უძველესი ქართული წარწერები საქართველოს ტერიტორიაზე

58517_154607567899276_100000501025127_418286_6105319_s 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის

თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის

IV კურსის სტუდენტი ნათია კენჭიაშვილი

პრეზენტაცია ქართულ სალიტერატურო ენის ისტორიაში

საგნის ხელმძღვანელი: დარეჯან თვალთვაძე

უძველესი ქართული წარწერები საქართველოს ტერიტორიაზე

(ბოლნისის სიონის, მცხეთის ჯვრის, უკანგორის, წყისის, ატენის სიონის, იშხნის, ნეკრესის წარწერები)

თბილისი 2012

ქართული სალიტერატურო ენის შესწავლისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ეპიგრაფიკულ მასალას. განსაკუთრებულია წარწერის მონაცემთა როლი ქართული ენის ისტორიის შესასწავლად. ეპიგრაფიკულ ნიმუშებში ვლინდება ცოცხალი მეტყველებაც.

ქართული ეპიგრაფიკული ძეგლები ლოკალიზებულია როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ (ჩრდილოეთ კავკასია, სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, პალესტინა, ბულგარეთი…). მათი შესწავლა და მეცნიერული პუბლიკაცია დაიწყო ჯერ კიდევ XVIII საუკუნიდან. აკად. ა. გიულდენშტედტს საქართველოში მოგზაურობისას არაერთი ეპიგრაფიკული ძეგლიც შეუნიშნავს და თავის მასალებში აღუნუსხავს[1]. განსაკუთრებული ამაგი დასდეს ქართული ეპიგრაფიკის შესწავლას ფრანგმა მოღვაწეებმა ფრედერიკ დიუბუა დე მონპერემ და მარი ბროსემ. ძველი ქართული წარწერების გამოცემა შემდგომში წარმატებით გააგრძელეს დ. ბაქრაძემ, ი. როსტომაშვილმა, თ. ჟორდანიამ, ე. თაყაიშვილმა, ა. ხახანაშვილმა, მ. ჯანაშვილმა, ნ. მარმა, ივ. ჯავახიშვილმა, ა. შანიძემ და სხვ.

ეპიგრაფიკული ძეგლები ოთხ ჯგუფად იყოფა: ლაპიდარული, მოზაიკური, ჭედური და ფრესკული წარწერები. მათ შორის უძველესია ლაპიდარული წარწერები. ლაპიდარული წარწერები გვხვდება ეკლესიათა კედლებზე, უკვარცხლბეკო ქვა-ჯვრებზე, ქვა-ჯვრების  კვარცხლბეკებზე, საფლავთა ქვებსა და სარკოფაგებზე, ცალკეულ ქვის ფილებზე…

ლაპიდარული წარწერები, დამწერლობის ხასიათის მიხედვით, ასე ჯგუფდება:

ა) რელიეფური (V-XI სს. უძველესი ლაპიდარული წარწერები (V-VI სს.) მხოლოდ რელიეფური დამწერლობითაა შესრულებული)

ბ) ამოღარული (ჩაჭრილი, გვხვდება VII საუკუნიდან)

გ) კიდურწერტილოვანი (X ს.)

დ) კიდურწაისრული (ასევე X ს.)

შინაარსის მიხედვით წარწერა შეიძლება იყოს:

  • საამშენებლო
  • ქტიტორთა, სასულიერო, საერო ხელისუფალთა, მლოცველტა, შემწირველთა, ხელოსანთა… მოსახსენებელი
  • იურიდიული დოკუმენტი

დღეისათვის ცნობილი უძველესი ეპიგრაფიკული ძეგლები გვხვდება ქართლის (იბერიის) ტერიტორიაზე.

აღსანიშნავია შემდეგი ენობრივი მახასიათებლები:

  • უძველეს ქართულ წარწერებში განკვეთილობის ნიშნები არ გვხვდება, სიტყვები ერთმანეთისგან არ გამოიყოფა. სიტყვათა გამოცალკევება და განკვეთილობის ნიშნების ხმარება დაიწყეს IX საუკუნიდან. ეს წესი მტკიცედ დამკვიდრდა XI საუკუნიდან.
  • ქარაგმას (სიტყვათა შემოკლების ნიშანს) უძველეს წერილობით ძეგლებში ვადასტურებთ, თუმცა საკმაოდ ხშირად სიტყვა შემოკლებულია, ქარაგმის ნიშანი კი არ არის წარმოდგენილი.
  • წარწერების დასაწყისში საკმაოდ ხშირია ტექსტის დაწყების აღმნიშვნელი სიმბოლო – პატარა ჯვარი (+). როგორც მიუთითებენ, ეს სიმბოლო ბერძნულის ზეგავლენით შემოიღეს.[2]

დამწერლობის ტიპის მიხედვით გამოიყოფა შემდეგი ცვლილებები:

ქართული ეპიგრაფიკული ძეგლები წარმოგვიდგენენ მნიშვნელოვან მასალას ქართული დამწერლობის განვითარების შესასწავლად.  IV-VIII საუკუნეთა ძეგლები ასომთავრულითაა დაწერილი. უძველესი ნუსხური წარწერა 853 წლით თარიღდება. X-XIII საუკუნეებში გვხვდება ნუსხურად შესრულებული წარწერები (განსაკუთრებით, XII საუკუნიდან).

IV-VII საუკუნეებში მთელ რიგ ასოებს აქვს შეკრული წრე, შემდგომში კი _ უპირატესად გახსნილი (ეს პროცესი უპირატესად VII საუკუნიდან იწყება). ზოგიერთ გრაფემას IX-X  საუკუნეებში უჩნდება დამატებითი განივი ხაზი.  X საუკუნიდან დასტურდება კიდურწერტილოვანი, ხოლო X საუკუნის ბოლოდან კიდურწაისრული ასოები.

ძველი ქართული წარწერების შესწავლისას უპირველეს ყოვლისა მათი ქრონოლოგიის საკითხი დგას. უთარიღო წერილობითი ძეგლების დათარიღებისას გამოიყენება შემდეგი კრიტერიუმები:

  1. პალეოგრაფიული;
  2. ენობრივი;
  3. ისტორიული.

პალეოგრაფიული კრიტერიუმით დათარიღებისას ითვალისწინებენ გრაფემათა მოხაზულობის ტიპურობას ამა თუ იმ ეპოქისათვის. ენობრივი კრიტერიუმით დათარიღებისას ხელმძღვანელობენ იმით, თუ რამდენად დასაშვებია წარწერაში გამოვლენილი ორთოგრაფიული, გრამატიკული თუ ლექსიკური მოვლენები ამა თუ იმ ხანისათვის. ისტორიული კრიტერიუმით დათარიღება გულისხმობს წარწერაში მოხსენიებული პირების იდენტიფიკაციას სხვა წყაროებიდან ცნობილ პირებთან.

გადავიდეთ თვითონ უძველესი ეპიგრაფიკული ძეგლების განხილვაზე.

ბოლნისის სიონის წარწერა 1937 წელს აღმოაჩინა ლევან მუსხელიშვილმა. წარწერა დაზიანებულია და აკლია თითქმის ნახევარი.

აკ. შანიძემ წარწერა 493-494 წლებით დაათარიღა, მოგვიანებით კი – 502-503 წლებით.

საინტერესოა ხანმეტი ზმნური ფორმები: თაჳყანის-ხცეს და ხულოცოს.

აღსანიშნავია ბოლნისის სიონის კიდევ ერთი წარწერა: ესე ჯ ˜ივ˜ნნ˜პჲ.

ივ. ჯავახიშვილი ამ ქარაგმებს ხსნის შემდეგნაირად: ესე ჯუარი ვარსქენ ნაჰაპეტისაჲ.

მცხეთის ჯვრის ტაძრის ფასადის ბარელიეფებზე შემონახულია ქტიტორთა მოსახსენებელი რამდენიმე წარწერა. ვარაუდობენ, რომ წარწერათა დიდმა ნაწილმა ჩვენამდე არ მოაღწია.

ივ. ჯავახიშვილის აზრით, VI საუკუნის ბოლოს არის ამოკვეთილი სტეფანოზ ქართლის პატრიკიოსის წარწერა, ასევე ამავე პერიოდით ათარიღებს დემეტრე ვიპატოსის წარწერასაც[3]. ადარნესე ვიპატოსის წარწერა, ივ. ჯავახიშვილის თანახმად, 626-34 წლებში არის ამოკვეთილი.

ადარნესე ვიპატოსის წარწერაში ყურადღებას იქცევს სიტყვები მეოხ ეყავ, რომელსაც თუ შევადარებთ დემეტრე ვიპატოსის წარწერის მეოხ ხეყავ ფორმას, ადვილად შევამჩნევთ განსხვავებას – ერთია ხანის გარეშე წარმოდგენილი, მეორე კი ხანმეტი ფორმა. როგორც ჩანს, უკვე VII საუკუნის I ნახევარში ხანმეტობა, როგორც ენობრივი მოვლენა, იბერიის ტერიტორიაზე მოშლილია. ამდენად, ამ წარწერაში გამოვლენილი მეოხ ეყავ უაღრესად მნიშვნელოვანია ქართული ენის ისტორიისთვის.

წყისის წარწერას რაც შეეხება, ადიგენის რაიონში, სოფელ წყისეში, გ. ბოჭორიძემ აღმოაჩინა ჯვრის კვარცხლბეკის წარწერა, რომელიც აკ. შანიძემ 616-619 წლებით დაათარიღა. წარწერაში გვხვდება უძველესი ეპიგრაფიკული ძეგლებისთვის დამახასათებელი ნიშნები: თავშეკრულია ბ, ჳ, ყ, შ გრაფემები.

ენობრივი თვალსაზრისით, წარწერაში გვხვდება ჰაემეტი აღჰუმართე ფორმა. ჰ- მესამე ირიბობიექტური პირის გამომხატველი პრეფიქსია. სამხრეთ საქართველოში ჰაემეტი წარწერის არსებობა წარმოადგენს ერთ-ერთ საბუთს აკ. შანიძის იმ მოსაზრების გასამყარებლად, რომლის თანახმადაც, ჰაემეტი და ხანმეტი ტექსტები სხვადასხვა დიალექტურ მეტყველებას წარმოადგენენ.

უკანგორის (დმანისის რ-ნი) ეკლესიის გარშემო მდებარე სასაფლაოზე 1936-1937 წლებში ლ. მუსხელიშვილმა მიაგნო ჯვრის კვარცხლბეკს, რომელზედაც აღმოჩნდა ასომთავრული წარწერა. მან წარწერა VI საუკუნის დასაწყისით დაათარიღა[4]. წარწერაში თავშეკრულია და ჳ. თავგახსნილია.  წარწერა ხანმეტია. მასში გვხვდება აღხუმართე (=აღვმართე) და თაჳყანის-ხცეთ ფორმები, სადაც ხ- მესამე ირიბობიექტური პირის ნიშანია. ლ. მუსხელიშვილმა მიაქცია ყურადღება ჳ-ს გამოვლენას შეწეჳნითა ფორმაში და აღნიშნა: „ჳ“-ს ხმარება სიტყვაში „შეწეჳნითა“ კიდე უფრო უახლოვებს ამ წარწერას ბოლნისის ორ უძველეს წარწერას, სახელდობრ, 502/3 წლისას და დავით ეპისკოპოსისას, საცა ანალოგიური მართწერა გვაქვს სიტყვებში: „თაჳყანისხცეს“ და „თაჳყანისმცემელნი“.[5]

ლ. მუსხელიშვილმა ასევე აღმოაჩინა მეორე უფრო მცირე ზომის ჯვრის კვარცხლბეკი წარწერის ნაშთებით, რომლის ამოკვეთის თარიღად VI საუკუნის დასაწყისს მიუთითებენ. მიუხედავად იმისა, რომ არ ხერხდება მთელი ტექსტის უდავოდ აღდგენა, ცხადია, რომ იგი შეიცავს ხანმეტ ზმნურ ფორმას აღხუმართე (ან აღხუმართეთ).

ატენის იოანე ნათლისმცემლის ეკლესიაში, 1907 წელს ივ. ჯავახიშვილმა იპოვა ჯვრის კვარცხლბეკი, რომელზედაც განთავსებული იყო ასომთავრული წარწერა. წარწერა საინტერესოა პალეოგრაფიული და ენობრივი თვალსაზრისით: თავგახსნილია, ერთხელ არის თავგახსნილი. წარწერაში არის აღვმართე ფორმა, რაც მიღებულია აღვჰმართე ფორმისაგან  ჰ-ს დაკარგვით. ეს წარწერა წარმოგვიდგენს ამ ტიპის ფორმებში ჰ-ს გაუჩინარების ყველაზე ადრინდელ ნიმუშს. ვეჟან ატენელის წარწერის მონაცემები გვიდასტურებენ, რომ VIII საუკუნის ქართლის ცოცხალი მეტყველება ჰაემეტ ფორმებს უკვე აღარ იყენებს.

მოსალოდნელი იყო: არის:
აღჰუმართე აღვმართე
აღმოჰიკითხოთ აღმოიკითხოთ

წარწერას ივ. ჯავახიშვილი ათარიღებს VII საუკუნის ბოლოთი, ან VIII საუკუნის დასაწყისით[6], ნ. შოშიაშვილი VIII საუკუნით[7].

ამ წარწერაში დასტურდება დაქარაგმების უაღრესად საინტერესო შემთხვევები, მაგალითად, მ˜ხლმ=მამასახლისმან: ძ˜თა=ძალითა, ჯ˜ია=ჯუარისა და ა.შ.

1956 წელს კედლის მხატვრობის გაწმენდისა და გამაგრებითი სამუშაოების დროს აღმოჩნდა სტეფანოზ მამფლის ფსერკული  წარწერაც, რომელშიც  საინტერესოა ფორმა მამფალი მამაუფალი.

1956 წელს აღმოჩნდა კიდევ ერთი წარწერა ატენის სიონის აღმოსავლეთის აფსიდში. წარწერა ყურადღებას იქცევს ენობრივი თვალსაზრისით: ნოვემბერსა  ფორმა გვიჩვენებს -ს განვითარებისა და მბ>ნბ პროცესს (დისიმილაცია საწარმოთქმო ორგანოს ადგილის მიხედვით); თუესა<თთუესა თთ კომპლექსის გამარტივების გზით. დეოფალი<დედოფალი -ს დისიმილაციური დაკარგვით.

1969 წელს გურამ აბრამიშვილმა აღმოაჩინა ატენის სიონის ნუსხური სამსტრიქონიანი წარწერა, რომელიც 835 წლით თარიღდება, როგორც ქართული, ისე არაბული წელთაღრიცხვით. ეს არის ერთ-ერთი უძველესი თარიღიანი ქართული წარწერა (ხულთ=6449, ამ თარიღს უნდა გამოვაკლოთ დასაბამითგანი 5604, მივიღებთ 835 წელს, ქრონიკონი ნე=55, რაც დაემატება 780 წელს და მივიღებთ იმავე თარიღს – 835 წელს). ამავე დროს გ. აბრამიშვილის მიერ აღმოჩენილი წარწერა იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ იგი წარმოადგენს ნუსხური დამწერლობის დღეისათვის ცნობილ უძველეს ნიმუშს. ადრე ნუსხურის უძველეს ძეგლად მიიჩნევდნენ სინური მრავალთავის მინაწერებსა და ანდერძს, რომლის ბოლო ნაწილი ნუსხურადაა დაწერილი.

წარწერაში აღნიშნულია ბუღა თურქის მიერ თბილისის დაწვის ისტორიული ფაქტი, აგრეთვე მისი ერთ-ერთი სარდლის ზირაქისაგან კახასა და მისი ვაჟის თარხუჯის შეპყრობა.

ენობრივი თვალსაზრისით ყურადღებას იქცევს საკუთარ სახელთა ნიშნით წარმოდგენა სახელობით ბრუნვაში (კახა, თარხუჯი), რაც ამ დროის ცოცხალი მეტყველების ასახვაა. კახაჲ კახ= ეთნონიმიდან წარმოქმნილი სახელია და პირველად სწორედ აქ დასტურდება.

ასევე მნიშვნელოვანია ქართული ენის განვითარების ისტორიისთვის გ. აბრამიშვილის მიერ აღმოჩენილი მეორე წარწერა. ის თვლის, რომ ატენის სიონის ეს წარწერა მიეკუთვნება იმ ძეგლებს, რომელთაც ივ. ჯავახიშვილი ნუსხა-ხუცურის კუთხოვანი სახეობით შესრულებულად მიიჩევდა. მისი აზრით, წარწერა X-XI საუკუნეთა მიჯნაზე უნდა იყოს გაკეთებული.

ნ. შოშიაშვილის აზრით, წარწერა IX საუკუნის დასაწყისით უნდა დავათარიღოთ[8].

ქართული პოეზიის ისტორიისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის აღმოჩნდა ორი წარწერა, მოთავსებული ატენის სიონის ინტერიერში. პირველი წარწერა საკმაოდ დაზიანებულია, მაგრამ მაინც მოხერხდა მისი ამოკითხვა:

  1. +ჲხჲლეთ ესე ჟამი
  2. წავა ვ˜ა წამი
  3. აწვე განვიწმიდოთ გუამი
  4. მერმისა არა გუაქუს ქრთა [მი]
  5. ჩ˜ნ დავაცადოთ სამი
  6. ჴორცსა დაუტეოთ…
  7. ჩუენ მოვიძულოთ ვ…
  8. რ˜ა არაჲ გუე [უფ] ლ [ოს]…
  9. არა ვთქუათ მუნ…
  10. რ˜ა არა ვიხილოთ ჭი[რი]…
  11. ჯოჯოხეთი ბნელი შე…
  12. მუნ არს ჭირი მრა [ვალი]
  13. აწვ [ჩ] ევძ… ლი
  14. ჩა ე გუედ

წარწერის შემორჩენილი ნაწილი ასე აღადგინა ზ. ალექსიძემ:

  1. +ჲხჲლეთ, ესე ჟამი
  2. წავა ვითარცა წამი,
  3. აწვე განვიწმიდოთ გუამი
  4. მერმისა არა გუაქუს ქრთა [მი]
  5. ჩუენ დავაცადოთ სამი
  6. ჴორცსა დაუტეო[თ]…
  7. ჩუენ მოვიძულოთ ვ [ეცხლი]…
  8. რაჲთა არა გუე [უფ] ლ [ოს]…
  9. არა ვთქუათ მუნ…
  10. რაჲთა არა ვიხილოთ ჭი[რი]…
  11. ჯოჯოხეთი, ბნელი, შე…
  12. მუნ არს ჭირი მრა [ვალი]
  13. აწვ ევძ… ლი
  14. ჩუენდა ე გუედ

ზ. ალექსიძე შენიშნავს, რომ წარწერა შეიცავს შვიდმარცვლიანი საზომით დაწერილ ლექსს. იგი IX საუკუნის I ნახევრით თარიღდება[9].

რაც შეეხება მეორე წარწერას, მკვლევრის ვარაუდით, ისიც შვიდმარცვლიან ლექსს წარმოადგენს მიუხედავად იმისა, რომ ვერ მოხერხდა მისი სრულად აღდგენა. ძნელია ამ აღმოჩენის გადაუჭარბებლად შეფასება ქართული მწერლობის ისტორიისათვის. ატენის წარწერებმა შემოგვინახეს უძველესი ქართული პოეტური ნიმუშები.

დაბოლოს ატენის სიონის ერთი მეტად საყურადღებო წარწერა, რომელიც ჯერ კიდევ 1839 წელს მ. დიუბუამ პარიზში გამოაქვეყნა. აქ დასტურდება ცოცხალი მეტყველების ამსახველი საკმაოდ მნიშვნელოვანი მასალა: ძრიელმან, გაუმარჯუა, შიდა, ვითა, ეგრე, გამზრდელი, ჰგიამცა და სხვ. არის დიალექტური ფორმაც, კერძოდ, ჩემისათჳნ.

ამასთან წარწერაში გვხვდება გამოთქმები, რომლებიც ამ ეპოქის ენობრივი ეტიკეტისთვის არის დამახასიათებელი:

მეფეთა მეფემან ბაგრატ უბრძანეს მიწასა მათსა მირიანს, პატრონსა ჩემსა

სალოცველად სულისა მირიან მიწისა მათისა, გამზრდელისა პატრონისა ჩემისათჳნ

ნეკრესის  ნაქალაქარს რაც შეეხება, 1984 წლიდან აქ მიმდინარეობს არქეოლოგიური სამუშაოები.

2003 წლის მონაცემებით, ნეკრესის ნაქალაქარზე დღესდღეობით აღმოჩენილია ქვაზე შესრულებული ათი წარწერა.

ლ. ჭილაშვილის კვლევის თანახმად, აღმოჩნდა, რომ ასო-ნიშანი გვხვდება ცალკე განყენებულ ნიშნად ნეკრესის წარწერებში, მაგრამ არა მხოლოდ აქ, არამედ სხვა არქეოლოგიურ მასალაზეც. ეს საკმაოდ საყურადღებო მოვლენაა, რადგან ლაპარაკია, არა ერთ შემთხვევაზე, ან ერთ გეოგრაფიულ არეალში არსებულ ენობრივ ფაქტზე, არამედ წესად ქცეულ ზოგად მახასიათებელზე, რომლითაც გამოიხატებოდა რაღაც მტავარი და ღირსსაცნობი, ამასტანავე წარწერისათვის დასრულებული სახის მიმცემი. ნეკრესის ათივე წარწერის ბოლოში ვხვდებით ანალოგიურ ნიშანს კონსტრუქციაში ჩი, თანაც ერთ შემთხვევაში დაქარაგმებულია, ხოლო მეორე შემთხვევაში ქარაგმის გარეშე.

მეცნიერულ კვლევას შედეგები მიჰყავს წინაქრისტიანულ ეპოქაში. უშუალოდ ნეკრესში ციურ მნათობთა კულტი ძვ. წ. II ათასწლეულიდან დასტურდება. მაშასადამე, ყველა ძეგლი, სადაც დადასტურებულია ქართული ასო ჩ, მიგვანიშნებს რაღაც ძველ, წინაქრისტიანულ პანთეონთან დაკავშირებულზე.

არის ამ ენობრივი ფაქტის შემდეგი ახსნა: ჩ ქართული ანბანის ოცდამერვე ადგილზე დგას, ხოლო რიცხვითი მნიშვნელობით აღნიშნავს ათასს. ოცდარვა არის მთვარის სიმბოლური რიცხვი და მის გამოყენებას წარწერებში, როგორც ჩანს, აქვს საკრალური მნიშვნელობა.

როგორც დავინახეთ, აღნიშნული ეპიგრაფიკული მასალა საკმაოდ საყურადღებო ენობრივ ფორმებს გვიჩვენს და ამავე დროს, გვაწვდის საინტერესო ინფორმაციას მრავალი კუთხით.


გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ზ. ალექსიძე, ატენის სიონის ოთხი წარწერა, თბილისი, 1983;
  2. კ. დანელია, ზ. სარჯველაძე, ქართული პალეოგრაფია, თბილისი, 1997;
  3. ლ. მუსხელიშვილი, არქეოლოგიური ექსკურსიები, თბილისი, 1941;
  4. ლ. მუსხელიშვილი, უკანგორის ისტორიული ნაშთები: ხელნაწერები შრომიდან: „არქეოლოგიური ექსკურსიები მაშავრის ხეობაში“, ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტის (ენიმკის) მოამბე, თბილისი, 1941;
  5. ზ. სარჯველაძე, ქართული სალიტერატურო ენის ისტორიის შესავალი, თბილისი, 1984, თავი x, გვ., 253-274;
  6. ივ. ჯავახიშვილი, ქართული დამწერლობათამცოდნეობა ანუ პალეოგრაფია, სტალინის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა და სტამბა, 1949.
  7. ბ. ჯორბენაძე, ქართული დიალექტოლოგია, თბილისი, 1989, თავი viii, გვ. 155-171.

[1] გიუდენშტედტის მოგზაურობა საქართველოში, გერმანული ტექსტი ქართული თარგმანითურთ გამოსცა და გამოკვლევა დაურთო გ. გელაშვილმა, ტ. I, 1962, ტ. II 1964.

[2] ლ. ქაჯაია, ორი ტექნიკური ნიშანი ძველ ქართულ ხელნაწერებში, გვ. 103-106).

[3] ქართული დამწერლობათამცოდნეობა ანუ პალეოგრაფია, გვ. 160-163.

[4] ლ. მუსხელიშვილი, არქეოლოგიური ექსკურსიები, გვ. 13.

[5] ლ. მუსხელიშვილი, უკანგორის ისტორიული ნაშთები, გვ. 165.

[6] ქართული დამწერლობათმცოდნეობა, გვ. 168.

[7] ქართული წარწერების კორპუსი, I, გვ. 106.

[8] ქართული წარწერების კორპუსი, I, გვ. 205.

[9] ზ. ალექსიძე, ატენის სიონის ოთხი წარწერა, გვ. 12-13.

Advertisements
Innovations in Scholarly Communication

Changing Research Workflows

Crazy illusion

Thinking Aloud.

gypsyrepresent

Thinking critically about Romani representation in pop culture

ფილოლოგი

ქართული ფილოლოგია

Global Hinduism

Way of living Life

Learn to Teach Vedic Maths

Magical Methods-- World Leader in Vedic Mathematics

Defenders of Ma'at

Teach, Coach, Live, Learn, Train, Help, Inspire

Asheville Vedic Astrology

Vedic Astrology brought to you by Ryan Kurczak

Hamro dharma

Just another WordPress.com weblog

janeadamsart

An illustrated Journal of eastern and western wisdom

Sathya Sai Baba - Life, Love & Spirituality

Guru Bhagavan Sri Sathya Sai Baba Of Puttaparthi India

Soolaba's Blog

Ultimate Questions, Ultimate Answers

პიროვნული ზრდის სამყარო

„ჩვენ ვერასოდეს მივაღწევთ სიმშვიდეს გარე სამყაროში, სანამ არ მივაღწევთ მას შინაგანში“ - დალაი ლამა

მკითხველის ბლოგი

შთაბეჭდილებები კითხვის შემდეგ

Natia Kentchiashvili

natiakentchiashvili.WordPress.com site

კეჟერაძის ბლოგი

სამშობლოს, ადამიანებისა და ლიტერატურის მოყვარული რიგითი კლიმი

GeoSexMD.com - სამედიცინო სექსოლოგია

სექსუალური განათლება საქართველოში

აჭარა დღეს!

ჩვენ გვიყვარს ჩვენი კუთხე, საქართველოს ერთ–ერთი ულამაზესი მხარე, ჩვენი აჭარა.

Molly Bloom's Day™

ნაღებიან ყავასთან ერთად

მარო მაყაშვილის დღიური

გაფითრებული თებერვლის ლანდი

სემიოტიკა Semiotics

ცირა ბარბაქაძე _ შეხედეთ სამყაროს სემიოტიკის თვალით და აღმოაჩინეთ საკუთარი თავი მრავალ განზომილებაში

ბურუსი - BURUSI

თენგიზ ვერულავა - TENGIZ VERULAVA

Free Yourself

Just say "I am free!"

konspace

კოტეს ბლოგი ყველაფერზე

Barcelonisimo's Blog

ბლოგი მეგობრებისთვის და მათი მეგობრებისთვის...

My Civil Society

საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის ბლოგი

ბაბუაწვერა

ოცნებებში გაფანტული ბლოგი ☮

kalatozishvili

КРИТИК - Мы страшные, потому что работаем над этим.

აღმოაჩინე შენთვის საინტერესო / Discover Things That Interest You

აღმოაჩინე შენთვის საინტერესო – ამოუცნობი,არქიტექტურა, აღმოჩენა ,ახალი ამბები, ბუნება, გასართობი, დიზაინი ,დოკუმენტური, ვიდეო ,თამაშები ,ივენთები, კინო / თეატრი ,კოსმოსი, კრეატივი ,მედიცინა ,მეცნიერება ,მისტიკა, მოგზაურობა, მოდა ,მუსიკა ,ნოვაცია ,პიროვნებები ,რელიგია ,სასარგებლო, საჭმელ / სასმელი ,სპორტი, სურათები, ტექნოლოგია ,ფოტოები, ფუფუნების საგნები ,შპალერები, წიგნები, ხელოვნება

Savidge Reads

The Chronicles of a Book Addict