ატლანტიდის მითიდან პლატონის „იდეალურ სახელმწიფომდე“

58517_154607567899276_100000501025127_418286_6105319_s

ივანე ჯავახიშვილის სახელობის

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის

მაგისტრატურის I კურსის სტუდენტ ნათია კენჭიაშვილის

საკონფერენციო თემა სახელწოდებით:

ატლანტიდის მითიდან პლატონის „იდეალურ სახელმწიფომდე“

თბილისი 2013

როგორც ცნობილია, პოლიტიკური ფილოსოფიის სფეროში შედის პოლიტიკური თეორიების, სახელმწიფოს იდეალური, თუ უტოპიური მოდელების შემუშავება. ამ კუთხით, ძალზე საყურადღებოა, პლატონის იდეალური სახელმწიფოს მოდელი, რომელიც წარმოდგენილი იქნება განსხვავებული კუთხით – მის დიალოგებში დაცული ცნობით ატლანტიდის შესახებ და სწორედ, ამ ფონზე უტოპიური სახელმწიფო მოდელის წარმოჩენით.

საკითხის თავიდანვე გამოყოფისა და გამოკვეთის მიზნით, აღვნიშნავ იმ თემატიკას, რომელთა ირგვლივაც გვექნება მსჯელობა:
1. პლატონის დიალოგებში – „ტიმეოსი“ და „კრიტიასი“ – დაცული ცნობები ატლანტისის შესახებ;
1.1. სახელმწიფო წყობილება;
1.2. მოსახლეობის შესახებ;
1.3. სამხედრო სტრუქტურა;
1.4. კანონები;
2. პლატონის იდეალური სახელმწიფო (დიალოგ “სახელმწიფოს” მიხედვით);
2.1. საზოგადოების ფენებად დაყოფა;
3. აზრთა სხვადასხვაობა პლატონის დიალოგებში – „ტიმეოსი“ და „კრიტიასი“ – დაცული ცნობების შესახებ.
უდავოა, რომ პლატონს, როგორც ფართო ასპარეზის მოაზროვნეს სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად აინტერესებდა სახელმწიფო მთელი მისი სტრუქტურულ-ინსტიტუციონალური აპარატით. ამის შედეგია მის მიერ ე.წ. იდეალური სახელმწიფო მოდელის შექმნა თავის თეორიაში.
ჩვენ მიერ განხილული საკითხი იღებს შემდეგ სახეს:

  •  იყო თუ არა ეს მხოლოდ უტოპიური სახელმწიფო მოდელი? როგორც მას აფასებენ დღევანდელი გადმოსახედიდან – „უტოპიური სახელმწიფო მოდელი“ – თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ რეალური პრეცედენტი, რომ მსგავსი სახელმწიფო მოდელი განეხორციელებინათ, პლატონის თეორიის შექმნის დროიდან მოყოლებული, არ ყოფილა.
  • მაგრამ ამასაც რომ თავი დავანებოთ, არსებობდა თუ არა მანამდე, სანამ პლატონი თავის თეორიას გამოთქვამდა, რაიმე სახელმწიფო, სადაც მსგავსი ჩვენთვის უცნობი და განსხვავებული წეს-წყობილება იყო დამყარებული და თუ იყო მასზე ცნობების არსებობა გარკვეული წინაპირობა იმისათვის, რათა პლატონი მისულიყო ესოდენ უტოპიური სახელმწიფო მოდელის შექმნამდე.
  • შეიძლებოდა თუ არა, რომ ძველ დროში, ყოფილიყო სამეფო, რომელიც დღევანდელი სამყაროს სახელმწიფოთა პოლიტიკური წეს-წყობილებებისაგან განსხვავებულ მმართველობით მექამიზმს ემყარებოდა?
  • ხომ არ ყოფილა, პლატონიც მხრიდან თავისი იდეალური სახელმწიფოს სურათი, ძველ სახელმწიფოთა წყოფილებაში დაბრუნებისა და მიმსგავსების მცდელობა, თუნდაც მხოლოდ თეორიულად?

ამ საკითხებს, ცალსახა და ამომწურავი პასუხი ვერ გაეცემა. თუმცა თავად საკითხის დაყენების წინაპირობა ნამდვილად გვაქვს და ამას დავინახავთ, როდესაც პლატონის დიალოგებიდან გარკვეულ ნაწყვეტებს გავეცნობით.
ჩვენი მიზანია, ვაჩვენოთ, რომ სწორედ ატლანტიდაზე არსებული ცნობები გახდა ფონი და ბიძგი იმისათვის, რათა პლატონს ჩამოეყალიბებინა იდეალური და ამავე დროს უტოპიური სახელმწიფო მოდელი, რომლის პრეცედენტიც ამ თეორიის გაჩენის დღიდან მოყოლებული არ ყოფილა.
ასეთი და ამგვარი მოსაზრებები ჩნდება პლატონის დიალოგთა კითხვისას და ხშირად, არც თუ ისე საფუძველსმოკლებული რეალობის დანახვამდე მივყავართ მათ.
პლატონმა შესანიშნავად იცოდა, თუ რა პოლიტიკური ცვლილებები მიმდინარეობდა მის სამშობლოში და თავის შრომებში ხშირად მიუთითებდა ხოლმე, რა გზებით შეეძლო საბერძნეთს ძველი დიდება დაებრუნებინა. ამასთან, უნდა ვიფიქროთ, რომ თავად პლატონი პოლიტიკურ ბრძოლებში არ იღებდა მონაწილეობას. „ოცდაათ ტირანს“ შორის უმთავრესის _ კრიტიასის დამარცხების შემდეგ იგი თავის ქალაქს გაეცალა. თორმეტი წელი აღარ ყოფილა ათენში, ამ ხნის განმავლობაში ბევრს მოგზაურობდა, ხმელთაშუა ზღვის სანაპირო სახელმშიფოებში, კერძოდ, ეგვიპტესა და სირაკუზაში. ეგვიპტეში გაეცნო მმართველობის უძველესს და მისი აზრით, ყველაზე მისაღებ ფორმას, რომლის დანერგვაც სცადა შემდეგ სიცილიაში. ეგვიპტეში მრავალი ბერძენი მოაზროვნე იყო განსწავლული, მათ შორის, პლატონის მონათხრობის თანახმად, ეგვიპტელ ქურუმებს უჩვენებიათ ეგვიპტის, საბერძნეთისა და ატლანტისის შორეულ წარსულთან დაკავშირებული წერილობითი საბუთები.
ატლანტისის შესახებ ცნობები პლატონმა ეგვიპტეში ყოფნიდან თითქმის ორმოცდაათი წლის შემდეგ დაწერა. ჩვენ არ ვიცით, თავად პლატონი თუ გაეცნო ეგვიპტეში ყოფნისას ატლანტისთან დაკავშირებულ საბუთებს, რომელიც, თავის მხრივ, სოლონსაც აჩვენეს. ყოველ შემთხვევაში, მის შრომებში ამის თაობაზე არაფერია ნათქვამი, რაც საეჭვოს ხდის მისი მონათხრობის უტყუარობას. შეიძლება ისეთი ვარაუდიც დავუშვათ, რომ ატლანტისის დაღუპვის საიდუმლო პლატონს ეგვიპტეში გამგზავრებამდე დიდიხნით ადრეც სცოდნოდა (1, 1972:16).
დიალოგებში „ტიმეოსსა“ და „კრიტიასზე“ მუშაობისას, პლატონმა აღწერა გარკვეული წეს-წყობილება, თავისებური საისტორიო გამოკვლევის ფორმით: ამგვარი წყობილება სუფევდა ატლანტიდასა და ათენში უდიდესი ზეობის დროს, ათასეულობით წლის წინ.
1. პლატონის დიალოგებში – „ტიმეოსი“ და „კრიტიასი“ – დაცული ცნობები ატლანტისის შესახებ
პლატონი ატლანტიდის სახელმწიფოს შესახებ ცნობებს პირველად დაახლოებით ძვ. წ.-ით 360 წელს დაწერილ თავის დიალოგში – “ტიმეოსი” – წარმოგვიდგენს (3, 24ე–25ა), რომელშიც ოთხი მთხრობელია გამოყვანილი: სოკრატე, ტიმეოსი, კრიტიასი და ჰერმოკრატე.
პლატონიც მეორე დიალოგი “კრიტიასი” ითვლება “ტიმეოსის” გაგრძელებად. მასში თხრობას კრიტიასი იწყებს შემდეგი სიტყვებით: „ცხრა ათასამდე წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჰერაკლეს სვეტების გაღმა-გამოღმა მცხოვრებთ ომი ჰქონდათ ერთმანეთში” (3, 108е-109ბ). იმ ხანად ორი სახელმწიფო არსებობდა – საბერძნეთი და ატლანტისი. სხვა ხალხები ერთ-ერთ მათგანს ემორჩილებოდნენ; „ერთ მხარეს ეს ქალაქი ედგა სათავეში, ხოლო მეორეს კუნძულ ატლანტისის მეფენი წინამდგომობდნენ.“
ამგვარი წყობილების მეშვეობით მათ მიაღწიეს საზოგადოებრივ კეთილდღეობას, სამართლიანობას და მისივე წყალობით ათენს გაუმარჯვნია ისეთ ძლიერ მეტოქესა და მტერზე, როგორიც ატლანტისი იყო. ამ ყოველივეს გათვალისწინებით, პლატონი თავის თანამედროვე ათენურ დემოკრატიას მმართველობის უმაღლეს და იდეალურ ფორმად აღარ მიიჩნევდა (2, 1990:125) და მისი პოლიტიკური გემოვნებაც ყოველივე ამის გათვალისწინებით სრულებით გასაგები ხდება.
დაუშვებელია ყურადღება არ გავამახვილოთ იმაზე, რომ ათენასა და ატლანტიდის ისტორიაზე ფილოსოფიურმა რეფერენციამ მიიყვანა პლატონი გარკვეულ იდეებამდე. პლატონის დიალოგში, როგორც დავინახეთ, საუბარი იწყება იმის გამო, რომ გარკვეული წარმოსახვითი სურათი შეგვიქმნას იდეალურ სახელმწიფოზე, როგორც ცოცხალი, არსებული და ქმედითი სტრუქტურის მატარებელ მმართველობაზე; ერთი მხრივ, წარმოდგენილია მმართველობის ათენური მოდელი და მეორე მხრივ კი ატლანტიდა.
1.1. სახელმწიფო წყობილება
როგორც პლატონის დიალოგებიდან ირკვევა, ადამიანებმა დაივიწყეს, როგორი წყობილება იყო ამ სახელმწიფოებში ძველად. მომდევნო თაობებმა მხოლოდ გადმოცემით იცოდნენ თავ-თავიანთი მიწის მფლობელთა სახელები და მათი საქმეები, მაგრამ ამაზეც ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდათ, რადგან უწინარეს ყოვლისა, თვითგადარჩენისათვის ბრძოლით იყვნენ დაკავებულნი, ხოლო „გარდამოცემათა და სიძველეთა ძიების სულისკვეთება ქალაქებში მოცალეობასთან ერთად დამკვიდრდა…“ (3, 109ც-110ბ).
ატლანტიდას მართავდნენ მეფენი, რომლებსაც ღვთაებრივი წარმომავლობა ჰქონდათ. მმართველობითი სფერო გამართა თავად ღმერთმა და მისმაშვილებმა. მმართველობის ღვთაებრივი წარმომავლობის იდეა მნიშვნელოვანია პლატონისათვის და ამ აზრს სხვაგანაც ავითარებს.
1.2. მოსახლეობის შესახებ
დიალოგში ვკითხულობთ ატლანტისის მცხოვრებთა შესახებ: „სხეულის მშვენიერებითა და სხვადასხვაგვარი ქველობით“ ევროპასა და აზიაში სახელგანთქმული ხალხი ცხოვრობდა. „…მრავალი თაობის მანძილზე, ვიდრე ღვთაებრივი ბუნება კიდევ კმასაყოფი იყო მათში (იმ მხარეთა ადამიანებში), ისინი კანონთა მორჩილნი იყვნენ და თავიანთ ღვთაებას მოყვარულად ეპყრობოდნენ. რამეთუ ჭეშმარიტი და მართლაც მაღალი გონება ეპყრათ და კრძალვითა და კეთილგონიერებით ეკიდებოდნენ როგორც ჩვეულებრივს ცხოვრებისეულ შემთხვევითობებს, ისე ერთიმეორეს. ამიტომ ყოველსავე ამაოდ შერაცხავდნენ, თვინიერ სათნოებისა, და თავს არ ევლებოდნენ, რაც ჰქონდათ, აუარება ოქრო და სხვა რამ მოსახვეჭელი, გულგრილად ეპყრათ, თითქოს კირთი ყოფილიყოს. მიწას როდი განერთხმოდნენ ფუფუნებით ზარხოშნი და სიმდიდრით თავდაკარგულნი; არა, ფხიზელი გონების მფლობელთ ნათლად ჰქონდათ შეცნობილი, რომ ეს ყოველივე საერთო გულისხმიერებითა და სათნოებით შეიძინება, ხოლო როდესაც სიმდიდრის გამო მრავალ საზრუნავს იჩენენ და დიდ ფასსაც ადებენ, თვითონვე გარდაიქცევა და წარიწყმიდება იგი. ამგვარი თვალსაზრისისადა მათში დაცული ღვთაებრივი ბუნების მეოხებით ისინი წარმატებით ფლობდნენ ყოველსავე, რაიც წერილად აღვნუსხეთ ზემოთ. გარნა, როცა მოკვდავ ბუნებასთან ხშირ-ხშირად და მრავალგზის აღრევის გამო ღვთაების წილი მათში ბოლოს და ბოლოს მიინავლა, ხოლო კაცობრივმა ბუნებამ იმძლავრა, მაშინ წაირყვნენ თავიანთი ჭეშმარიტი ბედნიერების ტვირთის ვერშემძლენი, და ის, ვისაც ამის განსხვავება ძალუძს, მათ ბიწიერ ხალხად მიიჩნევდა უკვე, რამეთუ უძვირფასეს სიკეთეთაგან სწორედ ყველაზე მშვენიერნი გაემეტებინათ…“ (3, 120-121ბ). აქ ის აზრია გამოთქმული, რომ ატლანტიდის ისტორია ორ ნაწილად იყოფა: აღმასვლისა და დაცემის პერიოდებად, რომლებიც მთლიანად მიჰყვება მოსახლეობის სულიერი მდგომარეობის ამსახველ მონაცემებს.
ატლანტიდის სახელმწიფოებრივი კეთილდღეობა, ამ მონაკვეთიდან გამომდინარე, განპირობებულია მოსახლეობის მაღალზნეობრიობითა და მოთხოვნილებათა სხვაგვარი სტრუქტურით. დღევანდელი სამყარო ბევრადაა დამოკიდებული მატერიალურ მოთხოვნილებებზე და სახელმწიფოს პოლიტიკაც მათ მიზანშეწონილ დაკმაყოფილებაზე, ანდა შეზღუდვაზეა ორიენტირებული. ამ კუთხით, მართლაც რომ, უნაკლო სურათს ვხედავთ პლატონთან დაცულ ცნობაში იმის შესახებ, თუ როგორი იდეალური მიმართება შეიძლება არსებობდეს სახელმწიფოსა და მოსახლეობას შორის მაშინ, როცა ეს უკანასკნელი ხასიათდება შემდეგი თვისებებით:
• „მრავალი თაობის მანძილზე, ვიდრე ღვთაებრივი ბუნება კიდევ კმასაყოფი იყო მათში … ისინი კანონთა მორჩილნი იყვნენ და თავიანთ ღვთაებას მოყვარულად ეპყრობოდნენ.“
• „ჭეშმარიტი და მართლაც მაღალი გონება ეპყრათ და კრძალვითა და კეთილგონიერებით ეკიდებოდნენ როგორც ჩვეულებრივს ცხოვრებისეულ შემთხვევითობებს, ისე ერთიმეორეს.“
• „ყოველსავე ამაოდ შერაცხავდნენ, თვინიერ სათნოებისა, და თავს არ ევლებოდნენ, რაც ჰქონდათ, აუარება ოქრო და სხვა რამ მოსახვეჭელი, გულგრილად ეპყრათ, თითქოს კირთი ყოფილიყოს. არა, ფხიზელი გონების მფლობელთ ნათლად ჰქონდათ შეცნობილი, რომ ეს ყოველივე საერთო გულისხმიერებითა და სათნოებით შეიძინება, ამგვარი თვალსაზრისისა და მათში დაცული ღვთაებრივი ბუნების მეოხებით ისინი წარმატებით ფლობდნენ ყოველსავე…“
ხოლო იდეალური სახელმწიფო წყობილება კარგავს თავის სახეს მას შემდეგ, რაც თვისობრივად იცვლება მოსახლეობის ბუნება და პლატონის სიტყვებით, “ბიწიერ ხალხად” იქცევა იგი: „გარნა, როცა მოკვდავ ბუნებასთან ხშირ-ხშირად და მრავალგზის აღრევის გამო ღვთაების წილი მათში ბოლოს და ბოლოს მიინავლა, ხოლო კაცობრივმა ბუნებამ იმძლავრა, მაშინ წაირყვნენ თავიანთი ჭეშმარიტი ბედნიერების ტვირთის ვერშემძლენი…”
1.3. სამხედრო სტრუქტურა
რაც შეეხება ატლანტისის სამხედრო სტრუქტურას, მისი მხედრობის შემადგენლობა („როგორც მამაკაცთა, ისე ქალთა, ამჟამადაც და მომავალშიც ომის შემძლეთა“) რიცხობრივად მუდამ ერთნაირი იყო, ე. ი. „ოცი ათასამდე მებრძოლს მაინცშეიცავდა.“
ათენელთა წინააღმდეგ გამოსალაშქრებლად ატლანტებს მთელი თავიანთი ძალა უნდა შეეკრიბათ. ატლანტთა ლაშქარი სახმელეთო და საზღვაო ძალთაგან შედგებოდა. უზარმაზარ არმიას ათი ათასი წყვილად შესაბმელი და სამოცი ათასი უფრო მსუბუქი ეტლი ჰქონდა. შეჭურვილობას შეადგენდა მშვილდები, შურდულები და აგრეთვე შუბები. საზღვაო ძალთა შემადგენლობაში იყო ათას ორასი ხომალდი ორ ასორმოცი ათასი მეზღვაურითურთ. მთელი არმია შედგებოდა ცხრა კორპუსისგან, რაც უმთავრესი მბრძანებლისადმი დამორჩილებულ ცხრა სამეფოს შეესაბამებოდა.
1.4. კანონები
უნდა აღინიშნოს უმთავრესი, ატლანტები მუდამ იცავდნენ ერთხელ დადგენილ კანონებს. ორიქალკოსის სვეტზე იყო აღბეჭდილი ეს კანონები და პოსეიდონის ტაძარში ინახებოდა, რათა ყველას შეძლებოდა მისი წაკითხვა. ტაძართან სასამართლო ეწყობოდა ხოლმე და საზოგადო საქმეებთან დაკავშირებითაც იქ ბჭობდნენ. სამსჯავროს დაწყებამდე საკურთხეველზე მსხვერპლს სწირავდნენ და საზეიმო ფიცს დებდნენ, რომ „სვეტზე აღბეჭდილ კანონთა თანახმად“ გამოიტანდნენ მსჯავრს. მხოლოდ სამსხვერპლო რიტუალის შემდეგ, შეუდგებოდნენ ბჭობასა და საბოლოო გადაწყვეტილებას იღებდნენ ღამით, მხოლოდ მეორე დღეს წერდნენ განაჩენს ოქროს დაფაზე და ამასაც ტაძარში ტოვებდნენ მსხვერპლად.
კანონი მეფეებს უკრძალავდა ერთიმეორის წინააღმდეგ მიემართათ იარაღი და ავალებდა მიშველებოდნენ ერთმანეთს. „…წინაპართა მსგავსად, ისინიც ერთობლივ ღებულობდნენ გადაწყვეტილებას ომისა თუ სხვა ღონისძიებათა გამო, ამასთან, უმაღლესი ხელმძღვანელობა ატლასის გვარს ჰქონდა მინდობილი. მეფეს არ ხელეწიფებოდა სიკვდილი მიესაჯა რომელიმე სახლეულისთვის, თუკი ათთა მეფეთაგან ნახევარზე მეტი ერთი აზრისა არ იქნებოდა ამ საკითხის გამო.” (3, 120დ).
2. პლატონის იდეალური სახელმწიფო (დიალოგ “სახელმწიფოს” მიხედვით).
პლატონის მიერ აღწერილ სახელმწიფოს იდეალურს უწოდებენ. ამგვარ ეპითეტს რამდენიმე და ამავე დროს, ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული მნიშვნელობა აქვს:
(1) იდეალური ნიშნავს საუკეთესოს. სრულყოფილ სახელმწიფოს ყველა რეალურად თუ შესაძლო არსებულ სახელმწიფოთა შორის;
(2) თავისთავად, როგორც იდეალური სახელმწიფოს აღწერა, წარმოადგენს პლატონის ჩანაფიქრის გადმოცემას, რაც არის მმართველობის წარმოსახვით მოდელზე მხოლოდ და მხოლოდ აბსტრაქცია.
(3) რაც არ უნდა ჩავთვალოთ, რომ პლატონმა ისარგებლა უძველესი სახელმწიფო წყობილების _ ატლანტიდის მაგალითით, რათა მისულიყო ამგვარი უტოპიური სახელმწიფო მოდელის შექმნამდე, მაინც არ უნდა დაგვავიწყდეს მისი მოძღვრების იდეალისტური მხარე, ის, რომ მისთვის ესაა სახელმწიფოს “იდეალური” (1) იდეა. იდეა კი გულისხმობს თავის თავში საუკეთესოდ არსებობის წესს.
2.1. საზოგადოების ფენებად დაყოფა
ბერძენი ფილოსოფოსის პლატონის დიალოგში “სახელმწიფო” განვითარებულია შეხედულებები იდეალური სახელმწიფოს შესახებ (3, 369ც–372დ). მისი მოსახლეობა სულის ანალოგიით სამ სხვადასხვა წოდებადაა დაყოფილი:
პირველი, დაბალი კლასი მოიცავს “ხალხს”, რომელიც “მიწათმოქმედთა და ხელოსანთაგან” შედგება. მათვე ემატებიან ვაჭრებიც;
მეორე წოდებას განეკუთვნებიან მეომარი “მცველები” და სახელმწიფო საქმეთა გამრიგე “მოხელენი”;
მესამეს შეადგენს მმართველ ფილოსოფოსთა ფენა.
მმართველ კლასს შეესაბამება სულის გონივრული საწყისი, მეომართა კლასს სულის აფექტური ნაწილი, ხოლო უმდაბლეს კლასს სულის ის საწყისი, რომელიც ხორციელ გრძნობებსა და მდაბალ ინსტინქტებს განასახიერებს.
იზომორფიზმი ატლანტიდის კონტურებსა და პლატონის მოძღვრების იდეალისტურ ასპექტებს შორის უდავოდ არსებობს (2, 1990:156).
3. აზრთა სხვადასხვაობა პლატონის დიალოგებში – „ტიმეოსი“ და „კრიტიასი“ – დაცული ცნობების შესახებ
სავარაუდოდ, პლატონს მართლაც ჰქონდა ხელთ გარკვეული ცნობები და ისინი დაუდვია თავის მონათხრობს საფუძვლად. საფიქრებელია, რომ ეს უძველესი ეგვიპტური ჩანაწერები ყოფილიყო (1, 1972:47).
თუ გავიხსენებთ კრიტიასის სიტყვებს თავად დიალოგიდან: „ეს ჩანაწერები ჰქონდა პაპაჩემს და მეც შემომრჩა დღემდე“.
კომენტატორთა უმრავლესობა ხშირად უყურადღებოდ ტოვებდა ატლანტისის პლატონისეულ აღწერას, ამ ამბავს ფილოსოფოსის მიერ მოთხრობილი თემის ფონად მიიჩნევდნენ.
მაგრამ არიან მკვლევარნი, რომელთაც სწამთ პლატონის ნათქვამი, მათი აზრით, პლატონს ფიქტიური ატლანტისის წარმოსახვითი სურათი კი არ შეუთხზავს, არამედ სხვა წყაროებიდან ნასესხები აღწერილობანი დაუმუშავებია ლიტერატურულად.
არის მოსაზრებაც, რომ პლატონს ტიმეოსის ნაწარმოები შეუსყიდია და ავტორს ასი მნა გადაუხდა; ასევე არის ვერსია, რომ ავტორს ფილოლაოს კროტონელის შრომები ჩაუვარდა ხელთ და იქიდან ამოკრიფა ასტრონომიის დარგში ცნობები.
იმ შემთხვეაშიც კი, პლატონს თავის მხრივ, რომ არაფერი დაემატებინა და ზუსტად გადმოეცა ყოველივე, რაც კი ატლანტისის შესახებ იცოდა, მისი მონათხრობი შესაძლოა მოგონილი ამბავი გამომდგარიყო, მანამდე შეთხზული, ვიდრე მას პლატონი და სოლონი გაეცნობოდნენ (1, 1972:18-20).
კომენტატორთა მეორე ჯგუფს ისინი მიეკუთვნებიან, რომლებსაც პლატონის მონათხრობი თავიდან ბოლომდე უტყუარ ამბად მიაჩნია. უნდა აღინიშნოს, რომ რაც უფრო გადის დრო, მით უფრო მეტი ფაქტობრივი მასალა ჩნდება, რაც დამატებითი არგუმენტებით ამყარებს ამ უკანასკნელთა პოზიციას იმის შესახებ, რომ ატლანტისის ცივილიზაცია რეალურად ნამდვილად არსებობდა შორეულ წარსულში.
პლატონის პირველი ოპონენტი, როგორც ჩანს, მისივე მოწაფე არისტოტელე უნდა ყოფილიყო. მან მასწავლებლის სიცოცხლეშივე განაცხადა, რომ დაღუპული კონტიტენტის მთელი ამბავი მას თავიდანვე შეუთხზავს, რათა მის ფონზე უფრო მოხერხებულად ექადაგა თავისი პოლიტიკურიდა ფილოსოფიური შეხედულებები, ამდენად, მისი ბრალდებაპირდაპირ მიმართულია პლატონის თეორიის სრული სიცრუის წარმოსაჩენად, უფრო მეტიც, არისტოტელეს თანახმად, პლატონს ბოროტად გამოუყენებია თავისი ნათესავისა და მეგობრის – კრიტიასის სახელი, რომლის პირითაც მოგვითხრობს მთელს ამ ამბავს და ასევე, მას უსარგებლია „შვიდთა ბრძენთაგან ბრძენთა ბრძენის“ სოლონის ავტორიტეტითაც. როგორც არ უნდა იყოს, პლატონი ნამდვილად უნდა ყოფილიყო შთაგონებული ატლანტიდაზე არსებული მითით იმისათვის, რომ იდეალური სახელმწიფო მოდელი შეექმნა.

გამოყენებული ლიტერატურა:

1. ლ. ზაიდლერი, ატლანტისი, თბილისი, „ნაკადული“, 1972.
2. Д. В. Панченко, Платон и Атлантида, Ленинград, “Наука”, 1990.
3. Платон, Сочинения в трех томах, том 3, часть 1, Москва, «мысль», 1971.

დაიბეჭდა სამეცნიერო ჟურნალში “ხელისუფლება და საზოგადოება” 4(28) 2013

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Innovations in Scholarly Communication

Changing Research Workflows

Crazy illusion

Thinking Aloud.

gypsyrepresent

Thinking critically about Romani representation in pop culture

ფილოლოგი

ქართული ფილოლოგია

Global Hinduism

Way of living Life

Learn to Teach Vedic Maths

Magical Methods-- World Leader in Vedic Mathematics

Defenders of Ma'at

Teach, Coach, Live, Learn, Train, Help, Inspire

Asheville Vedic Astrology

Vedic Astrology brought to you by Ryan Kurczak

Hamro dharma

Just another WordPress.com weblog

janeadamsart

An illustrated Journal of eastern and western wisdom

Sathya Sai Baba - Life, Love & Spirituality

Guru Bhagavan Sri Sathya Sai Baba Of Puttaparthi India

Soolaba's Blog

Ultimate Questions, Ultimate Answers

პიროვნული ზრდის სამყარო

„ჩვენ ვერასოდეს მივაღწევთ სიმშვიდეს გარე სამყაროში, სანამ არ მივაღწევთ მას შინაგანში“ - დალაი ლამა

მკითხველის ბლოგი

შთაბეჭდილებები კითხვის შემდეგ

Natia Kentchiashvili

natiakentchiashvili.WordPress.com site

კეჟერაძის ბლოგი

სამშობლოს, ადამიანებისა და ლიტერატურის მოყვარული რიგითი კლიმი

GeoSexMD.com - სამედიცინო სექსოლოგია

სექსუალური განათლება საქართველოში

აჭარა დღეს!

ჩვენ გვიყვარს ჩვენი კუთხე, საქართველოს ერთ–ერთი ულამაზესი მხარე, ჩვენი აჭარა.

Molly Bloom's Day™

ნაღებიან ყავასთან ერთად

მარო მაყაშვილის დღიური

გაფითრებული თებერვლის ლანდი

სემიოტიკა Semiotics

ცირა ბარბაქაძე _ შეხედეთ სამყაროს სემიოტიკის თვალით და აღმოაჩინეთ საკუთარი თავი მრავალ განზომილებაში

ბურუსი - BURUSI

თენგიზ ვერულავა - TENGIZ VERULAVA

Free Yourself

Just say "I am free!"

konspace

კოტეს ბლოგი ყველაფერზე

Barcelonisimo's Blog

ბლოგი მეგობრებისთვის და მათი მეგობრებისთვის...

My Civil Society

საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის ბლოგი

ბაბუაწვერა

ოცნებებში გაფანტული ბლოგი ☮

kalatozishvili

КРИТИК - Мы страшные, потому что работаем над этим.

აღმოაჩინე შენთვის საინტერესო / Discover Things That Interest You

აღმოაჩინე შენთვის საინტერესო – ამოუცნობი,არქიტექტურა, აღმოჩენა ,ახალი ამბები, ბუნება, გასართობი, დიზაინი ,დოკუმენტური, ვიდეო ,თამაშები ,ივენთები, კინო / თეატრი ,კოსმოსი, კრეატივი ,მედიცინა ,მეცნიერება ,მისტიკა, მოგზაურობა, მოდა ,მუსიკა ,ნოვაცია ,პიროვნებები ,რელიგია ,სასარგებლო, საჭმელ / სასმელი ,სპორტი, სურათები, ტექნოლოგია ,ფოტოები, ფუფუნების საგნები ,შპალერები, წიგნები, ხელოვნება

Savidge Reads

The Chronicles of a Book Addict

%d bloggers like this: