რიტორიკა ანტიკურ ფილოსოფიაში

58517_154607567899276_100000501025127_418286_6105319_s

ივანე ჯავახიშვილის სახელობის

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის

III კურსის სტუდენტი ნათია კენჭიაშვილი

რეფერატი სახელწოდებით 

რიტორიკა ანტიკურ ფილოსოფიაში

თბილისი 2012

კლასიკური რიტორიკა

                          იმისათვის, რომ სიტყვა იყოს მშვენიერი, ორატორი უნდა ფლობდეს ჭეშმარიტებას იმის შესახებ, რაზეც ლაპარაკობს…

 /პლატონი “ფედრა”/

რიტორიკა (ბერძნ. ῥητορική (τέχνη) „მეტყველების, სიტყვის ხელოვნება“) – მჭევრმეტყველების ხელოვნება – თავდაპირველად იყო მეცნიერება ორატორობის ხელოვნებაზე, შემდგომ მისი ცნება გაიზარდა არგუმენტაციით მსჯელობამდე.

რიტორიკა ანტიკური ხანის საბერძნეთში მეტად ცნობილი დისციპლინა იყო, რომლის ფლობაც უმნიშვნელოვანესად მიიჩნეოდა. რიტორიკა არის ზეპირი მეტყველების სტილი. ფართო, ტრადიციული მნიშვნელობით, ის გულისხმობს მჭევრმეტყველებას, იგივე ორატორულ ხელოვნებას. ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთში ჩამოყალიბდა რიტორიკა, როგორც ხატოვანი, შთამბეჭდავი მეტყველების ხელოვნება; მისი ხერხების ფლობა ითვლებოდა პიროვნული სრულყოფილების ერთ-ერთ გამოხატულებად.

ბერძნულ-რომაულ სამყაროში ჩამოყალიბდა რიტორიკის ორი განსხვავებული გაგება და ტრადიცია:

  1. არისტოტელეს სკოლა რიტორიკას მიიჩნევდა დარწმუნების მეცნიერებად (არისტოტელე, „რიტორიკა“, I, 2);
  2. კვინტილიანესა და მისი მიმდევრების აზრით, რიტორიკისათვის ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად მეტყველების ხელოვნება – მჭევრმეტყველება.

კლასიკური ანტიკური რიტორიკა შედგება ხუთი ნაწილისაგან:

1) ინვენტიო – „გამოგონება“, ანუ იმის მოძებნა, თუ რა უნდა ითქვას;

2) დისპოსიტიო – „გეგმა“ ანუ არგუმენტების (მსჯელობის კომპონენტების) თანმიმდევრულად დალაგება;

3) ელოკუტიო – სიტყვიერად გამოხატვის უზრუნველყოფა;

4) მემორია – დამახსოვრება (დაწერილი ტექსტის დაზეპირება);

5) აქტიო – „გათამაშება“ (აუდიტორიის წინაშე დეკლამირება).

ჩვენ გვაქვს განსხვავებული სამეტყველო სიტუაციები, რომლებშიც ვიმყოფებით მთელი დღის, ცხოვრების განმავლობაში, სხვადასხვა დროს. გარდა ამისა, მას აქვს თავისი განსაკუთრებული პირობაც, რომელიც შეეხება როგორც ერთ ადამიანს, ისე ეპოქებს. ეს უკანასკნელი, რომელიც სხვადასხვა დროით მონაკვეთს გულისხმობს, ერთმანეთისაგან იმის მიხედვითაც არის გამიჯნული, თუ როგორი ენობრივი კომუნიკაციის პირობებში იმყოფებოდა რიტორიკა. მაშასადამე, რიტორიკის ამოცანები გადალაგდება და შეიცვლება იმის მიხედვით, როგორიცაა სამეტყველო სიტუაცია ამა თუ იმ ეპოქაში.

ბერძნული პერიოდი

ძვ. წ. V ს.-დან დიდი კულტურული კატაკლიზმები მიმდინარეობს საბერძნეთში, კერძოდ, მის საზოგადოებრივი განვითარების ისტორიაში. მართვა-გამგეობა ხალხის ხელში გადავიდა და მოხდა სახელმწიფო დაწესებულებათა დემოკრატიზაცია. ამ პოლიტიკურმა ცვლილებამ ახალი ასპარეზი გაუშალა პიროვნებას. ახლა ადამიანი ფასდებოდა არა მისი წარმომავლობის მიხედვით, არამედ მისი შესაძლებლობებით. განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა იმათ, ვისაც შეეძლო სახალხო კრებებზე გამოსვლით მასაზე გავლენის მოხდენა. როდესაც დემოკრატიული მართველობა დამყარდა, პიროვნების პოლიტიკური მოღვაწეობა იმის მიხედვით წარიმართებოდა, თუ რამდენად შეძლებდა ის ხალხზე გავლენის მოპოვებას. ასეთ პირობებში კი მჭევრმეტყველების როლი გაიზარდა. ეს კი გახდა მიზეზი იმისა, რომ შეიცვალა სწავლა-განათლების შინაარსიც, რომელიც მჭევრმეტყველების ხაზით წარიმართა.

უნდა აღინიშნოს, რომ ძვ. წ. V ს.-მდე ბერძნული განათლების შინაარსი ელემენტარული იყო; მის შემადგენელ ნაწილებს შეადგენდა: წერა-კითხვა, ანგარიში, მუსიკა და ვარჯიში. ასეთი განათლება არ კმაროდა მჭევრმეტყველებისათვის. ორატორი უნდა გასცნობოდა იმდროინდელ მეცნიერებას, რომელსაც ძირითადად,  ამა უ იმ მოაზროვნის გაშემო შემოკრებილ ვიწრო წრეებში ეუფლებოდნენ. როდესაც ორატორობა ფართო საზოგადოებრივ მოთხოვნილებად და პიროვნული სრულყოფილების მაჩვენებლად იქცა, ძველებური გზა ცოდნის შეძენისა ვიწრო წრეებში საკმარისი არ აღმოჩნდა. საზოგადოებაში გაჩნდა ახალი ტიპის მოქალაქე, რომელიც თანახმა იყო თავისი ცოდნა დანასკვნების სახით სხვისთვისაც გაეზიარებინა განსაზღვრული სასყიდლის ფასად. ამ ტიპის მოღვაწეებს, ე.ი. მასწავლებლებს დაერქვა სახელად სოფისტი. ხალხის თვალში ისინი მეცნიერები და ბრძენნი იყვნენ.

სოფისტებმა მიაგნეს ახალსა და ბევრად მარტივ გზას ადამიანის ენისაკენ. ისინი იყვნენ პირველნი, რომლებმაც ხელი მიჰყვეს ენობრივი პრობლემების სისტემატიურ კვლევა-ძიებას, სახელდობრ, იმას, თუ როგორ გველაპარაკა და გვემოქმედა ჩვენს რეალურ სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. ენა გახდა იარაღი პრაქტიკული მიზნების მისაღწევად, კერძოდ კი, პოლიტიკურ დებატებში გამოსაყენებლად. უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებოდა სწორი მეტყველების დაუფლებას, ენის მუდმივ გაუმჯობესებასა და სიტყვიერ კამათში მის მოქმილ იარაღად გამოყენებას. ამ მიზნით სოფისტებმა განავითარეს ცოდნის ახალი დარგი – რიტორიკა. ახლა უკვე ყურადღების ცენტრმა გრამატიკიდან და ეტიმოლოგიიდან რიტორიკაზე გადაინაცვლა. მას ენიჭება წამყვანი როლი სოფისტების მსჯელობებში სიბრძნის შესახებ. ზედმეტი და უსარგებლო გახდა ყოველგვარი დავა სიტყვასა და სახელს შორის მიმართებისა და მათი ჭეშმარიტება-მცდარობის შესახებ. სიტყვებს არა თუ არ აკისრია საგანთა ბუნების გამოხატვა, არამედ, მათ, საზოგადოდ, არ მოეპოვება რაიმე საგნობრივი შესატყვისი (შდრ. ასბტრაქტული სახელები). საკუთრივ მათი ამოცანაა არა საგანთა გადმოცემა, არამედ – ადამიანში აფექტების აღძვრა; არა წმინდა იდეებისა და შეხედულებების გადმოცემა, არამედ – ადამიანებზე ზემოქმედების მოხდენა და მათი წარმართვა გარკვეული მიზნისკენ.

რას ასწავლიდნენ სოფისტები? იმას, რაც საჭირო იყო მჭევრმეტყველებისთვის, მოკლე და მოხდენილი სიტყვა-პასუხისთვის. სოფისტის მოწაფე მუდამ მზად უნდა ყოფილიყო კამათისთვის, რა საგანზედაც არ უნდა ყოფილიყო მსჯელობა. აქ მჭევრმეტყველება აინტერესებდათ სოფისტებს პრაქტიკული თვალსაზრისით.

როგორ შეიძლება ადამიანი მჭევრმეტყველად იქცეს? – აი მათი პრობლემა რიტორიკის დარგში, რომლის გადასაჭრელად საჭირო იყო ჯერ მჭევრმეტყველების პრინციპების თეორიული დამყარება და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლებოდა პრაქტიკული სწავლების გონივრულად შეთვისება მოწაფეთა მიერ. ამაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ გარდა ეტიმოლოგიისა, სოფისტები მუშაობდნენ ორთოეპიის და სტილისტიკის დარგში, რადგან ორივე საჭიროა მჭევრმეტყველების ხელოვნებისათვის.

ვინც მჭევრმეტყველებას ისახავს სწავლების მიზნად, მისთვის ნაკლები მნიშვნელობა აქვს იმ საკითხს, თუ რა შინაარსი აქვს აზრს, რომელიც გამოითქმება. სოფისტებიც ამ შინაარსს ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ. ისინი ასწავლიდნენ ფორმალურ ხელოვნებას, თუ როგორ უნდა მიეყვანა ორატორს სხვა მისი აზრის აღიარებამდე და არა იმას, თუ როგორ უნდა შექმნა საკუთარი აზრი.

ახლა კი გადავიდეთ რიტორიკის ადგილზე უკვე შემდგომ პერიოდში. რიტორიკა გახლდათ ერთ-ერთი იმ შვიდი თავისუფალი ხელოვნებიდან, რომლებსაც ასწავლიდნენ ძველ ანტიკურ საბერძნეთში. ისინი, თავის მხრივ, იყოფოდა ორ ნაწილად. ესენი იყო: Trivium და Quadrivium. აქ ასე ნაწილდებოდა აღნიშნული შვიდი თავისუფალი ხელოვნება:

Trivium: გრამატიკა, დიალექტიკა, რიტორიკა;

Quadrivium: არითმეტიკა, გეომეტრია, მუსიკა, ასტრონომია.

ანტიკური სამყარო ამგვარ საფუძვლებს სთავაზობდა ადამიანს იმისათვის, რომ უნივერსალური განათლება მიეღო.

ანტიკური სამყარო მდიდარი იყო ორატორებით, რომელთა შორის უპირველესად, უნდა დავასახელოთ სოკრატე და პლატონი, რომელთა რიტორიკის მთავარი მახასიათებელი გახლდათ დიალოგის დიალექტიკური მეთოდი. რატომ დიალოგი და არა მონოლოგი, ან პოლილოგი? მოგეხსენებათ, რომ დიალოგი – ეს ფორმა მეტყველებისა, კარგად გამოხატავს აზროვნების პროცესს და განსხვავებით მონოლოგისაგან, უფრო ცოცხალი მეტყველებაა თავისი მოქნილობით. ცოდნა და ჭეშმარიტება არის გამოუთქმელი, მას შეიძლება ატარებდეს ადამიანი, თუ აზრი არსებობს ვერბალიზაციამდე, მაშასადამე, მასთან მიახლოვება არის იმდენად მისტიკური და ღვთაებრივი, რომ შეუძლებელია ის სიტყვით გამოთქვა. დიალოგური ფორმით შემეცნებისკენ სვლა არის სწორედ ადამიანის გზა ღვთაებრივისკენ, თვითშემეცნებისკენ და ჭეშმარიტებისაკენ. როგორც სოკრატეს დიალოგებს (დაუწერელ, ზეპირ დიალოგებს) უწოდებდნენ – ეს იყო ერთგვარად ადამიანის სულის გამოცდა და რა მიზანს აღწევდა ის ამ დიალოგებით? სოკრატეს შეეძლო ჩაეგდო ადამიანი სრულ წინააღმდეგობაში და მიეყვანა ის გარკვეულ ჭეშმარიტებამდე, რითაც ადამიანები იწყებდნენ სხვაგვარ ცხოვრებას. სოკრატეს ეს დიალოგები იყო ერთგვარი ირონიაც. თავისი საუბარი შეიძლებოდა დაეწყო ნებისმიერი კითხვით, შემდეგ კი ვითარდებოდა დიალოგი. სოკრატეს ირონია (თვითირონია) – მე ვიცი, რომ არაფერი არ ვიცი – იყო მისეული როტორიკის გამოვლენის ერთგვარი ფორმა.

რაც შეეხება არისტოტელეს, მისი რიტორიკის სპეციფიკური მახასიათებელი გახდა სწავლების ის ფორმა, რომელმაც შემდგომ მის სკოლას “პერიპატეტიკოსთა” სახელი მოუპოვა. არისტოტელე თავის „რიტორიკაში“ ეხება ესთეტიკის, ეთიკის, პოლიტიკის, ფსიქოლოგიის საკითხებს და თითქმის ყველა სფეროში ახალ სიტყვას ამბობს.

არიან მკვლევრები, რომლებიც უარყოფენ არისტოტელეს დამსახურებას რიტორიკული ხელოვნების განვითარების საქმეში. ისინი ამტკიცებენ, რომ არისტოტელეს მჭევრმეტყველება ესმოდა მხოლოდ როგორც კამათის და კამათში ნებისმიერი ხერხით გამარჯვების ხელოვნებად. მათ წინააღმდეგ ო. კრაუსი ამტკიცებდა, რომ არისტოტელესათვის რიტორიკა იყო ეთიკურ-პოლიტიკური იარაღი მიმართული სამართლიანობის, სარგებლობისა და ზნეობისაკენ.[2]

არისტოტელეს „რიტორიკა“ სამი ნაწილისაგან შედგება:

I ნაწილში განიხილავს რიტორიკის, ანუ ორატორული ხელოვნების პრობლემატიკას;

II ნაწილში, ძირითადად, ეთიკური პრობლემებია განხილული;

III ნაწილში – სტილი.

არისტოტელე „რიტორიკის“ დასაწყისშივე ამახვილებს ყურადღებას რიტორიკისა და დიალექტიკის (სიტყვა „დიალექტიკას“ არისტოტელე აქ ხმარობს „ფილოსოფიის“ მნიშვნელობით)[3] მიმართების საკითხზე. არისტოტელეს დაკვირვებით, „დიალექტიკა რიტორიკას ჰგავს, რადგან ორივე ეხება ისეთ საგნებს, რაც რატომღაც იცის ყველამ და რასაც არ სწავლობს რომელიმე ერთი მეცნიერება“ („რიტორიკა“, 1354 a). აღნიშნული    აზრის თანახმად,რიტორიკა არ წარმოადგენს რაიმე მეცნიერებას, არამედ ის სიტყვის ხელოვნებაა. გარდა ამისა, აქვე შეგვიძლია გამოვყოთ დიალექტიკასა და რიტორიკას შორის მსგავსების რამდენიმე ნიშანი:

  1. რაც ყველაზე მთავარია, დიალექტიკა და რიტორიკა საერთო ობიექტებს ეხება, მაგრამ არა ზოგადს, არამედ კონკრეტულს;
  2. დიალექტიკასა და რიტორიკას აქვს დასაბუთების მსგავსი მეთოდები:

ა) რიტორიკა ემყარება დარწმუნების მეთოდს,  რომელიც, თავის მხრივ, დასაბუთებასაც მოითხოვს. ამიტომაა, რომ ვიჯერებთ იმას, რაც უფრო მეტად მიგვაჩნია დასაბუთებულად.  რიტორიკული დასაბუთება არის ენთიმემა (ბერძნ. ἐνθύμημα – დასკვნა);

ბ) დიალექტიკა ან მისი რომელიმე დარგი შეისწავლის სილოგიზმს, რომელიც არის ერთგვარი ენთიმემა. ხოლო „ვისაც იმის კარგად განხილვა შეუძლია, თუ საიდან ან როგორ მიიღება სილოგიზმი, იგი კარგი ენთიმემატიკოსიც  იქნება, ეცოდინება რა ის, თუ რას ეხება ენთიმემა ან რით განსხვავდება იგი ლოგიკური სილოგიზმისაგან“ („რიტორიკა“, 1355 a);

  1. არც ერთი ხელოვნება, გარდა დიალექტიკისა და რიტორიკისა, არ განიხილავს საწინააღმდეგო არგუმენტებს. ისინი შეისწავლიან წინააღმდეგობებს, რომელშიც იგულისხმება საწინააღმდეგო შეხედულებების ორგვარი ბუნება:მიზანია დაადგინოს ჭეშმარიტება; ხოლო ის, რაც ბუნებით სწორი და მართალია უფრო ადვილად გამოიყვანება წინამძღვრებიდან და უფრო მარტივი დასასაბუთებელიცაა.

სოკრატე, პლატონი და არისტოტელე უპირატესობას ანიჭებდნენ დიალოგს, როგორც რიტორიკის გამოვლენის უმაღლეს ფორმას.

არისტოტელეს აზრით, რიტორიკულ სიტყვას აქვს სამი ნაწილი: შესავალი, შინაარსი და დასკვნა. მან გამოყო აგრეთვე რიტორიკული სიტყვის სამი მხარე: ორატორი; ის საგანი, რის შესახებაც ორატორი საუბრობს; ის, ვისაც სიტყვით მიმართავს, ანუ მსმენელი (1358 a).

არისტოტელე სპეციალურად ჩერდება სიტყვის სიცივის მიზეზებზე, რასაც წარმოშობს:

  • რთული ან შერწყმული სიტყვების ხმარება
  • უჩვეულო და გაუგებარი სიტყვებისა და სხვადასხვა მხატვრული ხერხის უმართებულო გამოყენება

არისტოტელე წინააღმდეგია მრავალსიტყვაობისა და სიტყვათა უწყვეტობისა. სიტყვა იქ უნდა თავდებოდეს, სადაც თავდება საგნის შესახებ მსჯელობა. კარგია პერიოდებად დანაწევრებული დასრულებული აზრის შემცველი სიტყვა, არ ვარგა არც მოკლე და არც ვრცელი პერიოდები. ვარგისია მხოლოდ მიზანშეწონილი.

ზეპირი სიტყვა, სადაც აქტიორული და პათეტური მომენტები ჭარბობს, წერილობითთან შედარებით ნაკლებ ზუსტია, რაც გამოწვეულია დეკლამაციურობის სიჭარბით. სამაგიეროდ ზეპირი სიტყვა უფრო სასიამოვნოა მშრალ წერილობით სიტყვასთან შედარებით.

არისტოტელეს რიტორიკა

დარგები

მიზანი დრო საგანი

სათათბირო

რაიმეს აკრძალვარაიმესკენ მოწოდება მომავალი სარგებლობაზარალი

სამოსამართლო

ბრალდებითიდაცვითიაპოლოგეტური წარსული სიმართლესიცრუე

ეპიდიქტიკური

რაიმეს ძაგებარაიმეს ქება აწმყო მშვენიერიუგვანო

თუ მჭევრმეტყველების ფორმობრივ და შინაარსობრივ მხარეს მივაქცევთ ყურადღებას, მისი განსაზღვრისას არისტოტელეს „რიტორიკაში“ შემდეგი მახასიათებლები გამოიყოფა (აღსანიშნავია, რომ თითოეული ეს მახასიათებელი უკლებლივ თავს იყრის ორატორულ ხელოვნებაში):

  • სიცხადე
  • ლოგიკურობა
  • უწყვეტობა
  • პერიოდულობა
  • ემოციურობა
  • მხატვრულობა
  • დროის სწორად გამოყენება
  • მოულოდნელობის ეფექტი
  • კონტრასტულობა
  • ზომიერება (არისტოტელეს ფილოსოფიისა და მისი ეპოქის უზოგადესი კატეგორია)

ამიტომაც არის რიტორიკის ერთ-ერთი მახასიათებელი კაზმული ფორმით სათქმელის გამოხატვა, რომელსაც აქვს გარკვეული მიზანი – მსმენელთა დარწმუნება. ამდენად, ის არსებითად განსხვავდება ყოველდღიური მეტყველებისაგან, მით უფრო ფატიკური საუბრებისაგან, რომელსაც, ამ შემთხვევაში, არ აქვს არანაირი მიზანი და საზრისი, არამედ წარმოადგენს სასხვათაშორისო საუბარს დროის გაყვანის მიზნით.

 

რომაული პერიოდი

 

ახ. წ. I ს. რომაული ლიტერატურის ოქროს ხანადაა ცნობილი. ლიტერატურამ შეწყვიტა აქტიური განვითარება და სადაცაა დაღმავლობის გზას დაადგება, მიუხედავად იმისა, რომ ამ საუკუნეში ძალიან ბევრი მწერალი და პოეტი მოღვაწეობს. წინა ეპოქისგან განსხვავებით ამ პერიოდში სიტყვის თავისუფლება მოისპო (გაჩნდა ცენზურა), რაც უარყოფითად აისახა ლიტერატურაზე. საზოგადოებრივი ცხოვრების შებოჭვის შედეგად ორატორულმა ხელოვნებამ დაკარგა თავისი უწინდელი მნიშვნელობა. რომის იმპერიის ეპოქაში მას ჩაენაცვლა რიტორიკა, რომელიც მხოლოდ სასამართლოში გამოიყენებოდა. რიტორიკას არ გააჩნდა მნიშვნელოვანი შინაარსობრივი დატვირთვა, მთავარი აქცენტი კეთდებოდა გარეგნულ ეფექტზე.

საკითხი, რომელსაც ეხებოდა ციცერონი, დღესაც დგას ჩვენ წინაშე. ესაა მართლმეტყელებისა და მჭევრმეტყველების ურთიერთმიმართების პრობლემა, რომელზედაც ის წერს: “…რაც შეეხება… ენის სიწმინდეს და მკაფიობას, ვფიქრობ, არავინ მოელის მათი აუცილებლობის დასაბუთებას. ჩვენ ხომ არ ვაპირებთ შევასწავლოთ ორატორული მეტყველება იმას, ვისაც საერთოდ არ იცის ლაპარაკი; და არც უნდა გვქონდეს იმის იმედი, რომ ის, ვინც არ იცის წმინდა ლათინური ენა, ილაპარაკებს მოხდენილად, და უფრო ნაკლებად, რასაკვირველია, იმის იმედი, რომ ის, ვისაც არ შეუძლია გასაგებად ლაპარაკი, ილაპარაკებს ისე, რომ აღტაცებას გამოიწვევს”.

ასეთია ჩემი სარეფერატო თემის – რიტორიკა ანტიკურ ფილოსოფიაში – ძირითადი მიმოხილვა და ასპექტები.

დასკვნა

 

შეიძლება ითქვას, რომ ფილოსოფიური აზროვნების განვითარებისკენ სწრაფვა ყოველი ადამიანისთვის არ იყოს დამახასიათებელი. სულაც არ მოეთხოვება ადამიანს სამყაროს საგნებსა და მოვლენებთან ფილოსოფიური მიმართების დამყარება. მაგრამ ერთი რამ უდავოა: მართლმეტყველების ელემენტარული ნორმები ყველა წიგნიერ, კულტურულ ადამიანს სჭირდება, მჭევრმეტყველებას კი ყველას ვერ დავუსახავთ გარესამყაროსთან დიალოგის ერთადერთ ფორმად. ამავე დროს, მჭევრმეტყველების ხერხების ფლობა საჭირო უნარ-ჩვევაა, წინააღმდეგ შემთხვევაში რიტორიკის არსებობაც შეუძლებელი იქნებოდა. ასე რომ, მართლმეტყველება აუცილებელი საფეხური ყოფილა მჭევრმეტყველებისთვის. შესაბამისად, უპირატესობა უნდა მივანიჭოთ პირველს, რადგან პირველადი უნარ-ჩვევა, რომელსაც უნდა ფლობდეს ადამიანი, არის მართლმეტყველება (სჯობს ვისაუბროთ ცოტა და გამართულად, ვიდრე ვილაპარაკოთ ბევრი სწორი მეტყველების გარეშე).

რიტორიკის განვითარების თვალსაზრისით, სოფისტების შემდეგ უდავოდ დიდი ნაბიჯი გადადგეს ისეთმა ფილოსოფოსებმა, როგორებიც იყვნებ სოკრატე, პლატონი, არისტოტელე. მაშინ, როცა მთავარი საგანი სოფისტების სწავლებისა იყო არა აზრის შექმნა, არამედ შექმნილი აზრის სხვისთვის გადაცემა, რომელსაც ფორმალური ხასიათი ჰქონდა. მათგან განსხავვებით, უკვე ფილოსოფოსების იმ ტრიადამ, რომელიც ზემოთ ვახსენეთ, ყურადღება გაამახვილეს ყოველ იმ სიტყვაზე, რომელსაც წარმოთქვამდნენ და რომელშიც გარკვეულ აზრს დებდნენ (თუნდაც სიმბოლურ დატვირთვას ანიჭებდნენ). მათგან განსაკუთრებით გამოვყავი სოკრატე იმდენად, რამდენადაც მისი დამახასიათებელი თავისებულება აზრის გამოხატვისა, წმინდა რიტორიკული იყო. მოგეხსენებათ, რომ მჭევრმეტყველება, როგორც უკვე აღინიშნა, არის ზეპირმეტყველების ფორმა და სწორედ ეს ფილოსოფოსი იყო თავიდან ბოლომდე სიტყვის ხელოვნების საუკეთესო წარმომჩენი, რადგან მთელს თავის შესაძლებლობებს ის სწორედ საუბრისას ავლენდა და არ აყალიბებდა წერილობით. ხოლო რაც შეეხებათ პლატონსა და არისტოტელეს ისინი, რა თქმა უნდა, უდავოდ, ფლობდნენ რიტორიკის ხელოვნებას (პლატონის აკადემია რიტორიკის ცენტრს წარმოადგენდა), მაგრამ მათ თავიანთი ფილოსოფიური პოტენციალი ნაწერებშიც გადაჰქონდათ.

მჭევრმეტყველების ნიმუშები აცოცხლებენ იმ შესაძლებლობებს, რომლებიც მას პოტენციურად გააჩნია, მაგრამ აქტიურდება მხოლოდ განსაკუთრებული მიზნების გამო: შეუცვალოს მსმენელს მსოფლმხედველობა, განამტკიცოს მისი რწმენა, დაარწმუნოს მოკამათე კონკრეტულ თემაში სანდო ფაქტობრივი მასალის მოხმობით, გაუღვიძოს ბრძოლის ჟინი მეომრებს ან შეასხას ხოტბა ცნობილ სასულიერო თუ პოლიტიკურ მოღვაწეებს. რიტორიკის ფუნქცია ყველგან მიემართება ერთ მიზანს: გავლენა მოახდინოს მსმენელზე/მკითხველზე და იმოქმედოს როგორც მის მსოფლმხედველობაზე, ასევე ასახვა ჰპოვოს შემდგომ ქმედებებზეც. ამდენად, რიტორიკა თავის თავდაპირველ დანიშნულებას სხვადასხვა ეპოქისა და მჭევრმეტყველების ნიმუშების ფორმობრივი და შინაარსობრივი თავისებურებების მიუხედავად, მაინც ამართლებს და კვლავ რჩება ძალაში არისტოტელეს განმარტება, რომლის მიხედვითაც რიტორიკა არის დარწმუნების მეცნიერება (არისტოტელე, „რიტორიკა“, I, 2).

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ს. დანელია, ანტიკური ფილოსოფიის ნარკვევები, თბილისი უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1983, გვ. 251-257
  2. http://ka.wikipedia.org/wiki/რიტორიკა
  3. http://www.youtube.com/watch?v=mAa3xyEHH6Q&feature=related
  4. http://www.youtube.com/watch?feature=endscreen&NR=1&v=fAfuAZ3UkC4

[1] ქართული მწერლობა, ტ. 9, ს. თბილისი, „ნაკადული“, 1992, გვ. 420.

[2] O. Kraus, Neue Studien zu Aristotelischen Phetorik, Halle, 1907.

[3]  არისტოტელე, რიტორიკა, თბილისი, 1981, გვ. 33.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Innovations in Scholarly Communication

Changing Research Workflows

Crazy illusion

Thinking Aloud.

gypsyrepresent

Thinking critically about Romani representation in pop culture

ფილოლოგი

ქართული ფილოლოგია

Global Hinduism

Way of living Life

Learn to Teach Vedic Maths

Magical Methods-- World Leader in Vedic Mathematics

Defenders of Ma'at

Teach, Coach, Live, Learn, Train, Help, Inspire

Asheville Vedic Astrology

Vedic Astrology brought to you by Ryan Kurczak

Hamro dharma

Just another WordPress.com weblog

janeadamsart

An illustrated Journal of eastern and western wisdom

Sathya Sai Baba - Life, Love & Spirituality

Guru Bhagavan Sri Sathya Sai Baba Of Puttaparthi India

Soolaba's Blog

Ultimate Questions, Ultimate Answers

პიროვნული ზრდის სამყარო

„ჩვენ ვერასოდეს მივაღწევთ სიმშვიდეს გარე სამყაროში, სანამ არ მივაღწევთ მას შინაგანში“ - დალაი ლამა

მკითხველის ბლოგი

შთაბეჭდილებები კითხვის შემდეგ

Natia Kentchiashvili

natiakentchiashvili.WordPress.com site

კეჟერაძის ბლოგი

სამშობლოს, ადამიანებისა და ლიტერატურის მოყვარული რიგითი კლიმი

GeoSexMD.com - სამედიცინო სექსოლოგია

სექსუალური განათლება საქართველოში

აჭარა დღეს!

ჩვენ გვიყვარს ჩვენი კუთხე, საქართველოს ერთ–ერთი ულამაზესი მხარე, ჩვენი აჭარა.

Molly Bloom's Day™

ნაღებიან ყავასთან ერთად

მარო მაყაშვილის დღიური

გაფითრებული თებერვლის ლანდი

სემიოტიკა Semiotics

ცირა ბარბაქაძე _ შეხედეთ სამყაროს სემიოტიკის თვალით და აღმოაჩინეთ საკუთარი თავი მრავალ განზომილებაში

ბურუსი - BURUSI

თენგიზ ვერულავა - TENGIZ VERULAVA

Free Yourself

Just say "I am free!"

konspace

კოტეს ბლოგი ყველაფერზე

Barcelonisimo's Blog

ბლოგი მეგობრებისთვის და მათი მეგობრებისთვის...

My Civil Society

საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის ბლოგი

ბაბუაწვერა

ოცნებებში გაფანტული ბლოგი ☮

kalatozishvili

КРИТИК - Мы страшные, потому что работаем над этим.

აღმოაჩინე შენთვის საინტერესო / Discover Things That Interest You

აღმოაჩინე შენთვის საინტერესო – ამოუცნობი,არქიტექტურა, აღმოჩენა ,ახალი ამბები, ბუნება, გასართობი, დიზაინი ,დოკუმენტური, ვიდეო ,თამაშები ,ივენთები, კინო / თეატრი ,კოსმოსი, კრეატივი ,მედიცინა ,მეცნიერება ,მისტიკა, მოგზაურობა, მოდა ,მუსიკა ,ნოვაცია ,პიროვნებები ,რელიგია ,სასარგებლო, საჭმელ / სასმელი ,სპორტი, სურათები, ტექნოლოგია ,ფოტოები, ფუფუნების საგნები ,შპალერები, წიგნები, ხელოვნება

Savidge Reads

The Chronicles of a Book Addict

%d bloggers like this: