაქრონიის დიქოტომიები ფრ. დე სოსიურის მიხედვით

ფერდინანდ დე სოსიურმა (1857-1913) შემოიტანა ტერმინების სინქრონიისა და დიაქრონიის, ასევე  langue (ენა, როგორც სისტემა) და parole (სამეტყველო ქმედება) განსხვავება.

ერთმანეთისაგან  განასხვავებენ სამეტყველი ქმედებას, ენასა და მეტყველებას. ეს განსხვავება ენათმეცნიერებაში პირველად ფერდინანდ დე სოსიურმა შემოიტანა. ენა და მეტყველება ერთად სამეტყველო ქმედებას ქმნის. ამიტომ ძირითადია ენისა და მეტყველების გამიჯვნა ანუ დიქოტომია.

ენა ქმნის სამეტყველო ქმედების სოციალურ ასპექტს, ხოლო მეტყველება – ინდივიდუალურს. ამიტომ ენა ზეინდივიდუალური კატეგორიაა, იგი თავსმოხვეულია ინდივიდისადმი. ენა ბატონობს ინდივიდზე, ე.ი. ენის მიმართება ინდივიდთან იმპერატიულია. ინდივიდი ვერ ქმნის ენას და ვერც თავის ნებაზე ცვლის მას. მეტყველება, პირიქით, ინდივიდის ფუნქციას წარმოადგენს, ინდივიდის მიერ იქმნება. ესაა ზეპირი ან დაწერილი ტექსტი, რომლის შექმნა მთლიანად დამოკიდებულია ინდივიდის ცოდნასა და უნარზე.

სამეტყველო ქმედებას აქვს როგორც სოციალური, ისე ინდივიდუალური მხარე. სოციალურია სამეტყველო ქმედებაში ყველაფერი ის, რაც ენობრივი ნორმაა, სხვა დანარჩენი კი ინდივიდუალურია. გარდა ამისა, ენა სასრული სისტემაა. როგორი დიდიც არ უნდა იყოს ელემენტთა რაოდენობა ენაში, მათი ჩამოთვლა მაინც შესაძლებელია, რომ აღარაფერი ვთქვათ ფონემებზე, გრამატიკულ თუ ლექსიკურ მორფემებზე, ანდა სინტაქსურ კონსტრუქციებზე. მეტყველება, პირიქით, უსასრულო სისტემაა. ერთსა და იმაზე ენაზე შეიძლება შეიქმნას ტექსტების უსასრულო რაოდენობა.

ენასა და მეტყველებას შორის ის განსხვავებაცაა, რომ უშუალო დაკვირვებაში ჩვენ გვეძლევა მხოლოდ მეტყველება და არა ენა. ქართული ან სხვა ნებისმიერი ენა ჩვენ გვეძლევა არა უშუალოდ, არამედ მხოლოდ ტექსტების სახით. ყოველგვარი ტექსტის მიღმა დგას ენა, რომლის რეალიზაციასაც მეტყველება ახდენს. ენა ესაა წესების სისტემა, რომელსაც ვიყენებთ ჩვენ, როგორც მოლაპარაკე ინდივიდები, გარკვეული ტექსტების შესაქმნელად. ამიტომ როგორი დიდიც არ უნდა იყოს ერთი ტექსტი, იგი ვერასდროს ვერ მოგვცემს სრულ წარმოდგენას იმ ენის შესახებ, რომელზეც ეს ტექსტია შექმნილი.

ამრიგად, ენასა და მეტყველებას შორის განსხვავება შეიძლება წარმოვადგინოთ სამი ძირითადი პარამეტრის მიხედვით:

  • ენა სოციალურია, ხოლო მეტყველება – ინდივიდუალური რეალიზაცია;
  • ენა ელემენტებისა და წესების სასრული სისტემაა, მეტყველება კი უსასრულო სისტემაა;
  • ენა უშუალო დაკვირვებაში არ გვეძლევა, ხოლო მეტყველება ყოველთვის უშუალო დაკვირვების ობიექტიცაა.

ფერდინანდ დე სოსიურმა პირველმა მოითხოვა მკაცრად ყოფილიყო გამიჯნული  ენათა სინქრონიული და დიაქრონიული კვლევა. ეს მოთხოვნა შემდგომში თანამედროვე ენათმეცნიერების საფუძველი გახდა. ამდენად, ენა შეიძლება აღიწეროს და შესწავლილ იქნეს ორი განსხვავებული თვალსაზრისით – სინქრონულად და დიაქრონიულად.

ენის სინქრონული შესწავლა გულისხმობს ენობრივი სისტემის აღწერასა და კვლევას დროის ერთ განსაზღვრულ მონაკვეთში. მაგრამ სინქრონული ანალიზი არ ნიშნავს მხოლოდ მკვლევრის თანადროული ენობრივი სისტემის ანალიზს; შეიძლება აგრეთვე მოცემული ენის რომელიმე ისტორიული მახასიათებლების შესწავლაც, ოღონდ ეს კვლევა უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ ერთი გარკვეული ისტორიული პერიოდით. სინქრონულად შეიძლება შევისწავლოთ „მკვდარი“ ენებიც.

დიაქრონული ენათმეცნიერება ადგენს იმ წესებს, რომელსაც მოცემული ენა ერთი სინქრონიული მდგომარეობიდან მეორე სინქრონიულ მდგომარეობაში გადაჰყავს, აქედან გამომდინარე, რაც მეტია სინქრონიულ მდგომარეობაში გადაჰყავს, აქედან გამომდინარე, რაც მეტია სინქრონიული მდგომარეობა, მით ეფექტურია დიაქრონიული კვლევა, მაგრამ ორი სინქრონიული მდგომარეობა აუცილებელი მინიმუმია.

დიაქრონია წარმოადგენს ერთი სინქრონიული მდგომარეობიდან მეორე სინქრონიულ მდგომარეობაში გადასვლას. თუ სინქრონიას წარმოვიდგენთ ჰორიზონტალური ღერძის სახით, მაშინ ერთი ჰორიზონტალური ღერძიდან მეორე ჰორიზონტალურ ღერძზე გადასვლა იქნება ერთი სინქრონიული მდგომარეობიდან მეორე სინქრონიულ მდგომარეობაში გადასვლა.

ენა რომ ერთი სინქრონიული მდგომარეობიდან მეორე სინქრონიულ მდგომარეობაში გადავიდეს, საჭიროა ამ ენაში ძირეული ცვლილებები მოხდეს. სხვადასხვა სინქრონიულ მდგომარეობებს ასახავენ ერთი ენის განვითარებაში ისეთი ცნებები, როგორიცაა ძველი რუსული და თანამედროვე რუსული, ძველი სომხური და ახალი სომხური, ძველი ფრანგული და ახალი ფრანგული და ა.შ.

  1. ენობრივი ნიშნის ორმაგი ბუნება. ბუნებითია თუ პირობითი აღსანიშნისა და აღმნიშვნელის ურთიერთმიმართება ენობრივ ნიშანში (პლატონიდან დღემდე)

აღსანიშნი. ტერმინი არ გულისხმობს უშუალოდ გარეენობრივი სამყაროს საგნებსა და მოვლენებს. აღსანიშნი ენისგან დამოუკიდებლად არ არსებობს. ესაა ცნება, იდეა საგნისა თუ მოვლენის შესახებ, უფრო ზუსტად, საგანთა თუ მოვლენათა მთელი კლასის შესახებ. აღსანიშნი უპირისპირდება, ერთი მხრივ, აღმნიშვნელს, მეორე მხრივ კი დენოტატს, რომელიც არის გარეენობრივი რეალობის ობიექტთა ერთობლიობა. აღსანიშნი უპირისპირდება დენოტატს როგორც ფსიქიკური – მატერიალურს, შიდაენობრივი – გარეენობრივს.

აღსანიშნსა და აღმნიშვნელს შორის არის პირობითი კავშირი.

აღმნიშვნელი. აღმნიშვნელს არ გააჩნია მატერიალური მხარე, რადგან ის არსებობს ჩვენს გონებაში და წარმოგვიდგება, როგორც მენტალური მოცემულობა ჩვენს ცნობიერებაში.

აღსანიშნთა ერთობლიობა ქმნის ენის შინნარსის პლანს, ხოლო აღმნიშვნელთა ერთობლიობა – ენის გამოხატულების პლანს.

აღსანიშნი ენისგან დამოუკიდებლად არ არსებობს. აღსანიშნი ესაა ცნება, რომელიც განზოგადების მაღალი ხარისხით ხასიათდება. უფრო მარტივად რომ ავხსნათ, არსებობს სამი მოცემულობა:

  1. ობიექტური რეალობა, ის საგნები და მოვლენები, რომლებსაც აღვიქვამთ;
  2. ჩვენ გვაქვს სამყაროს საგნებისა და მოვენების შესახებ წარმოდგენები და ცნებები, ცნებები არის საგანთა და მოვლენათა კლასები, არა ცალკეული საგანი თავისთავად, არამედ საგანთა კლასი;
  3. ჩვენ გვაქვს სიტყვიერი გამოხატულება, ანუ აღმნიშვნელები, რომლითაც საგნებსა და მოვლენებს სახელებს ვარქმევთ.

ამ სამიდან, აღსანიშნი შეესაბამება არა პირველს, ანუ უშუალო ფიზიკურ სამყაროს, არამედ მეორეს შეესაბამება, ხოლო აღმნიშვნელები – ესებია სახელდებები, საგანთა და მოვლენათა ცნებების აღმნიშვნელი ტერმინები

აღსანიშნსა და აღმნიშვნელს შორის არის პირობითი კავშირი.

სიტყვა ორმხრივი ერთეულია. მის ერთ მხარეს ცნება ანუ აღსანიშნი წარმოადგენს, ხოლო მეორეს ფონემა ანუ აღმნიშვნელი. მათ შორის კავშირი არის პირობითი (მაგალითად, არავითარი აუცილებლობა არ არსებობს H2O-ს ქართულში წყალი ვუწოდოთ და ა.შ.) რა თქმა უნდა, პირობითობის თეორია არ არის ერთადერთი თეორია. ძველ ბერძნულ ფილოსოფიაში ჩამოყალიბებული იყო ორი ურთიერთსაწინააღმდეგო აზრი იმის შესახებ, თუ როგორ ვარქმევთ საგანს სახელს. ერთი ნაწილი, თესეისტები (thesei „შეთანხმება“), თვლიდნენ რომ საგნების სახელდება ჩვენი შეთანხმების საფუძველზე ხდება ანუ პირობითია. ფუსეისტები (physei „ბუნებითი“) კი თვლიდნენ რომ სახელდება საგნების ბუნების გათვალისწინებით ხორციელდება.

დავა ენობრივი ნიშნის შესახებ გრძელდებოდა საუკუნეების განმავლობაში, რადგანაც ძველ ბერძნულ ფილოსოფიაში გადაუჭრელი დარჩა ერთი მეტად პრინციპული მნიშვნელობის საკითხი. საქმე ისაა, რომ თუ კონვენციონალური თეორია სწორია, ე.ი თუ საგნების სახელდება ხდება პირობითად, მაშინ რატომ არაა შესაძლებელი ნიშანთა შეცვლა ჩვენი ნება-სურვილის მიხედვით? ამ შეკითხვაზე პასუხს ვერ იძლეოდა ვერც ანტიკური და ვერც შუა საუკუნეების ფილოსოფია და ფილოლოგია, სანამ ფერდინანდ დე სოსიურმა არ მიუთითა 4 გარემოებაზე, რომლებიც ხელს უშლიან ენობრივ ნიშანთა ცვლას ჩვენი ნება-სურვილის მიხედვით:

  1. ნიშნის პირობითობა– რადგანაც კავშირი აღსანიშნსა და აღმნიშვნელს შორის პირობითია, ამიტომ არ დგას რაციონალურობის საკითხი. ენისათვის არსებითია თვითონ აღნიშვნის ფაქტი და არა ის, თუ როგორ აღინიშნება ესა თუ ის ცნება.
  2. ნიშანთა სიმრავლე– ყოველ ენაში ნიშანთა რაოდენობა რამდენიმე ათეული ათასია. ამიტომ თუ ნიშნებს საკუთარი ნება-სურვილით შევცვლიდით, მივიღებდით ქაოსს.
  3. ენობრივი სისტემის სირთულე– ენა მეტად რთული სისტემაა, მაგრამ იმათ, ვინც ამ სისტემით ყოველდღიურად სარგებლობს, წარმოდგენა არა აქვთ ამ სისტემის შესახებ. მეორე მხრივ, სისტემის გონივრულად შეცვლა ამ სისტემის ცოდნას გულისხმობს. ამიტომ თითქოს ენა შესაძლებელია გონივრულად შევცვალოთ გრამატიკოსების და სხვა სპეციალისტების დახმარებით, მაგრამ გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ამგვარ ცდებს რაიმე წარმატება არ მოჰყოლია.
  4. ენობრივი კოლექტივის წინააღმდეგობა ყოველგვარი სიახლის მიმართ ენაში, ანუკონსერვატიულობა ენის მიმართება ინდივიდთან, როგორც ვნახეთ, იმპერატიულია, რადგანაც ენა სოციალური მოვლენაა. ენა წარმოადგენს ყველას კუთვნილებას მოცემულ ენობრივ კოლექტივში, ამიტომ ყოველგვარი ინდივიდუალური გადახვევა ენობრივი ნორმებიდან კოლექტივში წინააღმდეგობას იწვევს. ენა არსებითად განსხვავდება სხვა სოციალური მოვლენებისგან, ამიტომ ენაში შეუძლებელია რაიმე რევოლუციის მოხდენა.

ამრიგად, ენა  პირობით ნიშანთა სისტემაა, რაც განაპირობებს მის სტაბილურობას. თუმცა  ყველაფერი მაინც არ არის პირობითი. თითქოს ადგილი მაინც რჩება ბუნებითობის თეორიისთვის. მაგალითად, შეიძლება განვიხილოთ:

  • ხმაბაძვითი (ონომატოპოეტიკური) სიტყვები და
  • შორისდებულები

ხმაბაძვით სიტყვებში (როგორიც არის ბუნების ბგერების გადმოცემა, მაგალითად, ყიყინი, სისინი, ჭრიჭინი და ა.შ.) არის ნაწილობრივი მსგავსება აღმნიშვნელსა და აღსანიშნს შორის. თუმცა ამ ბგერების გადმოსაცემად ყველა ენა საკუთარ ფონემურ სისტემას იყენებს, ამიტომ ენები განსხვავდებიან ხმაბაძვითი სიტყვების დონეზეც კი.  გარდა ამისა, ენაში არის სიტყვები, რომლებიც როგორც ლექსიკურ, ასევე გრამატიკულ წყობაში გვხვდება. ესენია შორისდებულები. ისინი წარმოადგენენ გარკვეულ პირობებში ადამიანის ბუნებრივ ამოძახილს, ემოციის გამოხატვას. ასეთია მაგალითად: ოჰ, ვაი და ა.შ.  თუმცა ეს სიტყვები მხოლოდ სიგნალების როლში გამოდიან, რომლებიც მიგვანიშნებენ გარკვეულ განცდაზე. ამიტომ შორისდებულები მხოლოდ ოპერატორებია. ისინი, ისევე როგორც ხმაბაძვითი სიტყვები, ენის პერიფერიულ ლექსიკას მიეკუთვნებიან და ენის დეფინიციისთვის პრინციპული მნიშვნელობა არ აქვთ.  ასე რომ ენა პირობით ბგერით ნიშანთა სისტემაა. ადამიანს მასზე ზემოქმედება არ შეუძლია და ეს არც არის აუცილებელი. მას ჩვენ ისტორიულად  ვიღებთ. იგი თავის თავში იტევს წარსულსაც და აწმყოსაც, ამიტომ ენას არ სჭირდება რევოლუცია და გარდაქმნა, აღარაფერი რომ არ ვთქვათ იმაზე რომ ნებისმიერ გრამატიკულ თუ ლექსიკურ ცვლილებას დიდი დრო და ენერგია სჭირდება. ფერდინანდ დე სოსიური  აღნიშნავს რომ ენა აშკარა მაგალითია იმისა, რომ საზოგადოება კანონებს კი არ ირჩევს არამედ ემორჩილება მათ.  იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ადამიანთა ჯგუფი აცნობიერებს ენის კანონებს,  მათში ჩარევა ყოველთვის კრახით სრულდება.

  1. ენობრივი ნიშანი. ნიშანთა კლასიფიკაცია აღსანიშნისა და აღმნიშვნელის ურთიერთმიმართების საფუძველზე (. . პირსი)

. . პირსის ნიშანთა თეორია საშუალებას იძლევა უფრო დეტალურად წარმოვადგინოთ ის სემანტიკური განსხვავებები, რომლებიც არსებობს ბუნებრივი ენის სხვადასხვა ტიპის სიტყვებს შორის.

ჩარლზ სანდერს პირსი (1837-1914) ამერიკელი ლოგიკოსი; სემიოტიკის ძირითადი პრინციპები პირველად ჩარლზ სანდერს პირსმა  ჩამოაყალიბა. მან შექმნა ზოგადი სემიოტიკა. საფუძველი ჩაუყარა ნიშანთა სისტემების, კომუნიკაციური აქტების, მექანიზმებისა და პროცესების შესწავლას თანამედროვე მოვლენების არაერთ სფეროში – ხელოვნებიდან დაწყებული ბიოლოგიით დამთავრებული. იგი არ ყოფილა სათანადოდ დაფასებული თავისი თანამედროვეების მიერ, სამაგიეროდ, დღეს იგი ამერიკული ფილოსოფიის უმნიშვნელოვანეს ფიგურადაა აღიარებული. მისი შრომები სემიოტიკაში ცნობილი გახდა ჯერ კიდევ 1930-იან წლებში. . . პირსი თავის წიგნში ფენომენოლოგიის პრინციპები (Пирс Ч., 2000:57) გამოყოფს ნიშნის სამგვარ ტრიქოტომიას (ნიშანთა სამგვარი ტრიქოტომიის შესახებ თეორია):

  1. ნიშნის პირველი ტრიქოტომია:

1) კვალისიგნუმი (qualisign);

2) სინსიგნუმი (sinsign);

3) ლეგისიგნუმი (legisign).

  1. ნიშნის მეორე ტრიქოტომია:

1) იკონი;

2) ინდექსი;

3) სიმბოლო.

  1. ნიშნის მესამე ტრიქოტომია:

1) რემა (rheme);

2) დისისიგნუმი (dicisign), ანდა პროპოზიცია, ან კვაზიპროპოზიცია;

3) არგუმენტი (argument);

ჩარლზ პირსი ამბობდა, რომ ნიშნის გარეშე აზროვნება შეუძლებელია და რომ ყოველგვარი აზრი არის ნიშანი. გარკვეული აზრები ჩვენში არავერბალურად არის მოცემული და მისი გამოხატვა ხდება ვერბალურად სიტყვების საშუალებით. ეს სიტყვები აზრის ნიშნებია.

პირსს და სოსიურს განსხვავებული ნიშნის აგების მოდელები ჰქონდათ:

ფრ. დე სოსიური ჩ. ს. პირსი
დიადური ტრიადული
ნიშანი  ნიშანი სემიოზის 3 პოზიცია
აღსანიშნი (ცნება) რეფერენტი – ობიექტი
აღმნიშვნელი (ფონემა) ნიშანი – რეპრეზენტატი
  ინტერპრეტანტი – მენტალური ხატი

 

ფერდინანდ დე სოსიური ნიშანს სისტემაში განიხილავდა როგორც აღმნიშვნელისა და აღსანიშნის ურთიერთდამოკიდებულებას. მისგან განსხვავებული და ოდნავ რთულია ჩარლზ სანდერს პირსის სისტემა, რომელიც ნიშანში აერთიანებს სემიოზისის 3 პოზიციას. ჩ. ს. პირსის ნიშნური სისტემის ტრიადულობა ნიშნავს იმას, რომ მისთვის ყოველი ნიშანი სამშემადგენლიანია: ნიშანი – ობიექტი – ინტერპრეტატორი. შესაბამისად, ნიშანთა ტიპების განსაზღვრისას იგი ითვალისწინებს სამივე შემადგენლის ფაქტორს. განსხვავებით სოსიურისა აქ შემოდის ინტერპრეტანტი. ობიექტის რეპრეზენტაციის შემდეგ ხდება ადამიანის მიერ ნიშნის აღქმა, ამ დროს ჩნდება მენტალური ხატი აღნიშნული საგნისა ადამიანის ტვინში. ასეთი სისტემის აგებიდან გამომდინარე პირსი გვთავაზობს ნიშნის 3 სახეს:

  • იკონური ნიშანი – აგებულია აღმნიშვნელისა და აღსანიშნის ფაქტობრივ მსგავსებაზე. მაგალითად  რაიმე რეალისტური ნახატი, ვთქვათ, ნატურმორტი.
  • ინდექსი – ის დაფუძნებულია აღმნიშვნელსა და აღსანიშნსს შორის არსებულ სიახლოვეზე (მათ შორის შეიძლება იყოს მიზეზ-შედეგობრივი ან ასოციაციური კავშირი), მაგალითად,  ცეცხლის ინდექსი არის კვამლი.
  • სიმბოლო – ის დადგენილი შეთანხმების საფუძველზე აკავშირებს აღსანიშნს აღმნიშვნელთან.

. . პირსი თავის წიგნში ფენომენოლოგიის პრინციპები (Пирс Ч., 2000:57) წერს ნიშნის ტრიქოტომიის შესახებ. ის გამოყოფს ნიშნის სამგვარ ტრიქოტომიას:

  1. ნიშნის პირველი ტრიქოტომია;პირველი დაყოფის მიხედვით, ნიშანი შეიძლება იყოს:

1) კვალისიგნუმი (qualisign); კვალისიგნუმი ესაა ნიშნის ხარისხი. ის თავისთავად აღებული არაა ნიშანი, სანამ არ მოხდება მისი აქტუალიზაცია (Пирс Ч., 2000:57-58).

2) სინსიგნუმი (sinsign); სინსიგნუმი ესაა რეალურად არსებული საგანი ან მოვლენა, რომელიც წარმოადგენს ნიშანს. ის წარმოგვიდგება ასეთად იმის გამო, რომ მას გააჩნია ხარისხი. ამიტომ სინსიგუმი ამ თვალსაზრისით შეიცავს კვაზისიგნუმსაც (Пирс Ч., 2000:57-58).

3) ლეგისიგნუმი (legisign); ლეგისიგნუმი ესაა კანონი, რომელიც გვხვდება ნიშანში და რომლითაც მოქმედებს ის. კანონი ყალიბდება ადამიანის მიერ. ამდენად, ყოველგვარი კონვენციონალური ნიშანი არის ლეგისიგნუმი (მაგრამ არა პირიქით: ყოველი ლეგისიგნუმი არაა კონვენციონალური ნიშანი). ეს არაა ერთეული ობიექტი, არამედ წარმოადგენს საერთო ტიპს, რომლის არსებობის თაობაზეც შეთანხმდნენ, რომ ის ფლობს გარკვეულ მნიშვნელობასა და დანიშნულებას. თითოეული ლეგისიგნუმი აღნიშნავს რაიმეს იმის მიხედვით, როგორც ვიხმართ და გამოვიყენებთ კონკრეტულ შემთხვევებში, რასაც ეწოდება რეპლიკა. მაგალითად, არტიკლი, the გვხვდება 15-25-ჯერ მაინც ერთ გვერდზე. ყოველ ჯერზე ის ერთი და იგივე სიტყვაა, ერთი და იგივე ლეგისიგნუმი. ამასთან ლეგისიგნუმი საჭიროებს სინსიგნუმსაც, რადგან რეპლიკა არანაირი მნიშვნელობის მატარებელი არ იქნებოდა, რომ არა კანონი, რომლის მეშვეობითაც სანქცირებული ხდება ნიშანი (Пирс Ч., 2000:57-58).

  1. ნიშნის მეორე ტრიქოტომია;მეორე დაყოფის მიხედვით, ნიშანი შეიძლება იყოს:

1) იკონი; იკონი, ანუ ხატი არის ნიშანი

ხატი არის ნიშანი, სადაც აღმნიშვნელი თავისი აღსანიშნის გარეგნული გამოხატულებაა. ხატი, როგორც ნიშანი აგებულია აღმნიშვნელსა და აღსანიშნს შორის ფაქტობრივი მსგავსების პრინციპზე. მაგალითად, ნებისმიერი რეალისტური ნატურმორტი ნიშანთა სემიოტიკური კლასიფიკაციის მიხედვით, წარმოადგენს ხატს.

  • ინდექსი; ინდექსი არის ნიშანი

ინდექსი არის ნიშანი, რომლის აღმნიშვნელი აღსანიშნს უკავშირდება მიზეზშედეგობრივი კავშირით; ინდექსი, სიმბოლოსა და ხატისაგან განსხვავებით არსებობს აწმყო გამოცდილებაში (ხატი არსებობს წარსულ გამოცდილებაში, ხოლო სიმბოლო იქმნება იმ რეალობით, რომ მომავალში მოხდება რაღაცის განცდა). ნიშან-ინდექსებს „ძველ“ ენობრივ სისტემაში შემოაქვთ რაღაც ახალი, ისინი ყოველ ჯერზე ქმნიან ახალ მნიშვნელობებს. მაგალითად, კვამლი ცეცხლის ინდექსი-ნიშანია.

. . პირსის მიხედვით, ინდექსი არის დაკნინებული (degenerate) ნიშანი, მაგრამ, როგორც თვითონ აღნიშნავს, მიუხედავად ამ არასახარბიელო მინიშნებისა, ინდექსებს აქვთ უაღრესად დიდი გამოყენება, ისინი ისეთ მიზნებს ემსახურებიან, რომლებიც მიუწვდომელია სრულყოფილი ნიშნებისათვის.

ინდექსი პირდაპირ მოქმედებს აღქმაზე და გვარწმუნებს თავისი აღსანიშნის არსებობაში და რეალურ ყოფნაში. იგი მიიპყრობს ყურადღებას ობიექტისკენ (თავისი აღსანიშნისკენ) და ინტერპრეტატორს (მოლაპარაკეს) თავის მიერ გაშუალებულ კავშირში ამყოფებს აღსანიშნთან. ინდექსი არ გამორიცხავს ინფორმაციას. იგი ისე მოქმედებს, რომ ჩვენს ყურადღებას მიმართავს ობიექტისაკენ.

. . პირსი თვლის, რომ არასრული სიტყვები – ეს, ეგ, აქ, ახლა და სხვ. არის სწორედ სემანტიკური ინდექსები ენაში. ინდექსებს მიაკუთვნებს აგრეთვე პირის, ჩვენებით, მიმართებით ნაცვალსახელებს, საკუთარ სახელებს და სხვ.

ინდექსის მახასიათებელი ის არის, რომ ისინი ყოველთვის კონკრეტულ შემთხვევებს წარმოადგენენ და არა ზოგადს.

3) სიმბოლო; სიმბოლო არის ნიშანი

სიმბოლო ისეთი ნიშანია, რომელშიც აღმნიშვნელსა და აღსანიშნს შორის კავშირი პირობითია, არამოტივირებულია და კონვენციონალურია. ხორციელდება გარკვეული წესის, კანონის, ჩვევისა და ტრადიციის მიხედვით. ასეთია ბუნებრივი ენის ერთეულები.

  1. ნიშნის მესამე ტრიქოტომია;მესამე დაყოფის მიხედვით, ნიშანი შეიძლება იყოს:

1) რემა (rheme);

ნემისმიერი სახის რემა შეიძლება ატარებდეს ინფორმაციას, რომელიც თავის თავში არ მოიცავს განმარტების საჭიროებას და არ ექვემდებარება რაიმე ინტერპრეტაციას, პოტენციურად მას ამის უნარი არ გააჩნია (Пирс Ч., 2000:60).

რემა ესაა ნიშანი, რომელიც შეიცავს საკუთარი ობიექტის რეპრეზენტაციას, ამ ობიექტის მახასიათებლების მიუხედავად და გაუთვალისწინებლად.

2) დისისიგნუმი (dicisign), ანდა პროპოზიცია, ან კვაზიპროპოზიცია;

დესისიგნუმი არის ნიშანი, რომელი ინტერპრეტანტისთვის არის ნიშანი, რომელიც ნამდვილად არსებობს. ის ამიტომ არ შეიძლება იყოს იკონური, რომელიც რეალურად არსებული საგნის ან მოვლენის ასლს წარმოადგენს. დესისიგნუმი შეიცავს გარკვეული თვალსაზრისით რემასაც (Пирс Ч., 2000:60).

დესისიგნუმი ესაა ნიშანი, რომელიც შეიცავს საკუთარი ობიექტის რეპრეზენტაციას იმის გათვალისწინებითა და იმ გაგებით, რომ ის ნამდვილად არსებობს.

3) არგუმენტი (argument);

არგუმენტი არის ნიშანი, რომელიც ინტერპრეტანტისთვის წარმოადგენს კანონის ნიშანს. არგუმენტი უნდა იყოს სიმბოლო ანდა ნიშანი, რომელიც დაექვემდებარება საერთო კანონს. არგუმენტი შეიცავს როგორც რემას, ისე დესისიგნუმსაც (Пирс Ч., 2000:60-61).

  1. რა არის სემიოტიკა (სემიოლოგია). სემიოტიკური სისტემის შესწავლის სამი ასპექტი

სემიოტიკა და სემიოლოგია. სემიოტიკა არის მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ნიშნულ სისტემებს, ნიშანთა სახეებს, მათი აგებისა და ფუნქციონირების წესებს სისტემაში.

სემიოტიკის ისტორია. სემიოტიკა წაროიშვა მე-20 საუკუნის დასაწყისში. ჯერ კიდევ შვეიცარელმა ფერდინანდ დე სოსიურმა (1857-1913) ჩამოაყალიბა სემიოლოგიის საფუძვლები „ზოგადი ლინგვისტიკის კურსში“. ხოლო, როგორც ცალკე მდგომი სწავლება და მეცნიერული დისციპლინა ჩამოყალიბდა 70-იან წლებში. 1969 წელს, პარიზში, . იაკობსონის, . ბენვენისტისა და . ლევისტროსის აქტიური მონაწილეობით გადაწყდა დაარსებულიყო სემიოტიკური კვლევების საერთაშორისო ორგანიზაცია (IASS), რომელიც გამოსცემდა და დღემდე გამოსცემს ოფიციალურ პერიოდულ ჟურნალს “Semiotica”, . სებეოკის რედაქტორობით. ასოციაციის პირველი პრეზიდენტი გახდა . ბენვენისტი, ხოლო მდივანი . გრეიმასი. სემიოტიკის სფეროში დამუშავდა მთელი რიგი საკითხებისა, როგორიცაა ნიშნობრივი სისტემები“, „სემიოზისი“, „სტრუქტურული პოეტიკა და სხვ. სემიოტიკის კავშირი მეცნიერებასთან, როგორც წერს . მორისი, ორგვარია: ერთი მხრივ, სემიოტიკა – ესაა მეცნიერება სხვა მეცნიერებათა გვერდით, მეორე მხრივ, ესაა მეცნიერებათა ინსტრუმენტი. სემიოტიკა როგორც მეთოდი გამოიყენება პრაქტიკულად ყოველგვარი სახის კვლევაში. არსებობს ისეთი სახის სემიოტიკური კვლევა, როგორიცაა საქალაქო გზები, მკითხაობის სემიოტიკა, თეატრალური სივრცის სემიოტიკა, ჟესტების სემიოტიკა, ტურიზმის სემიოტიკა, ნიღბების სემიოტიკა, საათებისა და სარკის სემიოტიკა და აშ.

სემიოტიკის ძირითადი წარმომადგენლები არიან: ფერდინანდ დე სოსიური (შვეიცარია), ჩარლზ სენდლერ პირსი (აშშ.), უმბერტო ეკო (იტალია), როლანდ ბარტი (საფრანგეთი) და სხვ.

ყველა ეს ლინგვისტი თვლიდა,  რომ აუცილებელი იყო შექმნილიყო ისეთი ზოგადი მეცნიერება, რომელიც გააერთიანებდა ნიშნურ სისტემებს და გამოკვეთდა ზოგად პრინციპებს. სწორედ ამ პრინციპებზე დაყრდნობით შესაძლებელი გახდებოდა უფრო ღრმად განგვეხილა ენა.

სემიოტიკა ძირითადად განავითარეს ლინგვისტებმა და ფილოსოფოსებმა. სემიოტიკის ძირითადი თეორიული საფუძვლები პირველად ჩარლზ სანდერს პირსმა ჩამოაყალიბა. მან შექმნა ზოგადი სემიოტიკა. მისი იდეები შემდგომში განავითარა ცნობილმა ამერიკელმა მეცნიერმა ჩარლზ უილიამ მორისმა (1901-1979). ის არის ავტორი წიგნისა ნიშანთა თეორიის საფუძვლები“ – „Theory of Foundation of  Signs“, სადაც იგი სემიოტიკის ზოგად საფუძვლებს  აღწერს.

სემიოტიკაში განირჩევა ნიშანთა სისტემის შესწავლის სამი ძირითადი ასპექტი:

  • სინტაქტიკა – შეისწავლის ნიშანთა შორის არსებულ წრფივ მიმართებებს, ნიშანთგა ნაწილების მიმდევრობაში. ეს ასპექტი არ ითვალისწინება არც ნიშნის მომხმარებელს და არც ნიშანში აღსანიშნსა და აღმნიშვნელს შორის მიმართებას.
  • სემანტიკა – ასახავს აბსტრაქციის მეორე საფეხურს. იგი ითვალისწინებს მიმართებას აღსანიშნსა და აღმნიშვნელს შორის, მაგრამ უგულებელყოფს ნიშნის მომხმარებელს.
  • პრაგმატიკა შეისწავლის ნიშნის მომხმარებლის დამოკიდებულებას ნიშანთან. პრაგმარიკული ასპექტი ყველაზე ფართოა და მოიცავს როგორც სინტაქტიკურ, ისე სემანტიკურ ასპექტებს.
  1. ენობრივი ნიშანი. ენობრივი ნიშნის ღირებულება სისტემაში

ენობრივი ნიშნის მიმართება სისტემის სხვა ნიშნებთან და მისი აღმნიშვნელის მიმართება აღსანიშნთან ერთობლივად განსაზღვრავს ამ ნიშნის ღირებულებას. ნიშანი შეიძლება უცვლელი იყოს, მაგრამ მას სხვა ღირებულება ექნება, თუ შეიცვლება სისტემის სხვა ნიშნები, რომლებთანაც ის გარკვეულ მიმართებებს ქმნის. ფერდინანდ დე სოსიურის თანახმად, ღირებულება არის ნიშნის თვისება – იყოს ის, რაც მას სხვა ნიშნისაგან განასხვავებს. სხვადასხვა ენობრივ სისტემებში ერთნაირი მოვლენებისა და ობიექტების აღმნიშვნელ ნიშნებსაც კი ყოველთვის განსხვავებული ღირებულება აქვთ.

  1. ფონემის განსაზღვრა. ფონემა და ალოფონი

ფონემა წარმოადგენს აბსტრაქციას. ყოველგვარი ბგერის მიღმა მეტყველებაში ყოველთვის დგას ესა თუ ის ფონემა, მაგრამ ფონემა მაინც არ ემთხვევა ბგერას. ჩვენ წარმოვთქვამთ არა ფონემებს, არამედ ბგერებს. ზოგჯერ მიაჩნიათ, რომ ფონემა თითქოს ემთხვევა მის ერთ-ერთ ვარიანტს, კერძოდ კი, ძირითად ვარიანტს, რაც, რა თქმა უნდა, შეცდომაა. ფონემასა და ვარიანტს შორის ყოველთვის განსხვავებაა და ფონემა ამიტომ არა თუ არ ემთხვევა ბგერას, არამედ არც შეიძლება ემთხვეოდეს მას.

მეტყველების ნაკადის ბგერებად დანაწევრების, სეგმენტაციის შედეგად გამოყოფილ ფონეტიკურ ელემენტს შეიძლება ფონი ვუწოდოთ. ყველა იმ ფონს (ბგერას), რომელთა სახითაც ვლინდება მოცემული ფონემა, ეწოდება ამ ფონემის ალოფონები ანუ ვარიანტები.

ფონემა ენის ერთეულია, რომელიც მეტყველებაში კონკრეტული ბგერების, ალოფონების სახით, ფონემის ფონეტიკური ვარიანტების სახით ვლინდება. მაგალითად, ქართული [b], [bu] და [bi] ბგერები ერთი ფონემის ალოფონებია; ეს ფონემა /b/ სიმბოლოთი შეიძლება აღვნიშნოთ.

ფონოლოგიის იმ ნაწილს, რომელიც შეისწავლის ბგერათა (ალოფონების) ფონემებად გაერთიანებას, ფონეტიკა ეწოდება.

  1. ფონემური ანალიზის წესები. კონტრასტული და დამატებითი დისტრიბუცია

ფონოლოგიური ანალიზის დროს გამონათქვამთა სეგმენტაციის შემდეგ ფონები ერთიანდება უფრო მაღალი დონის ერთეულებად – ფონემებად. ერთი და იმავე ფონემის წარმომადგენლები ერთმანეთის მიმართ ალოფონურ დამოკიდებულებაში იმყოფებიან. ამგვარად, ფონოლოგიური ანალიზის შედეგად გამოიყოფა შემდეგი ენობრივი ერთეულები: ფონი~ალოფონი~ფონემა.

ფონემური ანალიზი საშუალებას იძლევა გამოვყოთ ფონემური ერთეულები მეტყველების უწყვეტ ნაკადში (ნიკოლოზ ტრუბეცკოი):

I წესი: თუ რომელიმე ენაში ორი ბგერა შეიძლება ერთსა და იმავე პოზიციაში შეგვხვდეს (ე.ი. იყოს ურთიერთშენაცვლებადი) სიტყვის მნიშვნელობის ცვლის გარეშე, მაშინ ეს ბგერები ერთი და იმავე ფონემის თავისუფალი, ფაკულტატიური ვარიანტებია.

II წესი: თუ ორი ბგერა შეიძლება ერთსა და იმავე პოზიციაში შეგვხვდეს (ე.ი. ურთიერთშენაცვლებადია) და ერთის მეორით შენაცვლება აუცილებლად იწვევს სიტყვის მნიშვნელობის ცვლას ან მის დამახინჯებას, მაშინ ეს ორი ბგერა წარმოგვიდგება როგორც ორი სხვადასხვა ფონემის რეალიზაცია. მაგალითად, ქართულ სიტყვაში ხარი თავკიდური [x] ბგერის შენაცვლება [y] ბგერით გვაძლევს სიტყვას ღარი, მაგრამ თუ [r] ბგერით შენაცვლებისას მივიღებთ რარი მიმდევრობას, რომელიც ქართულ ენაში არაა რეალიზებული და არ წარმოადგენს სიტყვას. ამდენად, [x] ~ [r] დაპირისპირება ფონოლოგიურად რელევანტურია, რადგან ამ ბგერების შენაცვლებით არ მოგვცა ახალი სიტყვა.

III წესი: თუ აკუსტიკურად (ან არტიკულატორულად) მსგავსი ორი ბგერა არასდროს არ გვხვდება ერთსა და იმავე პოზიციაში, მაშინ ისინი ერთი და იმავე ფონემის კომბინატორული ან პოზიციური ვარიანტებია. აქ შეიძლება სამი შემთხვევა გამოიყოს:

  • მოცემულ ენაში არსებობს ისეთ a1, a2, a3… ბგერათა ჯგუფი, რომლებიც გვხვდება გარკვეულ პოზიციაში და ერთადერთი a ბგერა, რომელიც ამ პოზიციაში არ გვხვდება. მაშინ საერთო ფონემის კომბინატორული ვარიანტებია a და ის ბგერა a1, a2, a3… ბგერათა ჯგუფიდან, რომელთანაც a ყველაზე უფრო ახლოს არის ფონეტიკური (აკუსტიკურ-არტიკულატორული) თვალსაზრისით. მაგალითად, კორეულში [s] და [r] არ დასტურდება სიტყვის ბოლოკიდურ პოზიციაში, [l] კი მხოლოდ იქ გვხვდება. აკუსტიკურად [l] და [r] უფრო ახლოს არის ერთმანეთთან (ჰომოგენურია), ვიდრე [l] და [s]. ამიტომ სწორედ [l] და [r] განიხილება ერთი ფონემის კომბინატორულ ვარიანტებად, ხოლო [s] სხვა ფონემის წარმომადგენლად ჩაითვლება;
  • ბგერათა ერთი ჯგუფი მოცემულ ენაში გვხვდება გარკვეულ პოზიციაში, ხოლო მეორე ჯგუფი იქ არ დასტურდება. ასეთ შემთხვევაში ერთი ფონემის კომბინატორულ ვარიანტებად მივიჩნევთ ბგერათა წყვილს, შედგენილს პირველი ჯგუფის ერთ-ერთი ბგერისა და მეორე ჯგუფის იმ ბგერისაგან, რომელიც მასთან ფონეტიკურად უფრო ახლოსაა. მაგალითად, ესპანურში [β], [ɣ], [ð] ბგერები არ დასტურდება სიტყვის თავში ხმოვნის წინ და [n] ბგერის შემდეგ; იქ გვხვდება [b], [g], [d] ბგერები. ფონეტიკურად [β] უფრო ახლოსაა [b]-სთან, [ɣ] ─ [g]-სთან, ხოლო [ð] ─ [d]-სთან. ცალკეული ფონემების კომბინატორულ ვარიანტებად სწორედ ამ წყვილებს განვიხილავთ;
  • ერთი ბგერა მოცემულ ენაში ისეთ პოზიციაში გვხვდება, რომელშიც მეორე არ დასტურდება და ისინი ფონეტიკურად ძალიან განსხვავებულები არიან ერთმანეთისაგან. ასეთ შემთხვევაში, ამ ბგერებს ორი სხვადასხვა ფონემის წარმომადგენლებად მივიჩნევთ. მაგალითად, ინგლისური [h] ყოველთვის სიტყვის თავშია, [η] კი სიტყვის ბოლოში. მათ საერთო ფონეტიკური ნიშნები არ გააჩნიათ. ამიტომ ამ ბგერებს ორი სხვადასხვა ფონემის წარმომადგენლებად ჩავთვლით.
  1. მარკირების მიმართებაფონოლოგიურ სისტემაში; ხშული ფონემების კლასები და ცარიელი უჯრედები

პრივატული ოპოზიციის წევრებს შორის მყარდება მარკირების მიმართება: მარკირებულია პრივატული ოპოზიციის წევრი, რომელიც გარკვეული დიფერენციალური ნიშნით ხასიათდება, ხოლო ამ ნიშანს მოკლებული წევრი არამარკირებულია.

თანამედროვე ენათმეცნიერებაში მარკირების მიმართების ტრადიციულმა გაგებამ გარკვეული ცვლილებები განიცადა. კერძოდ, იგი დაუკავშირდა ენობრივ ერთეულთა სიხშირულ მახასიათებლებს. ჩატარებული გამოკვლევების თანახმად დადგინდა, რომ არამარკირებულ ფონემებს ტექსტში უფრო მაღალი სიხშირე აქვთ, ვიდრე მათთან დაპირისპირებულ მარკირებულ ფონემებს. იმის გამო, რომ ფონემური ერთეულების ტექსტური სიხშირე ასახავს სისტემაში მათი გამოვლენის ფარდობით სიხშირეს. მარკირებული ფონემების რიცხვი ენობრივ სისტემაში არ აღემატება შესაბამის არამარკირებულ ფონემათა რიცხვს. მაგალითად, ნაზალიზებული ხმოვნები მარკირებულია: მათ უფრო დაბალი ტექსტური სიხშირე ახასიათებთ, ვიდრე არანაზალიზებულ ხმოვნებს.

შესაძლებელია დადგინდეს სისტემაში ფონემათა სხვა ფონემების მიმართ მარკირებულობის ხარისხი. მაგალითად, გლოტალიზებული და ასპირირებული თანხმოვნები მარკირებულია არაგლოტალიზებული და არაასპირირებული თანხმოვნების მიმართ. ამავე დროს, სიხშირული მონაცემების საფუძველზე დგინდება, რომ გლოტალიზებული თანხმოვნები უფრო იშვიათია და, ამრიგად, უფრო მარკირებული, ვიდრე ასპირირებული თანხმოვნები.

ფონემათა სიხშირული მახასიათებლები განაპირობებენ ცარიელი უჯრედების განაწილებასაც ენის პრაგმატიკაში. ცარიელი უჯრედები ჩნდება ოპოზიციის მარკირებული წევრების ადგილას. მაგალითად, გლოტალიზებულ თანხმოვანთა შორის ყველაზე უფრო დაბალი ტექსტური სიხშირით ხასიათდება.

მარკირების მიმართების სიხშირული მახასიათებლებისა და ცარიელი უჯრედების განაწილების შესწავლამ „მჟღერობა~სიყრუის“ ნიშნით დაპირისპირებულ ხშულ თანხმოვანთა კლასებში (სხვადასხვა სტრუქტურის მქონე მრავალი ენის მონაცემების გათვალისწინებით) გამოავლინა განხილულ ფონემათა მეტად მნიშვნელოვანი თვისება – მარკირების იერარქიული მიმართება, რომელიც თავს იჩენს ლაბიალურ და ველარულ ხშულ ფონემებს შორის „მჟღერობა~სიყრუის“ დიფერენციალური ნიშნის მიხედვით (ირინე მელიქიშვილი).

ირკვევა, რომ ხშულ ფონემათა ისეთ კლასებში, როგორიც არის:

არამარკირებული -> B P <- მარკირებული

     D t

          მარკირებული -> G k <- არამარკირებული

მჟღერთა b~d~g სერიაში ლაბიალური /b/ ფონემა გამოირჩევა უფრო მაღალი ფარდობითი სიხშირით, ვიდრე ველარული /g/ და, ამდენად, ეს უკანასკნელი უპირისპირდება /b/ ფონემას როგორც „მარკირებული“ და „სუსტი“ ~ „არამარკირებულს“, „ძლიერს“. ყრუთა p~t~k სერიაში საპირისპირო იერარქიული დამოკიდებულება ვლინდება: ველარული /K/ ფონემა უფრო მაღალი სიხშირული მახასიათებლებით გამოირჩევა ლაბიალურ /P/-სთან შედარებით.

ხშულ ფონემათა კლასებში ცარიელი უჯრედები გვხვდება სწორედ მარკირებულ ფონემათა ადგილას, სადაც ამ უკანასკნელთა ფარდობითი სიხშირე ნულის ტოლია.

მსოფლიოს ენებში გვაქვს ისეთი სისტემები ცარიელი უჯრედებით, როგორიც არის:

(a)  b  p                      (b)  b ─                          (c)   b ─

d  t                             d  t                                  d  t

─ k                            g  k                                  ─ k

  1. მორფემა. თავისუფალი და ბმული მორფემები. ფლექსიური და დერივაციული მორფემები

ენობრივი ანალიზის დროს გამოიყოფა მრავალგზის განმეორებადი ფონემური მიმდევრობები, რომლებსაც მსგავსი ან იდენტური მნიშვნელობები აქვთ. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ გამონათქვამების ასეთი ნაწილები შედარებით მყარი მნიშვნელობით ხასიათდება. მაგალითად, /შევალ/, /წავალ/, /მოვალ/, /ავალ/ მიმდევრობებში ადვილად გამოვყოფთ, ერთი მხრივ, /შე/, /წა/, /მო/, /ა/ მიმდევრობებს და მეორე მხრივ, /ვალ/ ფორმას. მათი მნიშვნელობების მიახლოებითი დადგენა სირთულეს არ წარმოადგენს. თუ ასეთი ფორმა გამონათქვამში შეიძლება შეგვხვდეს დამოუკიდებლად, სხვა ფორმებთან კავშირის გარეშე, მაშინ მას თავისუფალი ფორმა ეწოდება. მნიშვნელობის მქონე ფონემურ მიმდევრობას, რომელიც გამონათქვამში გვხვდება მხოლოდ სხვა ფორმებთან კავშირში, ბმული ფორმა ეწოდება. /შევალ/, /წავალ/, /მოვალ/, /ავალ/ თავისუფალი ფორმებია, ხოლო /შე/, /წა/, /მო/, /ა/ და /ვალ/ – ბმული ფორმები.

გამონათქვამი შეიძლება დაიშალოს მნიშვნელობის მქონე მინიმალურ ფორმებად ანუ მორფებად. თავისუფალი ფორმა, რომელიც უფრო მცირე თავისუფალ ფორმებად არ დაიშლება, არის უმცირესი (მინიმალური) თავისუფალი ფორმა. ენათა უმრავლესობაში თავისუფალი ფორმები იშლება უფრო მცირე ბმულ ფორმებად. ბევრი თავისუფალი ფორმა არის უფრო მცირე თავისუფალი ფორმისა და ბმული ფორმის კომბინაცია. მაგალითად, წავალ დაიშლება ბმულ წა და ვალ ფორმებად.

სიტყვა თავისუფალი ფორმაა. ამ ტერმინის ტოლფასი ტერმინი შეიძლება იყოს სიტყვაფორმა – მინიმალური თავისუფალი ფორმა – სინტაგმატური პლანის კონკრეტული ენობრივი ნიშანი. მაგალითად, კაცი მოდის გამონათქვამში ოთხი სიტყვაფორმაა.

სიტყვაფორმას, რომელიც თუნდაც ერთ ბმულ ფორმას შეიცავს, რთული ფორმა ეწოდება; ფორმა, რომელიც შედგება უფრო მცირე თავისუფალი ფორმებისაგან, შედგენილი ფორმაა.

  1. მორფოლოგიური ანალიზის პრინციპები

შედგენილ ფორმათა უფრო მარტივ ერთეულებად დაშლა, ისევე როგორც ალომორფების გაერთიანება მორფემულ კლასებად, ხშირად საკმაოდ რთულ პროცედურას წარმოადგენს. ამ ამოცანის გადასაწყვეტად საჭიროა რამდენიმე პრინციპის თანმიმდევრულად გატარება. ეს პრინციპებია:

მორფოლოგიური ანალიზის I პრინციპი: მორფები, რომლებიც მათთვის დამახასიათებელ ყველა პოზიციაში გამოირჩევიან საერთო სემანტიკური განსხვავებულობითა და იდენტური ფონემური შედგენილობით, შეადგენენ ერთ მორფემას. მაგალითად, ინგლისური -er მორფის მნიშვნელობა ყველგან ერთია, როცა ის ერთვის ძირეულ მორფს და უცვლის მას ლექსიკურ მნიშვნელობას.

მორფოლოგიური ანალიზის II პრინციპი: ფონოლოგიურად შეპირობებული ალომორფები;

მორფები, რომლებიც გამოირჩევიან საერთო სემანტიკური განსხვავებულობით, მაგრამ უპირისპირდებიან ერთმანეთს ფონემურად (განსხვავდებიან ფონემური შედგენილობით ან ფონემათა მიმდევრობით). ერთ მორფემას განეკუთვნებიან, თუ ფორმალური განსხვავება მათ შორის ფონოლოგიურად არის შეპირობებული. ფონოლოგიურად შეპირობებული განსხვავება ნიშნავს, რომ შეიძლება დადგინდეს ის მიზეზები, რომლებიც განაპირობებენ მორფემებს შორის ფორმალურ განსხვავებას. მაგალითად, ქართულში სახელთა ფლექსიურ პარადიგმაში გამოიყოფა მოთხრობითი ბრუნვის გამომხატველი /-მა/ და /-მ/ მორფები და ა.შ.

მორფოლოგიური ანალიზის III პრინციპი: მორფოლოგიურად შეპირობებული ალომორფები;

მორფები, რომლებიც საერთო სემანტიკით გამოირჩევიან, მაგრამ ფონემურად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან და ეს განსხვავება არ არის ფონოლოგიურად შეპირობებული, ერთ მორფემას განეკუთვნებიან, თუ:

  1. ისინი იმყოფებიან დამატებითი დისტრიბუციის დამოკიდებულებაში;
  2. მონაწილეობენ პარალელურ კონსტრუქციებში.

მორფოლოგიური ანალიზის IV პრინციპი: შემნაცვლებელი მორფები. მორფოფონოლოგია;

ზოგიერთი პარადიგმატული რიგის ფორმებს შორის არსებული ფორმალური განსხვავება განიხილება როგორც მორფი. თუ ამ ფორმებს შორის დაპირისპირება აფიქსით არ არის გამოხატული, ხოლო პარალელურ პარადიგმებში იგივე დაპირისპირება გამოხატულია არანულოვანი აფიქსით. მაგალითად, ინგლისურში man „კაცი“ ~ men „კაცები“ ფორმებს შორის დაპირისპირება გამოხატულია არა აფიქსით, არამედ მონაცვლეობით, ალტერნაციით – ძირეული მორფის /æ/ ფონემა შენაცვლებულია /e/ ფონემით.

  • მორფემა და ალომორფი.ფონოლოგიურად და მორფოლოგიურად შეპირობებული ალომორფები.

ფონოლოგიური ანალიზის უფრო მაღალი იერარქიული საფეხურია ენობრივი ანალიზის მორფოლოგიური დონე. ამ დონეზე გამოიყოფა გარკვეული ენობრივი ერთეულები – მორფემები, რომლებიც მნიშვნელობის მქონდე მინიმალური ელემენტები. ერთნაირი მნიშვნელობის მქონე მორფები ერთიანდებიან გარკვეულ კლასებად – მორფემებად. ყოველი ასეთი კლასის წევრებს ალომორფები ანუ მორფემული ალტერნატივები ეწოდება. მაშასადამე, მორფემა ერთი და იმავე მნიშვნელობის მქონე მორფების ერთობლიობაა, ალომორფებია. ინგლისური ენის შემთხვევაში, არსებით სახელთა მრავლობითი რიცხვის ფორმების საწარმოებლად გამოიყენება მორფები: /-s/, /-z/, /-əz/, /-ən/, /-rən/ და Æ, რომელთაგან /-ən/, /-rən/ და Æ, მორფები სუპლეტურ აფიქსებად განიხილება.

ამგვარად, მორფემული ანალიზის შედეგად გამოიყოფა შემდეგი ძირითადი მორფოლოგიური ელემენტები: მორფი~ალომორფი~მორფემა.

ენათმეცნიერების დარგს, რომელიც შეისწავლის სხვადასხვა ტიპის მორფემათა ალომორფულ შედგენილობას, ალომორფებს შორის არსებულ მონაცვლეობებს და იმ ფონოლოგიურ ცვლილებებს, რომლებიც ვლინდება მორფემათა ურთიერთდაკავშირების დროს, მორფოფონოლოგია ან მორფონოლოგია, ანუ მორფოფონემიკა ეწოდება.

  1. ძირი, აფიქსი, ფუძე, აფიქსთა სახეები. შინაგანი ფლექსია (აბლაუტი). ფლექსიური და დერივაციული მორფემები

ლექსიკური მნიშნელობის გამომხატველ მორფემას, რომელიც აღარ იშლება მასზე უფრო მცირე მორფემად, ძირი ეწოდება. ძირი, რა თქმა უნდა, აუცილებელი ელემენტია სიტყვისა. ბაზისური ლექსიკური მორფემა ძირად განიხილება, ხოლო მისი დერიგატი ფუძედ. ფუძე თავისუფლად შეიძლება ემთხვეოდეს ძირს, ასეთი დამთხვევა ხდება მხოლოდ ბაზისურ ლექსიკურ მორფემებში, მაგრამ აღსანიშნავია ისიც, რომ ფუძის ცნება უფრო ფართოა, ვიდრე ძირის, რადგან დერიგატ ლექსიკურ მორფემებში ფუძე და ძირი ერთმანეთს არ ემთხვევა.

საერთოდ გრამატიკულ მორფემებს ეწოდება აფიქსები. აფიქსი არის სიტყვის შემადგენელი ელემენტი (მორფემა), რომელიც დაერთვის ფუძეს და ცვლის სიტყვის გრამატიკულ ან ლექსიკურ მნიშვნელობას. აფიქსმა შეიძლება ახალი სიტყვა წარმოქმნას ან მოახდინოს სიტყვის ფლექსია.

აფიქსი გაირჩევა მდებარეობის, ადგილის და დანიშნულების მიხედვით. ადგილის მიხედვით პრეფიქსია (წინსართი) თუ მარტივ ფუძეს წინ უსწრებს, მაგალითად: ვ–წერ. ინფიქსია თუ მარტივი ფუძის შიგნით მოექცა, მაგალითად: ძ–ვ–რა, ფუძე არის ,,ძარ’’. სუფიქსია, თუ ძირის შემდგომ მოდის, მაგალითად: წერ–ილ–ი, ,,წერ’’ ძირია, ,,ილ’’ სუფიქსი, ხოლო კიდურა ,,ი’’ სახელობითი ბრუნვის ნიშანი. დანიშნულების მიხედვიტ განსხვავდება: სინტაქსური ურთიერთობის მარეგულირებელი და ფუძის მნიშვნელობის შემცველი ანუ მაწარმოებელი აფიქსი, სინტაქსური ურთიერთობის  მაჩვენებელია ბრუნვის, პირის და სხვა ნიშნები.

შედარებით მცირერიცხოვანი მორფემი, რომლებიც უკავშირდება პირველ და მეორე ჯგუფის მორფემის მიმდევრობას ფლექსიური  კონსტრუქციების საწარმოებლად. ამ მორფებს ფლექსიური ანუ ფორმა წარმომქმნელი მორფემები ეწოდება, ისინი ყოველთვის ბმულია.

ძირის მიმართ ადგილის მიხედვით აფიქსები იყოფა შემდეგ კატეგორიებად: სუფიქსი (აფიქსი, რომელიც ძირს მოსდევს ანუ ბოლოსართი) პრეფისქსი (აფიქსი, რომელიც ძირს წინ უსწრებს იგივე წინსართი) და ინფიქსი (აფიქსი, რომელიც ,,ხლეჩს’’ ძირს, ჩაერთვის მასში.

მორფების ,,ურთიერთწყვეტის’’ მიხედვით განირჩევა შემდეგი ძირითადი კლასები: ძირის მწყვეტი, ძირის არამწყვეტი,  ძირით წყვეტილი და ძირით უწყვეტი აფიქსები.

1) არამწყვეტ-უწყვეტ აფიქსებს კონფიქსები (ლათ. მიმაგრებული) ეწოდება. ისინი იყოფა პრეფიქსებად, სუფიქსებად და ინტერფიქსებად. ინტერფიქსი არის ისეთი აფიქსრი, რომელიც აკავშირებს ფუძეებს რთულ ვითარებაში.  მაგალითად: ,,ენათმეცნიერება’’, ,,თვითმფრინავი’’ და სხვა.

2) არამწყვეტ-წყვეტილ აფიქსებს ცირკუმფიქსები (ლათ. გარშემო) ეწოდება, ისინი ძირს ორივე მხრიდან მოიცავენ. მაგალითად: მე–ორ–ე, სა–ფეხ–ური და სხვა.

3) მწყვეტი აფიქსები ინფიქსებია. ეს უკანსკნელი არის ისეთი აფისქსი, რომელიც ძირს ხლეჩს და ჩაერთვის მასში. მაგალითად: კაც–მა, კაც–ური და სხვა.

4) მწყვეტ-წყვეტილ აფიქსებს ტრანსფიქსები (ლათ. განმსჭვალული) ეწოდება. ისინი ,,ხლეჩენ’’ ძირს და თავადაც „იხლიჩებიან’“ ძირით. აფიქსთა ეს ტიპი ნაკლებადაა გავრცელებული. ის დამახასიათებელია სემიტური ენებისთვის.

ენებში, რომლებშიც არსებობს განსხვავება დერივაციული და ფლექსიური ტიპის კონსტრუქციებს შორის, რთულ ფორმათა შემადგენელი მორფები სამ ძირითად ჯგუფად იყოფა:

  • ყველაზე მრავალრიცხოვანია იმ მორფების ჯგუფი, რომლებიც გვხვდება როგორც დერივაციულ, ისე ფლექსიურ კონსტრუქციებში. მაგალითად, ქართულში, ლათინურსა და სხვა ეებში ეს მორფები უმეტეს შემთხვევაში ბმულია, ხოლო ინგლისურში, ფრანგულში, გერმანულსა და სხვა ენებში – უფრო ხშირად თავისუფალი. შდრ.: ქართ. კაც-, ინგ. man და ა.შ.
  • მორფები, რომლებიც ერთვის პირველი ჯგუფის მორფებს დერივაციული კონსტრუქციების საწარმოებლად. ამ მორფებს დერივაციული ანუ სიტყვაწარმოებითი მორფები ეწოდება. ისინი ყოველთვის ბმულია. მაგალითად, ქართ. სა- -ე: საქაღალდე; -ობა: ძმობა; ინგ. –ly: manly (კაცური); -ness: goodness (სიკეთე) და სხვ.
  • შედარებით მცირერიცხოვანი მორფები, რომლებიც უკავშირდება პირველი ჯგუფის მორფს ან პირველი და მეორე ჯგუფის მორფების მიმდევრობას ფლექსიური კონსტრუქციების საწარმოებლად. ამ მორფებს ფლექსიური ანუ ფორმაწარმომქმნელი (ფორმამცვლელი) მორფები ეწოდება. ისინიც ყოველთვის ბმულია; მაგალითად, ქართული ენის ბრუნვათა პარადიგმაში ბრუნვის ნიშნები წარმოადგენს ფლექსიურ მორფებს. ამასთან, პირველ ჯგუფში გაერთიანებულ მორფებს ძირები ეწოდება, დანარჩენებს – აფიქსები. აფიქსები ერთვის ძირებს რთული ფორმების საწარმოებლად.

განსაზღვრული წესით დალაგებული ისეთი რთული ფორმების სიმრავლე, რომლებიც საერთო ძირსა და მასთან დაკავშირებულ სხვადასხვა აფიქსებს შეიცავენ, ქმნის ამ ფორმათა პარაიგმას. გრამატიკულად ეკვივალენტური ფორმები პარალელურ პარადიგმებს ქმნიან. ენებში, რომლებიც განარჩევენ დერივაციასა და ფლექსიას, წარმოდგენილია ფორმათა დერივაციული და ფლექსიური პარადიგმები. მაგალითად:

  • საკაცე, კაცური, კაცობა … დერივაციულ პარადიგმას ქმნის;
  • კაცი, კაცმა, კაცს, კაცის, კაცით, კაცად, კაცო ფლექსიურ პარადიგმას.
  1. დამწერლობა როგორც სემიოტიკური სისტემა. დამწერლობის ტიპები შინაარსის პლანისა და გამოხატულების პლანის მიხედვით

წერითი სისტემის ერთეულებია ნიშნები. ნიშნები კი შედგებიან ასანიშნისა და აღმნიშვნელისაგან. მთლიანად სისტემა ორპლანიანია, აქვს შინაარსის პლანი და გამოხატულების პლანი.

წერითი სისტემის ორმხრივი ბუნების საშუალებით შესაძლებელია დამწერლობათა კლასიფიკაცია მათი შინაარსისა და გამოხატულების პლანის მიხედვით.

შინაარსის პლანის მიხედვით შეიძლება გამოვყოთ დამწერლობათა ორი ძირითადი ტიპი: სემასიოგრაფია ანუ იდეოგრაფია და ფონოგრაფია.

  1. იდეოგრაფიული დამწერლობა– ამ ტიპის დამწერლობით სისტემებში ნიშნები არ გამოხატავენ კონკრეტული ენის არც ბგერას, არც მარცვალს და არც ცალკეულ სიტყვას. ისინი მიემართებიან ცალკეულ ცნებებს ან მთელ სიტუაციებს. ნიშნები ამგვარ წერით სისტემაში უშუალოდ ასახავენ ენის შინაარსის პლანს. მათი გაგება და წაკითხვა შესაძლებელია სხვადასხვა ენაზე მეტყველთა მიერ. იდეოგრაფიულ წერით სისტემებს საფუძვლად უდევს აღმნიშვნელის გაიგივება რეალური სამყაროს ობიექტებთან, რომლებსაც იკონურად ასახავენ.

იდეოგრაფიის ელემენტები დასტურდება მრავალ ძველ და თანამედროვე წერით სისტემაში. ასეთი, მაგალითად, უძველესი დამწერლობები: ჩინური, ეგვიპტური და სხვ. და თანამედროვე წერითი სისტემები: მათემატიკურ სიმბოლოთა სისტემა.

იდეოგრაფიული სისტემის წერითი ნიშნები შეიძლება გრაფიკულად ჰგავდეს აღსანიშნი ცნებების შესატყვის რეალურ ობიექტებს. ასეთი იკონური მსგავსების შემთხვევაში წერით სისტემას ეწოდება პიქტოგრაფიული ე.ი. ხატოვანი სისტემა, ხოლო მის ნიშნებს – პიქტოგრამები.

  • პიქტოგრაფიული დამწერლობა – ტერმინი პიქტოგრაფია – „პიქტო“ ნახატი და „გრაფოს“ ვწერ, სიტყვებისგან შედგება და კარგად გამოხატავს დამწერლობის ისეთ თავისებურებას, რომელსაც პიქტოგრაფიული დამწერლობა ეწოდება. პიქტოგრაფიულ დამწერლობაში პიქტოგრამა ასე თუ ისე გავს იმ საგანს, რომელსაც ის აღნიშნავს ანუ პიქტოგრაფიული დამწერლობა იკონურობის პრინციპს ემყარება, შესაბამისად, პიქტოგრამა იკონური ნიშანია. პიქტოგრაფიული დამწერლობა, მართალია, დამწერლობის უძველესი საფეხურია, მაგრამ იგი დღესაც გამოიყენება. რეკლამები, რომლებიც მაღაზიების ფირნიშნებზეა გაკეთებული, მიგვანიშნებენ იმაზე, თუ რა იყიდება ამა თუ იმ მაღაზიაში.
  1. ფონოგრაფიული დამწერლობა– წერით სისტემას, რომელშიც ნიშანთა აღმნიშვნელები ასახავს განსაზღვრული ენის ბგერით მხარეს და არა ენის უნივერსალურ ცნებით კატეგორიებს. ამდენად, ფონოლოგიურ სისტემებში წერითი ნიშნების აღსანიშნები არის არა ცნებები, არამედ კონკრეტული ბგერითი სახის მქონე სიტყვები ან უფრო დაბალი დონის ენობრივი ერთეულები – მარცვლები და/ან ბგერები. ფონოგრაფიულ სისტემებში დამწერლობა უკვე მეტყველებას ასახავს და ამ სისტემათა შინაარსის პლანს ენის ბგერითი მხარე შეადგენს. ასეთი წერითი სისტემის გრაფიკულ ნიშანთა აღსანიშნებია ბგერითი სეგმენტები: სიტყვა, მარცვალი, ბგერა.

წერითი სისტემის მინიმალურ ერთეულს, რომელსაც ფუნქციური მნიშვნელობა აქვს, გრაფემა ეწოდება. იმის მიხედვით, თუ რა ენობრივი ერთეული მოიაზრება გრაფემაში, გამოიყოფა ფონოგრაფიული სისტემის სხვადასხვა სახე:

  • ფონოგრაფიური სისტემა, რომელშიც გრაფემები კონკრეტული ენის ცალკეულ სიტყვებს აღნიშნავებ, ეწოდება ლოგოგრაფიული სისტემა, ხოლო მის ნიშნებს – ლოგოგრამები.
  • თუ ფონოგრაფიული სისტემის გრაფემები ცალკეულ მარცვლებს აღნიშნავენ, მაშინ ეს სისტემა განისაზღვრება როგორც სილაბოგრაფიული, ხოლო მისი ნიშნები – სილაბოგრამები.
  • ფონოგრაფიული სისტემა, რომელშიც გრაფემები ცალკეულ ბგერებს (ან ფონემებს) აღნიშნავენ, განისაზღვრება როგორც ანბანური სისტემა ანუ ანბანი, ალფაბეტი, ხოლო ასეთი გრაფემები ასონიშნებად იწოდება.

ანბანური დამწერლობა – ანბანურ დამწერლობაში ასოები აღნიშნავენ არა იდეებს, არამედ ბგერებს. ანბანური დამწერლობის ჩანასახები ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტელებს გააჩნდათ, თუმცა მისი შექმნა წილად ხვდა ფინიკიელებს, რომელთაც კაცობრიობის კულტურის ისტორიაში უდიდესი აღმოჩენა გააკეთეს – შექმნეს ანბანური დამწერლობა და ამის უკვდავყვეს კიდეც თავისი სახელი ისტორიაში. ფინიკურ დაწერლობას საფუძვლად დაედო ეგვიპტური ნიშნები, რომლებიც თანხმოვნებს გამოხატავდნენ.ფინიკიელებმა ამ ნიშნების საფუძველზე შექმნეს ანბანური დამწერლობა, რომელშიც 22 ასო შედიოდა. ეს ასოები მხოლოდ თანხმოვნებს აღნიშნავდნენ და ამიტომ ამ დამწერლობას კონსონანტური ეწოდება. ფინიკიური დაედო შემდეგში საფუძვლად ძველ ბერძნულ დამწერლობას. ბერძნებმა ხმოვნებისთვისაც შემოიღეს გარკვეული ნიშნები და ამ გზით ნამდვილი ანბანური დამწერლობა შექმნეს. ბერძნულ დამწერლობას ემყარება ისეთი ცნობილი დამწერლობები, როგორიცაა ლათინური, ქართული, სომხური, სლავური.

  1. ანბანური დამწერლობის ტიპოლოგია და ქართული დამწერლობა

ყოველი დამწერლობის სათავეში დგას კონკრეტული პიროვნება (ან ადამიანთა ჯგუფი) – ამ დამწერლობის შემქმნელი, რომელიც წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით თავისი ენისათვის ადგენს ახალ წერით სისტემას გარკვეული პროტოტიპული დამწერლობის მიხედვით. დამწერლობის შექმნა ნიშნავს:

  • იმ ენის საფუძვლიან ცოდნას, რომელი ენისთვისაც ანბანი იქმნება;
  • ენაში ღირებულ ბგერით ერთეულთა გამოყოფასა და განსაზღვრული რიგით მათ განლაგებას გარდა
  • ენის უმცირესი ერთეულების გამომხატველ გრაფიკულ სიმბოლოთა დადგენა-შეთხზვას, ე.ი. სისტემის გამოხატულების პლანის შექმნას.

წერითი სისტემის შინაარსის პლანისა და გამოხატულების პლანის შექმნა ერთმანეთს გულისხმობს და ერთიან შემოქმედებით პროცესს წარმოადგენს.

ახალი წერითი სისტემის შექმნისას გამოხატულების პლანის გაფორმების უმარტივესი და ბუნებრივი ხერხია პროტოტიპული სისტემიდან გრაფიკულ სიმბოლოთა მოხაზულობის ზუსტი გადმოღება იმ ბგერათა გამოსახატავად, რომლებიც ფონეტიკურად ჰგავს ამ სიმბოლოებით აღნიშნულ ბგერებს. დანარჩენი, მოცემული ენისათვის სპეციფიკური ბგერების გადმოსაცემად შეიძლება ისესხონ ფონეტიკურად მათი მსგავსი ბგერების გამომხატველი ნიშნები რომელიმე სხვა დამწერლობიდან, ან პროტოტიპული სისტემიდან გადმოიტანონ ზოგიერთი ძირითადი სიმბოლო გარკვეული გრაფიკული მოდიფიკაციებით.

სომხური ანბანის საფუძველში მოჩანს თავის დროზე მისი შემქმნელისგან სახელმძღვანელოდ აღებული ბერძნული ანბანის ასონიშანთა მწკრივი. ასე მაგალითად, თ. გამყრელიძის აზრით, სომხური ანბანის ბერძნულ საფუძვლად გამოდის გარკვეული თვალსაზრისით `რედუცირებული~ სისტემა, რომელიც სულ 21 ასო-ნიშანს შეიცავს, სომხური ბგერებისადმი შესატყვისი ფონეტიკური მნიშვნელობებით; სომხური ანბანის ბერძნული საფუძვლიდან ამოგდებულია ყველა ეპისემონი (სტიგმა, კოპპა, სამპი) და სომხურთან შეუსაბამო ფონემები (ქს, ფს, ო-მეგა). იგივე მეცნიერი ლინგვისტურად ასაბუთებს ქართული ანბანის ბერძნული დამწერლობიდან მომდინარეობის თეორიას. მისი აზრით, ქართული ასომთავრული ანბანი შექმნილია IV საუკუნის ბოლოს ან V საუკუნის დასაწყისში. მეცნიერი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ მაშტოცმა არ იცოდა ქართული, რაც, მისი აზრით, თავისთავად გამორიცხავს მის მონაწილეობას ქართული ანბანის შექმნის პროცესში; პირიქით, როგორც ის ფიქრობს, ქართულ ანბანს იქეთ უნდა მოეხდინა გარკვეული ზეგავლენა სომხურზე და ამის ერთ-ერთ მაგალითად მოჰყავს ქართულსა და სომხურში „ი“ (ინ) ხმოვნის აღმნიშვნელი ასო-ნიშნების სახელწოდებათა იდენტობის ფაქტი. მართალია, დებულებების ნაწილი, რომელიც თ. გამყრელიძეს მის ფუნდამენტურ ნაშრომში – წერის ანბანური სისტემა და ძველი ქართული დამწერლობა – მოაქვს, ქართული ანბანის სხვა, უფრო ადრინდელი პერიოდის მეცნიერთა (ვ. გარდტჰაუზენი, დ. ბაქრაძე, კ. კეკელიძე, ა. შანიძე…) შრომებშიც გვხვდება, მაგრამ აკად. თ. გამყრელიძის დამსახურება მდგომარეობს იმაში, რომ მან მნიშვნელოვნად განავრცო და ფართო შედარებით-ტიპოლოგიური მასალის გამოყენების გზით სისტემური დასაბუთება მოგვცა ქართული ანბანის ბერძნულის გავლენით შექმნის თეორიისა.

 

Advertisements
Innovations in Scholarly Communication

Changing Research Workflows

Crazy illusion

Thinking Aloud.

gypsyrepresent

Thinking critically about Romani representation in pop culture

ფილოლოგი

ქართული ფილოლოგია

Global Hinduism

Way of living Life

Learn to Teach Vedic Maths

Magical Methods-- World Leader in Vedic Mathematics

Defenders of Ma'at

Teach, Coach, Live, Learn, Train, Help, Inspire

Asheville Vedic Astrology

Vedic Astrology brought to you by Ryan Kurczak

Hamro dharma

Just another WordPress.com weblog

janeadamsart

An illustrated Journal of eastern and western wisdom

Sathya Sai Baba - Life, Love & Spirituality

Guru Bhagavan Sri Sathya Sai Baba Of Puttaparthi India

Soolaba's Blog

Ultimate Questions, Ultimate Answers

პიროვნული ზრდის სამყარო

„ჩვენ ვერასოდეს მივაღწევთ სიმშვიდეს გარე სამყაროში, სანამ არ მივაღწევთ მას შინაგანში“ - დალაი ლამა

მკითხველის ბლოგი

შთაბეჭდილებები კითხვის შემდეგ

Natia Kentchiashvili

natiakentchiashvili.WordPress.com site

კეჟერაძის ბლოგი

სამშობლოს, ადამიანებისა და ლიტერატურის მოყვარული რიგითი კლიმი

GeoSexMD.com - სამედიცინო სექსოლოგია

სექსუალური განათლება საქართველოში

აჭარა დღეს!

ჩვენ გვიყვარს ჩვენი კუთხე, საქართველოს ერთ–ერთი ულამაზესი მხარე, ჩვენი აჭარა.

Molly Bloom's Day™

ნაღებიან ყავასთან ერთად

მარო მაყაშვილის დღიური

გაფითრებული თებერვლის ლანდი

სემიოტიკა Semiotics

ცირა ბარბაქაძე _ შეხედეთ სამყაროს სემიოტიკის თვალით და აღმოაჩინეთ საკუთარი თავი მრავალ განზომილებაში

ბურუსი - BURUSI

თენგიზ ვერულავა - TENGIZ VERULAVA

Free Yourself

Just say "I am free!"

konspace

კოტეს ბლოგი ყველაფერზე

Barcelonisimo's Blog

ბლოგი მეგობრებისთვის და მათი მეგობრებისთვის...

My Civil Society

საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის ბლოგი

ბაბუაწვერა

ოცნებებში გაფანტული ბლოგი ☮

kalatozishvili

КРИТИК - Мы страшные, потому что работаем над этим.

აღმოაჩინე შენთვის საინტერესო / Discover Things That Interest You

აღმოაჩინე შენთვის საინტერესო – ამოუცნობი,არქიტექტურა, აღმოჩენა ,ახალი ამბები, ბუნება, გასართობი, დიზაინი ,დოკუმენტური, ვიდეო ,თამაშები ,ივენთები, კინო / თეატრი ,კოსმოსი, კრეატივი ,მედიცინა ,მეცნიერება ,მისტიკა, მოგზაურობა, მოდა ,მუსიკა ,ნოვაცია ,პიროვნებები ,რელიგია ,სასარგებლო, საჭმელ / სასმელი ,სპორტი, სურათები, ტექნოლოგია ,ფოტოები, ფუფუნების საგნები ,შპალერები, წიგნები, ხელოვნება

Savidge Reads

The Chronicles of a Book Addict

%d bloggers like this: