ნომინაციის პრობლემა პლატონის ფილოსოფიაში და თანამედროვე სემიოტიკა

58517_154607567899276_100000501025127_418286_6105319_s

ივანე ჯავახიშვილის სახელობის

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის

მაგისტრატურის II კურსის სტუდენტი

ნათია კენჭიაშვილი

ნომინაციის პრობლემა პლატონის ფილოსოფიაში და

თანამედროვე სემიოტიკა

თბილისი 2014

ძირითადი განსახილველი საკითხები:

  1. პლატონის ფილოსოფია ლინგვისტური აზროვნების თვალსაზრისით
    • წარმოდგენა და ცნება
  2. თანამედროვე სემიოტიკა
    • „პირობითობის“ ცნება ანტიკურ და თანამედროვე სემიოტიკურ თეორიებში
    • ნიშანი და ნიშნის აგების სემიოტიკური მოდელები
    • მსგავსება ანტიკურ და თანამედროვე სემიოტიკურ თეორიებს შორის
    • განსხვავება ანტიკურ და თანამედროვე სემიოტიკურ თეორიებს შორის
  1. პლატონის ფილოსოფია ლინგვისტური აზროვნების თვალსაზრისით

პლატონის ნაშრომებიდან ყველაზე თვალსაჩინო ენობრივი საკითხების განხილვის მხრივ, არის დიალოგი კრატილოსი. მართალია, კრატილოსის ძირითადი პრობლემატიკა ფილოსოფიური ხასიათისაა, თუმცა მათზე მსჯელობა აგებულია ენობრივ მასალაზე დაყრდნობით, რაც ნააზრევს გაცილებით უფრო ღირებულს ხდის. მის დიალოგში საინტერესო და მრავალმხრივი დასკვნებია გამოტანილი.

კრატილოსისყურადღების ცენტრში დგას საკითხი სახელდების, ანუ საგნისა და შესაბამისი სახელის ურთიერთმიმართების შესახებ. დიალოგს წარმართავს სამი პერსონაჟი: კრატილოსი, ჰერმოგენე და სოკრატე. დიალოგი თავდაპირველად იმართება კრატილოსსა და ჰერმოგენეს შორის. ისინი ერთმანეთის საწინააღმდეგო პოზიციებზე დგანან.

კრატილოსის აზრით, სახელი საგნის ბუნებით არის განპირობებული, თუმცა ის ამჩნევს ისეთ სახელებსაც, რომლებიც საგნის ბუნებას სულაც არ ასახავენ. ამ რიგის სახელებს კრატილოსი ნამდვილ სახელებად არ მიიჩნევს.

ჰერმოგენეს აზრით, საგნებს სახელები ერქმევა შეთანხმებით, ანუ კონვენციონალურად. მისი რწმენით, არც ერთი სახელი არ შერქმეულა საგნის ბუნების თუ თვისების მიხედვით. ისეთი შემთხვევის დროს, როდესაც საგანს ან მოვლენას სახელი გადაერქმევა ხოლმე და სხვა სახელწოდებას შეიძენს, ხოლო ძველი სახელი უბრალოდ დავიწყებას მიეცემა, მაშინ ახალი სახელი იქნება გაცილებით უფრო მართებული, ვიდრე წინამორბედი. არც ერთი სახელი საგნის ბუნებიდან გამომდინარე არ გაჩენილა, ის განპირობებულია კანონით და იმ უნარ-ჩვევით, რომლის მიხედვითაც, უბრალოდ ასე მივეჩვიეთ ამა თუ იმ საგნისთვის სახელის დარქმევას (384d-e).

ჰერმოგენე და კრატილოსი კამათში ჩარევას სთხოვენ სოკრატეს. თავდაპირველად სოკრატე თითქოს კრატილის პოზიციას იცავს, რომლის მიხედვითაც სახელი შეესატყვისება საგნის ბუნებას, სახელებს არქმევს ნომოტეტ-კანონმდებელი, რომელმაც იცის სახელის ბგერებსა და მარცვლებში როგორ აისახება საგნის ბუნება, თვისება. შემდგომ ის უკვე მერყეობს და დაუდგენელი ხდება, თუ რომელ პოზიციას უჭერს მხარს.

სოკრატე გვთავაზობს სიტყვათა ეტიმოლოგიებს, მაგრამ რაც უფრო მეტ სიტყვას განიხილავს, მით უფრო უჭირს მათი გენეზისის ახსნა (ასეთი სიტყვები ენაში უამრავი აღმოჩნდა). აქ სოკრატე გამოსავალს ხედავს იმაში, რომ უშვებს ენაში სიტყვათა ორ ჯგუფს – პირველად, ანუ მარტივ და მეორად, ანუ ნაწარმოებ სიტყვებს (Гумбольдт В.  ф., 1985: 133). სიტყვების ეს ორი ჯგუფი ქრონოლოგიურ მიმართებაშია ერთმანეთთან. მეორე ჯგუფის სიტყვები ნაწარმოებია პირველი ჯგუფის სიტყვებისგან. ამასთან დაკავშირებით დგება საკითხი: როგორ წარმოიშვნენ „პირველი“, მარტივი სიტყვები? რა მიმართებაშია ეს სიტყვები შესაბამის საგნებთან და მოვლენებთან?

ამ თვალსაზრისის საილუსტრაციოდ სოკრატე მიმართავს საკუთარ სახელთა „ეტიმოლოგიას“. მას განხილული აქვს ბერძნული პანთეონის ღმერთების სახელები (404e-409c), მათ შორის „დემეტრა“, „ჰერა“, „ეროსი“, „აპოლონი“, „პერსეფონე“, „მუზები“, „არტემიდა“, „დიონისე“, „აფროდიტე“, „ათენა“, „ჰეფესტო“, „არესი“, „ჰერმესი“, „პანი“, „ჰელიოსი“, „სელენა“ და სხვ., რომელთა დასახელებითაც ასაბუთებს, თუ რამდენად განპირობებულია და რამდენად არაა შემთხვევითი ღმერთების სახელების შერჩევა, რადგან სწორედ მათი თვისებებიდან ამოსვლით ჰქვიათ მათ ესა თუ ის სახელი, მაგალითად კი მოჰყავს ათენა, რომელსაც ეპითეტითაც მოიხსენიებენ როგორც პართენოსი, რაც მის ბუნებას ასახავს. ამდენად სახელი განპირობებულია იმით, რასაც ის მიემართება. საკუთარ სახელთა განხილვისას ის მიდის იმ აზრამდე, რომ ამ რიგის სიტყვები წარმოიშვნენ მიბაძვის გზით. გარდა ამ მაგალითებისა, სოკრატე იძლევა კიდევ მრავალი სხვა სიტყვის ეტიმოლოგიას, ხსნის მათ შინაგან ფორმას[1] (იდეას) და ასაბუთებს სახელსა და საგანს შორის არსებულ შესაძლო კავშირს.

სოკრატე თავიდან უჭერს მხარს საგანსა და სახელს შორის შინაგანი კავშირის არსებობის თეზისს. მაგრამ ბოლომდე რომ ჩავყვეთ მსჯელობას, მის მიერ ჩამოყალიბებულ სახელდების თეორიაში აღმოვაჩენთ ახალ ხედვას. საქმე ისაა, რომ მის მიერ დადგენილი ასოციაციები ბგერასა და საგნის ამა თუ იმ თვისებასთან ყოველთვის არ დასტურდება და მოჰყავს კიდეც შესაბამისი მაგალითები. ამის შემდეგ ის უკვე სკეპტიკურად აფასებს კრატილის თვალსაზრისს სახელსა და საგანს შორის შინაგანი კავშირის შესახებ. სოკრატე კატეგორიულად უარყოფს კრატილოსის აზრს, რომლის მიხედვითად, საგნის შემეცნება შეიძლება სახელის შემეცნების საფუძველზე. მისი აზრით, სახელების მიხედვით, მათზე დაყრდნობით კი არ უნდა შევისწავლოთ საგნები, არამედ საგანი შეისწავლება მხოლოდ საგნის შინაგანი ბუნებიდან ამოსვლით (Звегинцев В. И., 1984:135).

სოკრატე ენის პრაგმატულ მხარეზეც ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს:პროტაგორას სიტყვებით: „ადამიანია ყველაფრის საზომი“, თუ ამას დავუჯერებთ, როგორიც მეჩვენებიან/წარმომიდგებიან სიტყვები, ისეთივენი ხდებიან ისინი ჩვენთვის? (386). საყურადღებო პასაჟია იმ თვალსაზრისით, რომ ადამიანის როლს ენიჭება დიდი მნიშვნელობა ენობრივ მოვლენათა ახსნისა და გაგების პროცესში, რაც დღევანდელი სემიოტიკური გადმოსახედიდან ენის შესწავლის პრაგმატიკული ასპექტის შემადგენელი ნაწილია.

დიალოგის ბოლოს სოკრატეს გნოსეოლოგიური ხასიათის დასკვნა გამოაქვს: „ზუსტად შერქმეული სახელი მართებულია იმ საგნისადმი, რომელსაც ის აღნიშნავს და სახელდობრ – ეს წარმოსახვითი საგნებია? და თუ შეიძლება წარმატებით შევისწავლოთ საგნები მათი სახელების მიხედვით, ან თუ არის შესაძლებელი თვითონ თავისთავადი საგნების შემეცნება? – რომელი კვლევა იქნებოდა უკეთესი და სარწმუნო? გამოსახულებით[2] შევისწავლოთ თავად წარმოდგენები, კარგად ასახავს თუ არა [საგანს] და ასევე სინამდვილეს, რომელსაც ის გამოხატავს, თუ თავად სინამდვილე უნდა შევისწავლოთ და დავადგინოთ მისი ასახვა თუ შეესატყვისება საგანს?“ (439b).

  • ასკვნები

ამრიგად, დიალოგი „კრატილოსი“ არის ძირითადი წყარო, სადაც გადმოცემულია პლატონის შეხედულებები ენის შესახებ[3], რომელიც, დღევანდელი გადმოსახედიდან არაა წმინდა მეცნიერული, მაგრამ მისი ფილოსოფიური ღირსება ისაა, რომ საკითხისადმი ბოლომდე სკეპტიკურ დამოკიდებულებას ინარჩუნებს და მეტად საგულისხმო შეხედულებებსა და ვარაუდებს გამოთქვამს და ავითარებს. დიალოგი საყურადღებოა არა ენობრივ პრობლემათა გადაჭრისა და გადაწყვეტის კუთხით, არამედ საკითხის დაყენებისა და ფილოსოფიურად გააზრების მხრივაც. მისი დიალოგის კითხვისას მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, თუ რამდენად იყვნენ ძველი ბერძენი ფილოსოფოსები (სოკრატე, პლატონი და ა.შ.) დაინტერესებულნი ისეთი საკითხებით, როგორიცაა

  • სახელდების პრობლემა, რომელიც სოკრატეს გნოსეოლოგიურ რანგში ჰყავს აყვანილი და რომელშიც სამი პლანი გამოიყოფა:
  1. „ზუსტად შერქმეული სახელი მართებულია იმ საგნისადმი, რომელსაც ის აღნიშნავს? და სახელდობრ – ეს საგნებია თავისთავად თუ ჩვენი წარმოდგენები მათზე?“ – დასმულია საკითხი იმის შესახებ, თუ რას მიემართება სახელი, უშუალოდ საგნებს, თუ ჩვენს წარმოდგენებს ამ საგნებზე;
  2. „თუ შეიძლება წარმატებით შევისწავლოთ/შევიმეცნოთ საგნები მათი სახელების მიხედვით, ან თუ არის შესაძლებელი თვითონ თავისთავადი საგნების შემეცნება?“
  3. „რომელი კვლევა იქნებოდა უკეთესი და სარწმუნო?”:

ა) „გამოსახულებით შევისწავლოთ თავად წარმოდგენები და დავადგინოთ ასახავს  თუ არა ის [საგანს] და ასევე სინამდვილეს, რომელსაც ის გამოხატავს.”;

ბ) „თუ თავად სინამდვილე უნდა შევისწავლოთ და დავადგინოთ მისი ასახვა თუ შეესატყვისება საგანს?“ (439b).

  • წარმოდგენა და ცნება

თანამედროვე სემიოტიკაში გაცილებით უფრო გართულდა წარმოდგენა საგნის/მოვლენის და მისი შესაბამისი სიტყვის მიმართებასთან დაკავშირებით, ვიდრე ეს ანტიკურ ფილოსოფიაში იდგა. უნდა ითქვას, რომ ჩვენ სამყაროსადმი სპეციფიკური დამოკიდებულება გვაქვს. ადამიანი (სუბიექტი) ამყარებს მიმართებას ობიექტურ სინამდვილესთან, აღიქვამს რა საგანთა სამყაროს. საგანი შეიცავს გარკვეულ ინფორმაციას, რომელიც მოქმედებს შეგრძნებათა ორგანოებზე (თვალი, ყური, კანი და სხვ.). აღქმის პროცესში საგნის დამახასიათებელი ფიზიკური ინფორმაცია (ზომა, წონა, ფერი, ფორმა, სითბო, სიცივე, სინათლე და სხვ.) გარდაიქმნება ფსიქიკურ ინფორმაციად. ამიტომ საგნის აღქმის შედეგად ჩვენს ცნობიერებაში ჩნდება მისი ანაბეჭდი წარმოდგენის ანუ საგნის ხატის სახით. ასეთი ხატი შესაძლებელია წარმოსახვითიც კი იყოს, რომელსაც ობიექტურ სინამდვილეში, შესაძლებელია არაფერი არ შეესატყვისებოდეს (მაგ., კენტავრი, ბაყბაყდევი, ცხრათავიანი დევი და სხვ.), მაგრამ ძირითადად წარმოდგენები საგნების ან მოვლენების ფსიქიკური ანაბეჭდებია. საგანთა სინამდვილე მრავალგვარია და შესაბამისად, მრავალგვარია ადამიანის ცნობიერებაში არსებული წარმოდგენებიც, რომლებიც ქმნიან მიმართებათა რთულ სისტემას (გ. ნებიერიძე, 10).

ამრიგად, წარმოდგენა არაა მატერიალური ფენომენი, რომელსაც აღვიქვამდით ადამიანის გრძნობის ორგანოების მეშვეობით (მხედველობა, სმენა, ყნოსვა, გემო, შეხება). ამგვარ მოვლენებს, რომლებსაც ადამიანი ვერ აღიქვამს თავისი გრძნობის ორგანოების საშუალებით, ეწოდებათ მენტალური (ლათ. Mens, ნათ. Mentis “გონი, გონება“) მოვლენები. მაშასადამე, მენტალურ მოვლენებს ფიზიკური მახასიათებლები არა აქვთ და ამიტომ მათი აღქმა ჩვენი გრძნობის ორგანოებით  შეუძლებელია.

გარდა ამისა, წარმოდგენა საგნის მენტალური სურათია, ხატია, სხვაგვარად რომ ვთქვათ, წარმოდგენა ასე თუ ისე ყოველთვის უნდა ჰგავდეს იმ საგანს, რომლის წარმოდგენაცაა იგი. წარმოდგენას საგანთან მსგავსების საფუძველზე ეწოდება იკონურობის (ბერძ. Eikon “სახე, გამოსახულება“) პრინციპი (გ. ნებიერიძე, 10-11).

არსებობს რამდენიმე მსგავსება და განსხვავება წარმოდგენას და ცნებას შორის:

  • წარმოდგენა იკონურია, ე.ი. იგი ასე თუ ისე ჰგავს იმ საგანს, რომელსაც აღნიშნავს. ამ თვალსაზრისით, წარმოდგენა განსხვავდება ცნებისაგან, რომელიც იკონურობის პრინციპს არ ექვემდებარება
  • რამდენადაც წარმოდგენა საგნის მენტალური სურათია, იმდენად იგი ყოველთვის კონკრეტულია. შესაძლებელია წარმოვიდგინოთ მხოლოდ კონკრეტული საგნები (კონკრეტული ქალი ან კაცი…), მაგრამ არა საგანი საერთოდ (ქალი ან კაცი საერთოდ…), როგორც ეს ცნების შემთხვევაში გვაქვს
  • ფსიქოლოგები ზოგჯერ ლაპარაკობენ ზოგადი წარმოდგენების შესახებ, რაც არასწორია, რადგან ადამიანის მიერ წარმოდგენების განზოგადება სხვა არაფერია, თუ არა ცნება, რომელიც ლინგვისტური ერთეულია და არა ფსიქოლოგიური
  1. თანამედროვე სემიოტიკა

სემიოტიკა ახალი დროის მეცნიერებაა, რომელიც შეისწავლის სხვადასხვა ნიშანთა სისტემების შექმნის, აგებისა და ფუნქციონირების წესებს. მის ჩამოყალიბებას ხელი შეუწყო მათემატიკური ლოგიკის, ემპირიული ფსიქოლოგიის, კიბერნეტიკის და მათემატიკური ლინგვისტიკის განვითარებამ. სემიოტიკის ძირითადი მიზანია სხვადასხვა მეცნიერების გაერთიანებით გამოიმუშავოს ნიშნის ზუსტი განსაზღვრება და დაადგინოს ის კანონები, რომლებითაც ნიშნები ფუნქციონირებენ. მისი შესწავლის ობიექტია ყველანაირი სახის ნიშნური სისტემები, როგორიცაა ბუნებრივი, გრაფიკული და კინეტიკური ენები, ხელოვნურ ენები, მეტაენები (ბუნებრივი და ხელოვნური ენების აღწერისათვის გამოსაყენებელი ენები), შუქ-ნიშანთა სისტემები, მორზეს ანბანი, სიმბოლოთა სისტემები და სხვ.

სემიოტიკა წარმოიშვა  XIX საუკუნის მეორე ნახევარსა და XX საუკუნის I ნახევარში. ის ძირითადად განავითარეს ფილოსოფოსებმა, ლინგვისტებმა და ლიტერატურათმცოდნეებმა.

სემიოტიკის[4] საწყისი საფუძვლები გვაქვს შვეიცარიელი ენათმეცნიერის  ფერდინანდ დე სოსიურის  (1857-1913) „ზოგადი ლინგვისტიკის კურსში“.

სემიოტიკის ძირითადი პრინციპები პირველად ჩარლზ სანდერს პირსმა  ჩამოაყალიბა. მან შექმნა ზოგადი სემიოტიკა. საფუძველი ჩაუყარა ნიშანთა სისტემების, კომუნიკაციური აქტების, მექანიზმებისა და პროცესების შესწავლას  თანამედროვე მოვლენების არაერთ სფეროში – ხელოვნებიდან დაწყებული ბიოლოგიით დამთავრებული. იგი არ ყოფილა სათანადოდ დაფასებული თავისი თანამედროვეების მიერ, სამაგიეროდ, დღეს იგი ამერიკული ფილოსოფიის უმნიშვნელოვანეს ფიგურადაა აღიარებული.

ჩ. ს. პირსის  იდეები შემდგომში განავითარა ცნობილმა ამერიკელმა მეცნიერმა ჩარლზ უილიამ მორისმა (1901-1979). ის არის ავტორი წიგნისა „ნიშანთა თეორიის საფუძვლები“, სადაც იგი სემიოტიკის ზოგად საფუძვლებს  აღწერს. თავის ნაშრომში მან ნიშნის შესწავლი სამი ასპექტი გამოყო:

სემანტიკა – რომელიც შეისწავლის სიტყვის მნიშვნელობას, მის აგებულებასა და დროში ცვალებადობას;

სინტაქსი – შეისწავლის წინადადების ტიპებს, მასში სიტყვათა შეწყობა-შეკავშირების წესებს;

პრაგმატიკა – რომელიც ინტერესდება მეტყველების ისეთი ელემეტებით, რომელთა მნიშვნელობის გაგება მხოლოდ კონტექსტისა და სამეტყველო სიტუაციის მიხედვითაა შესაძლებელი.

ყველა ეს ლინგვისტი თვლიდა,  რომ აუცილებელი იყო შექმნილიყო ისეთი ზოგადი მეცნიერება, რომელიც გააერთიანებდა ნიშნურ სისტემებს და გამოკვეთდა ზოგად პრინციპებს. სწორედ ამ პრინციპებზე დაყრდნობით შესაძლებელი გახდებოდა უფრო ღრმად განგვეხილა ენა.

  • „პირობითობის“ ცნება ანტიკურ და თანამედროვე სემიოტიკურ თეორიებში

სემიოტიკის ერთ-ერთი ცენტრალური პრობლემაა ნიშნის პირობითობა. თუმცა ანტიკურ ფილოსოფიაში დასმული იგივე საკითხისა და მის ირგვლივ მსჯელობისაგან განსხვავებით, თანამედროვე ლინგვისტიკაში და განსაკუთრებით, სემიოტიკაში, სულ სხვა კუთხით წარიმართა მისი კვლევა. კერძოდ, ლინგვისტიკასა და სემიოტიკაში შემუშავდა სიტყვის, როგორც ორმხრივი ერთეულის გაგება. მის ერთ მხარეს ცნება ანუ აღსანიშნი წარმოადგენს, ხოლო მეორეს – ფონემა ანუ აღმნიშვნელი. მათ შორის კავშირი არის პირობითი.

ტერმინი აღსანიშნი არ გულისხმობს უშუალოდ ექსტრალინგვისტური სამყაროს საგნებსა და მოვლენებს. აღსანიშნი ენისგან დამოუკიდებლად არ არსებობს. ეს არის ცნება, იდეა საგანთა თუ მოვლენათა მთელი კლასის შესახებ. აღსანიშნი უპირისპირდება აღმნიშვნელს.

აღსანიშნთა ერთობლიობა ქმნის ენის შინაარსის პლანს (1), ხოლო აღმნიშვნელთა ერთობლიობა – ენის გამოხატულების პლანს (2). მათ შორის კავშირი პირობითია.

Untitled

რა თქმა უნდა, პირობითობის თეორია არ არის ახალი თეორია. ძველ ბერძნულ ფილოსოფიაში ჩამოყალიბებული ორი ურთიერთსაწინააღმდეგო პოზიციის თანახმად სხვადასხვა იყო მიმართება სახელსა და მის შესატყვის საგანს შორის. ერთი ნაწილი, თესეისტები (θέσει – „შეთანხმება“) თვლიდნენ, რომ საგნების სახელდება ჩვენი შეთანხმების საფუძველზე ხდება ანუ პირობითია. ფუსეისტები (φύσει – „ბუნებითი“) კი მიიჩნევდნენ, რომ სახელდება საგნების ბუნების გათვალისწინებით ხდებოდა. დავა ენობრივი ნიშნის შესახებ გრძელდებოდა საუკუნეების განმავლობაში. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ფილოსოფოსი, მათ შორის, პლატონი (ასევე არისტოტელე) უპირატესობას პირობითობის თეორიას ანიჭებდნენ, ყოველთვის ჩნდებოდა კითხვა თუ რატომ არ შეგვეძლო ნიშანთა შეცვლა ჩვენი ნება-სურვილის მიხედვით, ვიდრე ფერდინანდ დე სოსიურმა არ ჩამოაყალიბა ნიშნის უცვლელობის[5] 4 ძირითადი პრინციპი, რის გამოც არ შეიძლება ენობრივი ნიშნის ჩვენს სურვილზე შეცვლა:

  • აღსანიშნსა და აღმნიშვნელს შორის კავშირი პირობითია, ამიტომ არ დგას რაციონალურობის საკითხი. ენისთვის მნიშვნელოვანია აღნიშვნის ფაქტი და არა ის, თუ როგორ აღინიშნება ესა თუ ის ცნება.
  • ნიშანთა სიმრავლე. ყოველ ენაში ნიშანთა რაოდენობა ძალიან დიდია. მათი შეცვლა ქაოსს გამოიწვევს.
  • ენობრივი სისტემის სირთულე. მის გონივრულ შეცვლას ამ სისტემის ცოდნა სჭირდება. ამიტომ ეს ლინგვისტების, გრამატიკოსების, ლოგიკოსების და ა.შ. დახმარებით უნდა მოხდეს. თუმცა გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ამგვარ ცდებს სასურველი შედეგი არასდროს მოჰყოლია.
  • ენობრივი კოლექტივის წინააღმდეგობა ყოველგვარი სიახლის მიმართ, კონსერვატიულობა.

ამრიგად, ენა პირობით ნიშანთა სისტემაა, რაც განაპირობებს მის სტაბილურობას. თუმცა ყველაფერი მაინც არ არის პირობითი. თითქოს ადგილი მაინც რჩება ბუნებითობის თეორიისთვის. მაგალითად, შეიძლება განვიხილოთ:

  • ხმაბაძვითი (ონომატოპოეტიკური) სიტყვები და
  • შორისდებულები

ხმაბაძვით სიტყვებში (როგორიც არის ბუნების ბგერების გადმოცემა, მაგალითად, ბაყაყის ყიყინი, ბატის სისინი  და ა.შ.)  არის ნაწილობრივი მსგავსება აღმნიშვნელსა და აღსანიშნს შორის. თუმცა ამ ბგერების გადმოსაცემად ყველა ენა საკუთარ ფონემურ სისტემას იყენებს, ამიტომ ენები განსხვავდებიან ხმაბაძვითი სიტყვების დონეზეც კი.  გარდა ამისა, ენაში არის სიტყვები, რომლებიც როგორც ლექსიკურ, ასევე გრამატიკულ წყობაში გვხვდება. ესენია შორისდებულები. ისინი წარმოადგენენ გარკვეულ პირობებში ადამიანის ბუნებრივ ამოძახილს, ემოციის გამოხატვას. ასეთია მაგალითად: ოჰ, ვაჰ და ა.შ.  თუმცა ეს სიტყვები მხოლოდ სიგნალების როლში გამოდიან, რომლებიც მიგვანიშნებენ გარკვეულ განცდაზე. ამიტომ შორისდებულები მხოლოდ ოპერატორებია. ისინი, ისევე როგორც ხმაბაძვითი სიტყვები, ენის პერიფერიულ ლექსიკას მიეკუთვნებიან და ენის დეფინიციისთვის პრინციპული მნიშვნელობა აქ აქვთ.  ასე რომ ენა პირობით ბგერით ნიშანთა სისტემაა.

  • ნიშანი და ნიშნის აგების სემიოტიკური მოდელები
    • ფრ. დე სოსიური                            

ფრ. დე სოსიურის (სქემა 1.) და ჩ. ს. პირსის (სქემა 2.) განსხვავებული ნიშნის აგების მოდელები ჰქონდათ. ფრ. დე სოსიური ნიშანს სისტემაში განიხილავდა როგორც აღმნიშვნელისა და აღსანიშნის ურთიერთდამოკიდებულებას. მაგალითად:[6]

Untitled 1

ის წერს: „ნიშანს“  ჩვენ ვუწოდებთ ცნებისა და აკუსტიკური ხატის შეერთებას.“[7] აკუსტიკური ხატი „მატერიალურ ბგერას, წმინდა ფიზიკურ რასმეს კი არ წარმოადგენს, არამედ ამ ბგერის ფსიქიკური ანაბეჭდია, ჩვენივე შეგრძნებების საშუალებით მიღებული შთაბეჭდილებაა.“[8]

  • ჩ. ს. პირსი

თუ ფრ. დე სოსიური ნიშანს სისტემაში განიხილავდა როგორც აღმნიშვნელისა და აღსანიშნის ურთიერთდამოკიდებულებას, მისგან განსხვავებული და გაცილებით რთულია პირსის სისტემა, რომელიც წევრების რაოდენობის მიხედვით ტრიადულია. ჩ. ს. პირსის ნიშანთა თეორია საშუალებას იძლევა უფრო დეტალურად წარმოვადგინოთ ის სემანტიკური განსხვავებები, რომლებიც არსებობს ბუნებრივი ენის სხვადასხვა ტიპის სიტყვებს შორის.[9]

ჩ. ს. პირსი თავის წიგნში „ფენომენოლოგიის პრინციპები“ (Пирс Ч., 2000:57) წერს ნიშნის ტრიქოტომიის შესახებ. ის გამოყოფს ნიშნის სამგვარ ტრიქოტომიას:

ნიშნის პირველი ტრიქოტომია; პირველი დაყოფის მიხედვით, ნიშანი შეიძლება იყოს:

1) კვალისიგნუმი (qualisign); კვალისიგნუმი ესაა ნიშნის ხარისხი. ის თავისთავად აღებული არაა ნიშანი, სანამ არ მოხდება მისი აქტუალიზაცია (Пирс Ч., 2000:57-58).

2) სინსიგნუმი (sinsign); სინსიგნუმი ესაა რეალურად არსებული საგანი ან მოვლენა, რომელიც წარმოადგენს ნიშანს. ის წარმოგვიდგება ასეთად იმის გამო, რომ მას გააჩნია ხარისხი. ამიტომ სინსიგუმი ამ თვალსაზრისით შეიცავს კვაზისიგნუმსაც (Пирс Ч., 2000:57-58).

3) ლეგისიგნუმი (legisign); ლეგისიგნუმი ესაა კანონი, რომელიც გვხვდება ნიშანში და რომლითაც მოქმედებს ის. კანონი ყალიბდება ადამიანის მიერ. ამდენად, ყოველგვარი კონვენციონალური ნიშანი არის ლეგისიგნუმი (მაგრამ არა პირიქით: ყოველი ლეგისიგნუმი არაა კონვენციონალური ნიშანი). ეს არაა ერთეული ობიექტი, არამედ წარმოადგენს საერთო ტიპს, რომლის არსებობის თაობაზეც შეთანხმდნენ, რომ ის ფლობს გარკვეულ მნიშვნელობასა და დანიშნულებას. თითოეული ლეგისიგნუმი აღნიშნავს რაიმეს იმის მიხედვით, როგორც ვიხმართ და გამოვიყენებთ კონკრეტულ შემთხვევებში, რასაც ეწოდება რეპლიკა. მაგალითად, არტიკლი, the გვხვდება 15-25-ჯერ მაინც ერთ გვერდზე. ყოველ ჯერზე ის ერთი და იგივე სიტყვაა, ერთი და იგივე ლეგისიგნუმი. ამასთან ლეგისიგნუმი საჭიროებს სინსიგნუმსაც, რადგან რეპლიკა არანაირი მნიშვნელობის მატარებელი არ იქნებოდა, რომ არა კანონი, რომლის მეშვეობითაც სანქცირებული ხდება ნიშანი (Пирс Ч., 2000:57-58).

  1. ნიშნის მეორე ტრიქოტომია; მეორე დაყოფის მიხედვით, ნიშანი შეიძლება იყოს:

1) იკონი; იკონური ნიშანი – აგებულია აღმნიშვნელისა და აღსანიშნის ფაქტობრივი მსგავსების პრინციპზე. მაგალითად  რაიმე რეალისტური ნახატი, ვთქვათ, ნატურმორტი, რომელიმე ცხოველის ნახატი და თვითონ ეს ცხოველი. ან თუნდაც რომელიმე მანქანის მარკის ნიშანი. ხატი არის თავისი აღსანიშნის გარეგნული გამოხატულება, რომელიც არსებობს გონებაში.

2) სიმბოლო; სიმბოლო – ის დადგენილია შეთანხმების საფუძველზე და აკავშირებს აღსანიშნს აღმნიშვნელთან, ამდენად კონვენციონალურია. სიმბოლოში მიმართება აღსანიშნსა და აღმნიშვნელს შორის ექვემდებარება კანონს, ჩვევას, ცნობილს. ასეთია ბუნებრივი ენის ერთეულები.[10]

3) ინდექსი; ინდექსი – ის დაფუძნებულია აღმნიშვნელსა და აღსანიშნსს შორის არსებულ სიახლოვის პრინციპზე (მათ შორის შეიძლება იყოს მიზეზ-შედეგობრივი ან ასოციაციური კავშირი), მაგალითად,  ცეცხლის ინდექსი არის კვამლი. ინდექსები, სიმბოლოსა და ხატისაგან განსხვავებით არსებობს აწმყო გამოცდილებაში (ხატი არსებობს წარსულ გამოცდილებაში, ხოლო სიმბოლო იქმნება იმ რეალობით, რომ მომავალში მოხდება რაღაცის განცდა). ნიშან-ინდექსებს „ძველ“ ენობრივ სისტემაში შემოაქვთ რაღაც ახალი, ისინი ყოველ ჯერზე ქმნიან ახალ მნიშვნელობებს.[11] ინდექსი პირდაპირ მოქმედებს აღქმაზე და გვარწმუნებს თავისი აღსანიშნის არსებობაში და რეალურ ყოფნაში. იგი მიიპყრობს ყურადღებას ობიექტისკენ (თავისი აღსანიშნისკენ) და ინტერპრეტატორს თავის მიერ გაშუალებულ კავშირში ამყოფებს აღსანიშნთან. ინდექსი არ გამორიცხავს ინფორმაციას. იგი ისე მოქმედებს, რომ ჩვენს ყურადღებას მიმართავს ობიექტისაკენ. ინდექსის მახასიათებელი ის არის, რომ ისინი ყოველთვის კონკრეტულ შემთხვევებს წარმოადგენენ და არა ზოგადს.[12]

  1. ნიშნის მესამე ტრიქოტომია; მესამე დაყოფის მიხედვით, ნიშანი შეიძლება იყოს:

1) რემა (rheme); ნემისმიერი სახის რემა შეიძლება ატარებდეს ინფორმაციას, რომელიც თავის თავში არ მოიცავს განმარტების საჭიროებას და არ ექვემდებარება რაიმე სახის ინტერპრეტაციას, პოტენციურად მას ამის უნარი არ გააჩნია (Пирс Ч., 2000:60).

რემა ესაა ნიშანი, რომელიც შეიცავს საკუთარი ობიექტის რეპრეზენტაციას, ამ ობიექტის მახასიათებლების მიუხედავად და გაუთვალისწინებლად.

2) დისისიგნუმი (dicisign), ანდა პროპოზიცია, ან კვაზიპროპოზიცია; დესისიგნუმი არის ნიშანი, რომელიც ინტერპრეტანტისთვის ნამდვილად არსებობს. ის ამიტომ არ შეიძლება იყოს იკონური, რომელიც რეალურად არსებული საგნის ან მოვლენის ასლს წარმოადგენს. დესისიგნუმი შეიცავს გარკვეული თვალსაზრისით რემასაც (Пирс Ч., 2000:60).

დესისიგნუმი ესაა ნიშანი, რომელიც შეიცავს საკუთარი ობიექტის რეპრეზენტაციას იმის გათვალისწინებითა და იმ გაგებით, რომ ის ნამდვილად არსებობს.

3) არგუმენტი (argument); არგუმენტი არის ნიშანი, რომელიც ინტერპრეტანტისთვის წარმოადგენს კანონის ნიშანს. არგუმენტი უნდა იყოს სიმბოლო ანდა ნიშანი, რომელიც დაექვემდებარება საერთო კანონს. არგუმენტი შეიცავს როგორც რემას, ისე დესისიგნუმსაც (Пирс Ч., 2000:60-61).

ჩ. ს. პირსის ნიშნური სისტემის ტრიადულობა ნიშნავს იმას, რომ მისთვის ყოველი ნიშანი სამშემადგენლიანია: ნიშანი – ობიექტი – ინტერპრეტატორი. შესაბამისად, ნიშანთა ტიპების განსაზღვრისას იგი ითვალისწინებს სამივე შემადგენლის ფაქტორს. ობიექტის რეპრეზენტაციის შემდეგ ხდება ადამიანის მიერ ნიშნის აღქმა, ამ დროს ჩნდება მენტალური ხატი აღნიშნული საგნისა ადამიანის ტვინში.

  • ჩ. უ. მორისი

ჩ. უ. მორისმა განავითარა ჩ. ს. პირსის კონცეფციის სოციალურ-ფსიქოლოგიური ასპექტები ბიჰევიორიზმის თეორიის საფუძველზე, რომლის თანახმადაც, ადამიანის ქცევა განისაზღვრება ნიშნებზე რეაქციის მეშვეობით, ხოლო ნიშანთა მნიშვნელობა – ადამიანთა ქცევის ფუნქციონირებით. ეს საკმაოდ რთული სტრუქტურაა. მორისმა წარმოადგინა  ნიშნის აგების სრულიად განსხვავებული მოდელი.

ჩარლზ უილიამ მორისი წიგნში ნიშანთა თეორიის საფუძვლები („Theory of Foundation of Signs“) სემიოტიკის ზოგად საფუძვლებს აღწერს. თავის ნაშრომში მან შემოიტანა სემიოზისის ცნება: სემიოზისი ეს არის პროცესი, რომელშიც რაღაც ფუნქციონირებს, როგორც ნიშანი (Семиотика, 1983:38). თვითონ სემიოზისის შემადგენელ ნაწილებად მორისმა გამოყო ხუთი ურთიერთდაკავშირებული ტერმინი (სქემა 3.):

  • ნიშანი – ის, რაც გვევლინება, როგორც ნიშანი. მაგალითად, წერილი – ესაა ნიშანი.
  • დესიგნატი – ის, რაზეც მიუთითებს ნიშანი და რასაც მიემართება ის – ექსტრალინგვისტური რეალობის საგნები და მოვლენები;
  • ინტერპრეტანტა –  რეაქცია, რომელიც ნიშნის აღქმას შეიძლება მოჰყვეს
  • ინტერპრეტატორი – დამხმარე საშუალება, რომელიც ერთი სახის ნიშანს გარდაქმნის სხვა ნიშნად. მაგ. კალამი, რომელიც არამოტივირებული ნიშანია, სა-ე პრეფიქს-სუფიქსის დართვით გადაიქცევა მოტივირებულ ნიშნად და ვიღებთ „საკალმე“-ს.
  • კონტექსტი

ჩ. უ. მორისმა აგრეთვე ჩამოაყალიბა სემიოზისის სამი სხვადასხვა განზომილება, რომელიც, თავის მხრივ, ბინალურია (Семиотика, 1983:41):

Untitled 2

Untitled 3

Untitled 4

  • სემიოზისის სემანტიკური განზომილება, რომელიც სწავლობს ნიშანს მის მიერ აღნიშნულ ობიექტთან მიმართებით;
  • სემიოზისის სინტაქტიკური განზომილება, რომელიც სწავლობს ნიშნების ერთმანეთთან დამოკიდებულებას;
  • სემიოზისის პრაგმატიკული განზომილება, რომელიც სწავლობს ნიშნების ინტერპრეტატორებთან დამოკიდებულებას.

როგორც დავინახეთ, სოსიურიდან მოყოლებული, პირსთან და შემდგომ უკვე მორისთან უფრო და უფრო რთულდება და მრავალწევრა ხდება მიმართებები საგანს/მოვლენასა და სიტყვას შორის, რომელთაც ემატება კიდევ ერთი მხარე – ესაა მომხმარებელი. ამ მხრივ, პლატონის „კრატილოსში“ სახელდების პრობლემაზე მსჯელობისას, დიალოგის მონაწილეები ბევრ მეტად საყურადღებო ნიუანსს ეხებიან და მათ შორის ენის მომხმარებლის როლის შესახებაც შეგვიძლია დავინახოთ სოკრატეს კითხვაში: პროტაგორას სიტყვებით: „ადამიანია ყველაფრის საზომი“, თუ ამას დავუჯერებთ, როგორიც მეჩვენებიან/წარმომიდგებიან სიტყვები, ისეთივენი ხდებიან ისინი ჩვენთვის?(386).

  • მსგავსება ანტიკურ და თანამედროვე სემიოტიკურ თეორიებს შორის

თუ თანამედროვე ლინგვისტიკა ოპერირებს ისეთი ტერმინებით, როგორიცაა გამოხატულებისა და შინაარსის პლანი[13], აღსანიშნი და აღმნიშვნელი[14], ასევე ცნება და აკუსტიკური ხატი, პლატონის დიალოგში წარმოდგენილი დისკუსია გულისხმობს 1) სიტყვებს, 2) იმ საგნებსა და მოვლენებს, რომლებიც თავისთავად არსებობენ ბუნებაში და სოკრატე ამ ორმხრივ მიმართებას უმატებს საკითხის შესწავლის კიდევ ერთ პრობლემურ მხარეს – 3) ჩვენს წარმოდგენებს საგნებზე (439b).

მსგავსად ამისა, დღევანდელი ლინგვისტიკისთვის ერთმანეთისაგან გამიჯნულია სამი პლანი:

  1. სიტყვები;
  2. საგნები და მოვლენები თავისთავად (როგორც ისინი ესმოდათ ანტიკურობაში);
  3. ეს უკანასკნელნი ჩვენს ცნობიერებაში.

ამის გათვალისწინება აუცილებელია, როდესაც ჩვენ განვიხილავთ ანტიკურ თეორიას სახელდების შესახებ, რომელშიც ორი მიმართულება გამოიყოფა: ერთი თეორიის წარმომადგენლები ცნობილნი არიან „ფუსეისტების“ სახელით, მეორე კი „თესეისტებად“. თუმცა ამას საბოლოო დასკვნების გამოტანისას შევეხებით.

  • განსხვავება ანტიკურ და თანამედროვე სემიოტიკურ თეორიებს შორის

ერთ-ერთი ნიშანი, რომლითაც განსხვავდება პლატონის „კრატილოსში“ განხილული სახელდების სამშემადგენლიანი/სამწევრა გაგება (საგანი, წარმოდგენა მასზე და საგნის სახელი) თანამედროვე სემიოტიკური თეორიისაგან, კერძოდ კი ფრ. დე-სოსიურის, ჩ. პირსისა და ჩ. უ. მორისის ნიშნის აგების მოდელებისაგან, არის ამ უკანასკნელთა ნააზრევში თვითონ „ნიშნის“ ცნების მნიშვნელობის გაფართოება და მისი შემადგენელი სემანტიკური შრეების გამოყოფა. გარდა ამისა ნიშანი, როგორც სემიოტიკის ერთ-ერთი ცენტრალური ტერმინი, არა მხოლოდ ლინგვისტურ ნიშანს აღნიშნავს, არამედ ნიშნური არის უამრავი სხვა არალინგვისტური სისტემაც. მაგალითად: შუქ-ნიშანთა სისტემა, ცხოველური ენა, პროგრამული ენა, ხელოვნური ენა და მათ შორის მხოლოდ ერთ-ერთ ნიშნურ სისტემად მოიაზრება საკუთრივ ენობრივი სისტემა.

უმთავრესი განსხვავება ანტიკურ და ტანამედროვე სემიოტიკურ თეორიებს შორის ისაა, რომ „ენობრივი ნიშანი საგანსა და მის სახელს კი არ აკავშირებს ერთმანეთთან (როგორც ეს პლატონის დიალოგში გაიგებოდა სახელდების ბრობლემასთან დაკავშირებით), არამედ ცნებასა და აკუსტიკურ ხატს შორის (ტერმინთა განსაზღვრება იხ. ზემოთ).[15]

საბოლოო დასკვნა

ჩვენი განხილვის საგანი იყო ერთი მხრივ, პლატონის დიალოგი „კრატილოსი“ სახელდების პრობლემის თვალსაზრისით და მეორე მხრივ, ნიშნის აგების მოდელები თანამედროვე სემიოტიკაში. როგორც ცნობილია, ანტიკურ ფილოსოფიაში, კერძოდ კი პლატონთან, ფილოსოფიური დისკუსიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად ითვლებოდა სახელდების პრობლემა. საკვანძო ცნებები, რომელთა ირგვლივაც მიმდინარეობდა ფილოსოფიური მსჯელობა, ეხებოდა საგანს, მის შესაბამის სახელს და მათ შორის შესაძლო კავშირს, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ აღნიშნული მიმართება იყო ან განპირობებული, ანუ მოტივირებული და იყვნენ ამ აზრის მომხრე ფუსეისტები და ამის საპირისპიროდ კი თესეისტები, რომლებიც საგანსა და სახელს შორის პირობით კავშირს უჭერდნენ მხარს.

ხოლო რაც შეეხება თანამედროვე სემიოტიკას, ჩვენი განხილვის საგანი იყო ნიშანი, მისი აგების მოდელები და ის, თუ როგორ ტრანსფორმირდა ნიშნის გაგება ანტიკურობიდან ვიდრე სემიოტიკამდე. თუ პლატონთან არსებობდა სამწევრა გააზრება (კერძოდ, საგანი – ჩვენი წარმოდგენა ამ საგანზე – საგნის სახელი), უკვე სემიოტიკაში იგივე მიმართებების სხვაგვარი ტერმინოლოგიური გადააზრება მოხდა და სხვადასხვა ავტორთან ჩვენ ვხვდებით ნიშნის აგების სამ და მეტწევრა მოდელებს. სწორედ ძველ ბერძნულ ფილოსოფიაში პლატონთან დასმული სახელდების პრობლემა და თანამედროვე  სემიოტიკური ნიშნის აგების მოდელების შედარება, მათ შორის არსებული მსგავსება-განსხვავების დაჭერა და პირობითობის საკითხის განხილვა. იყო ჩვენი კვლევის მიზანი და მართლაც, საინტერესო შედეგი აჩვენა საკითხის ამგვარმა შესწავლამ.


გამოყენებული ლიტერატურა:

  1. თეორიული ენათმეცნიერების კურსი, თსუ, თბილისი 2008;
  2. გ. ნებიერიძე, ენათმეცნიერების შესავალი, „ნეკერი“, თბილისი,
  3. ფერდინანდ დე სოსიური, ზოგადი ენათმეცნიერების კურსი, დიოგენე, თბილისი, 2002.
  4. ნ. შენგელაია, არასრული სიტყვები და ტექსტის სემანტიკური მთლიანობა, დიოგენე, თბილისი,
  5. კ. ჭრელაშვილი, ლინგვისტურ მოძღვრებათა ისტორია, თსუ, თბილისი 2001;
  6. В. И. Звегинцев, Хрестоматия по истории языковедения XIX-XX веков, М., 1984.
  7. В. ф. Гумбольдт, Язык и философия культуры, М., 1985.
  8. Пирс Ч., 2000.
  9. Платон, Сочинения в трех томах том 1, «мысль», Москва, 1968, Кратил.
  10. Семиотика, Семиотика языка и литературы, Моррис Ч. Основания теории знаков Москва, «Радуга», С. 37-89.
  11. Pierce, Ch. S., Speculative Grammar, გვ. 358; Jakobson R., Quest for the Essence of Language, R. Jakobson, Selected Writings II, Mouton, 1971.
  12. Pierce, Ch. S., Speculative Grammar.
  13. Shapiro, M., The Sense of Grammar. Language as Semiotic, Bloomington, 1983.

[1] ვ. ფონ ჰუმბოლდტის ტერმინი.

[2] შენიშვ. იგულისხმება აღსანიშნი.

[3] შენიშვ. „კრატილის“ გარდა მის სხვა დიალოგებშიც გვხვდება ცალკეული მოსაზრებები ენის შესახებ.

[4] ფერდინანდ დე სოსიური „ზოგადი ლინგვისტიკის კურსში“ არ იყენებს ტერმინს „სემიოტიკა“. იგი მის ნაცვლად ახსენებს ტერმინს „სემიოლოგია“.

[5] ფერდინანდ დე სოსიური, ზოგადი ენათმეცნიერების კურსი, დიოგენე, თბილისი, 2002, გვ. 79-80.

[6] ფერდინანდ დე სოსიური, ზოგადი ენათმეცნიერების კურსი, დიოგენე, თბილისი, 2002, გვ. 74.

[7] იქვე, 2002, გვ. 74.

[8] იქვე, 2002, გვ. 73-74.

[9] დამატებითი ინფრომაციისთვის იხ. Pierce, Ch. S., Speculative Grammar.

[10] Shapiro, M., The Sense of Grammar. Language as Semiotic, Bloomington, 1983, p. 40.

[11] Pierce, Ch. S., Speculative Grammar, გვ. 358; Jakobson R., Quest for the Essence of Language, R. Jakobson, Selected Writings II, Mouton, 1971, p. 347-349.

[12] Shapiro, M., The Sense of Grammar. Language as Semiotic, Bloomington, 1983, p. 43.

[13] დამუშავდა „პორ-როიალის გრამატიკაში“.

[14] დამუშავდა ფერდინანდ დე სოსიურის თეორიაში.

[15] ფერდინანდ დე სოსიური, ზოგადი ენათმეცნიერების კურსი, დიოგენე, თბილისი, 2002, გვ. 73.

Advertisements
Innovations in Scholarly Communication

Changing Research Workflows

Crazy illusion

Thinking Aloud.

gypsyrepresent

Thinking critically about Romani representation in pop culture

ფილოლოგი

ქართული ფილოლოგია

Global Hinduism

Way of living Life

Learn to Teach Vedic Maths

Magical Methods-- World Leader in Vedic Mathematics

Defenders of Ma'at

Teach, Coach, Live, Learn, Train, Help, Inspire

Asheville Vedic Astrology

Vedic Astrology brought to you by Ryan Kurczak

Hamro dharma

Just another WordPress.com weblog

janeadamsart

An illustrated Journal of eastern and western wisdom

Sathya Sai Baba - Life, Love & Spirituality

Guru Bhagavan Sri Sathya Sai Baba Of Puttaparthi India

Soolaba's Blog

Ultimate Questions, Ultimate Answers

პიროვნული ზრდის სამყარო

„ჩვენ ვერასოდეს მივაღწევთ სიმშვიდეს გარე სამყაროში, სანამ არ მივაღწევთ მას შინაგანში“ - დალაი ლამა

მკითხველის ბლოგი

შთაბეჭდილებები კითხვის შემდეგ

Natia Kentchiashvili

natiakentchiashvili.WordPress.com site

კეჟერაძის ბლოგი

სამშობლოს, ადამიანებისა და ლიტერატურის მოყვარული რიგითი კლიმი

GeoSexMD.com - სამედიცინო სექსოლოგია

სექსუალური განათლება საქართველოში

აჭარა დღეს!

ჩვენ გვიყვარს ჩვენი კუთხე, საქართველოს ერთ–ერთი ულამაზესი მხარე, ჩვენი აჭარა.

Molly Bloom's Day™

ნაღებიან ყავასთან ერთად

მარო მაყაშვილის დღიური

გაფითრებული თებერვლის ლანდი

სემიოტიკა Semiotics

ცირა ბარბაქაძე _ შეხედეთ სამყაროს სემიოტიკის თვალით და აღმოაჩინეთ საკუთარი თავი მრავალ განზომილებაში

ბურუსი - BURUSI

თენგიზ ვერულავა - TENGIZ VERULAVA

Free Yourself

Just say "I am free!"

konspace

კოტეს ბლოგი ყველაფერზე

Barcelonisimo's Blog

ბლოგი მეგობრებისთვის და მათი მეგობრებისთვის...

My Civil Society

საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის ბლოგი

ბაბუაწვერა

ოცნებებში გაფანტული ბლოგი ☮

kalatozishvili

КРИТИК - Мы страшные, потому что работаем над этим.

აღმოაჩინე შენთვის საინტერესო / Discover Things That Interest You

აღმოაჩინე შენთვის საინტერესო – ამოუცნობი,არქიტექტურა, აღმოჩენა ,ახალი ამბები, ბუნება, გასართობი, დიზაინი ,დოკუმენტური, ვიდეო ,თამაშები ,ივენთები, კინო / თეატრი ,კოსმოსი, კრეატივი ,მედიცინა ,მეცნიერება ,მისტიკა, მოგზაურობა, მოდა ,მუსიკა ,ნოვაცია ,პიროვნებები ,რელიგია ,სასარგებლო, საჭმელ / სასმელი ,სპორტი, სურათები, ტექნოლოგია ,ფოტოები, ფუფუნების საგნები ,შპალერები, წიგნები, ხელოვნება

Savidge Reads

The Chronicles of a Book Addict