ქართველურ-ინდოევროპული ენობრივი კონტაქტების საკითხისთვის

58517_154607567899276_100000501025127_418286_6105319_s

ივანე ჯავახიშვილის სახელობის

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის

მაგისტრატურის II კურსის სტუდენტი ნათია კენჭიაშვილი

საგანი: ენათა კონტაქტები

ხელმძღვანელი: თინათინ ბოლქვაძე

ქართველურ-ინდოევროპული ენობრივი კონტაქტების საკითხისთვის

თბილისი 2015

ქართველურ-ინდოევროპული ენობრივი კონტაქტების საკითხისთვის

შესავალი

ქართველურ ენებს უძველეს ინდოევროპულ ენებთან ძალზე ხანგრძლივი და ინტენსიური კულტურული და მათ შორის, ენობრივი კონტაქტები ჰქონდა, რომელიც სათავეს იღებს შორეულ ისტორიულ წარსულში. იმ ხალხთა რიცხვში კი, რომელთა უშუალო მეზობლობა ან/და კულტურული ურთიერთობები (რელიგიური, პოლიტიკური, ეკონომიკური და სხვ.) დასტურდება ისტორიულად, შედიან ბერძნები, სპარსელები, სომხები, ირანული წარმოშობის სკვითები, სარმატები, ალანები და მათი მემკვიდრე ოსები, თრაკიელები (კიმერიელთა სახით) ან ფრიგიელები და ხეთურ-ლუვიური ჯგუფის ხალხები მცირე აზიაში. აღნიშნული ხალხები ძირითადად ქმნიან ინდოევროპული ენათა ოჯახის ინდოირანულ ენათა შტოს, შესაბამისი კონტაქტები კი გვაძლევს ინდოირანულ-ქართველურ ენათა ენობრივ კავშირებს.

წინამდებარე რეფერატში, ჩვენ ვეყრდნობით ქართველი ისტორიკოსის გ. მელიქიშვილის კვლევას, სადაც ასახულია, როგორც ისტორიული, ისე ლინგვისტური მასალის შეჯერებისა და დასაბუთებული დასკვნის გამოტანის ცდა. ამდენად, მისი კვლევა ინტერდისციპლინური ხასიათისაა. ჩვენ არ განვიხილავთ ინდოირანულ-ქართველურ ენობრივ კონტაქტებს, რომელსაც, თავის მხრივ იკვლევდნენ არმენისტები (ჰ. აჭარიანი, ლ. მელიქსეთ-ბეგი, ილ. აბულაძე) და ქართველოლოგები (ნ. მარი, ივ. ჯავახიშვილი, აკ. შანიძე, მ. ანდრონიკაშვილი), ჩვენი კვლევის საგანია უძველესი შესაძლო ინდოევროპულ-ქართველური ენობრივი ურთიერთობის საკითხი, რომელიც ჰიპოთეზის სახით განავითარა გ. მელიქიშვილმა.

  1. ენობრივი კავშირის ცნება

ენობრივი კავშირი არის განსაკუთრებული ტიპის არეალურ-ისტორიული ენობრივი ერთიანობა, რომლის წევრებიც კლასიფიცირდებიან, როგორც მსგავსი სტრუქტურული და მატერიალური ნიშნების მატარებელი ენები.[1] ენობრივი კავშირის დროს ენებს შორის სტრუქტურული და მატერიალური მახასიათებლები ვლინდება ენის შესწავლის თითქმის ყველა დონეზე: ფონეტიკაში, მორფოლოგიაში, სინტაქსში, სინტაქსურ სტილისტიკაში, ლექსიკისა და თვით ფრაზის დონეზეც კი. აღნიშნული მსგავსება განპირობებული და გამომუშავებულია ხანგრძლივი და ინტენსიური კონტაქტებითა და ერთ გეორგაფიულ არეალში კონვერგენტული განვითარებით.

ქართულ თეორიულ ენათმეცნიერებაში აღსანიშნავია გ. წერეთლის  გამოკვლევა: „ენობრივი ნათესაობისა და ენობრივ კავშირთა შესახებ“, რომელშიც განვითარებულია ახალი თვალსაზრისი ენათა „შენათესავების“ შესახებ, რასაც მან ენათა „ალოგენეტური ურთიერთობა“ უწოდა (ალოგენეტური თეორია).[2] „ალოგენეტური თეორიის“ ფარგლებში ჩვენ მოვიაზრებთ სხვადასხვა არეალური და გენეტიკური ჯგუფის ენებს, რომლებიც ერთიანდებიან „ენობრივ კავშირში“. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ენები არიან როგორც არამონათესავე, ისე მონათესავე ენები, რომლებიც საერთო ფუძე-ენიდან მომდინარეობენ, თუმცა ხანგრძლივი პერიოდი ისინი ერთმანეთისგან გათიშულად ვითარდებოდნენ და ამის შემდეგ კვლავ ერთმანეთის მეზობლად აღმოჩნდნენ.[3] ამის მიხედვით გამოიყოფა არეალურად შეპირობებულ „ენობრივი კავშირის“ სამი სახე:

  1. ერთმანეთის მონათესავე ენობრივი კავშირი (სკანდინავიურ-ძველინგლისურის კავშირი);
  2. ერთმანეთის არამონათესავე ენობრივი კავშირი (უზბეკურისა და ტაჯიკურის კავშირი);
  3. მონათესავე და არამონათესავე ენობრივი კავშირი, რომელიც შერეულია (არიულ-ოსურ-ქართველურ ენათა კავშირი).

ჩვენი კვლევის საგანი თვისობრივად სწორედ მესამე ტიპს განეკუთვნება – მონათესავე და არამონათესავე ენობრივი კავშირი, რომელიც შერეულია და რომლის ნიმუშადაც მოიაზრება ქართველურ-ინდოირანულ ენათა უძველესი ენობრივი კონტაქტები.

1.1. ენათა კლასიფიკაციის პრობლემა

მსოფლიოს ენათა კლასიფიკაციის სირთულე იმითაა განპირობებული, რომ ის სხვადასხვა პრინციპს შეიძლება ემყარებოდეს. არსებობს შემდეგი სახის კლასიფიკაცია:

  • ენათა გენეტიკური კლასიფიკაცია, რომელიც მიღებულია ისტორიულ-შედარებით ენათმეცნიერებაში და გულისხმობს ერთი მხრივ, მონათესავე ენებს შორის რეგულარული შესატყვისობების დადგენას, მეორე მხრივ კი საერთო ფუძე-ენის რეკონსტრუქციას;
  • ნათა ტიპოლოგიური კლასიფიკაცია, რომელიც ენებს აერთიანებს ცალკეულ ჯგუფებად გარკვეული სტრუქტურული ნიშნების მიხედვით.
  • არეალური კლასიფიკაცია, რომელიც გულისხმობს შედარებით კომპაქტურ ტერიტორიაზე გეოგრაფიულად მომიჯნავე, ხანგრძლივი და მჭიდრო ისტორიული კონტაქტების მქონე ენათა საერთო ჯგუფებში გაერთიანებას ამ კონტაქტებით გამოწვეული მსგავსი სტრუქტურული და მატერიალური ნიშნების ერთობლიობის საფუძველზე. ამგვარი ტერიტორიულიად მომიჯნავე ენები საერთო არეალურ ჯგუფებს ქმნიან.

ჩვენ სწორედ მესამე ტიპის კლასიფიკაცია გვაინტერესებს. საერთო არეალურ ჯგუფში წარმოდგენილ ენათა სტრუქტურული მსგავსება შეპირობებულია მათ შორის არსებული ისტორიული კულტურული კონტაქტებით, რომლის დროსაც ურთიერთგავლენის შედეგად გეოგრაფიულად ერთმანეთის მეზობლად მყოფი ენობრივი სისტემები შეიძლება დახასიათდეს როგორც ადსტრატული ენები (ლათ. ad- „თანა“ + stratum „ფენა“). ეს ურთიერთგავლენა გამოიხატება როგორც სიტყვათა სესხებაში ერთი ენიდან მეორეში, ისე გარკვეულ გარდაქმნებში ენის ფონოლოგიურ, მორფოლოგიურ, სინტაქსურ და სხვა სისტემებში, რის შედეგადაც ერთ ენაში ჩნდება მეორე, მეზობელი ენისათვის დამახასიათებელი ნიშნები. ერთი ენა გარკვეული თვალსაზრისით ემსგავსება მეორეს.

სხვადასხვა ენობრივ კოლექტივებს შორის არსებული კულტურულ-ისტორიული კონტაქტები იწვევს სათანადო ენათა ურთიერთგავლენებს, რაც გამოიხატება ენობრივ ფორმათა სესხებაში. სესხება აქ გაგებული უნდა იქნეს, როგორც ერთი ენის მიერ მეორე ენიდან ამა თუ იმ ფორმის ან სტრუქტურის შეთვისება, რასაც მსესხებელ ენაში შესაძლებელია გარკვეული ფონეტიკური, გრამატიკული თუ სემანტიკური სახეცვლილებები მოჰყვეს. ენობრივ სისტემებს შორის ამგვარ სესხებებსა და ურთიერთგავლენებს ენათა კონტაქტების პირობებში ინტერფერენციას უწოდებენ. ენობრივი სისტემების სხვადასხვა დონის ერთეულთა და სტრუქტურათა სესხების და ისტორიული ურთიერთგავლენის ილუსტრირება შესაძლებელია მსოფლიოს მრავალი ენის მაგალითზე.

ენათა კონტაქტების მეტ-ნაკლებად გავრცელებული შედეგია ფონემური სისტემის ცვლილება. ეს ცვლილებები შესაძლოა ეხებოდეს ან ერთი ან რამდენიმე ფონების რეალიზაციას (გლოტალიზებული თანხმოვნები ოსურში, ჩრდილოკავკასიური ენების გავლენით), ან მთელ ფონემურ სისტემას (სლავურში, აღმოსავლეთ რომანულ ენებში და სხვ.)

ენები, რომლებიც ახორციელებენ ენობრივ ურთიერთობებს, ენობრივი კონტაქტისას, შესაძლებელია ფუნქციონირებდნენ, როგორც ერთი აბსტრაქტული ენის განსხვავებული გამოხატულებები.

ენათა კონტაქტები ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ ერთი ენის ფარგლებშიც, საუბარი გვაქვს იმაზე, თუ როგორ ურთიერთკავშირში არიან ერთმანეთთან ერთი ენის დიალექტები და ამავე ენის სალიტერატურო ენა. სალიტერატურო ენის ჩამოყალიბებაში დიალექტების მნიშვნელობა ცხადია. აქ ფორმების გაცვლის ხარისხი კიდევ უფრო დიდი იქნება, ვიდრე ეს მონათესავე ენების კონტაქტებისას შეიძლება განხორციელდეს. ასევე, შესაძლებელია დიალექტი იმდენად დაშორდეს სალიტერატურო ენას, რომ ცალკე, დამოუკიდებელ ენად ჩამოყალიბდეს.

თუ მონათესავე ენებს შორის ხდება კონტაქტები, შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ გარკვეული დროის გასვლის შემდეგ სახეზე ახალი, ერთიანი ენა მივიღოთ.

გარდა იმისა, რომ არსებობს ენათა კლასიფიკაციის პრობლემა, ასევე რთულია და თითქმის შეუძლებელიც კულტურათა და ენათა დაყოფას შორის თანხვედრის დაჭერაც. ნ. ტრუბეცკოი გამოთქვამს თვალსაზრისს, რომლის მიხედვითაც, „კულტურათა დაყოფა და ურთიერთობა არ ემთხვევა ენათა ოჯახებად დაყოფას/დაჯგუფებას. არა თუ ერთი და იმავე ოჯახის, არამედ ერთი და იმავე შტოს ენებზე მეტყველ ადამიანთა კოლექტივებიც კი შეიძლება სხვადასხვა კულტურას ეკუთვნოდეს.“[4]

1.2. პროტოენის დადგენის პრობლემა

ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ იმისათვის რომ ორ ენას შორის დადგინდეს ნათესაობა აუცილებელია აღვადგინოთ მათი საერთო წარმომავლობის დამადასტურებელი ფუძე ენა.

პროტოენის რეკონსტრიქციის თეორია შემუშავდა ინდოევროპული ენების მონაცემების მიხედვით, მაგრამ თანამედროვე ენათმეცნიერებაში იგი ფართოდ გამოიყენება და მოიცვა სხვა ენების მონაცემებიც.  თანამედროვე ლინგვისტიკაში ტერმინი „პროტოენა“ ორგვარად არის გაგებული:

  • პირველი, „პროტოენა“ განხილულია, როგორც აბსტრაქტული ენობრივი მოდელი, რომელიც ატარებს ჰიპოთეტურ ხასიათს. აბსტრაქტული ფუძე ენები უდევს საფუძვლად მონათესავე ენებს, ისინი გამოდიან ამ ფუძე ენიდან. ამ განმარტებით, ფუძე-ენა არის ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით, ისტორიულ-შედარებითი მეთოდის გამოყენებით აღდგენილი ენა და იგი არ ასახავს რეალურ ენობრივ მდგომარეობას.
  • მეორე განმარტებით, პროტოენა არის ოდესღაც რეალურად არსებული ენობრივი მდგომარეობა. ამ მოსაზრებას საფუძვლად უდევს ენათა არსებობის წესი, რომლსი მიხედვითაც, თუ ვუშვებთ გარკვეულ დროსა და სივრცეში რაიმე ენის არსებობის ფაქტს, ის უნდა მოვიაზროთ, როგორც ისეთივე ცოცხალ ენად, როგორი ენებიც დღეს გვაქვს, თავისი განვითარების რარაც ეტაპზე, დიალექტური დაყოფითა და ა.შ.

ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევდა რომ ყველა ენა წარმოიშვა ერთი პროტო ენიდან. ამ თეორიას ემხრობოდა ა. შლაიხერი, რომელიც ეფუძნებოდა დარვინის თეორიას ცხოველების ევოლუციის შესახებ. შლაიხერმა შემოგვთავაზა  ინდოევროპული ენების განვითარების ხე, სადაც ხის მთავარი ტანი იყო ინდოევროპულის პროტო ენა, ხოლო სხვა ენები ხის ტოტები, ანუ პროტო ენის განშტოებები. თავის მხრივ, დიდი ტოტები  იყოფოდნენ პატარა ტოტებად: „ენებს,  რომლებიც გამოდიან პირდაპირ პროტო ენიდან ვუწოდებთ ფუძე-ენებს, თითქმის ყოველი მათგანი დიფერენცირდება ენად, შემდეგ ეს ენები იშლებიან დიალექტებად, დიალექტები კი თავის მხრივ პროდიალექტებად.“

1.2.1. ალოგენეტური თეორია

როგორც გიორგი წერეთელი თავის სტატიაში „ენათა ნათესაობისა და ენათა კავშირის შესახებ“ მიუთითებს, რომ ენათა ურთიერთკავშირის საკითხს ყურადღება ჯერ კიდევ მაშინ მიაქციეს, როდესაც გაჩნდა ისტორიულ-შედარებითი ენათმეცნიერება.“[5] ამდენად, დაახლოებით, XVIII საუკუნის დასაწყისიდან ჩნდება ინტერესი ენათა ნათესაობის პრობლემის შესახებ. 1786 წელს უ. ჯოუნზმა, ქ. კალკუტაში, „Asiatick society”-ში წარმოადგინა თეზისი: „სანსკრიტს, რაც არ უნდა ძველი იყოს იგი, გააჩნია გასაოცარი სტრუქტურა, ის უფრო სრულყოფილია, ვიდრე ბერძნული; უფრო მდიდარია ვიდრე, ლათინური; უფრო მოქნილი ვიდრე ორივე მათგანი; ამასთან ერთად, ის ამჟღავნებს ორივე მათგანთან  ძლიერ მსგავსებას  როგორც ზმნის ძირებში, ისე გრამატიკულ ფორმებში, ეს დამთხვევით არ შეიძლება იყოს გამოწვეული. ეს მსგავსებანი ისეთი ძლიერია, რომ არც ერთ ფილოლოგს არ შეუძლია გამოიკვლიოს ეს სამი ენა ისე რომ, არ მიიჩნიოს ისინი ერთი საერთო წყაროდან (რომელიც შესაძლოა აღარც არსებობს) წარმომავალ ენებად. ასევე, შესაძლებელია გოთურსა და კელტურს ჰქონდეთ საერთო წარმომავლობა სანსკრიტთან. ამ ოჯახს ასევე შესაძლოა დაემატოს ძველი სპარსულიც.“

დასკვნები, რომლებიც ეფუძნება ჯოუნზის, დარმატის, ვოსტოკოვის, რასკის, გრიმისა და ბოპის კვლევებს, ხაზს უსვამენ ფაქტს, რომ ზოგიერთი ენა ავლენს მეტად შორს მიმავალ მსგავსებებს სხვა ენებთან. ეს მსგავსებები იმდენად ცხადია, რომ მათ შემთხვევითად ან გავლენების შედეგებად ვერ მივიჩნევთ.

შედარებითი ენათმეცნიერების ფუძემდებლებმა ეს ლექსიკური თუ გრამატიკული მსგავსებები ახსნეს იმით, რომ უძველეს ხანაში, როდიდანაც წერილობითი ძეგლები არ გვაქვს შემორჩენილი, ეს ენები წარმოადგენდნენ ერთ ენას. მათ შორის არსებული განსხავავებები კი აიხსნება შემდგომი ცვლილებებით. მონათესავე ენებს შორის არსებული განსხავავებების კვლევების საფუძველზე გაჩნდა თეორიები ენათა შერევისა და ენობრივი კონტაქტების შესახებ. ამ თეორიების საფუძველზე მსგავსებები აიხსნებოდა არა საერთო წარმომავლობით, არამედ განსხვავებული ენობრივი სისტემების შემდგომი დაახლოებით.

ენობრივი კავშირის იდეა გვხვდება ი. ა. ბოდუენ დე კურტენეს შრომებში.[6] ის შეიძლება ჩავთვალოთ პირველ ენათმეცნიერად, რომელმაც წამოსწია „ენათა დანათესავების“ თეზისი (тезис о «породнении» языков). მაგალითად, ის წერს: „…ენათა ნათესაობის გვერდით ჩვენ ასევე უნდა მივიღოთ მხედველობაში ენათა მახასიათებელი („დანათესავება“), როგორც თანაზიარობის შედეგი, ერთნაირად, როგორც არსებობის საერთო პირობა, ისე დროში ქრონოლოგიური თანამიმდევრობით თაობიდან თაობაში გამოწვეული ცვლილებები.“[7]

„ენობრივი კავშირი“, როგორც ტერმინი პირველად გამოიყენა თავის სტატიაში „ბაბილონის გოდოლი და ენათა აღრევა“[8] (1923) ნ. ს. ტრუბეცკოიმ, რომელმაც შემოგვთავაზა, რომ გამიჯნულიყო ერთმანეთისაგან ტერმინები ენათა ოჯახები და ენობრივი კავშირები. ნ. ტრუბეცკოის თანახმად, ენობრივი კავშირი – ესაა ენათა ჯგუფი, რომლის შემადგენელი ენები ხასიათდებიან არსებითი მსგავსებით  სინტაქსში, მორფოლოგიასა და იშვიათად – ფონეტიკაში.

ამ თეორიის გაგრძელებად შესაძლოა მივიჩნიოთ 1928 წელს, ნ. ტრუბეცკოის მიერ წარმოდგენილი თეორია ენათა კავშირების შესახებ. მან ეჭვქვეშ დააყენა ფაქტი, რომ ინდოევროპული ენები ერთი საერთო ენიდან მომდინარეობენ. მან შემოგვთავაზა გარკვეული მახასიათებლები, რომლებიც განსაზღვრავდნენ თუ რომელი ენა უნდა მივიჩნიოთ ინდოევროპულად და რომელი არა. მისი აზრით, მართალია „მატერიალური დამთხვევანი“ ძალზედ მნიშვნელოვანია, მაგრამ არა გადამწყვეტი. მან გამოყო ექვსი ძირითადი სტრუქტურული მახასიათებელი, რომელიც ნიშანდობლივი იქნებოდა ინდოევროპული ენებისათვის, ხმოვნების ჰარმონიის არარსებობა, თანხმოვნების ის რაოდენობა, რომელიც დასაშვებია სიტყვის თავში, იმ თანხმოვნების არამწირი რაოდენობა, რომელიც დასაშვებია სიტყვის შიგნით და ა.შ.

მაგრამ ე. ბენვენისტს არ გაუჭირდა ისეთი ენის მოძიება ამერიკელ ინდიელთა ენებს შორის (ტაკელმა), რომელიც აკმაყოფილებდა ნ. ტრუბეცკოის მიერ გამოყოფილ კრიტერიუმებს, მაგრამ არ ერთიანდებოდა ინდოევროპულ ენებში.

იგივე პრობლემა დაისვა სემიტურ ენებთან მიმართებითაც. ეთიოპიის სემიტური ენების მკვლევარმა ე. უელენდროფმა თავის ნაშრომში განაცხადა, რომ არც ისე სწორია ტრადიციულად გავრცელებული მოსაზრებები სემიტური ენების შესახებ, მაგალითად ის, რომ არსებობს სპეციფიკური ურთიერთმიმართებანი კონსონანტებსა და სონანტებს შორის და ასევე – მოსაზრება, რომ სემიტურ ენებში მნიშვნელობა ეფუძნება კონსონანტებს.

როგორც მკვლევარი ამტკიცებს, სემიტური ენების აღნიშნული მახასიათებლები დადასტურდა სხვა ენებშიც სხვადასხვა ხარისხით. ხმოვნების ცვლილება სიტყვის ძირში (აბლაუტური ხმოვანთმონაცვლეობა), რომელსაც ენიჭება გრამატიკული მნიშვნელობა და არა ლექსიკური მნიშვნელობა, დასტურდება ინდოევროპულ ენებშიც, მაგალიოთად ინგლისურში: sing, sang, sung, song ან speak, spoke – give, gave ან goose – gees, mouse – mice და ა.შ.

ყოველივე ამის საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ რომელიმე ენის მახასიათებლების გამოყოფა არ არის საკმარისი იმისათვის, რათა გავარკვიოთ რომელი ენა რომელ ენათა ჯგუფს მიეკუთვნება.

ერთი ენის ფარგლებშიც კი დროთა განმავლობაში აღინიშნება სტრუქტურულ-ტიპოლოგიური განსხვავებები. მაგალითად, კლასიკურ არაბულში, მარცვლის თავში შესაძლოა შეგვხვდეს მხოლოდ ერთი თანხმოვანი. მარცვალი არ შეიძლება დაიწყოს ხმოვნით ან ორი თანხმოვნით. მარცვლის აგებულება თანამედროვე არაბულ დიალექტებში, როგორც ცნობილია, მკვეთრად განსხვავდება კლასიკური არაბულის მარცვლის აგებულებისაგან. აქ უკვე ვხვდებით მარცვლებს, რომლებიც იწყება ხმოვნებით ან ორი თანხმოვნით.

ცხადი ხდება, რომ სტრუქტურულ-ტიპოლოგიურ მონაცემებზე დაყრდნობით ძნელია მოვახდინოთ ამა თუ იმ ენის იდენტიფიკაცია. როგორც გიორგი წერეთელი მიიჩნევს, მთავარი რაც ამ საქმეში დაგვეხმარება გახლავთ რეგულარული შესატყვისობების დადგენა საკვლევი ენების ერთეულებს შორის, რომლებიც შეგვიძლია შეგვხვდეს ენის ყველა იერარქიულ – ფონოლოგიურ, მორფოლოგიურ თუ სინტაქსურ – დონეზე.

რეგულარული შესატყვისობები, როგორც ე. ბენვენისტმა აღნიშნა, არ შემოიფარგლებიან ერთი გარკვეული ენათა ჯგუფით, ისინი შეეხებიან დიაქრონიულ უნივერსალიებს.

როგორც გიორგი წერეთელი აღნიშნავს თავის ნაშრომში „О языковом родстве и языковых союзах”, ჩვენ ვერ უარვყოფთ ფაქტს, რომ ხანდახან მონათესავე ენებს შორის ძნელდება შესატყვისობებისა და საერთო მახასიათებლების დადგენა. სწორედ ამის გამო, ზოგიერთი მკვლევარი განუდგა ტრადიციულ თეორიას ენათა ნათესაობის შესახებ, რომელიც ეფუძნებოდა საერთო გენეტიკური წარმომავლობის იდეას.

ეს საკითხი წამოჭრა ვ. პიზანიმ. იგი აღნიშნავდა, რომ ენები, რომლებსაც ერთმანეთთან კონტაქტი აქვთ, იმის მიუხედავად რომ განიცდიან ღრმა ცვლილებებს, რჩებიან განსხვავებულ ენებად, როგორც ეს მოხდა ბალკანურ ენებში ან დასავლურ ევროპულ ენებში – იტალიურ, ფრანგულ, ინგლისურ, გერმანულ, ესპანურ და ა.შ. ენებში. მათი კონტაქტები საკმაოდ დიდი ხნის წინ დაიწყო, ყველაზე ნაკლებ შემთხვევაში კარლ ბრწყინვალის ეპოქიდან მოყოლებული მაინც, მაგრამ ისინი დამოუკიდებელ ენებად დარჩნენ. სხვა შემთხვევაში, შესაძლოა ენები, რომლებსაც ერთმანეთთან მუდმივი კონტაქტი აქვთ საბოლოოდ ერთ ენად გარდაიქმნენ, ასე მაგალითად, ინგლისური, რომელიც ჩამოყალიბდა ენათა კონტაქტების საფუძველზე. იგი შედგენელია ადგილობრივი ანგლო-საქსონურისა, ნორმანების მიერ შემოტანილი ფრანგულისა და ხალხური ლათინური ენისაგან.

თუ ჩვენ ამ ყოველივეს გადავიტანთ ინდოევროპული ენების პრეისტორიაში, როგორც ვ. პიზანი აღნიშნავს, სხვადასხვა ენათა ოჯახები არ მოგვევლინებიან დამოუკიდებელ და მონოლითურ ჯგუფებად. ისინი შეიქმნენ კულტურული (იქნებოდა ეს პოლიტიკური, რელიგიური, ეკონომიუკური თუ სხვ.)  ურთიერთგავლენის შედეგად. დროის გარკვეულ ეტაპზე შესაძლოა ინდოევროპულ ენებში შეიჭრნენ ასევე არაინდოევროპული ენებიც, რომლებზე მოლაპარაკე ხალხიც ამავე ტერიტორიაზე ცხოვრობდა.

ვ. პიზანის და სხვა მეცნიერების ამ თეორიას დაუპირისპირდნენ ტრადიციული ენათა გენეტიკური ნათესაობის თეორიის მომხრენი. მათი აზრით, აღნიშნული თეორია სრულიად ეწინააღმდეგებოდა ისტორიულ-შედარებითი ენათმეცნიერების ფარგლებში შემუშავებულ მეთოდს რეგულარული შესატყვისობების შესახებ.

ერთმანეთს დაუპირისპირდა ტრადიციული თეორია და ალოგენეტური თეორია, რომელიც ზემოთ მოყვანილის მიხედვით შესაძლოა ასე განვმარტოთ: ალოგენეტური თეორია გახლავთ ლინგვისტური თეორია, რომლის მიხედვითაც ენათა გენეტიკური ნათესაობის პარალელურად ივარაუდება ისეთ მიმართებათა არსებობა, როდესაც ამა თუ იმ ენის ან ენათა ჯგუფის შემადგენელი ელემენტების ერთი ნაწილი პირდაპირ არის განვითარებული რომელიმე წინაპარი ენიდან, ხოლო მეორე ნაწილი კანონზომიერ მიმართებებს ამჟღავნებს სხვა ჯგუფის ენებთან; ალოგენეტური თეორია გულისხმობს ენათა ორმხრივ ნათესაობას: ერთია გენეტური, ხოლო მეორე – შეძენილი. ალოგენეტურ ურთიერთობაში მყოფ ენებად მიჩნეულია მაგალითად, სემიტური და ქამიტური, ურარტული და ხურიტული ენები და სხვ.

როგორც გიორგი წერეთელი აღნიშნავს, გენეტიკური თეორია და ალოგენეტური თეორია ერთმანეთს არ გამორიცხავს, პირიქით, ისინი ერთმანეთს ავსებენ.

შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ორი განსხვავებული ენა: X და Y. ჩავთვალოთ, რომ ამ ენებს საერთო არაფერი აქვთ, გარდა უნივერსალიებით განსაზღვრული იზომორფული გავლენისა. ორივე მათგანი შესაძლოა დივერგენციის პროცესში დაიყოს სხვადასხავ ჯგუფებად, მაგალითად, X>A, B; Y>C, D. ისინი თავის მხრივ კიდევ დაიყოფიან სხვა ჯგუფებად და ასე უწყვეტად. X ენიდან გამოსული ერთი ენა დროთა განმავლობაში შესაძლოა დაუკავშირდეს Y ენიდან გამოსულ ენას. მათი ურთიერთ გავლენა შესაძლებელია ისეთი დიდი აღმოჩნდეს, რომ მათი შეერთების საფუძველზე წარმოიქმნას რაღაც R ენა. ურთიერთკავშირები შესაძლოა უსაზღვრო იყოს.

სწორედ ასეთი ძლიერი არაბული გავლენით არის მიღებული ზოგიერთი თურქული და ირანული ენა.  ამგავრი მიმართებების დამყარების შედეგად წარმოიშვებაენათა ალოგენეტური ნათესაობა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ენობრივ კონტაქტებს ყოველთვის არ მივყავართ ალოგენეტურ ნათესაობასთან. ალოგენეტურ ნათესაობაზე ლაპარაკი შეიძლება მხოლოდ მაშინ, როცა ურთიერთგავლენის დამადასტურებელი რეგულარული შესატყვისობები ლინგვისტური იერარქიის სხვადასხვა დონეზე დიდი რაოდენობით დაფიქსირდება.

ალოგენეტურ ნათესაობად ვერ მივიჩნევდით რ. იაკობსონის მიერ გამოყოფილ ევრაზიულ ენობრივ ერთიანობას, რომელშიც იგულისხმება აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორიაზე მცხოვრები ენობრივი კოლექტივი, თეთრი ზღვიდან მოყოლებული კავკასიის მთებამდე, ასევე დასავლეთ ციმბირისა და თურქეთის ტერიტორიაზე მკვიდრნიც.

საბოლოო ჯამში, შესაძლებელია გამოიყოს ენათა ურთიერთობის შემდეგი სახეები:

  1. სუფთა, „სტერილური“ გენეტიკური ურთიერთობა;
  2. ალოგენეტური ურთიერთობა;
  3. უბრალოდ ენობრივი ურთიერთობა.

ალოგენეტური თეორიის აღიარება ჩვენ მოგვცემს საშუალებას ავხსნათ, თუ რატომ აჩენენ რიგ შემთხვევებში განსხვავებებს და რიგ შემთხვევაში მსგავსებებს ენები. სწორედ ალოგენეტური თეორიის მეშვეობით შევძლებთ ავხსნათ სომხური ენის მახასიათებელი, რომელიც რიგ შემთხვევებში მსგავსია ინდოევროპული ენებისა, მაგრამ ის არც ისე თავისუფალია ასევე კავკასიური ენების გავლენისაგან.

ეს თეორია ასევე ხსნის ხეთური ენის შემთხვევას. ხეთური ინახავს ისეთ არქაულ ვითარებას, როგორიც არის ინდოევროპული ლარინგალების რეფლექსები, დანარჩენში კი საკმაოდ განსხვავებულია პროტოინდოევროპულისაგან. ამავე თეორიის ფარგლებში აიხსნება ურარტულსა და ხურიტულ ენებს მკვეთრი მსგავსება ზმნასთან მიმართებით.

  1. ქართველური ენების ინდოევროპული სუბსტრატის (სუპერსტრატის) ძიების საკითხი

ინდოევროპული სუბსტრატის ძიების თვალსაზრისით, ქართველური ენები მეტად საყურადღებოა. ეს უკანასკნელი, როგორც წესი, უცხო ენობრივი სუბსტრატის ძლიერ ნაკვალევს ავლენს, ენათმეცნიერთა ყურადღება დიდი ხანია რაც მიიპყრო იმ გარემოებამ, რომ აფხაზურ-ადიღეურის მსგავსად პრეფიქსალური წარმოება უძველეს დროს სავსებით გაბატონებული უნდა ყოფილიყო ქართველურშიც. პრეფიქსალური წარმოების გვერდით სუფიქსაციის პრინციპი ამ უკანასკნელში უფრო გვიან უნდა გაჩენილიყო რომელიღაც „სუფიქსური წყობის“ ენის გავლენით. სუფიქსური წყობის გაძლიერება ქართველურ ენებში პრეფიქსალურის ხარჯზე, აკად. არნ. ჩიქობავას აზრით, ამ მოვლენასთან უნდა იყოს დაკავშირებული.[9] ეს გავლენა ქართველურის სუბსტრატი – ენის გავლენას შეიძლება მიეწეროს. ამ უკანასკნელ დროს ქართველურის ასეთ სუბსტრატად (თუ სუპერსტრატად) მკვლევარნი სულ უფროდაუფრო ინდოევროპული ოჯახის ენებს ვარაუდობენ.

ქართველური ენების ისტორიის კვლევა-ძიება სულ უფროდაუფრო ავლენს სტრუქტურულ სიახლოვეს ინდოევროპულ ენობრივ სამყაროსთან. პროფ. გ. დეეტერსს, მაგალითად, სამხრეთ-კავკასიური (ქართველური) ენები თავისი პრეფიქს-სუფიქსალური წარმოებით ნარევი ტიპის ენებად წარმოუდგენია, რომელსაც ერთგვარად შუალედი მდგომარეობა უკავია ისეთი ტიპის ენებს შორის, როგორიცაა ჩრდილო-დასავლეთ კავკასიური (აფხაზურ-ადიღეური) და ძველი ინდოევროპული. გარდა ზემოაღნიშნული სუფიქსაციის პრინციპის შეჭრისა, ინდოევროპულთან სიახლოვეს ხედავს გ. დეეტერსი ბრუნების ფლექსიურ ტიპში (ასეა განსაკუთრებით ძველ ქართულში), ფინიტური ზმნის ფორმების მკვეთრ გამოყოფაში სახელისაგან, ზმნის მთელი რიგი ფორმების სისტემაში. წინადადების აგებულებასაც ქართულში, მისი აზრით, მთლიანად „ინდოევროპული“ ელფერი აქვს, ამასთანავე, ეს არ ჩანს გვიანდელი (ბერძნულის ან სომხურის) გავლენის შედეგად.

ანალოგიურ დასკვნებამდე მიდის საკუთარი კვლევა- ძიების საფუძველზე გ. მაჭავარიანი. მისი აზრით საერთო-ქართველური ფუძე-ენის ანალიზი ავლენს ტიპოლოგიურად განსხვავებულ ორ სტრუქტურულ ფენას: პირველი ფენა ტიპოლოგიური თვალსაზრისით უახლოეს პარალელებს პოვებს ინდო-ევროპულ ფუძე-ენასთან (ვოკალიზმი, სონანტთა სისტემა, აბლაუტის ტიპები). მეორე ფენა ტიპოლოგიურად „კავკასიურია“, პირველ რიგში „აფხაზურ-ადიღეური“ (კონსონანტიზმი, პრეფიქსაცია, ზმნური პოლიპერსონალიზმი, ბრუნების მოდელი, ერგატიული კონსტრუქცია). ამასთანავე, ქრონოლოგიური თვალსაზრისით „კავკასიური“ სტრუქტურულ-ტიპოლოგიური ფენა წინ უსწრებს „ინდოევროპულს“. ეს უკაასკნელი, გ. მაჭავარიანის მიხედვით, წარმოიშვა საერთო-ქართველურში იმ ხანგრძლივი და მჭიდრო კონტაქტების შედეგად, რომელსაც ადგილი უნდა ჰქონოდა ქართველურ ტომებსა და უძველეს ინდოევროპულ დიალექტებზე მოლაპარაკე ტომებს შორის. ქართველური ენების უძველესი სტრუქტურის სიახლოვეს ინდოევროპულთან ხაზს უსვამს აგრეთვე პროფ. თ. გამყრელიძე.[10] როგორც თ. გამყრელიზე, ისე გ. მაჭავარიანი ამ მოვლენას თვლიან ინდოევროპელებთან ქართველი ტომების უძველესი კონტაქტის შედეგად, რასაც, მათი აზრით, ადგილი უნდა ჰქონოდა ინდოევროპელი ხეთურ-ლუვიური ტომების კავკასიაზე გავლის დროს ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ მათი მოძრაობისას (ხეთების მცირე აზიაში კავკასიის გზით მოსვლის აზრი ნაკლებ დამაჯერებელია , გ. მელიქიშვილის აზრით).

გ. დეეტერსის აზრითაც „კავკასიური“ ტიპის ქართველურის ტრანსფორმაცია და მისი დაახლოება ინდოევროპულისადმი უნდა მომხდარიყო უცხო სუბსტრატის (სუპერსტრატის) გავლენით. როდესაც მოსახლეობა სტოვებს საკუთარ ენას და ალაპარაკდება მისთვის უცხო ტიპის ენაზე, მას მაინც შეაქვს ბევრი არსებითი ცვლილება შეთვისებულ ენაში. ცნობილია, რომ მკვეთრი განსხვავებების არსებობა ინდოევროპულ ენებში, მაგალითადრომანულ ენებში და სხვ., მნიშვნელოვან წილად სწორედ სხვადასხვა სუბსტრატის გავლენის შედეგია. ყველა ამ შემთხვევაში ინდოევროპული ენები მაინც გამარჯვებული რჩებოდა. ქართულსა და ქართველური ენების შემთხვევაში კი პირიქით უნდა მომხდარიყო. მას ინდოევროპულენოვანი მასა უნდა შთაენთქა. ამ შემთხვევაში, გ. დეეტერსის მიხედვით, არ შეიძლება ლაპარაკი, რომ აქ საქმე ეხება სპარსელებს ან სომხებს. ქართველებს, რომელიღაც სხვა უცხო ინდოევროპული მასის ენობრივი ასიმილაცია უნდა მოეხდინათ. გ. დეეტერსი ვერ ბედავს გადაჭრით თქმას იმის შესახებ, თუ ვინ უნდა ყოფილიყვნენ ეს ასიმილირებული ინდოევროპელები, თუმცა ახსენებს, რომ ძვ. წ. VIII-VI საუკუნეებში ამიერკავკასიაში ინდოევროპელი სკვითები და კიმერიელები შემოიჭრნენ.[11]

გ. მელიქიშვილის აზრით კი „არც ენობრივა და არც ისტორიულად სკვითებისა და კიმერიელებისათვის ესოდენ დიდი გავლენის მიკუთვნება არაფრით არ არის გამართლებული.“[12] საკითხში სინათლის შეტანა ჩვენ შეიძლება ქართველური ენების უძველესი ლექსიკის შესწავლით ვცადოთ. თუ ინდოევროპულმა სუბსტრატმა მართლა დიდი სტრუქტურული ცვლილებები გამოიწვია ქართულში, ბუნებრივია, მას თავისი გავლენა უნდა დაემჩნია ამ უკანასკნელის ლექსიკზეც. ამ მხრივ, ქართველურ ენათა ლექსიკა მართლაც მეტად საინტერესო მასალას გვაწვდის.

2.1. უცნობი წარმომავლობის ინდოევროპული ლექსიკა ქართველურ ენებში

გ. მელიქიშვილის მოსაზრების თანახმად, ქართულსა და სხვა ქართველურ ენებში შეინიშნება წყება ინდოევროპული წარმოშობის სიტყვებისა, რომლებიც მაინცდამაინც არც ერთი იმ ინდოევროპული ენის გზით შემოსული არ ჩანან, რომელთა მატარებელ ხალხებთან, ჩვენთვის ცნობილ ისტორიულ წარსულში, ქართველურ ტომებს ახლო ურთიერთობა ჰქონდათ. იმათგან, რომელთანაც დასტურდება კულტურული კონტაქტები, აღსანიშნი არიან: ბერძნები, სპარსელები, სომხები, ირანული წარმოშობის სკვითები, სარმატები, ალანები და მათი მემკვიდრე ოსები, თრაკიელები (კიმერიელთა სახით) ან ფრიგიელები და ხეთურ-ლუვიური ჯგუფის ხალხები მცირე აზიაში.

საენათმეცნიერო ლიტერატურაში უცნობი გზით შემოსული ინდოევროპული სიტყვები ქართულ-ქართველურში არ დასტურდება არც ერთი ზემოთჩამოთვლილთა ენებიდან,  ხოლო ამგვარ ლექსიკურ ერთეულთა რაოდენობა რამდენიმე ათეულს აღწევს. გ. მელიქიშვილი თავის წიგნში „საქართველოს, კავკასიისა და მახლობელი აღმოსავლეთის უძველესი მოსახლეობის საკითხისთვის“ კიდევ უფრო ავსებს და სხვა ლექსიკურ ერთეულებსაც ასახელებს, რომლებსაც სწორედ ამ უცნობ ინდოევროპული ენიდან შეთვისებულად მიიჩნევს. ზოგიერთი ამგვარი ქართულ-ინდოევროპული პარალელი აღნიშნული აქვს უკვე ფრანც ბოპს 1847 წელს გამოსულ ნაშრომში „Die kaukasische Glieder des Indoevropäischen Sprachstam ms” (Berlin, 1847), სადაც იგი მათ განიხილავს როგორც არგუმენტებს იმისა, რომ ქართული ენა ინდოევროპულ ენათა ოჯახს ეკუთვნის (ეს მოსაზრება, როგორც ცნობილია, მალე უკუგდებულ იქნა). ამ რიგის მასალისადმი მიძღვნილი სპეციალური წერილები ეკუთვნით ა. გლეიესა და მ. ჯანაშვილს. ქართული თანამედროვე ენათმეცნიერთაგან აღსანიშნავია ი. მელიქიშვილი, რომელიც ასევე ემხრობოდა ქართველურ ენათა ინდოევროპულ ენობრივ ოჯახთან ნათესაობის იდეას.  ზოგი ასეთი ფაქტი აღნიშნული აქვს აკად. ნ. მარსაც, რომელიც მათ იყენებდა თავისი ზოგადთეორიული მოსაზრებების საილუსტრაციოდ („იაფეტური ელემენტი ინდოევროპულ ენებში“, შემდეგში – ენათა განვითარების სტადიალური თეორია და სხვ.). ჩვენი კვლევის მიზანი არაა იმ ავტორთა და იმ მოსაზრებათა განხილვა, რომლებიც ქართველური და ინდოევროპული ენების შესაძლო ნათესაობის საკითხს ეხებიან. ჩვენს რეფერატში ყურადღება გამახვილებულია იმ ავტორებზე, რომელთა პოზიციაც გულისხმობს მხოლოდ შესაძლო ენობრივ კავშირს ერთი მხრივ ქართველურ ენებსა და მეორე მხრივ, ინდოევროპულ ენებს შორის და ამ ტიპის ენობრივი მასალაც სწორედ აღნიშნული კონტაქტის შედეგად შემოსულად არის მათთან მიჩნეული. ზოგიერთ ამ რიგის ლექსიკურ ერთეულს (თბილი, უღელი) თავის შრომებში იხსენიებს აკად. არნ. ჩიქობავაც. რამდენადაც საქმე ეხება უძველეს ლექსიკურ ფონდს, მას ისინი მიაჩნია „შორეულ წარსულში, ჯერ კიდევ მცირე აზიაში, ინდო-ევროპულ ენებზე მოსაუბრე ტომებთან კონტაქტის შედეგად.“[13] არნ. ჩიქობავას აზრით: „გასაკვირი ის კი არ არის, რომ იბერიულ-კავკასიურ ენებს “გასაოცარი ნაირგვარობა” ახასიათებს, არამედ ის, რომ ფონეტიკა-მორფოლოგია-სინტაქსში (ასევე, ლექსიკაშიც) ნიშანდობლივი საერთო თვისებები შერჩენიათ.”[14] ზოგიერთი ინდოევროპეისტის ქართულ ენობრივ სამყაროში ამგვარი სიტყვების დამოწმება არ ქმნის რაიმე პრობლემას, რადგან მათთვის ცნობილია, რომ ქართულ ენაში საერთოდ ბევრი ნასესხები სიტყვაა სხვადასხვა ინდოევროპული ენიდან.[15] ჰანს ფოგტს, ვაცლავ პოლაკს, გ. ა. კლიმოვს და ზოგ სხვა მკვლევარს დასახელებული აქვთ არა ერთი ასეთი ფაქტი ქართულ-ინდოევროპული ან ქართულ-სლავური და სხვ. პარალელის სახით. ზოგიერთი მეცნიერი ამ რიგის უცხო ინდოევროპული წარმომავლობის სიტყვათა ერთ ჯგუფს „მედიტერანულ „ხმელთაშუაზღვისეულ“) ფენად მიიჩნევს ქართულში.[16]

საენათმეცნიერო და საისტორიო მასალის ერთობლივი ანალიზის პირველი ცდა ქართულ სამეცნიერო სინამდვილეში ეკუთვნის გ. მელიქიშვილს. როგორც აღვნიშნეთ, ამგვარი ინტერდისციპლინური კვლევა მეტად ფასეულია საკუთრიც ენათმეცნიერებისათვის, უფრო მეტიც, „საჭიროა ასე თუ ისე დავრწმუნდეთ, რომ ამგვარი უძველესი ლექსიკური ფენა ქართულში მართლაც არსებობს, ხოლო პარალელურად, თუკი ამის შესაძლებლობა არსებობს, მისი წარმომავლობის საკითხის გარკვევაც ვცადოთ.“[17] გ. მელიქიშვილი ამგვარი „უცხო წარმომავლობის“ ლექსიკაში განიხილავს ცხოველების, ფრინველების, მცენარეულის, აგრეთვე მეურნეობასთან  დაკავშირებულ ტერმინებს, ადგილმდებარეობის, ბუნებრივი გარემოს ამა თუ იმ მხარის აღმნიშვნელი ტერმინებს, ადამიანის სხეულის ნაწილებს, რიცხვითი სახელებს და სხვ.:

  • ცხოველების, ფრინველების, მცენარეულისა და მეურნეობასთან დაკავშირებული ტერმინები: თიკანი, ღორი, ბუდე, ტილი, კატა, ლომი, რქა, ირემი, ბოჩოლა, ძუკნა, რაზანა, კაკაბი, ყორანი, იჭვი, რკო//კრკო, ღელი, ურემი, ბოსელი, ღვინო, ვენახი, პური, ქერი.
  • ადგილმდებარეობის, ბუნებრივი გარემოს ამა თუ იმ მხარის აღმნიშვნელი ტერმინები: გორა, ბრგე, მთა, ველი, ვაკე, მერე/მერეხი, მარილი, ზღვა, ქვიშა, შლამი, წუმპე, თიხა.
  • ადამიანის სხეულის ნაწილები: მკერდი, კბილი, ფუძე, სისხლი.
  • რიცხვითი სახელები: პირველი, ექვსი, შვიდი.
  • ზოგიერთი სხვა მნიშვნელოვანი არსებითი სახელი ქართულში: ერი, რიგი, დღე, ბეჭედი, ლასლასი, რუ, თბილი, დიდი.
  • ზოგიერთი ზმნა ქართულში: დევ-, გონ//გნ, ლოკ-, მოს-, ბუგ-, ღუპ-, ხვეტ-, როკ-, სკუპ-, ასევე გ. კლიმოვის მიერ გამოვლენილი საერთოქართველური ზმნის ძირები: *ბოდ-, *ზრდ-, *ღარ-ღრ-, ღრუტ-, *კუს-, *კრთ- და სხვ.

გ. მელიქიშვილი იშველიებს ქართველურ ენათა მასალას, თუმცა ეტიმოლოგიური ლექსიკონის ციტირების გარეშე. ავტორს მოჰყავს პარალელები ქართული, მეგრული, ჭანური და სვანური ენებიდან. რამდენადაც ქართველური ენები კანონზომიერ ვარიანტებს იძლევიან, ამის საფუძველზე გ. მელიქიშვილი ასკვნის, რომ ეს ძირი ჯერ კიდევ დიფერენციაციამდელ, საერთოქართველური ფუძე-ენის დონეზეა სავარაუდებელი.

სამეცნიერო ლიტერატურაში ამ რიგის კიდევ არა ერთი ქართულ-ინდოევროპული პარალელია აღნიშნული, მაგრამ ზოგი მათგანი აშკარად მცდარია, ზოგიც სათანადო დამაჯერებლობას მოკლებულია – სემასიოლოგიურად ან რეგულარული ბგერათშესატყვისობის ფარგლებში არ ჯდება. ამიტომ დიდი მნიშვნელობა ენიჭება ქართველური ენების იმ ლექსიკური ფენების შესწავლას, რომლებიც ინდოევროპულ ენებთან კონტაქტის შედეგად მომდინარეობენ. იგი გამოავლენდა (საერთო ან ცალკე ეპოქებისთვის მოქმედ) კანონზომიერებათა რიგს, რაც საშუალებას მოგვცემდა აგრეთვე უფრო მეტი დამაჯერებლობით გამოგვეყო „უცნობი წარმომავლობის ლექსიკა“ – მასალა, რომელიც ამ ენების გზით არ უნდა იყოს შემოსული ქართულ და სხვა ქართველურ ენებში.

ამდენად, გ. მელიქიშვილის მიერ მოყვანილი მასალა საბოლოო არა და როგორც თავად ავტორი გამოთქვამს, მას ბევრი რამ შეიძლება დაემატოს, ხოლო, მეორე მხრივ, ზოგი რამ აქ ინდოევროპულთან პარალელის თვალსაზრისით შეიძლება სადავო იყოს, ეჭვქვეშ დადგეს. მან მხოლოდ ის მასალა წარმოადგინა, რომელის სიახლოვისთვისაც ინდოევროპულთან არაერთ მკვლევარს მიუქცევია ყურადღება.[18]

ამ ლექსიკური მასალის განხილვის საფუძველზე, გ. მელიქიშვილი ვარაუდობს „უცხო წარმომავლობის ინდოევროპული ლექსიკის ფენი“ გამოყოფის საჭიროებას, ხოლო მეორე ეტაპზე, მისი სავარაუდო წყაროს (ინდოევროპული ენის) დადგენას, რაც ისტორიული წარსულის კიდევ უფრო სიღრმეში წაგვიყვანს – იმ უძველეს კულტურულ და მათ შორის ენობრივ კავშირთან, რომელიც არსებობდა ბერძნულ, ირანულ და ალან-ოსურ კონტაქტებამდე. ქართველურ ენებში შეინიშნება ასეთი რამდენიმე ათეული სიტყვა, რომელიც, როგორც ბგერითი შედგენილობით, ისე მნიშვნელობით, მსგავსება სიჩენს ინდოევროპულ ენებში დამოწმებულ ინდოევროპულივე წარმოშობის სიტყვებთან. ამიტომაც ბუნებრივად ისმის საკითხი ამ სიტყვების სესხების შესახებ ინდოევროპულიდან. ამავე დროს, სწორედ აღნიშნული ფორმობრივი და შინაარსობრივი, აგრეთვე, ზოგ შემთხვევაში კი იმ გარემოებით, რომ სესხება უფრო ადრეულ ეპოქაშია მოსალოდნელი, გამორიცხული ჩანს სესხება იმ ინდოევროპული ენებიდან, რომელთანაც ქართულს უკანასკნელი 2000-2500 წლის განმავლობაში ხანგრძლივი და ინტენსიური ურთიერთობა ჰქონდა: ბერძნულიდან, სომხურიდან, სპარსულიდან ან სხვა ირანული დიალექტებიდან, სკვითურ-სარმატულ-ალანურ-ოსურიდან. ისტორიულად ჩვენ თამამად შეიძლება ვივარაუდოდ, რომ იმ ინდოევროპელ ხალხთა რიცხი უფრო მეტი იყო, რომლებთანაც ქართველი ტომების ენობრივი კავშირები შედგა. დღესდღეობით მაგალითად, ფართოდაა აღიარებული ის მოსაზრება, რომ კიმერიელები თრაკიული წარმოშობის ტომები უნდა ყოფილიყვნენ, ხოლო კიმერიელებს ერთ დროს მნიშვნელოვანი როლი უნდა შეესრულებინათ საქართველოს მოსახლეობის ბედ-იღბალში, ისინი მცირე აზიისაკენ კოლხეთის გავლით გაიჭრნენ, შემდეგ კოლხეთის მეზობლად დამკვიდრნენ კაპადოკიაში. ზოგი კიმერიელი (თრაკიელი) ტომი, შეიძლება, საკუთრივ საქართველოს მიწა-წყალზეც დამკვიდრდა. გ. მელიქიშვილი ამის დამადასტურებელ ტოპონიმად მიიჩნევს სამხრეთ საქართველოს ერთ-ერთი ოლქის თრიალეთის (სომხ. თრელ-ქ) სახელის მსგავსებას თრაკიული (კიმერიული) ტომის ტრერების სახელთან, რომელიც ამავე ეპოქაში მცირე აზიაში დათარეშობდა.[19]

გ. მელიქიშვილის მიერ სხვადასხვა დროს შესწავლილი მონაცემების მიხედვით ირკვევა, რომ მცირე აზიის ჩრდილო-აღმოსავლეთი რაიონები, სამხრეთ-აღმოსავლეთი შავიზღვისპირეთი, უძველეს ხანებში ქართველური (ქართისა და მეგრულ-ჟანური) ტომების ერთ-ერთი უმთავრესი კერა იყო.[20]ამის საფუძველზე ის გამოთქვამს ვარაუდს მცირე აზიაში მცხოვრებ ინდოევროპულ ტომებთან კონტაქტის შესახებ. ეს ტომებია: ხეთი-ნესიტები, ლუვიელები, ხოლო უფრო გვიან თრაკო-ფრიგიულ ენებზე მოლაპარაკე ტომები. ამიტომ სავსებით ბუნებრივად დგება საკითხი იმის შესახებ, რომ „უცნობი წარმომავლობის ინდოევროპული ლექსიკის“ წყარო ხეთურ-ლუვიური და თრაკო-ფრიგიული ენებია.

გ. მელიქიშვილის მიერ მოყვანილი ენობრივი მასალა საინტერესოა იმდენად, რამდენადაც ის განეკუთვნება ქართველური ენების ლექსიკის უძველეს ფუძე ენის დონეს, რისი რამდენიმე საბუთიც შეიძლება გამოიყოს:

  1. პირველი საბუთია თვითონ აღნუსხული ლექსიკის ხასიათი – ის, რომ აქაა წარმოდგენილი უძველესი მესაქონლეობისა და მიწათმოქმედებასთან დაკავშირებული ტერმინები, ადამიანის სხეულის ნაწილების, რიცხვითი სახელების ზოგიერთი ნიმუში და ბევრი სხვა მნიშვნელოვანი ცნების აღმნიშვნელი ლექსიკური ერთეულები, როგორც არსებითი სახელები, ისე ზმნები, რომლებიც მთელ რიგ ძირითად საქმიანობებს აღნიშნავენ.
  2. მეორე საბუთი ამ ლექსიკის უძველესი წარმომავლობის შესახებ ისაა, რომ თვითონ ფორმისა და წარმოების მიხედვით ამ ტერმინებს ქართველურ ენებში გაუვლიათ ხანგრძლივი განვითარების გზა – ბევრი მათგანი წარმოდგენილია სხვადასხვა ქართველურ ენებში რეგულარული და კანონზომიერი ბგერათშესატყვისობათა დაცვით; როგორც ჩანს, ისინი ქართველურ ენათა დიფერენციაციამდელ კუთვნილებას შეადგენენ, უკვე საერთოქართველურის (სავარაუდოდ, ძვ. წ. III-II ათასწლეულთა მიჯნა) ან, ნაწილობრივ, საერთო ქართულ-ზანურის (სავარაუდოდ, ძვ. წ. II ათასწლეულის პირველი ნახევარი) დონეზე არსებულან ქართველურ ენებში.

გ. მელიქიშვილი მიდის იმ დასკვნამდე ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, რომ ინდოევროპული ელფერის „უცნობი წარმომავლობის ლექსიკა“ ქართველურ ენებს (ასევე ქართველური ენების ფუძე ენას) უძველეს დროს უნდა შეეთვისებინა რომელიღაც უცნობი ინდოევროპელი ტომების ენიდან/ენებიდან[21], რომელთაც ქართულისათვის სუბსტრატის როლი შეასრულეს. ავტორი გამოთქვამს ვარაუდს, რომ ქართულმა ენობრივმა ერთობამ მოახდინა ინდოევროპული ჯგუფების ასიმილაცია, ამასთან ერთად, ადგილი ჰქონდა მნიშვნელოვანი ინდოევროპული მასის გადასვლას ქართულ (ქართველურ) მეტყველებაზე, რაკი მათი ადრინდელი მეტყველების ნაკვალევი ასე საგრძნობია არა მარტო შეთვისებული ენის ლექსიკაზე, არამედ ამ ენის სტრუქტურაშიც.[22]

ძვ.წ. IV ათასწლეულში საერთოქართველური ენის არსებობის დონეზე ნასესხები მასალაა გაანალიზებული . გამყრელიძისა და . ივანოვის მიერ; მათი დასკვნით, მტკვარ-არაქსის კულტურის ფორმირების პერიოდში გვერდიგვერდ არსებობდნენ საერთოინდოევროპული, საერთოქართველური და საერთოსემიტური ენები, რასაც ცხადყოფს საერთოინდოევროპულიდან საერთოქართველურში ნასესხები შემდეგი ლექსიკა (მასალა მოყვანილია თანამედროვე ქართული ვარიანტების მიხედვით): ბერავს, ბრგე, გონი/შეიგენ/შეიგნო, დევს/ვდებ, ექვსი, ეშვი, თიხა, თხა, კბენს, კრეფს, მატლი, მკერდი, რგავს/ალაგებს, სისხლი, ტეფ-/თბილი, უპე/უბე, ქმარი, შობა.[23]

2.1.1. დასახელებული მასალის შეპირისპირებითი ანალიზი

საინტერესოა ერთი მაგალითი, რომლის შესახებაც მოვიყვანთ სამ სხვადასხვა ნაშრომსა და მათ ავტორებს. ეს ეხება   ტეფ-  ( *ტეფ-/ტფ- ) ძირს:

მზია ანდრონიკაშვილი „ნარკვევები ირანულ-ქართული ენობრივი ურთიერთობიდან“ მიიჩნევს მას ინდოირანულ ნასესხობად, რაც უფრო სარწმუნოა იმის გათვალისწინებით, რომ ეს ძირი ჯდება ზოგად ბგერათკანონზომიერებაში, რომელიც მოქმედებს ირანულიდან შემოსულ ძირებში:

ტეფ- გვხვდება სიტყვებში გან-ტეფ, გან-ტფა, გან-ა-ტფ-ო და სხვ. გვიანდელი თბ-ობ-ა, თბ-ილ-ი და სხვ.

ქართული ძირი ტეფ- თავისი ფონეტიკური იერით ყველაზე ახლოს დგას ამ ინდოევროპული ფუძის ოსურ ფორმასთან tæf. შეადარეთ: ძვ. ირ. tāp, რუს. ‘топить теплый’ და სხვ. ოს. tavyn/tavun ‘თბობა’, tævd ‘თბილი’, მაგრამ tæfsyn ‘გაცხელება’, æn-tæf ‘სიცხე’.

Tæf (æn- tæf) ოს. „სიცხე“ = ქართ. ტეფ- (გან-ტფ-ა). ოს. æ (ისტ. a) ქართულში ჩვეულებრივ გადმოცემულია როგორც , ხოლო სპირანტი f  იძლევა კანონზომიერად ფ-ს ირანულიდან ნასესხებ სიტყვებში ზოგადად.

ჰაინც ფენრიხი და ზურაბ სარჯველაძე „ქართველურ ენათა ეტიმოლოგიური ლექსიკონში“ აღადგენენ *ტეფ-/ტფ-  აღდგა საერთოქართველურის დონეზე, თუმცა წარმომავლობით ის შეიძლება დავუკავშიროთ ინდოირანულ ძირს, რითაც ვასკვნით, რომ ჩვენ საქმე გვაქვს უძველეს ნასესხობასთან.

ქართ. ტეფ-/ტფ-  ტფ-ილ-ი; გან-ვ-ტეფ; გან-ვ-ტეფ; გან-ტფ-ობ-ა; ნელ-ტფ-ილ-ი; მა-ტფ-ობ-არ-ი და სხვ.

მეგრ. ტიბ-//ტუბ-//ტჷბ-  ტუბ-უ//ტჷბ-ჷ „თბილი“; უ-ტჷბ-აშ-ი „უთბესი“; ტჷბ-ინ-აფ-ა//ტჷბ-ინ-ი//ტიბ-ინ-ი; „გათბობა“.

ლაზ. ტუბ-//ტიბ- ო-ტუბ-უ „თბობა“; ო-ტუბ-ინ-უ „ცხობა“; ტუბ-უ//ტიბ-უ „თბილი“, დო-ბ-ო-ტუბ-ინ-ამ „ვათბობ“; ბ-ო-ტუბ-ინ-ამ „ვაცხობ“; ბ-ტუბ-უ-რ „ვთბები; ბ-ტუბ-ი „გავთბი“…

სვან. ტებ- ტებ-იდ//ტებედ-ი//ტებ-დ-ი „თბილი“

მეგრ. ტიბ- და ლაზ. ტიბ-/ტუბ- ზმნური ძირები ასევე კანონზომიერად შეესატყვისება ქართ. ტფ- (<ტეფ-) რედუცირებულ ზმნურ ძირს. ხმოვნები ი//უ განვითარებულია აქცესიური კომპლექსის გასათიშად (უ-ს არსებობა შეპირობებულია ბაგისმიერი ბ-ს მეზობლობით).

ქართ. ტფ-ილ- (თბ-ილ-) ფუძე და ბეგრ. ტიბ-უ: ;აზ. ტუბ-უ//ტიბ-უ შეაპირისპირა დეეტერსმა (G. Deeters, 1926, გვ. 52); სვან. ტებ-ედ//ტებ-იდ//ტებ-დ-ი ფუძე მოიხმო გ. კლიმოვმა (Г. А. Климов, 1960, გვ. 25). ქართ. ტეფ-/ტფ- ზმნური ძირი ამ მიმღეობურ ფუძესა და ქართველურ ენებში წარმოდგენილ მის ეკვივალენტებს ვ. თოფურიამ დაუკავსირა (ვ. თოფურია, 1930, გვ. 300). გ. კლიმოვმა საერთო-ქართველური ფუძე-ენის დონეზე აღადგინა *ტაბ-//ტბ- და *ტბიდ- არქეტიპები (ЭСКЯ, გვ. 179-180).

. მელიქიშვილი თავის წიგნში – „საქართველოს, კავკასიისა და მახლობელი აღმოსავლეთის უძველესი მოსახლეობის საკითხისთვის“ წერს, რომ სიტყვა „თბილი“ დაკავშირებულია სათანადო ინდოევროპულ ძირთან, რის შესახებაც უკვე დიდიხანია მსჯელობენ ფრ. ბოპი, ვ. კლიმოვი, არნ ჩიქობავა და სხვ. პარალელის სახით მიუთითებენ ლათინურ tep-id-us, რუს. теплый, ძვ. ინდ. tàp-ati და სხვ.

ექვს(ქართვ. ექვსი, ზან. ამშვი/ანში, სვან. უსგEა), საერთოინდ.: სეკს (აქაც და ქვემოთაც ინდოევროპული ძირები მოგვყავს გამარტივებული ლათინური ანბანის მიხედვით) და ბერძ. ეკს; ქართველური ფუძის ხმოვანი სეგმენტი/პრეფიქსი ჩანს ბერძნულში და არა – საერთოინდოევროპულში; ვფიქრობთ, აშკარაა: თუკი ქართველურში სესხება მოხდა ინდოევროპული ენისგან, ლოგიკურია დავუშვათ, რომ ეს ენაა ძველი ბერძნული და არა – საერთოინდოევროპული (შდრ.: საერთოქართველურში ბერძნულიდან სესხება შესაძლებელია მხოლოდ ძვ.წ. II-I ათასწლეულებში; ეს დრო ეთანხმება საერთოქართველურისთვის ჩვენ მიერ ნავარაუდევ დროს). ყველა შემთხვევაში, პარალელურად განსახილველია საერთოქართველური და ძველბერძნული ვარიანტები, რაც ამ ერთეულთა თანადროულობაზეც მიუთითებს.

უღელ (ქართვ. უღელი, ზან. უღუ, სვან. უღEა), საერთოინდ. იუკომ “უღელი”, ხეთ. იუკან, ძვ.ინდ. ყუგა, ბერძ. ζυγου/უგო (შდრ., რუს. иго)… ფორმობრივად (სიტყვის სტრუქტურის მიხედვით) ქართველურ ფორმასთან უფრო ახლოსაა გ თანხმოვნიანი ფუძე; შესაბამისად, ინდოევროპულ ენას თუ ნასესხები არა აქვს ეს ფუძე, მაშინ დგება საერთოქართველურში უღ-/უღო ფუძის სესხების საკითხი, მსესხებელ ენად უნდა დავუშვათ ძველი ბერძნული (ან წინა აზიის რომელიმე) ენა.

მკერდ (ქართვ. მკერდი, ზან. კიდირი, სვან. მუჭEედ/მუჭოდ), ბერძნ. კარდია, რომან. კრადიე… სამეცნიერო ლიტერატურაში საკამათოა საერთოინდოევროპულში გულის აღსანიშნავად *კერტ ფუძის აღდგენა.[24] გარდა ამისა, თანხმოვანთა შემადგენლობის მიხედვით, ქართველურ ფორმასთნ უფრო ახლოსაა რეალურად დადასტურებული ბერძნული სიტყვა, ვიდრე ჰიპოთეტური საერთოინდოევროპული ფუძე.

დაუსაბუთებელი და საეჭვოა, აგრეთვე, ქართვ. ბერ-/ბერ-ავ-ს ფორმის საერთოინდოევროპული წარმომავლობა.[25]

კბენ (ქართვ. კბენს/კბილი, ზან. კიბ-ირ-ან-ს/კიბ-ირ-ი; შდრ., ქართვ. კიბ-ე), საერთოინდ.: კემბ- “გახევა, კბენა”, კებ-/კეპ- “ყბა, პირი, ჭამა” და კომბო “კბილი”; თ.გამყრელიძისა და ვ.ივანოვის მიერ ამ ფორმათა ამოსავლად მიჩნეულია კემბ- “გახევა”.[26] შდრ., ჭამის/კბილის მნიშვნელობით ინდოევროპულ ენებში ძირითადია ეტ-/დან-/დენტ- ძირითადი ფუძე. ვფიქრობთ, საერთოინდოევროპული კემბ- “გახევა” ფუძისგან ქართველური კბ-/კიბ- “კბენა/კბილი” გამოყვანა პრობლემურია; მით უმეტეს, რთული დასამტკიცებელია საერთო-ინდოევროპულიდან საერთოქართველურში სესხება. ჩვენი აზრით, ქართველური ზმნისთვის ამოსავალია კიბ- ფუძე (კიბ-ე*კიბ-), რომელმაც მოგვცა *კიბ-ენ-ს > კბენს და კიბ-ილ-ი > კბილი/კიბირი ვარიანტები.

2.2. ჰიპოთეზა „მტკვარ-არაქსის“ კულტურის მატარებელთა ინდოევროპული წარმომავლობის შესახებ

რა თქმა უნდა, არ შეიძლება ვამტკიცოთ, რომ ყველა დასახელებული ლექსიკური შეხვედრა ქართველურისა ინდოევროპულთან ერთი წყაროდან მომდინარეობს და ერთ ეპოქაში უნდა იყოს შემოსული ქართველურ ენებში. მათში შეიძლება მოხერხდეს სხვადასხვა ქრონოლოგიური და ენობრივი ფენების გამოყოფა. მაგრამ აუცილებელი სიძველე ყოველ შემთხვევაში ამ ნასესხობათა ერთი ნაწილისა და მეორე მხრივ, ის გარემოება, რომ ძნელია მათი წარმოშობის წყაროდ უკანასკნელი 3-4 ათასწლეულის განმავლობაში სამხრეთის ინდოევროპულ მასივთან კონტაქტი მივიჩნიოთ (აქაურ ინდოევროპული ენებიდან (არიული, სომხური, თრაკიულ-ფრიგიული, ხეთურ-ლუვიური) არ ჩანს მომდინარე აღნიშნული „უცნობი წარმომავლობის ლექსიკა“), შესაძლებელს ხდის ინდოევროპულთან ქართველური ენების ამ უძველესი კონტაქტის ასპარეზად ამიერკავკასია ანდა კიდევ უფრო ჩრდილოეთით მდებარე ქვეყნები ვივარაუდოთ. ამიტომაც ბუნებრივად იბადება აზრი ძველი ამიერკავკასიური „მტკვარ-არაქსის“ კულტურის მატარებელთა შესაძლო ინდოევროპული წარმოშობის შესახებ, რომელნიც შემდეგში ასიმილირებულ იქნენ (ენის თვალსაზრისით) წინააზიური ტიპის ენების მატარებელთა, კერძოდ ქართველურ ტომთა მიერ, რომელთათვისაც აღნიშნულმა ინდოევროპულმა მოსახლეობამ სუბსტრატის როლი შეასრულა (მძლავრი გავლენა მოახდინა გამარჯვებულთა – ქართველურ ენათა – სტრუქტურასა და განსაკუთრებით  მის ლექსიკაზე).

„მტკვარ-არაქსის“ კულტურა მეტად მნიშვნელოვანია ამიერკავკასიის რეგიონში, რადგან სწორედ მისი გავრცელების არეალში ჩამოყალიბდა ურარტული ეთნიკური ჯგუფიც. ამგვარი ისტორიული ვითარების გათვალისწინება უკვე საგულისხმოა იმ სიახლოვის ასახსნელად, რომელიც არსებობს და მეცნიერულად დადასტურებულია ურარტულსა და ერთი მხრივ, ქართველურსა და მეორე მხრივ, ინდოევროპულს ენებს შორის. გ. მელიქიშვილი სვამს ასეთ ჰიპოთეტურ კითხვას: „ეგების ეს ვითარებაც საერთო ინდოევროპულ სუბსტრატს უმადლოდეს?“[27] პროფ. გ. ჯაუკიანი[28] თავის ნაშრომში ცდილობს დაამტკიცოს, რომ ურარტული ენის როგორც ლექსიკაში, ისე გრამატიკულ წყობაში, ინდოევროპული ელემენტები იმდენად წამყვან ფენას ქმნიან, რომ იგი ინდოევროპულის მონათესავე ენად შეიძლება ჩაითვალოს. ამ მოსაზრების მთლიანად უარყოფაც არ ხერხდება, რადგან ურარტულში, ისევე როგორც ქართველურის მსგავსად, მძლავრი და უძველესი ინდოევროპული ნაკადის არსებობა თითქოს მართლაც შესამჩნევია. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ ისევე როგორც ქართველური ენების, ასევე ურარტულის ინდოევროპული ფენა რაიმე განსაკუთრებულ სიახლოვეს არ იჩენს „ანატოლიურ“ (ხეთურ-ლუვიურ) ინდოევროპულ ფენასთან.[29] ჩანს, როგორც ურარტულის, ისე ქართველური ენების მოსალოდნელი ინდოევროპული სუბსტრატი სხვა ინდოევროპულ წრეშია სავარაუდებელი. ურარტულის, ისევე როგორც ქართველური ენების უძველესი ინდოევროპული ელემენტების ხასიათის შემდგომ დაზუსტება-განსაზღვრას დიდი მნიშვნელობა ექნება ჩვენთვის საინტერესო მხარეების უძველესი მოსახლეობის ეთნიკური ვინაობის გამოსარკვევად.

„მტკვარ-არაქსის“ კულტურის მატარებელთა ინდოევროპული წარმომავლობის შესახებ თვალსაზრისი მხოლოდ ჰიპოთეზის დონეზეა გამოთქმული გ. მელიქიშვილის მიერ, რომელიც, თავის მხრივ, ემყარება ენობრივი მონაცემების შეპირისპირებით ანალიზს ინდოევროპულ ენათა მასალასთან. თუ ზემოთხსენებული ინდოევროპეიზმების წყარო არაა საძებნი ამ კულტურის მატარებელთა წიაღში, მაშინ მათ უნდა მოეძებნოს ხვა წყარო, სხვაგვარად უნდა განისაზღვროს ქართველურის და სხვათა ინდოევროპულთან ამ უძველესი კონტაქტის ადგილი და სხვა გარემოებანი. გ.  მელიქიშვილი სხვა შესაძლო პერსპექტივასაც გვთავაზობს და უშვებს ვერსიას[30], რომლის მიხედვითაც, დაახ. ძვ. წ. III-II ათასწლეულთა მიჯნადან ამ კულტურის გავრცელების არეში მნიშვნელოვანმა ინდოევროპულმა (მხოლოდ არა ინდო-ირანული ან ხეთურ-ლუვიური) მასამ იწყო შემოსვლა, რომელნიც შემდეგ გაითქვიფნენ ქართველურ, ურარტულ და სხვა ტომებში – მათში, ვინც მალე წამყვანი როლი შეასრულა ძველი „მტკვარ-არაქსის“ კულტურის გავრცელებისა და ფორმირების საქმეში.

დასკვნები

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ . ანდრონიკაშვილის, .გამყრელიძის, .ივანოვის, . მელიქიშვილისა და სხვა ავტორთა მიერ მოყვანილი და გაანალიზებული ლექსიკური პარალელები მაინც ვერ იძლევა დამაჯერებელ დასკვნას იმის შესახებ, თუ რა სახის ენობრივი ერთობა ან ენობრივი კონტაქტები გვქონდა სახეზე. კერძოდ, ამგვარი საკამათო მასალის მიხედვით ვერ დავადგენთ საერთოქართველური თუ საკუთრივ ქართული ენების არსებობის პირობებსა და მით უფრო, ენობრივი კონტაქტების ტიპს; გარდა ამისა, რეკონსტრუირებული და არადოკუმენტირებული ენების სავარაუდო ლექსიკური ბაზის მიხედვით ასეთ შორეულ დროში რთულია დადგინდეს: სესხებასთან გვაქვს საქმე თუ საერთო წარმომავლობასთან/გენეტურ ნათესაობასთან. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ენათა დივერგენციის პარალელურად მიმდინარეობდა მეზობელ ენათა ურთიერთგავლენებისა და მრავალმხრივი კონვერგენციის პროცესები, შესაბამისად, უძველეს ფენებში ენობრივი მოვლენების ერთგვარობის (მსგავსების) დადასტურებისას ჭირს მათი კლასიფიკაცია ამ ორი კრიტერიუმის მიხედვით.

საგანგებოდ აღვნიშნავთ, რომ მეცნიერებისთვის დღემდე ცნობილ ეთნიკურ ერთობებთან დაკავშირებული უძველესი დიდი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნები ძვ.წ. IV ათასწლეულიდან დასტურდება; გარდა ამისა, ძვ.წ. III ათასწლეულში ნავარაუდევი მსოფლიოს ყველა ენა უკვე მკვდარია, ხოლო აღდგენილი პრაენების (მით უმეტეს, პროტოენების) სტრუქტურა მნიშვნელოვნად განსხვავდება თანამედროვე ენებისგან; თუკი შუმერების დროს ზანურის, სვანურის თუ ქართულის არსებობას დავუშვებთ, გამოდის, რომ მსოფლიოში არსებულ ენათაგან 5000 წლის მანძილზე მხოლოდ ქართული, სვანური და მეგრულ-ჭანური “ენები” ინარჩუნებენ თავისთავადობას, რაც არალოგიკურია.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. მზია ანდრონიკაშვილი, „ნარკვევები ირანულ-ქართული ენობრივი ურთიერთობიდან“, თბილისი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1966.
  2. გ. მაჭავარიანი, საერთო-ქართველური ფუძე-ენის ტიპოლოგიური დახასიათებისთვის, „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის VIII სამეცნიერო სესია. თეზისები“, თბილისი, 1964.
  3. გ. მელიქიშვილი, საქართველოს, კავკასიისა და მახლობელი აღმოსავლეთის უძველესი მოსახლეობის საკითხისთვის, „მეცნიერება“, თბილისი, 1965.
  4. ჰ. ფენრიხი და ზ. სარჯველაძე „ქართველურ ენათა ეტიმოლოგიური ლექსიკონში“, თბილისი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1990.
  5. არნ. ჩიქობავა, სახელის ფუძის უძველესი აგებულება ქართველურ ენებში, თბილისი, 1942.
  6. არნ. ჩიქობავა, ჭანურ-მეგრულ-ქართული შედარებითი ლექსიკონი, თბილისი, 1938.
  7. Вопросы Языкознания, 1968, N 3, НАУКА, Москва, გვ. 3-18.
  8. Вопросы Языкознания, № 3 Май-Июнь, Издателство «Наука», Москва, 1968.
  9. В. Георгиев, Исследования посравнительно-историческому языкознанию, Москва, 1958.
  10. Г. Б. Джаукян, Урартский и индоевропейские языки, Єреван, 1963, გვ. 136.
  11. Лингвистический Энциклопедический Словарь, «Советская Энциклопедия», Москва, 1990.
  12. Deeters, Die stellung der Kharthwelsprachen unter den Kaukasischen Sprachen, RK, № 23, Paris, 1957.
  13. Jakobson, Selected Writings: Word and Language, Volume 2, MOUTON, The Hague, Paris, 1971.
  14. René Lafon, Mots méditerranéens en Géorgien et dans quelques antres langues caucasiques, “revue des Études Anciennes”, XXXVI, 1934, Paris, გვ. 32-46.
  15. http://www.gashol.ge/images/evraziuloba/trubeckoy_babel.pdf

[1]Лингвистический Энциклопедический Словарь, «Советская Энциклопедия», Москва, 1990, с. 617.

[2] იხ. Вопросы языкознания, 1968, N 3, НАУКА, Москва, გვ. 3-18.

[3] იხ. R. Jakobson, Selected Writings: Word and Language, Volume 2, MOUTON, The Hague, Paris, 1971.

[4] http://www.gashol.ge/images/evraziuloba/trubeckoy_babel.pdf, გვ. 8.

[5] Вопросы Языкознания, № 3 Май-Июнь, Издателство «Наука», Москва, 1968, с. 3.

[6] Лингвистический Энциклопедический Словарь, «Советская Энциклопедия», Москва, 1990, с. 617.

[7] И. Б[о д у э н] – д е – К [у р т е н е], Языкознание, «Энциклопедический словарь», изд. Ф. А. Брокгауз, И. А. Ефрон, LXXXI, СПб., 1904, стр. 525. Ср.: Т. С. Шарадзенидзе , Классификации языков и их принципы, Тбилиси, 1958, стр. 449-450 (на груз, яз.); В я ч. Вс. Иванов , И. А. Бодуэн де Куртенэ и типология славянских языков, «И. А. Бодуэн де Куртенэ (К 30-летию со дня смерти)», М., 1960, стр. 43.

[8] სრულად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: http://www.gashol.ge/images/evraziuloba/trubeckoy_babel.pdf

[9] შდრ. არნ. ჩიქობავა, სახელის ფუძის უძველესი აგებულება ქართველურ ენებში, თბილისი, 1942, გვ. 257.

[10] იხ. გ. მაჭავარიანი, საერთო-ქართველური ფუძე-ენის ტიპოლოგიური დახასიათებისთის, „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის VIII სამეცნიერო სესია. თეზისები“, თბილისი, 1964, გვ. 8-9.

[11] G. Deeters, Die stellung der Kharthwelsprachen unter den Kaukasischen Sprachen, RK, № 23, Paris, 1957, გვ. 12-16.

[12] გ. მელიქიშვილი, საქართველოს, კავკასიისა და მახლობელი აღმოსავლეთის უძველესი მოსახლეობის საკითხისთვის, „მეცნიერება“, თბილისი, 1965, გვ. 206.

[13] არნ. ჩიქობავა, ჭანურ-მეგრულ-ქართული შედარებითი ლექსიკონი, თბილისი, 1938, გვ. 237, 326-327; მისივე, სახელის ფუძის უძველესი აგებულება ქართველურ ენებში, თბილისი, 1942, გვ. 31.

[14] არნ. ჩიქობავა, 1979, გვ. 253.

[15] შდრ. В. Георгиев, Исследования посравнительно-историческому языкознанию, Москва, 1958, გვ. 216-266.

[16] René Lafon, Mots méditerranéens en Géorgien et dans quelques antres langues caucasiques, “revue des Études Anciennes”, XXXVI, 1934, Paris, გვ. 32-46.

[17] გ. მელიქიშვილი, საქართველოს, კავკასიისა და მახლობელი აღმოსავლეთის უძველესი მოსახლეობის საკითხისთვის, „მეცნიერება“, თბილისი, 1965, გვ. 208.

[18] გ. მელიქიშვილი, საქართველოს, კავკასიისა და მახლობელი აღმოსავლეთის უძველესი მოსახლეობის საკითხისთვის, „მეცნიერება“, თბილისი, 1965, გვ. 241.

[19] გ. მელიქიშვილი, საქართველოს, კავკასიისა და მახლობელი აღმოსავლეთის უძველესი მოსახლეობის საკითხისთვის, „მეცნიერება“, თბილისი, 1965, გვ. 241-242.

[20] დაწვრილებით ამის შესახებ იხ. გ. მელიქიშვილის „К истории древней Грузии, თბილისი, 1959, გვ, 62 შმდ. და სხვ., აგრეთვე „საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების მოამბის“ 1961 წ. №3-სა და 1962 წ. №2-ში გამოქვეყნებულ წერილებში.

[21] შენიშვ. დგება საკითხი „ენის“ რაობის შესახებ, როდესაც ვამბობთ „ენობრივი კონტაქტი“, აქ მოიაზრება საკუთრივ ენები, თუ დიალექტები, როგორც წესი, „ენობრივი კავშირი“ მოიცავს ორივეს – ენებსა და დიალექტებს შორის კონტაქტს. ამასთანავე, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტიც, რომ პროტო- და პრეენის დონეებზე ჩვენ ვუშვებთ დიალექტური ვარიაციების არსებობას.

[22] გ. მელიქიშვილი, საქართველოს, კავკასიისა და მახლობელი აღმოსავლეთის უძველესი მოსახლეობის საკითხისთვის, „მეცნიერება“, თბილისი, 1965, გვ. 244.

[23] თ. გამყრელიძე, ვ. ივანოვი. ინდოევროპული ენა და. ინდოევროპელები. თბილისი, 1984, გვ. 877-879.

[24] შდრ., თ. გამყრელიძე, ვ. ივანოვი, 1984, გვ. 800.

[25] ბერვა ლექსემის ქართული წარმომავლობის შესახებ იხ., მ. ანდრონიკაშვილი, 1966, გვ. 173.

[26] თ. გამყრელიძე, ვ. ივანოვი, 1984, გვ. გვ. 815, 879.

[27]  გ. მელიქიშვილი, საქართველოს, კავკასიისა და მახლობელი აღმოსავლეთის უძველესი მოსახლეობის საკითხისთვის, „მეცნიერება“, თბილისი, 1965, გვ. 245.

[28] Г. Б. Джаукян, Урартский и индоевропейские языки, Єреван, 1963.

[29] Г. Б. Джаукян, Урартский и индоевропейские языки, Єреван, 1963, გვ. 136.

[30] გ. მელიქიშვილი, საქართველოს, კავკასიისა და მახლობელი აღმოსავლეთის უძველესი მოსახლეობის საკითხისთვის, „მეცნიერება“, თბილისი, 1965, გვ. 246.

 

Advertisements
Innovations in Scholarly Communication

Changing Research Workflows

Crazy illusion

Thinking Aloud.

gypsyrepresent

Thinking critically about Romani representation in pop culture

ფილოლოგი

ქართული ფილოლოგია

Global Hinduism

Way of living Life

Learn to Teach Vedic Maths

Magical Methods-- World Leader in Vedic Mathematics

Defenders of Ma'at

Teach, Coach, Live, Learn, Train, Help, Inspire

Asheville Vedic Astrology

Vedic Astrology brought to you by Ryan Kurczak

Hamro dharma

Just another WordPress.com weblog

janeadamsart

An illustrated Journal of eastern and western wisdom

Sathya Sai Baba - Life, Love & Spirituality

Guru Bhagavan Sri Sathya Sai Baba Of Puttaparthi India

Soolaba's Blog

Ultimate Questions, Ultimate Answers

პიროვნული ზრდის სამყარო

„ჩვენ ვერასოდეს მივაღწევთ სიმშვიდეს გარე სამყაროში, სანამ არ მივაღწევთ მას შინაგანში“ - დალაი ლამა

მკითხველის ბლოგი

შთაბეჭდილებები კითხვის შემდეგ

Natia Kentchiashvili

natiakentchiashvili.WordPress.com site

კეჟერაძის ბლოგი

სამშობლოს, ადამიანებისა და ლიტერატურის მოყვარული რიგითი კლიმი

GeoSexMD.com - სამედიცინო სექსოლოგია

სექსუალური განათლება საქართველოში

აჭარა დღეს!

ჩვენ გვიყვარს ჩვენი კუთხე, საქართველოს ერთ–ერთი ულამაზესი მხარე, ჩვენი აჭარა.

Molly Bloom's Day™

ბებია ასტრიდი 1907-2017

მარო მაყაშვილის დღიური

გაფითრებული თებერვლის ლანდი

სემიოტიკა Semiotics

ცირა ბარბაქაძე _ შეხედეთ სამყაროს სემიოტიკის თვალით და აღმოაჩინეთ საკუთარი თავი მრავალ განზომილებაში

ბურუსი - BURUSI

თენგიზ ვერულავა - TENGIZ VERULAVA

Free Yourself

Just say "I am free!"

konspace

კოტეს ბლოგი ყველაფერზე

Barcelonisimo's Blog

ბლოგი მეგობრებისთვის და მათი მეგობრებისთვის...

My Civil Society

საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის ბლოგი

ბაბუაწვერა

ოცნებებში გაფანტული ბლოგი ☮

kalatozishvili

КРИТИК - Мы страшные, потому что работаем над этим.

აღმოაჩინე შენთვის საინტერესო / Discover Things That Interest You

აღმოაჩინე შენთვის საინტერესო – ამოუცნობი,არქიტექტურა, აღმოჩენა ,ახალი ამბები, ბუნება, გასართობი, დიზაინი ,დოკუმენტური, ვიდეო ,თამაშები ,ივენთები, კინო / თეატრი ,კოსმოსი, კრეატივი ,მედიცინა ,მეცნიერება ,მისტიკა, მოგზაურობა, მოდა ,მუსიკა ,ნოვაცია ,პიროვნებები ,რელიგია ,სასარგებლო, საჭმელ / სასმელი ,სპორტი, სურათები, ტექნოლოგია ,ფოტოები, ფუფუნების საგნები ,შპალერები, წიგნები, ხელოვნება

Savidge Reads

The Chronicles of a Book Addict