„სამყაროსა“ და „სუბსტანციის“ ცნებების ურთიერთმიმართება პანთეიზმში

58517_154607567899276_100000501025127_418286_6105319_s

ივანე ჯავახიშვილის სახელობის

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის

სტუდენტი ნათია კენჭიაშვილი

საკონფერენციო მოხსენება სახელწოდებით

„სამყაროსა“ და „სუბსტანციის“ ცნებების ურთიერთმიმართება პანთეიზმში

მოხსენების თემის ხელმძღვანელი რევაზ გორდეზიანი

თბილისი 2012

“სამყაროსა” და “სუბსტანციის” ცნებების ურთიერთმიმართება პანთეიზმში

პანთეიზმი (ბერძნ. πάν პან _ ყველაფერი; θεός თეოს _ ღმერთი) არის რელიგიურ-ფილოსოფიური მოძღვრება, რომლის მიხედვითაც ღმერთი წარმოადგენს უპიროვნო საწყისს, რომელიც ბუნების მიღმა კი არ არსებობს, არამედ მასთან იგივეობრივია, ხოლო ბუნებას განიხილავს როგორც ღვთაების განსახიერებას.[1]

პანთეიზმის სხვადასხვაგვარი განმარტება არსებობს:

  1.  თვალსაზრისი, რომ ღმერთი სიკეთისა და ბოროტების მიღმაა. ამ აზრს იზიარებდა გ. ჰეგელი. პანთეისტებს, ჩვეულებრივ, სჯერათ, რომ ღმერთი, ასე ვთქვათ, ასულიერებს სამყაროს, როგორც თქვენ _ თქვენს სხეულს; რომ სამყარო თითქმის ღმერთია და რომ არ არსებობდეს სამყარო, არ იარსებებდა ღმერთი; ყოველი არსებული სამყაროში არის ღმერთის ნაწილი. ქრისტიანები სულ სხვაგვარად ფიქრობენ. ღმერთმა გამოიგონა და შექმნა სამყარო მსგავსად იმისა, როგორც კაცი ქმნის სურათს ან თხზავს მელოდიას.[2]ამგვარ მიდგომას კი აუცილებლად ესაჭიროება, როგორც ქმნადობის დასაწყისი, ისე დასასრული. პანთეიზმის თანახმად კი სამყარო და შესაბამისად, ღმერთი მარადიულად არსებულნი არიან.
  2.  ის გვეუბნება, რომ ყველაფერი არის ღმერთი, ანდა, ყველაფერი არის ღმერთში (პან-ენ-თეიზმი. კოპლსტონის ტერმინი). სამყაროს ასეთი გაწყობა სუბიექტის და მოვლენის იგივეობაზე მიგვითითებს, ანუ სუბიექტი კი არ განსაზღვრავს შემთხვევას, თვითონ სუბიექტია შემთხვევა, მისი პარამეტრები. ამიტომ, სუბიექტიცა და შემთხვევაც ერთად ხდება. ეს გაწყობა, სტრუქტურა სამყაროს აღქმის „ქრონიკული“ წესიდან არ გამოიყვანება და შესაბამისად, სამყაროს ღმერთან თანადროულად არსებობა ახასიათებს. ამიტომაც შემთხვევითი არ არის ასეთი მოძღვრებების ერესად მონათვლა.[3]
  3. რელიგია, რომელიც ღმერთს ბუნებაში „ჩაძირულად“ თუ „შთანთქმულად“ მოიაზრებს. ასეთი ღმერთი არ არის შემოქმედი და სამყაროც ამ ტიპის რელიგიის თანახმად არ წარმოშობილა, იმთავითვე არსებობდა მარადიულად, ღმერთებიც არსებულის წიაღში დაიბადნენ და ჩათრეულნი არიან ბუნების პროცესებში, მის წრებრუნვაში. ღმერთს თითქოს არა აქვს ბუნებისგან დამოუკიდებელი არსებობა, რადგან გათქვეფილია მასში და დამორჩილებულია მის კანონებს. ბუნება პერიოდულად კვდება და მასთან ერთად ღმერთიც და აღორძინდება ბუნების ძალთა აღორძინებასთან ერთად. იგი უფრო მსოფლმხედველობაა, ვიდრე რელიგიის დამოუკიდებელი ტიპი. პანთეიზმი დამახასიათებელია ბევრი პოლითეისტური რელიგიისთვის, კერძოდ, ამ რწმენას ეფუძნება კულტი მომკვდარი და აღორძინებადი ღვთაებებისა, რაც საკმაოდ გავრცელებული იყო წინა აზიაში (დუმუზი, თამუზი, ადონისი, ატისი და სხვ.).[4]
  4. პირველად XVIII საუკუნის დასაწყისში გამოყენებული ეს ტერმინი აერთიანებს ყველა იმ სწავლებას, რომელთა თანახმადაც, ღმერთი ყოველივეში ცოცხლობს როგორც ერთადერთი, აბსოლუტური, მარადიული, უსასრულო და უპიროვნო სუბსტანცია, ისე რომ ღმერთში ერთმანეთს ემთხვევა აბსოლუტური ყოფნა და ცოცხალი და შემოქმედი ბუნება. ტერმინი „პანთეისტი“ პირველად შემოიღო ინგლისელმა ფილოსოფოსმა ჯ. ტოლანდმა 1705 წ.,  ხოლო ტერმინი “პანთეიზმი” _ ნიდერლანდელმა თეოლოგმა ი. ფაიმ 1709 წ.

პანთეიზმის ელემენტებს საუკუნეთა მანძილზე განსხვავებულად განმარტავდნენ. მისი იდეების წარმოშობა ჯერ კიდევ გვხვდება ცალკეულ აღმოსავლურ რელიგიებში, ინდურ ფილოსოფიაში (ბრაჰმანიზმში, ინდუიზმში და ვედანტაში), აგრეთვე ჩინურ დაოიზმში, ხოლო დასავლეთში _ ძველბერძნულ ფილოსოფიაში, კერძოდ, სოკრატემდელი ბერძენი ფილოსოფოსების მონიზმში. განსაკუთრებით აღსანიშნავია, ქსენოფანეს პანთეისტური შეხედულებანი. ის თავისი მოძღვრების განვითრების შედეგად მივიდა ათეისტურ დასკვნებამდე: ღმერთები იქმნებიან ადამიანების მიერ. მოგვიანებით, პანთეიზმის პრინციპებს შეიცავდა სტოიციზმის ეთიკური კონცეფციები, რომლებშიც მატერიალისტური დებულებები გვხვდება.

ქრისტიანობისა და ისლამის გაჩენის შემდეგ, რომელთათვისაც მთავარია ღმერთის მონოთეისტურად გაგება, როგორც პიროვნების, რომელიც აბსოლუტურად ამაღლებულია ბუნებასა და სამყაროსთან მიმართებაში, გაიზარდა რელიგიურ-ფილოსოფიურ აზროვნებაში პანთეიზმის პროგრესული როლი. პანთეიზმი რელიგიის საპირისპიროდ აყენებდა მოძღვრებას ღმერთზე, როგორც მსოფლიო სულზე, რომელიც ბუნებაში იმალება, საგნებშია განხორციელებული. ევროპული და ახლოაღმოსავლური შუასაუკუნეების პანთეისტები განსაკუთრებით ეყრდნობოდნენ ნეოპლატონიზმისათვის არსებით პრინციპს ემანაციისა, აგრეთვე აპოფატიკურ თეოლოგიასთან დაკავშირებულ მისტიკურ პრინციპს ღმერთის ზეგონებრივი წვდომის შესახებ. რელიგიური პანთეიზმი ნატურალიზმის ელემენტებით ნათლადაა წარმოდგენილი ი. ს. ერიუგენას სისტემაში, ასევე პ. აბელიართან და შარტრის სკოლის ზოგიერთ წარმომადგენელთან. პანთეიზმის ერთ-ერთი პირველი მატერიალისტური განმარტება მოგვცა დავით დინანტელმა, რომელიც ამტკიცებდა, რომ მატერია, ღმერთი და გონება ერთი და იგივეა. პანთეიზმის ნატურალისტურმა ტენდენციებმა მთელი ძალით გამომჟღავნება იწყეს აღორძინების ეპოქაში, როცა განსაკუთრებით გაიზარდა ინტერესი ბუნებისადმი.

სტატიკური პანთეიზმის მომზადების ტენდენცია გვხვდება მ. ეკჰარტის ფილოსოფიაში. ის მისტიკოსია და ემანაციის თეორიას აღიარებს, მაგრამ საბოლოოდ მისი ფილოსოფია სცილდება დინამიკურ პანთეიზმს, როგორც ამას ნეოპლატონიზმს უწოდებენ და კლასიკური სპინოზას პანთეიზმისკენ იხრება. ამით პანთეიზმის საზღვრები ერთგვარად ფართოვდება და მონიზმს უახლოვდება. მაგრამ ერთი არსებითი მომენტი ყველა შემთხვევაში დაცულია: პანთეიზმი მიუთითებს რა იმაზე, რომ სამყარო და მისი წარმომშობი სუბსტანცია ერთმანეთის იგივეობრივია, მოხსნილია ღმერთის დეისტური გაგება საწყისის ტრანსცენდენტულობის შესახებ და იხრება თეიზმისკენ, რომლის თანახმადაც, ღმერთი სამყაროში მყოფობს. რაც შეეხება იდეალისტურ პანთეიზმს, ღმერთი არც ამის მიხედვით არ არის ტრანსცენდენტური სინამდვილისა და სასრული არსებებისადმი. ამ მხრივ, ჭეშმარიტი პანთეიზმი, ისტორიულად, მოცემული იყო, სწორედ, სტატიკურ სისტემებში, მაგალითად, ჯ. ბრუნოსთან და ბ. სპინოზასთან. ისინი კი აღიარებდნენ სამყაროში მოძრაობას, მაგრამ თვითონ სამყაროს უძრავად თვლიდნენ.

აღორძინების ეპოქაში პანთეისტური იდეები გამოთქმული აქვს ნ. კუზელსაც, რომლის მიხედვითაც, უსასრულო ღვთაებრივი არსება ერწყმის უსასრულო ბუნებას. „ღმერთი _ ყველა საგანშია, ისევე, როგორც ისინი არიან მასში და როგორც ის არსებობს ყველა საგანში სამყაროს მოსაშუალედ, ამდენად ნათელია, რომ ყველაფერი _ ყველაფერშია და ყოველი _ ყოველში“[5]

ნ. კუზელისთვის ღმერთი აქტუალურია, რეალური უსასრულობაა და ამდენად, ის მიუწვდომელია სასრული არსებისთვის _ ადამიანისთვის.  ნ. კუზელი გადამწყვეტ მნიშვნელობას მიაწერდა ღვთაებრივ არსებას სამყაროს ბედთან მიმართებითაც. საგნები ღმერთის გარეშე არარაა; თუ ავიღებთ ღმერთს საგნების გარეშე, ის არსებობს, ხოლო საგნები ღმერთის გარეშე _ არა. ნ. კუზელთან არ გვხვდება უსასრულო ღმერთის სასრული სამყაროსგან მოწყვეტის ტენდენცია, არამედ, პირიქითაა, მთელი აზრი, სწორედ, მათ დაახლოებაშია, რამაც ფილოსოფოსი მიიყვანა პანთეისტურ იდეებამდე.[6]

ჯ. ბრუნოს თანახმად, აბსოლუტური სული თავისი სპეციფიკური წესით ვლინდება სამყაროში, როგორც ზიარჭურჭელში წყალი ერთ დონეზე დგება. უნივერსუმი, რომელიც ბუნების მთლიანობას წარმოადგენს, არის ერთსა და იმავე დროს სამყაროს სუბსტანციაცა და თვითონ სამყაროც; როგორც სუბსტანცია, ის არის შემოქმედი ბუნება (natura naturans), ხოლო როგორც შექმნილი ბუნება _ ჩვენ გარშემო არსებული ემპირიული ბუნება (natura naturata). თუ სუბსტანცია ღმერთია, მაშინ ის არსად არ არსებობს გარდა ბუნებისა; ღმერთი არის ბუნების საგნებში, სხვანაირად, ბუნება არის ღმერთი საგნებში. ეს არის ჯ. ბრუნოს ძირითადი აზრი იმის მიუხედავად, რომ ის ხანდახან ღმერთს ბუნების მიღმა არსებულად აღიარებს.

განვითარების მწვერვალს პანთეიზმი ბ. სპინოზას ფილოსოფიაში აღწევს, რომლის მიხედვით, ღმერთი თვითონ ბუნებაშია, ის შემოქმედი და “მწარმოებელი” ბუნებაა, ხოლო ყველაფერი დანარჩენი უკვე მისგან “წარმოებულ” ბუნებას განეკუთნება. სპინოზას თანახმად, ცალკეული საგნები და არსებები სუფთა დროებითი „საშუალებებია“, სამყარო კი ღმრთაებრივ სუბსტანციასთან იგივდება. ბ. სპინოზამ უარყო ორი ერთმანეთისაგან მოწყვეტილი სუბსტანციის არსებობა და აღიარა ერთი სუბსტანცია: ღმერთი ანუ ბუნება (Deus sive natura).

თუ ყურადღებას მივაქცევთ მხოლოდ „ღმერთს“ სუბსტანციის ამ განსაზღვრებაში და უყურადღებოდ დავტოვებთ გამოთქმას „ანუ ბუნება“, სპინოზას აკოსმისტად ჩავთვლით, ხოლო თუ ხაზს გავუსვამთ „ბუნებას“ და უგულვებელვყოფთ მეორე ნიშანს „ანუ ღმერთი“, მას მატერიალისტად გამოვაცხადებთ.[7]ძნელია იმის თქმა, მატერიალისტურია ბ. სპინოზას აზრები, თუ იდეალისტური.

ბ. სპინოზა წერს: „სუბსტანციის ქვეშ მე მესმის ის, რაც არსებობს თავისთავად და რაც წარმოიდგინება თავისთავის საშუალებით, ე.ი. ის, რისი წარმოდგენა არ საჭიროებს სხვა საგნის წარმოდგენას, რომლისგანაც ის უნდა აიგოს.“ ამდენად, სუბსტანცია არის თავის თავის მიზეზი. „თავისთავის მიზეზში (causa sui) მე მესმის ის, რისი არსებაც შეიცავს თავისში არსებობას, სხვა სიტყვებით _ ის, რისი ბუნებაც წარმოიდგინება, როგორც არსებული.“ სუბსტანციის ცნებასთან დაკავშირებულია ორი ძირითადი ცნება _ ატრიბუტისა და მოდუსის ცნებები. „ატრიბუტის ცნებაში მე ვგულისხმობ იმას, რასაც გონება (intellectus) წარმოიდგენს სუბსტანციაში, როგორც მისი არსების შემადგენელს… მოდუსის ცნებაში მე ვგულისხმობ სუბსტანციის მდგომარეობას (სუბსტანციის აფექციას), ე.ი. იმას, რაც არსებობს სხვაში და ამ სხვის საშუალებით წარმოიდგინება.“ რაც შეეხება ღმერთის ცნებას, ბ. სპინოზა ამბობს: „ღმერთის ცნებაში მე მესმის აბსოლუტურად უსასრულო არსება, ე.ი. სუბსტანცია; მას ახასიათებს უსასრულო რიცხვი ატრიბუტებისა, რომელთაგან თითოეული გამოხატავს სუბსტანციის მარადიულსა და უსასრულო არსებას.“ მაგრამ მიუხედავად ატრიბუტების უსასრულო რიცხვისა, ჩვენ ვიცით მხოლოდ ორი ატრიბუტი _ აზროვნება და განფენილობა.

დღეს პანთეიზმის სულ ოთხი სახეა ცნობილი, რომლებსაც განასხვავებენ ლექსიკონებსა, თუ სპეციალურ ლიტერატურაში:

1.   სტატიკური პანთეიზმი (ჯ. ბრუნო, ბ. ტელეზიო, ბ. სპინოზა);

2.   დინამიკური პანთეიზმი (ნეოპლატონიზმისა და სკოტ ერიუგენასი).

3. ევოლუციონისტური პანთეიზმი (ფიხტე, შელინგი, ჰეგელი, შოპენჰაუერი და გვიანდელი შელერი);

4. ფიზიომონისტური პანთეიზმი (ოსვალდი, ჰეკელი, ტენი), რაც მატერიალისტურ ათეიზმად ითვლება.

პანთეიზმი თუ უშვებს სამყაროსა და ღმერთს შორის ამგვარ კავშირს, ჩნდება კითხვა _ სამყარო მხოლოდ და მხოლოდ ღმერთის ემანაციას წარმოადგენს? თუ ქმნადობის პროცესში მონაწილეობს, როგორც ღმერთი, ისე სხვა უკიდურესი ძალა? თუ ამ შემთხვევას დავუშვებთ, მაშინ ორივე იმდაგვარად ავლენს თავს, რომ დაცული იყოს ბალანსი მათ შორის?

თუ ამ აზრს გავყვებით, აღმოჩნდება, რომ სამყარო, ღვთის ნების წინააღმდეგ იქმნებოდა. უფრო უკიდურესი აზრიც გამომდინარეობს აქედან: ეს  სამყარო არაღვთიურ გამოვლინებას და შესაბამისად, ბოროტებას წარმოადგენს, ხოლო ყოვლადკეთილი ღმერთის ონტოლოგიური არსებობა მოხსნილია, რაც სრულებით ეწინააღმდეგება პანთეისტურ გაგებას, რადგან, ამ უკანასკნელის თანახმად, სამყარო მთლიანად გამსჭვალულია ღვთიური ბუნებით. ამდენად, პანთეიზმის ამოსავალი წერტილი და საყრდენი,  ამ შემთხვევაში მდგომარეობს მის მონიზმში.

დუალისტურად თუ მივუდგებით ყოველივეს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ იქ, სადაც სიკეთეა, არის ბოროტებაც და სამყაროს ქმნადობის საფუძვლად ორი ურთიერთსაწინააღმდეგო საწყისი დევს _ როგორც აბსოლუტური სიკეთე, ისე ბოროტება. თუმცა ყველაფერი ერთ საწყისზეც დაიყვანება, თუ ბოროტებას არასუბსტანციური სტატუსი მიენიჭება და ეს ასეც ხდება იმ თეოლოგიურ-ფილოსოფიური მოძღვრების თანახმად, რომელსაც ჩვენ არეოპაგიტული კორპუსის სახელწოდებით ვიცნობთ. მისი კონცეპცია მდგომარეობს იმაში, რომ, როცა სიკეთე კლებულობს და უკიდურეს სიმცირეს აღწევს, ჩნდება ბოროტი და პირიქით, მაგრამ როგორც არსი, არსებობს მხოლოდ სიკეთე და ბოროტების, როგორც მეორე, თანაბარი სუბსტანციის დაშვების საკითხიც ამგვარადაა მოხსნილი. ამით ისიც აიხსნება, თუ რატომ არის ასეთი შეთანხმებულობა სიკეთისა და ბოროტების (ღმერთისა და ეშმაკეულის) არსებობის თვალსაზრისით მთელ რიგ რელიგიებში.

პათეიზმის შემთხვევაში ყოველთვის ჩნდება კითხვა: თუ ის აღიარებს იგივეობას სამყაროსა და სუბსტანციის შემთხვევაში, მაშ შეგვიძლია რაიმე განსხვავებაზე ვისაუბროთ მათ შორის? თუ ბ. სპინოზას დებულებას გავიხსენებთ _ „ღმერთი ანუ ბუნება“ _ მაშინ, არავითარი განსხვავება მათ შორის ჩვენ არ გვაქვს. ღმერთს დაკარგული აქვს ინდივიდუალობა და უფრო მეტიც, ავტონომიური არსებობა და ის საგნებთან თანაარსებულად და მათთან შერწყმულად მოიაზრება. ეს დასკვნა ვრცელდება როგორც ბ. სპინოზას, ისე ნ. კუზელის პანთეიზმზე. მაგრამ შეიძლება საპირისპირო დასკვნის გაკეთებაც: მართალია, სამყარო და ღმერთი ერთმანეთის იგივეობრივია და ერთმანეთს ფარავენ, მათ შორის განსხვავება მაინც მოიძებნება _ ესაა ის, რაც როგორც ღმერთის, ისე სამყაროს არსებით მახასიათებელს წარმოადგენს; კერძოდ, სამყარო მატერიალურ არსებობამდე დაიყვანება, ხოლო ღმერთის არსება მის იდეალურობაში მდგომარეობს.[8]

ამით ჩვენ პანთეიზმის არსებით მახასიათებლამდე მივდივართ, კერძოდ, ღმერთი ბუნებაშია და ბუნება ღმერთშია. მაგრამ იმის მიხედვით, თუ როგორი მიმართებაა ამ ორ მოცემულობას შორის, განასხვავებენ პანთეიზმის ამა თუ იმ ფორმას.  ძირითადად ორი ფორმაა გამოყოფილი – ათეისტური და რელიგიურ-მისტიკური. პირველი არის ნატურალისტური ტენდენცია, ბუნების თვისებები მიეწერება ღმერთს და ამით გვაძლევს მატერიალისტურ პანთეიზმს; ეს უკანასკნელი არსებითად ათეისტურ ტენდენციას შეიცავს, რადგან მასში უარყოფილია ღმერთის ინდივიდუალური ბუნება. მეორის მიხედვით ბუნება მოიაზრება ღმერთში და ამ უკანასკნელისთვის დამახასიათებელი კატეგორიები გადმოტანილია ბუნებაში, რაც იდეალისტური პანთეიზმია და არ გამორიცხავს ღმერთის ინდივიდუალურ ბუნებას.

ღმერთის წარმოდგენა ადამიანის დარად და მსგავსად, ასევე არსებითი გარემოებაა, რომელსაც პანთეიზმი თავისებურ ახსნას უძებნის. ძველი ტრადიციები, რომლებიც მონოთეისტურ რელიგიებში არის, ღმერთი ადამიანის მსგავსად არის წარმოდგენილი, ხოლო პოლითეისტურ რელიგიებში ღმერთებს არა მხოლოდ ადამიანურ გარეგნობას, არამედ ადამიანურ თვისებებსაც მიაწერდნენ. ამით მას ადამიანის თვალში გარკვეულწილად რაღაც ღირსებაც კი ეკარგებოდა და მატერიალურ დონეზე დაიყვანებოდა. ამგვარი იყო ღმერთის ანთროპომორფული წარმოდგენები.

მაგრამ ჩნდება კითხვა “ხატად და მსგავსად” ადამიანის შექმნის შესახებ: თუ ადამიანი უნდა ემსგავსოს ღმერთს, მაშინ თავად ღმერთის ერთადერთობის გაგებაც ხომ შეიძლება დაიკარგოს? უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, მსგავსება საგნებს შორის აკნინებს თითოეული საგნის ინდივიდუალურ ბუნებას და მათი უნიკალურობის გაგებას ეჭვქვეშ აყენებს. თუ ამ ანალოგიას გადავიტანთ ღმერთისა და ადამიანის მიმართ, მათ შორის მსგავსების მიღწევა ადამიანის მხრიდან, ხომ არ გამოიწვევს ღმერთის, როგორც უზენაესი, ერთადერთი ყოვლადსრული არსების ცნების დაკნინებას? ამ კითხვაზე სხვადასხვა რელიგიურ სწავლებებს მეტ-ნაკლებად განსხვავებული პასუხები აქვთ.

მ. ეკჰარტთანაც გვხვდება ამ დებულების კრიტიკა _ რომ ადამიანი ღმერთის მსგავსი უნდა გახდეს. მრავალი ნივთი ემსგავსება ოქროს, ამბობს იგი, თუმცა არ არის სინამდვილეში ოქრო და ამდენად, გვატყუებს. ადამიანისა და ღმერთის შემთხვევაში ეს დაუშვებელია, მეტიც, ასევეა ღმერთისა და ადამიანის მიმართებაში. თუ ვიტყვით, რომ ყოველი ნივთი არის ღმერთის მსგავსი, მაშინ ის ამ უკანასკნელის შემზღუდავ სუბსტანციად უნდა ჩავთვალოთ. ამიტომ, მ. ეკჰარტი წერს: „მსგავსი ღმერთს ისევე არ შეუძლია აიტანოს, როგორც არ შეუძლია აიტანოს ის, რომ იგი (თვითონ) ღმერთი არ იყოს. მსგავსება ისეთი რამეა, რაც ღმერთში არ არის. პირიქით, მასში არის ერთყოფობა ღვთაებრიობაში და მარადიულობაში. მსგავსება კი არ არის ერთი. მე რომ ერთი ვიყო, მაშინ არ ვიქნებოდი მსგავსი. ერთობაში არ არსებობს რაიმე უცხო. არსებობს მხოლოდ ერთყოფობა მარადიულობაში და არა მსგავსება“.

მ. ეკჰარტი იცავს რა ღმერთის ერთპიროვნულ მოცემულობას, გამოუსადეგრად მიაჩნია დებულება მსგავსების შესახებ, რადგან ეს სხვა სუბსტანციის დაშვებად მიაჩნია, მაგრამ მსგავსების, როგორც განსხვავებაში მსგავსების, უარყოფა, ე.ი. სამყაროს ერთობის დაშვება, არ ნიშნავს იმას, რომ დაშვებული იყოს ყოველი ნივთის ტოლობა ღმერთთან. ღმერთი მიზანია, რომელიც ყველა არსებულს, როგორც მის საკუთარს, თავისკენ იზიდავს, მიიზიდავს, როგორც თავისგან განზიდულ ნაწილებს. ეკჰარტი ეთანხმება ბოეციუსს, რომ ღმერთი არის უძრავი სიკეთე, რომელიც ყოველ ნივთს ამოძრავებს. ეს მოძრაობა კი ღმერთისკენ სწრაფვაა. ყოველი ნივთი უნდა დაუბრუნდეს ღმერთს, ხოლო, რაც უფრო კეთილშობილურია ნივთი, მით უფრო ძლიერია მისი სწრაფვა.[9]

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ პანთეიზმს, როგორი სახისაც არ უნდა იყოს ის წარმოდგენილი, ახასიათებს შემდეგი ნიშნები:

  1. მონიზმი. არსებითად, პანთეიზმისთვის ამოსავალი წერტილი არის ერთადერთი სუბსტანციის დაშვება, გამორიცხულია დუალიზმი და მით უფრო, პლურალიზმი;
  2. ღმერთის თეისტური და ზოგ შემთხვევაში დეისტური გაგება;
  3. სამყარო ღმერთშია და ღმერთი სამყაროშია; აღნიშნული ვითარება იმდენად არის პანთეიზმში წარმოდგენილი, რომ ისინი ერთმანეთთან იგივდებიან. ადამიანი ღვთის „მსგავსი და ხატია“,  ხოლო ღმერთი ანთროპომორფულად წარმოდგენილი. ყველაფერი, რაც მიეწერება ღმერთს ვრცელდება ბუნებაზე, ან პირიქით, ბუნების თვისებები გადატანილია ღმერთზე.

გამოყენებული ლიტერატურა:

1.უცხო სიტყვათა ლექსიკონი, 1989.

2. ლუისი ქლაივ სთეიფლ. უბრალოდ ქრისტიანობა / [მთარგმნ.:ზეინაბ სარაძე ; რედ.:მაია ახალაია, მერაბ ცინდელიანი] – თბ.: მშვიდობის, დემოკრატიისა და განვით. კავკას. ინ-ტი, 2002

3. სემიოტიკა № 3, – მთავარი რედ.: ცირა ბარბაქაძე,– [ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტი], თბ.,– 2008

4. რელიგიები საქართველოში : [კრებული / რედ. ზურაბ კიკნაძე, სტილის რედ. ლევან ბრეგაძე; გამოც. პმგ ბექა მინდიაშვილი]; საქ. სახალხო დამცველთან არსებ. ტოლერანტობის ცენტრი, საქ. სახალხო დამცვ. ბიბ-კა. – თბ., 2008.

5. Н. Кузанскии  Избр. Фил. Соч.  ст. 73

6. პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. – თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. – 434გვ.

7.  კ. ბაქრაძე, ახალი ფილოსოფიის ისტორია, თხზ., VI  ტ., თბილისი, 1972 წ.

8. ნარკვევები დიალექტიკის თეორიაში, ვასილ კუკანია, თბილისი, 2006. 24-32 გვ.

9. შუა საუკუნეების ფილოსოფიის ისტორიის პრობლემები, ნაწილი II, თბილისი, 1984, 231-233 გვ.

10. შუა საუკუნეების ფილოსოფიის ისტორია, გ. თევზაძე, 1996, 341-343 გვ.


[1] უცხოსიტყვათალექსიკონი, 1989.

[2] ლუისიქლაივსთეიფლ. უბრალოდქრისტიანობა / [მთარგმნ.:ზეინაბსარაძე ; რედ.:მაიაახალაია, მერაბცინდელიანი] – თბ. : მშვიდობის, დემოკრატიისადაგანვით. კავკას. ინტი, 2002

[3] სემიოტიკა № 3, – მთავარი რედ.: ცირა ბარბაქაძე,– [ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტი], თბ.,– 2008

[4] რელიგიებისაქართველოში : [კრებული / რედ. ზურაბკიკნაძე, სტილისრედ. ლევანბრეგაძე ; ფოტო: არჩილქიქოძე, ლევანხერხეულიძე ; გამოც. პმგბექამინდიაშვილი] ; საქ. სახალხოდამცველთანარსებ. ტოლერანტობისცენტრი, საქ. სახალხოდამცვ. ბიბკა. – თბ., 2008.

[5] Н. Кузанскии  Избр. Фил. Соч.  ст. 73

[6] კ. ბაქრაძე, ახალი ფილოსოფიის ისტორია, თბილისი, 1969, 29-30 გვ.

[7] კ. ბაქრაძე, ახალი ფილოსოფიის ისტორია, თბილისი, 1969, 177-179 გვ.

[8] ნარკვევები დიალექტიკის თეორიაში, ვასილ კუკანია, თბილისი, 2006. 28 გვ.

[9] შუა საუკუნეების ფილოსოფიის ისტორიის პრობლემები, ნაწილი II, თბილისი, 1984, 231-233 გვ.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Innovations in Scholarly Communication

Changing Research Workflows

Crazy illusion

Thinking Aloud.

gypsyrepresent

Thinking critically about Romani representation in pop culture

ფილოლოგი

ქართული ფილოლოგია

Global Hinduism

Way of living Life

Learn to Teach Vedic Maths

Magical Methods-- World Leader in Vedic Mathematics

Defenders of Ma'at

Teach, Coach, Live, Learn, Train, Help, Inspire

Asheville Vedic Astrology

Vedic Astrology brought to you by Ryan Kurczak

Hamro dharma

Just another WordPress.com weblog

janeadamsart

An illustrated Journal of eastern and western wisdom

Sathya Sai Baba - Life, Love & Spirituality

Guru Bhagavan Sri Sathya Sai Baba Of Puttaparthi India

Soolaba's Blog

Ultimate Questions, Ultimate Answers

პიროვნული ზრდის სამყარო

„ჩვენ ვერასოდეს მივაღწევთ სიმშვიდეს გარე სამყაროში, სანამ არ მივაღწევთ მას შინაგანში“ - დალაი ლამა

მკითხველის ბლოგი

შთაბეჭდილებები კითხვის შემდეგ

Natia Kentchiashvili

natiakentchiashvili.WordPress.com site

კეჟერაძის ბლოგი

სამშობლოს, ადამიანებისა და ლიტერატურის მოყვარული რიგითი კლიმი

GeoSexMD.com - სამედიცინო სექსოლოგია

სექსუალური განათლება საქართველოში

აჭარა დღეს!

ჩვენ გვიყვარს ჩვენი კუთხე, საქართველოს ერთ–ერთი ულამაზესი მხარე, ჩვენი აჭარა.

Molly Bloom's Day™

ბებია ასტრიდი 1907-2017

მარო მაყაშვილის დღიური

გაფითრებული თებერვლის ლანდი

სემიოტიკა Semiotics

ცირა ბარბაქაძე _ შეხედეთ სამყაროს სემიოტიკის თვალით და აღმოაჩინეთ საკუთარი თავი მრავალ განზომილებაში

ბურუსი - BURUSI

თენგიზ ვერულავა - TENGIZ VERULAVA

Free Yourself

Just say "I am free!"

konspace

კოტეს ბლოგი ყველაფერზე

Barcelonisimo's Blog

ბლოგი მეგობრებისთვის და მათი მეგობრებისთვის...

My Civil Society

საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის ბლოგი

ბაბუაწვერა

ოცნებებში გაფანტული ბლოგი ☮

kalatozishvili

КРИТИК - Мы страшные, потому что работаем над этим.

აღმოაჩინე შენთვის საინტერესო / Discover Things That Interest You

აღმოაჩინე შენთვის საინტერესო – ამოუცნობი,არქიტექტურა, აღმოჩენა ,ახალი ამბები, ბუნება, გასართობი, დიზაინი ,დოკუმენტური, ვიდეო ,თამაშები ,ივენთები, კინო / თეატრი ,კოსმოსი, კრეატივი ,მედიცინა ,მეცნიერება ,მისტიკა, მოგზაურობა, მოდა ,მუსიკა ,ნოვაცია ,პიროვნებები ,რელიგია ,სასარგებლო, საჭმელ / სასმელი ,სპორტი, სურათები, ტექნოლოგია ,ფოტოები, ფუფუნების საგნები ,შპალერები, წიგნები, ხელოვნება

Savidge Reads

The Chronicles of a Book Addict

%d bloggers like this: