კონტრკულტურა, პროტესტი და გაუცხოების ფენომენი

58517_154607567899276_100000501025127_418286_6105319_s

ივანე ჯავახიშვილის სახელობის

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის

III კურსის სტუდენტი ნათია კენჭიაშვილი

საპრეზენტაციო თემა

კონტრკულტურა, პროტესტი და გაუცხოების ფენომენი

თბილისი 2012

კონტრკულტურა ეფუძნება საერთო ხედვას, რომელიც საზოგადოების გარკვეულ ნაწილში ჩნდება, ყალიბდება და საბოლოო სახით ვლინდება, როგორც რეაქცია. ესაა ღირებულებათა გადაფასებისკენ მიმართული ტალღა, რომელიც გაჯერებულია ახალი ღირებულებებითა და იდეებით. სხვა საკითხია ეს იდეები რამდენად პროგრესულია, მაგრამ ის კი უდავოა, რომ ცივილიზაციის დინებას ფეხდაფეხ მიჰყვება.

კონტრკულტურა თანამედროვე სოციოლოგიასა და კულტურის მეცნიერებებში, სულ ცოტა, ორი მნიშვნელობით გამოიყენება:

I ის აღნიშნავს სოციოკულტურულ ნორმებს, რომლებიც ეწინააღმდეგება კულტურის დომინირებულ ფასეულობებსა და ნორმებს.

II ის გაიგივებულია 1960-იანი წლების ჩრდილოეთ ამერიკასა და დასავლეთ ევროპის ახალგაზრდულ მოძრაობასთან. ამავე დროს გაჩნდა პირველად ეს ტერმინი დასავლურ ლიტერატურაში და ჰიპებისა და ბიტნიკების ლიბერალურ შეფასებას ასახავდა.

ტერმინი ეკუთვნის ამერიკელ სოციოლოგს თეოდორ როზაკს[1], რომელიც შეეცადა იმ პერიოდის ამერიკულ საზოგადოებაში არსებული გაბატონებული კულტურის საწინააღმდეგო მიმართულებები გაეერთიანებინა ერთი ფენომენის ქვეშ _ კონტრკულტურაში. ეს იყო ერთგვარი კულტურული ამბოხი, თუ შეიძლება ასე ვუწოდოთ, რაც თანამედროვე კულტურისადმი კრიტიკული დამოკიდებულებისა და “მამების კულტურის” უარყოფის გამოხატულება იყო.

ეს სიტყვა, “კონტრკულტურა”, ჩვენს სინამდვილეში, სულ სხვა მნიშვნელობას იღებს. მაშ, რას ვუწოდებთ ჩვენ ან რას შეგვიძლია ვუწოდოთ კონტრკულტურა? კონტრკულტურის ნებისმიერი შესაძლო ინტერპრეტაცია გულისხმობს იმას, რომ ეს არის გაბატონებულ კულტურასთან კონფლიქტში მყოფი კულტურა. მისი ფასეულობები და ნორმები ეწინააღმდეგება უმრავლესობის კულტურის ძირეულ ფასეულობებსა და ნორმებს. ეს დაპირისპირება სუბკულტურასა და გაბატონებულ კულტურას შორისაც შეიძლება არსებობდეს. მაგალითად, რომელიმე კულტურაში შეიძლება არსებობდეს ეთნიკური სუბკულტურა, რომელიც თავისი ფასეულობებითა და ნორმებით ეწინააღმდეგება გაბატონებულ კულტურას, მაგრამ იგი ვერ ჩაითვლება კონტრკულტურად, რადგან

1. კონტრკულტურის ანტიფასეულობები იქნება როგორც უმრავლესობის კულტურის ოპოზიცია და არა ტრადიციებიდან გამომდინარე (როგორც, მაგალითად, ეთნიკურ სუბკულტურაში);

2. კონტრკულტურა შეიძლება შეიქმნას მხოლოდ გაბატონებული კულტურის წარმომადღენლებმა, რადგან ეს არის სწორედ დომინანტური კულტურის წარმომადგენელთა პროტესტი საკუთარი კულტურის წინააღმდეგ მიმართული;

3. სუბკულტურისაგან განსხვავებით, იგი იბრძვის და წარმოადგენს რეაქციულ ძალას. იბრძვის სხვადასხვა ფორმით და კულტურის სხვადასხვა სფეროში (უმთავრესად ხელოვნების ამა თუ იმ დარგში);

4. კონტრკულტურის ამ წინააღმდეგობის მიზანი (ფარული, თუ აშკარა) არის ის, რომ იგი მიისწრაფვის დაიკავოს გაბატონებული კულტურის ადგილი, ან შეცვალოს და რამდენადმე გავლენა მოახდინოს მასზე.

კონტრკულტურის ხშირად ალტერნატიულ კულტურასაც უწოდებენ, რითაც აღინიშნება სუბკულტურის ის ფორმა, ანუ ღირებულებებისა და ნორმების ის სისტემა, რომელიც არათუ განსხვავდება გაბატონებული კულტურისაგან, არამედ უპირისპირდება კიდეც მას. კონტრკულტურა შეიძლება შეიქმნას საერთო ინტერესების ან სოციალური გამოცდილების საფუძველზე, რომელიც მკვეთრად განსხვავებულია იმისაგან, რასაც საზოგადოების უმრავლესობა „ჩვეულებრივად“ ან „ნორმალურად“ მიიჩნევს. განსაზღვრული კონტრკულტურის არსებობას პროცესუალური და კონტექსტუალური ხასიათი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი დაპირისპირება გაბატონებულ კულტურასთან შეიძლება შესუსტდეს ან საერთოდ გაქრეს კიდეც. კონტრკულტურა ხშირად ასოცირდება ისეთ ალტერნატიულ კულტურასთან, როგორიც იყო ჰიპების მოძრაობა XX ს–ის 60-იან წლებში, თუმცა, იგი შეიძლება შეიქმნას პოლიტიკური პრინციპების გარშემოც, როგორიცაა, მაგალითად, მწვანეთა მოძრაობა.

სოციალური ნორმებისა და ღირებულებების, ქცევის მოდულების სისტემა, რომელიც განსაზღვრული სოციალური ჯგუფისთვისაა დამახასიათებელი და გამოარჩევს მას საზოგადოებაში გაბატონებული კულტურისაგან (ანუ, საზოგადოების უმრავლესობის კულტურისაგან). არ არის აუცილებელი, სუბკულტურა ეწინააღმდეგებოდეს გაბატონებულ კულტურას, არამედ შეიძლება იყოს მისი რელევანტური. თუმცა, ამასთან დაკავშირებით თავს იჩენს პრობლემა, ვინაიდან თანამედროვე საზოგადოებებში კულტურული ფრაგმენტაციის მაღალი ხარისხი აძნელებს გაბატონებული კულტურის გამოყოფას. სუბკულტურებში ჩართულობის მოტივაცია ზოგიერთისათვის შეიძლება იყოს კომპენსაცია იმ წარუმატებლობისა და წყენისა, რაც მათ საზოგადოების უმრავლესობის მხრიდან შეხვდათ. სუბკულტურები შეიძლება შეიქმნას სხვადასხვა სოციალური მახასიათებლის საფუძველზე, როგორიცაა ეთნიკურობა, კლასობრივი და რელიგიური კუთვნილება, სექსუალური ორიენტაცია, უბრალოდ ცხოვრების ახალი სტილი (ისეთი, რომელიც დაამკვიდრეს, მაგ., პანკებმა) და სხვ. თანამედროვე კვლევები ყველაზე მეტად მიმართულია ახალგაზრდული და დევიანტური სუბკულტურების შესწავლისკენ.

ტერმინი “კონტრკულტურა” თავის თავში ატარებს პროტესტის გრძნობას, პროტესტი კი შეიძლება ბევრნაირი იყოს იმის გათვალისწინებით, თუ რას მიემართება და რა წარმომშობი საფუძველი გააჩნია. მისი წარმოქმნის მიზეზები მთლიანად სულიერ და არა, ვთქვათ, სოციალურ, პოლიტიკურ ან ეკონომიკურ სფეროშია საძიებელი. კონტრკულტურა არის სულიერი კრიზისი, რომელსაც განიცდის არა მთელი საზოგადოება, არამედ მხოლოდ მისი ნაწილი, რომლის ცნობიერება და მსოფლმხედველობა შეუთავსებელია გაბატონებულ კულტურასთან. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ ამგვარ განსხვავებული მსოფლხედვის ინდივიდებს თვითონ ეს გაბატონებული კულტურის მატარებელი და ნაწილობრივ, შემქმნელი საზოგადოება ბადებს. პროტესტი ჩნდება, ჩნდება თავისთავად, როგორც დეტერმინირენული ფორმა ადამიანის არსებობისა. დაძაბულობა, რომელიც არსებობს მასსა და გაბატონებულ კულტურას შორის, დიდხანს ვერ გაგრძელდება და უნდა დასრულდებს გარკვეული შედეგით. ეს იმას ნიშნავს, რომ კონტრკულტურის ფასეულობები ქრება, მათ შეიძლება კონტრკულტურული ფასეულობები დაკარგონ. ამ გარემოებას რამდენიმე ფაქტორით ხსნიან:

•     ყველაზე მნიშვნელოვანი უნდა იყოს კონტრკულტურაზე საზოგადოების რეაქციის შეცვლა;

•   თავად გაბატონებული მსოფლმხედველობის ფორმირება კონტრკულტურის მეშვეობით, რაც გულისხმობს ამ უკანასკნელის ღირებულებათა გაზიარებას;

•     თვითონ კონტრკულტურის შიგნით მიმდინარე ცვლილებები.

ადამიანი არსებობს გარკვეულ კულტურულ გარემოში, მაგრამ მისი არსებობა არ არის ცალსახად დეტერმინირებული ამ კულტურული გარემოს მიერ. რა თქმა უნდა, ეს კულტურული ატმოსფერო გარკვეულ ზემოქმედებას და შეიძლება ითქვას, ზეწოლას ახდებს, მაგრამ ადამიანს შეუძლია წინ აღუდგეს, შეეწინააღმდეგოს მას. ადამიანს ძალუძს დაუპირისპირდეს გარეგან იმპულსებს, რომლებსაც სთავაზობს კულტურა და იარსებოს თავისი შინაგანი მოთხოვნილებების მიხედვით, ე.ი. ადამიანს შეუძლია აირჩიოს თავისი ცხოვრების წესი და იარსებოს ისე, როგორც ამას მისი მსოფლხედვა უკარნახებს. ეს ფაქტი არ გამორიცხავს არჩევანის დეტერმინირებულობას.

ამგვარად, ადამიანური ყოფიერების სპეციფიკა ისაა, რომ იგი შეიცავს სხვაგვარად ყოფნის შესაძლებლობას. თუ იგი არსებობს გარკვეული ცხოვრების წესით, ეს არ გამორიცხავს იმას, რომ იარსებოს სხვაგვარადაც. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანის არსება ყოველთვის არ ემთხევა მის არსებობას. ხშირად ის წამყვანი კულტურა, რომელშიც ცხოვრობს, ადამიანს უბიძგებს და აიძულებს იარსებოს არა მისი არსების მიხედვით, არამედ ამ კულტურის შესაბამისად. ამ შემთხვევაში, ადამიანს არ შეუძლია გამოავლინოს თავისი არსება და იცხოვროს თავისი ცხოვრების საზრისისა და ღირებულებების მიხედვით.

არც ერთი ეპოქის კულტურას არ შეუქმნია ისეთი გარემო-პირობები, რომლებიც სრულიად და ადეკვატურად გამოავლენდნენ ადამიანურ ყოფიერებას. სანამ ადამიანი არსებობს, არსებობს “ადამიანურობაც” და რამდენადაც ეს “ადამიანურობა” სრულ ჰარმონიაში არ მოდის კულტურულ გარემოსთან, ამდენად თავს იჩენს გაუცხოების პრობლემა. თუ მას განვიხილავთ ეპოქალურ ჭრილში, დავინახავთ, რომ ყოველ კულტურულ გარემოში თავს იჩენდა გაუცხოება; ამდენად შინაარსი უცვლელი რჩება, განსხვავება მხოლოდ გაუცხოების ფორმებში მდგომარეობს. გაუცხოებას კი აუცილებლობით უნდა მოსდევდეს არსებული კულტურისადმი დაპირისპირება, პროტესტის გრძნობა თავისთავად ჩნდება და დასაბამს აძლევს კონტრკულტურის ამა თუ იმ სახეს. მაშასადამე, ის ბაზისი, რომელიც ბადებს კონტრკულტურას, არის წამყვან კულტურასთან დაპირისპირება, რომელიც, თავის მხრივ, ემყარება გაუცხოების ფენომენს. ფორმა იცვლება შინაარსი არა (ფორმისა და შინაარსის საკითხია):

•     შინაარსად მოიაზრება ზოგადად დაპირისპირება, პროტესტი, გაუცხოება _ მთლიანობაში კონტრკულტურა რასაც ჰქვია.

•     ფორმა კი იცვლება, ანუ ფორმა ამ კონკტრულტურის გამოხატვის საშუალებებია. ფორმა იყო კონტრკულტურის გამოხატვისა ცინიკოსების სკოლა, ბიტნიკები, ჰიპები, პანკები და სხვა.

გ. ზიმელის აზრით: როგორც კი ცხოვრება ცხოველური მდგომარეობიდან გარკვეულ სულიერებამდე, სული კი _ კულტურულ მდგომარეობამდე ამაღლდა, მასში შინაგანმა კონფლიქტმა იჩინა თავი, რომლის ზრდა და გადაწყვეტა მთელი კულტურის განახლების გზაა. კულტურაზე საუბარი მხოლოდ მაშინ შეგვიძლია, როცა ცხოვრების შემოქმედებითი სტიქია განსაზღვრულ მოვლენებს ქმნის, რომლებშიც საკუთარი განხორციელების ფორმებს პოულობს. მოვლენები საკუთარ თავში იღებენ ცხოვრების სტიქიის ტალღებს, შინაარს აძლევენ, აფორმებენ, აწესრიგებენ და გარკვეულ სივრცეს სთავაზობენ. ასეთია საზოგადოებრივი წყობა, მხატვრული ნაწარმოებები, რელიგიები, მეცნიერული ცოდნა, ტექნიკა, სამოქალაქო კანონები და ბევრი სხვა. აგრამ ცხოვრების პროცესთა ყველა ეს წარმონაქმნი ფლობს იმ თავისებურებას, რომ წარმოქმნის მომენტშივე იძენს გარკვეულ მდგრადობას ცხოვრების მოუსვენარ რიტმში, მის მიმოქცევაში, განუწყვეტელ განახლებაში, გარდაუვალ დანაწევრებებსა და გაერთიანებაში და მისგან დამოუკიდებელ, თავისთავად არსებობას იწყებს. ისინი მხოლოდ გარსია, ცხოვრების შემოქმედებითი სტიქიის ნაჭუჭი. მაგრამ ცხოვრება მალე გამოდის ამ მისთვის დადგენილი საზღვრებიდან, რადგან მათში საკმარის სივრცეს ვერ პოულობს. მოვლენებს, რომლებზედაც არის საუბარი, თავის განცალკევებულობასა და დამოუკიდებლობაში განსაკუთრებული ლოგიკა და კანონზომიერება, განსაკუთრებული აზრი და წინააღმდეგობის გაწევის უნარი აქვთ მათ შემქმნელ სულიერ დინამიკასთან მიმართებაში. წარმოშობის მომენტში ისინი შესაძლოა შეესაბამებიან ცხოვრებას, მაგრამ ამ უკანასკნელის გაშლის (გახსნის) კვალდაკვალ თანდათან იყინებიან, უცხოვდებიან და მტრულნიც კი ხდებიან.”

მაინც რა გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ტერმინი კონტრკულტურა გავავრცელოთ უფრო ძველ ეპოქებზე?

ამის თქმის საშუალებას გვაძლებს თვითონ კონტრკულტურის, როგორც კულტურული ფენომენის არსი, რომელიც მდგომარეობს შემდეგში: კონტრკულტურას წარმოშობს დაპირისპირება დომინანტ კულტურასა და ცალკეული ინდივიდის მსოფლმხედველობას შორის. ოღონდ უნდა აღინიშნოს, რომ ეს წინააღმდეგობა ჩნდება არა პოლიტიკურ, არა ეკომომიკურ და სოციალურ საფუძველზე, არამედ სულიერ ნიადაგზე. ხოლო ამგვარ სულიერ შეუთავსებლობას გაბატონებულ კულტურასა და ადამიანთა ცალკეულ ჯგუფს შორის ყოველთვის უნდა (ჩემი ვარაუდით) ჰქონდა ადგილი, ყოველ ეპოქაში. გარდა ამისა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ კონტრკულტურა დამახასითებელია საზოგადოების მხოლოდ უმცირესი ნაწილისთვის, ძირითადად, ესენი არიან შემოქმედი და ინტელექტუალი ხალხი, ან ახალგაზრდები.

საინტერესოა ძველ დროში საიდან იღებს სათავეს კონტრკულტურა. მხედველობაში გვაქვს ის დრო, როდესაც ეს ტერმინი ჯერ კიდევ არც კი არსებობდა. მაგრამ პირველად გაჩნდა გაუცხოების ფენომენი, პროტესტის გრძნობა და ჩვენ ვხდებით მოწმები იმ წინააღმდეგობებისა, რომლებიც კულტურას გასდევს თან.

პირველყოფილ საზოგადოებაში პირველად ვხვდებით გაუცხოების შემთხვევას, რომელიც წარმოიქმნა ადამიანსა და ბუნებას შორის (იმდენად, რამდენადაც ამ დროისთვის კულტურა არ არსებობდა); ისინი თითქოს ერთმანეთს გაეთიშნენ. ადამიანი უმწეო აღმოჩნდა ბუნებრივი მოვლენების წინაშე და საჭიროებდა იმის შესაძლებლობას, რომ დაემორჩილებინა ის. ამ ნიადაგზე იქმნება პირველყოფილი ადამიანის პრიმიტიული კულტურა, რომელიც თავდაცვით მოტივებს შეიცავს.

საინტერესო ისაა, რომ მაშინ, როცა ჯერ კიდევ არ არსებობდა სიტყვა “კონტრკულტურა”, როცა არ იცნობდა ამ ტერმინს არც ანტიკური სამყარო, არსებობენ კონტრკულტურის წარმომადგენლები. შეცდომა იქნებოდა, კონტრკულტურა მხოლოდ თანამედროვეობის კუთვნილებად შეგვერაცხა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ტერმინი, სწორედ, XX საუკუნის 60-იანი წლების დასავლეთ ევროპისა და ამერიკის ახალგაზრდული მოძრაობების – ბიტნიკებისა და ჰიპების – აღმნიშვნელად გამოიყენეს პირველად. კონტრკულტურის გაცილებით უფრო ძველ წარმომადგენლებს მაინც ვხვდებით ძველბერძნულ კულტურაში, კერძოდ კი ბერძნული ფილოსოფიის წარმომადგენელთა შორის.

ანტიკური ეპოქის ადამიანი ცხოვრობს მითოლოგიური მსოფლმხედველობით. მისი სამყარო მკაცრად დეტერმინირებულია ბედისწერის ფენომენით (მოირა). ის ანტიკური ადამიანის კულტურის წარმმართველია. ბედისწერა _ ეს ის ძალაა, რომელიც აჩენს გაუცხოების უფსკრულს ადამიანის თავისუფალ ნებასთან მიმართებით. არსებულ კულტურაში ამგვარი დეტერმინირებულლი ხედვა დაძლეულ უნდა იქნეს. წინააღმდეგ შემთხვევაში კულტურა ჩიხში შევა. ანტიკულ სამყაროშივე ჩნდება მითოლოგიური მსოფლხედვისაგან განსხვავებული აზროვნების წესი, კერძოდ, ფილოსოფიური.

ვინ იყვნენ კონტრკულტურის ანტიკური წარმომადგენლები?

კონტრკულტურის ანტიკური დროის წარმომადგენელთაგან, პირველ რიგში, უნდა დავასახელოთ ერთი-ერთი სოკრატული ფილოსოფიური სკოლა ცინიკოსების (კინიკების) სახით. მისი მამამთავრის, ანტისთენეს იდეალს წარმოადგენდა სულის სიმდიდრე, რომლის მიღწევის გზა _ მეთოდი კონკრეტულ-ემპირიულია. მისი აზრით, სულის სიმდიდრის შესაძენად არსებობს ერთადერთი საშუალება _ ეს არის გაფუჭებული ცხოვრებიდან გაქცევა. კულტურამ, ფიქრობდა ის, დაღუპა ადამიანები, გახრწნა ისინი. ზევსმა დასაჯა ადამიანებისთვის “ცეცხლის მომტანი” პრომეთე არა მისი კაცთმოყვარეობის გამო, არამედ იმიტომ, რომ მან ადამიანებში კულტურა და მასთან ერთად ხრწნა შეიტანა. ქალაქური (პოლისური) ცხოვრება არის ადამიანის მანკიერი ბუნების გამოვლენის ასპარეზი. სად უნდა ვეძიოთ ხსნა? მხოლოდ ბუნებაში, იქ, სადაც შეიქმნა და უნდა იცხოვროს მის წიაღში. ცხოვრებით უკმაყოფილო ადამიანი ხსნას პოვებს სწორედ ბუნების წიაღში, ანუ პირველყოფილ მდგომარეობაში, მხეცობაში. მაგრამ მხეცობის იმ გაგებაში, რომ მხეცი ჯანმრთელია, გამძლეა (ამინდის ცვალებადობა არ მოქმედებს), არ არის ბოროტი, ცრუ, უსამართლო და ა. შ. არ არის ისეთი, როგორც ქალაქში მცხოვრები ადამიანი. კულტურული ადამიანისა და მხეცის დაპირისპირების საფუძველზე ანტისთენე ასკვნიდა, რომ ადამიანის მიზანი (თავისუფლება) ცხოველური მდგომარეობით, სხვაგვარად რომ ვთქვათ პრიმიტიული ყოფით მიიღწევა. რაც მთავარია, ადამიანის თავისუფლება მისი საზოგადოებისაგან განთავისუფლებით მიიღწევა; ეს არის ბედნიერება. საზოგადოებრივი ადამიანის მოთხოვნილებების უარყოფა აღადგენს პირველყოფილი ცხოველური თავისუფლების ნამდვილ სიამოვნებას, იმ სიამოვნებას, რომელსაც ყოველი ადამიანი ესწრაფვის. ღატაკი თავისუფლად მოქმედებს და თვითკმაყოფილია, ის თავისუფალია ყოველგვარი მონობისაგან.[2]

ანტისთენე და მისი მიმდევრები (თუმცა ზოგიერთი არა) გაურბოდნენ საზოგადოებას, საზოგადოების შეცვლის მაგივრად გარედან ინდიფერენტული დამოკიდებულებით კმაყოფილდებოდნენ. ცინიკოსების ამგვარი პროტესტი მაშინდელი კულტურული ცხოვრებისადმი, რა თქმა უნდა, უნაყოფო იყო.

ცინიკოსების სკოლის მეორე წარმომადგენელი დიოგენე სინოპელი კი, ანტისთენესაგან განსხვავებით, უკიდურესად გამოხატავდა პროტესტს. იმიტომაც ითვლება ის პრაქტიკული ცინიზმის მამად. იგი, ბინის ნაცვლად ცხოვრობდა კასრში. დიოგენე ოჯახის, საერთოდ ოჯახური მემკვიდრეობის წინააღმდეგი იყო, ემხრობოდა თავისუფალ სიყვარულს, “საერთო ცოლებისა” და შვილების არსებობას. ოჯახი, მისი აზრით, ადამიანის თავისუფლებას ზღუდავს (თავისუფლების შეზღუდვა კი ყოვლად დაუშვებელია). თავისუფლება საზოგადოებისაგან დაშორებაში, გარეშე ქვეყნისაგან დამოუკიდებლად ცხოვრებაში მდგომარეობდა, რაც ცინიკოსების მიზანს წარმოადგენდა. მაგრამ საბოლოოდ, ცინიკოსებმა აღიარეს, რომ ამგვარი “გაქცევა” შეიძლებოდა ყოფილიყო მხოლოდ დროებითი აქტი (და პროტესტის გამოხატვა არსებული წყობის წინააღმდეგ) ახალი საზოგადოების შესაქმნელად. ცინიკოსები იბრძოდნენ იმისათვის, რომ მოხსნილიყო განსხვავება წოდებათა და ერთა შორის, სქესის პრივილეგიები და სხვ.

ფეოდალიზმის ეპოქაში ადამიანი რელიგიურ სამყაროში ცხოვრობს. კულტურაც  თეოლოგიური რწმენითაა გაჭერებული და ადამიანიც რის ადამიანია, რომ არ დაუპირისპირდეს ამ ძალას. მას თითქოს რწმენა არ ყოფნის, ან არ აკმაყოფილებს და ხდება განხეთქილება _ ესაა უკვე რელიგიური გაუცხოება.

ამ ყოველივეს მოსდევს მთელი რიგი რეფორმაციებისა ძირითადად ევროპული კულტურის ამა თუ იმ სფეროში: დაწყებული რელიგიიდან, რომელშიც თავს იჩენს პროტესტი და საბოლოოდ ფორმდება პროტესტანტული მიმდინარეობების სახით.

არც ინდუსტრიული საზოგადოებაა გამონაკლისი, რადგან ვერც ის იქნება თავისუფალი გაუცხოების ფენომენისაგან. კულტურამ მოიტანა ტექნიკური პროგრესი, რომელმაც გახადა ადამიანის ცხოვრება კომფორტული და უზრუნველყო მისი კეთილდღეობა. ცხოვრების ამგვარი წესი განაპირობებს ადამიანის მსოფლმხედველობის მორგებას კულტურულ ფონთან.

მართალია, ცალკეული ადამიანები ცდილობენ, არ დაემორჩილონ ცხოვრების ამგვარ წესს, რომელსაც მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესი სთავაზობს არსებულ კულტურაში დანერგვით. აქ ჩნება ყოველივე მასობრივის წინააღმდეგ პროტესტი. რატომ უნდა ვიცხოვრო მეც ისე, როგორც საზოგადოების უმრავლესობა? ასეთი ადამიანი ცდილობს გამოავლინოს თავისი ინდივიდუალობა, რაც აბსოლუტურად ყველაფერში შეიძლება გამოიხატოს, როგორც კულტურის ნებისმიერ სფეროში, ისე თვითონ ადამიანის სულიერი და ფიზიკური არსებობის ფორმაში. მაგრამ ეს არის ცალკეულ ადამიანთა ამბოხი ტექნიკური ცივილიზაციის მიერ მოტანილი ცხოვრების წესის წინააღმდეგ და არ შეუძლია დაარღვიოს ცხოვრების საერთო სურათი. ჰომოგენური კულტურა ხომ ადამიანთა ასიმილირებას ახდებს.

ტექნიკურმა გაუცხოებამ წარმოქმნა მითი მეცნიერებისა და ტექნიკის ყოვლისშემძლეობის შესახებ. მეცნიერულ-ტექნიური პროგრესი შინაგანი წინააღმდეგობის შემცველია; ერთი მხრივ, იგი შეიცავს ადამიანური შესაძლებლობების ზრდის უსასრულო პერსპექტივას, ხოლო, მეორე მხრივ, თვითონვე ზღვარს უდებს ამ ზრდას.

საზოგადოების განვითარების კვალობაზე ხდება ერთი ტიპის ტექნიკური გაუცხოების დაძლევა და მისი აუცილებლობით შეცვლა მეორეთი. თავისი განვითარების ადრეულ ეტაპზე მსხვილმა ინდუსტრიამ ადამიანი აქცია მანქანის დანამატად (კონვეინური წარმოება). ამას მოჰყვა ავტომატიზაცია და კომპიუტერიზაცია და და ყოველივე ამის საფუძველზე ვრწმუნდებით, რომ გაუცხოების ფენომენი ყოველთვის იქნება, იქნება იქამდე, სანამ ადამიანი იარსებებს და ის მისი განუყოფელი მახასიათებელია.

ვცადოთ შევაფასოთ და გამოვყოთ ის უმთავრესი, რაც კონტრკულტურამ მოუტანა კაცობრიობას. რა სტერეოტიპების რღვევა უკავშირდება მას და რა გამოავლინა და დაძლია კონტრკულტურამ:

1.     ანტირასიზმი – პირველი, რაც შეგვიძლია გამოვყოთ და რაც გამოავლინა კონტრკულტურამ, არის რასიზმი, როგორც უარყოფითი მოვლენა. მისი გამოვლენა და დაგმობა კი უთუოდ კონტრკულტურის სახელს უკავშირდება.

   “ესთეტიკური რასიზმი” როგორც ფრაზა (და არა როგორც ტერმინი) პირველად ფიქსირდება მილან კუნდერას რომანში “გამოსათხოვარი ვალსი”[3] და ბოლომდე დაზუსტებული არაა, თუ რას შეიძლება აღნიშნავდეს. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ გარკვეული ინტერპრეტაცია მივცეთ მას იმდენად, რამდენადაც ის მხატვრულ ნაწარმოებში გვხვდება და არაა მეცნიერული ხასიათის: ის შეიძლება იყოს ამა თუ იმ კულტურისთვის დამახასიათებელი; მაგალითისთვის ის, რომ ესა თუ ის რასა თავს თვლიდა სხვა რასებზე უფრო მეტად აღმატებულად. კანის ფერი დაკავშირებულია იმასთან, თუ რამდენად ესთეტიკურია იდეალი. ამგვარი ტრადიცია, თუ შეიძლება ასე დავარქვათ, დამახასიათებელი იყო დასავლური კულტურისათვის უძველესი დროიდან (ანტიკური სამყარო).

2.     პაციფიზმი _ მეორე, რაც მოიტანა კონტრკულტურამ, არის სწორედ პაციფიზმი. ყოველგვარი ძალადობის და მათ შორის, განსაკუთრებით, ომის წინააღმდეგ მიმართული მოწოდებები გაჩნდა ჯერ კიდევ XX საუკუნის 60-იან წლებში და უკავშირდება ერთ-ერთ კონტრკულტურულ მოძრაობას (ჰიპები).

3.    ფემინიზმი _ ქალთა ფემინისტური მოძრაობა, მართლად იქცა რეაქციულ ძალად, რომელიც მიმართული იყო მთელი ეპოქების განმავლობაში გაბატონებული მასკულარული კულტურის წინააღმდეგ, სადაც წამყვანი როლი მამაკაცს ეკავა.

კონტრკულტურის გამოძახილი და ექო ძალიან ძლიერია და არაერთი თაობა განიცდის მათ მიერ აღიარებული ფასეულობების გავლენას, რადგან ისინი დროს პასუხობს.

Kჩვენი თემის მიზანი იყო, განგვესაზღვრა კონტრკულტურის არსებითი ტენდეციები ამა თუ იმ ეპოქაში. ამასთან ერთად წარმოგვეჩინა, პროტესტის გრძნობის გადამწყვეტი მნიშვნელობა კონტრკულტურის არსებობისათვის და ამავე დროს, გაგვერკვია, თუ რა წარმოშობს თავად პროტესტს – ვეცადეთ, დაგვეკავშირებინა ის გაუცხოების ფენომენთან.


გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ვ. ერქომაიშვილი, ადამიანი, თავისუფლება, იდეოლოგია, თბილისი, 2002, გვ. 116-125.
  1. სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი-ცნობარი, თბილისი, ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ.
  1. მილან კუნდერა, გამოსათხოვარი ვალსი.
  1. Th. Rozzack. The Making of a Counter Culture. Garden City, 1969
  1. http://ka.wikipedia.org/wiki
  1. http://www.culturedialogue.com/resources/library/terms/kontrkultura.shtml
  1. http://www.open.ge/index.php?m=28&y=2002&art=11021
  1. http://www.radiotavisupleba.ge/content/article/2306981.html

[1]Th. Rozzack, The Making of a Counter Culture. Garden City, 1969
[2] უმაღლესი სათნოება, ეს არის თვითმოქმედება და თვითკმაყოფილება – ავტარკია.
[3]მილან კუნდერა, გამოსათხოვარი ვალსი
Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Innovations in Scholarly Communication

Changing Research Workflows

Crazy illusion

Thinking Aloud.

gypsyrepresent

Thinking critically about Romani representation in pop culture

ფილოლოგი

ქართული ფილოლოგია

Global Hinduism

Way of living Life

Learn to Teach Vedic Maths

Magical Methods-- World Leader in Vedic Mathematics

Defenders of Ma'at

Teach, Coach, Live, Learn, Train, Help, Inspire

Asheville Vedic Astrology

Vedic Astrology brought to you by Ryan Kurczak

Hamro dharma

Just another WordPress.com weblog

janeadamsart

An illustrated Journal of eastern and western wisdom

Sathya Sai Baba - Life, Love & Spirituality

Guru Bhagavan Sri Sathya Sai Baba Of Puttaparthi India

Soolaba's Blog

Ultimate Questions, Ultimate Answers

პიროვნული ზრდის სამყარო

„ჩვენ ვერასოდეს მივაღწევთ სიმშვიდეს გარე სამყაროში, სანამ არ მივაღწევთ მას შინაგანში“ - დალაი ლამა

მკითხველის ბლოგი

შთაბეჭდილებები კითხვის შემდეგ

Natia Kentchiashvili

natiakentchiashvili.WordPress.com site

კეჟერაძის ბლოგი

სამშობლოს, ადამიანებისა და ლიტერატურის მოყვარული რიგითი კლიმი

GeoSexMD.com - სამედიცინო სექსოლოგია

სექსუალური განათლება საქართველოში

აჭარა დღეს!

ჩვენ გვიყვარს ჩვენი კუთხე, საქართველოს ერთ–ერთი ულამაზესი მხარე, ჩვენი აჭარა.

Molly Bloom's Day™

ნაღებიან ყავასთან ერთად

მარო მაყაშვილის დღიური

გაფითრებული თებერვლის ლანდი

სემიოტიკა Semiotics

ცირა ბარბაქაძე _ შეხედეთ სამყაროს სემიოტიკის თვალით და აღმოაჩინეთ საკუთარი თავი მრავალ განზომილებაში

ბურუსი - BURUSI

თენგიზ ვერულავა - TENGIZ VERULAVA

Free Yourself

Just say "I am free!"

konspace

კოტეს ბლოგი ყველაფერზე

Barcelonisimo's Blog

ბლოგი მეგობრებისთვის და მათი მეგობრებისთვის...

My Civil Society

საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის ბლოგი

ბაბუაწვერა

ოცნებებში გაფანტული ბლოგი ☮

kalatozishvili

КРИТИК - Мы страшные, потому что работаем над этим.

აღმოაჩინე შენთვის საინტერესო / Discover Things That Interest You

აღმოაჩინე შენთვის საინტერესო – ამოუცნობი,არქიტექტურა, აღმოჩენა ,ახალი ამბები, ბუნება, გასართობი, დიზაინი ,დოკუმენტური, ვიდეო ,თამაშები ,ივენთები, კინო / თეატრი ,კოსმოსი, კრეატივი ,მედიცინა ,მეცნიერება ,მისტიკა, მოგზაურობა, მოდა ,მუსიკა ,ნოვაცია ,პიროვნებები ,რელიგია ,სასარგებლო, საჭმელ / სასმელი ,სპორტი, სურათები, ტექნოლოგია ,ფოტოები, ფუფუნების საგნები ,შპალერები, წიგნები, ხელოვნება

Savidge Reads

The Chronicles of a Book Addict